ალიევმა და ფაშინიანმა საუბარი გამართეს სანქტ-პეტერბურგში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საუბარი გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან სანქტ-პეტერბურგში, სადაც 26 დეკემბერს სამიტი ჰქონდათ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებს, იტყობინება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნაზელი ბაღდასარიანმა თქვა, რომ „არაოფიციალური კონტაქტის“ დროს განიხილეს „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დღის წესრიგი“. „განხილვა შედგა ორმხრივ ფორმატში,“ - დასძინა ბაღდასარიანმა, რომელსაც შეხვედრის დეტალები არ გაუმხელია.

ეს იყო ალიევისა და ფაშინიანის პირველი პირადი შეხვედრა აზერბაიჯანის სამხედრო იერიშის შემდეგ, როცა ბაქომ 19-20 სექტემბერს კონტროლი აღადგინა მთიანი ყარაბაღის რეგიონზე, რასაც მოჰყვა სომხური მოსახლეობის სომხეთში გაქცევა.

ორი ქვეყნის ლიდერები ადრე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ორგანიზებით, ერთმანეთს შეხვდნენ ბრიუსელში, ივლისში. მას მერე დაგეგმილი შეხვედრები ბაქოს უარის გამო გადაიდო. აზერბაიჯანი დასავლეთის ქვეყნებს პროსომხურ მიკერძოებაში დასდო ბრალი და სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები ისურვა.

18 დეკემბერს ფაშინიანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ალიევი, შესაძლებელია აჭიანურებს სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც ესწრაფვიან აშშ და ევროკავშირი. რუსეთი კრიტიკულია დასავლეთის ქვეყნების სამშვიდობო მცდელობების მიმართ და აცხადებს, რომ ისინი მიმართულია სამხრეთ კავკასიიდან მისი შევიწროებისკენ.

6 დეკემბერს მოსკოვმა სომხეთს უსაყვედურა უგულებელყოფა თავისი ამასწინანდელი წინადადებისა, გაემართა სომხეთ-აზერბაიჯანის შეხვედრა და გააფრთხილა ერევანი, რომ ფაშინიანის მხრიდან დასავლური შუამავლობისთვის უპირატესობის მინიჭება შეიძლება სომხეთის ხალხისთვის ახალ უსიამოვნებად შემოტრიალდეს.

არ არის ცნობილი, შეეცადა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, გაემართა სამმხრივი შეხვედრა ალიევთან და ფაშინიანთან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის კულუარებში. სამიტის წინ კრემლს ამგვარი შეხვედრის შესაძლებლობაზე მინიშნება არ გაუკეთებია.