ოპოზიციისგან ვხედავთ გარე ძალებზე დამოკიდებულებას, მიიღებენ პასუხს 26 ოქტომბერს - პაპუაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია გარე ძალებზეა დამოკიდებული და მათ ვერც კი გაბედეს პოზიციის დაფიქსირება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“კანონპროექტის განხილვის პროცესში.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის უმეტესობა დღევანდელ განხილვას არ ესწრება და მკაფიოდ მიიღებენ პასუხს 26 ოქტომბერს.

„ოპოზიციის უმეტესობა არ ესწრება განხილვას, რაც, საერთო ჯამში, აჩვენებს, რა არის მათი პოზიცია. მადლობა „გირჩს“, რომ ესწრება განხილვას, მათ შორის, აქტიურად მონაწილეობს განხილვაში. ოპოზიციის მხრიდან რასაც ვხედავდით, ეს არის ზუსტად, რასაც ვეძახით გარე ძალებზე დამოკიდებულებას. მთლიანად ამ დისკუსიის პროცესში, რომელიც, მათ შორის, საკონსტიტუციო განხილვის დროს მიდიოდა, ვერც კი გაბედეს, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ. უფრო მეტიც, საყოველთაო განხილვის კომისიაში მონაწილეობდა პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი შალვა კერესელიძე, რომელმაც ერთ-ერთი განხილვის დროს დააფიქსირა თავისი პოზიცია, როგორც ოჯახის მამისა და ამ პოზიციიდან გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდა. შემდეგი ღონისძიებიდან პირდაპირ ჩახსნა ამ პარტიამ. ვხედავთ, რომ მათი პოზიცია, თავჯდომარის, თუ რა ვიცი, რაც აქვთ პარტიულ დონეზე გახმოვანებილი პოზიცია, უკვე ამ კანონის საწინააღმდეგო იყო. ესეც აჩვენებს, რომ ადამიანებს სინდისში, მათ მორალურ აღქმაში თუ პოლიტიკურ პოზიციაში პირდაპირ დაცენზორებული ჰყავთ საკუთარი პარტიის წევრები. მიზეზიც გასაგებია. იყურებიან გარეთ, საქართველოს ფარგლებს მიღმა, საიდანაც ასეთი ტენდენციები მოდის. ელოდებიან მათ დასტურს ან მათ პოზიციას უყურებენ და იმის მიხედვით წყვეტენ. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ეს წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც დასტურს, ტაშს და მოწონებას ელოდებიან უცხო ქვეყნებისგან თუ პოლიტიკური ჯგუფებისგან და არა – საკუთარი ხალხისგან. ამაზე მკაფიოდ მიიღებენ პასუხს 26 ოქტომბერს, ამ ცარიელი სკამებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.