მოსკოვის საქალაქო სასამართლომ იგორ სტრელკოვს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დონეცკელი სეპარატისტების ყოფილ მეთაურს, ფსბ-ს თადარიგის პოლკოვნიკ იგორ სტრელკოვს (გირკინს) 4 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა ექსტრემიზმისკენ მოწოდებების ბრალდებით.

სასამართლომ სტრელკოვს ასევე სამი წლით აუკრძალა საინტერნეტო რესურსების ადმინისტრირება. საგამოძიებო იზოლატორში გატარებული დრო თავისუფლების აღკვეთის ვადაში ჩაითვლება.

მანამდე ბრალდებამ სტრელკოვისთვის 4 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა საერთო რეჟიმის კოლონიაში. ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადა 5 წელია. სასამართლოს სხდომები დახურულ კარს მიღმა ტარდებოდა.

განაჩენის მოსმენის შემდეგ სტრელკოვის ადვოკატმა ალექანდრ მოლოხოვმა ინტერფაქსს უთხრა, რომ განაჩენი გასაჩივრდება.

„მედიაზონა“ იტყობინება, რომ ხუთშაბათს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვის საქალაქო სასამართლოს წინ უზარმაზარი რიგი დადგა, ძირითადად ჟურნალისტებისა. შენობაში შეუშვეს მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და სტრელკოვის მეუღლე მიროსლავა რეგინსკაია.

იგორ სტრელკოვი, რომელიც რადიკალური ანტიუკრაინული პოზიციიდან აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში, შარშან ივლისში დააკავეს. მას შემდეგ ის მოსკოვში იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. იტყობინებიან, რომ ექსტრემიზმისკენ მოწოდებებში ის დაადანაშაულეს ტელეგრამის არხზე გაკეთებული ორი ჩანაწერისთვის. ერთ-ერთი შეიცავს ფრაზას „ამისთვის დახვრეტაც კი არ არის საკმარისი“. საქმე ეხებოდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც, სტრელკოვის აზრით, ხელს უშლიან ომის მონაწილეთათვის ფულის გადახდას. გამოძიებამ ამ გამონათქვამებში ექსტრემიზმისკენ მოწოდება დაინახა. სტრელკოვი დანაშაულს არ აღიარებს.

ციხეში ყოფნის პერიოდში სტრელკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატობას აპირებდა, მაგრამ მისმა მომხრეებმა ვერ შეძლეს მისი კანდიდატურის წამოყენებისთვის საჭირო კრების ჩატარება ყველა პროცედურის დაცვით. როგორც იტყობინებიან, არცერთი ნოტარიუსი არ დათანხმდა მასში მონაწილეობას.

2014 წელს სტრელკოვი მეთაურობდა რუსეთის მოქალაქეების რაზმს, რომელმაც ადგილობრივი სეპარატისტების მხარდაჭერით უკრაინაში ხელში ჩაიგდო დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი. იმ მომენტიდან ფაქტობრივად დაიწყო სამხედრო მოქმედებები დონბასში. შემდგომ რუსეთის ხელისუფლება მას შემოწყრა. სტრელკოვმა დაიჩივლა, რომ ის 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც კი არ გაუშვეს ფრონტზე.

2022 წლის ნოემბერში ჰააგაში სასამართლომ სტრელკოვს დაუსწრებლად მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 2014 წელს დონბასის თავზე მალაიზიის „ბოინგის“ ჩამოგდებაში, რომლის შედეგადაც მასში მყოფი 300-მდე ადამიანი დაიღუპა. სტრელკოვი უარყოფდა ბრალდებას და იმეორებდა ფრაზას, რომ „ბოინგი“ მოხალისეებს არ ჩამოუგდიათ. ამავე დროს მას არ უთქვამს, მისი აზრით, ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი. სასამართლომ დაადგინა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს სარაკეტო დანადგარი „ბუკით“, რომელიც რუსეთის არმიას ეკუთვნოდა. ოფიციალური მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.