Amazon-ის შვილობილი Twitch-ი თანამშრომლების 35%-ს ათავისუფლებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Amazon-ის შვილობილი კომპანია, Twitch-ი სამსახურიდან 500 თანამშრომელს ათავისუფლებს. დასაქმებულთა 35%-ის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება.

როგორც ცნობილია, კადრების შემცირება ბოლო პერიოდში კომპანიაში რამდენიმე ტოპ აღმასრულებლის შეცვლას უკავშირდება. ასე მაგალითად, 2023 წლის დეკემბერში პოზიციები დატოვეს პროდუქციის, კონტენტისა და მომხმარებელთა აღმასრულებელმა ოფიცრებმა. Twitch-მა დაკარგა შემოსავლების ოფიცერიც.

გარდა ამისა, თანამშრომელთა გათავისუფლებას კომპანიის ხარჯების შემცირებას უკავშირებენ. მედიასთან ადრე გაკეთებულ კომენტარებში აღმასრულებლები აღნიშნავდნენ, რომ თვეში 1,8 მილიარდ-საათიანი პირდაპირი ეთერის ვიდეო კონტენტის გავრცელება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ მიზეზით კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა სამხრეთ კორეაში.

Twitch-ი პირდაპირი ტრანსლაციის პლატფორმაა, რომელიც ცნობილი გახდა კომპიუტერული თამაშების ვიდეოების გავრცელებით. კომპანია 9 წლის წინ Amazon-მა შეიძინა და მისი შინაარსი უფრო ფართო და სარეკლამო დატვირთვის გახდა. თუმცა როგორც შიდა წყაროები საუბრობენ, 9 წლის შემდეგაც ბიზნესი წამგებიანი რჩება.

Twitch-მა თანამშრომლები, ჯამში 400 ადამიანი, გასულ წელსაც გაათავისუფლა. მაშინ კადრების დათხოვნა თავად Amazon-ის შემცირებების სერიებს უკავშირდებოდა.