დიაბეტის განვითარებაში პესტიციდებია დამნაშავე

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში დიაბეტით დაავადების მკვეთრი ზრდა, შესაძლოა, გარემოს პესტიციდებითა და სხვა მავნე ქიმიკატებით დაბინძურების შედეგი იყოს, - ასეთი ჰიპოთეზაა გამოთქმული სამხრეთ კორეელი მეცნიერების გამოკვლევებში. მეორე ტიპის დიაბეტის რისკის მთავარ ფაქტორად სიმსუქნეს მიიჩნევენ, თუმცა ახალი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება იყოს, ეგრეთ წოდებული, გარემოს მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები (მოდ) _ ის ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება პესტიციდების, ტექნიკური ემულსიების, საღებავებისა და სხვათა წარმოებაში. დღეისათვის მოდ-ის უმრავლესობის წარმოება აკრძალულია, თუმცა მათ კვლავ დიდი რაოდენობით შეიცავს გარემო და ისინი ხვდებიან საკვებ ჯაჭვში, რომლის ბოლო რგოლსაც ხშირად ადამიანი წარმოადგენს.

ძუძუმწოვრების ორგანიზმში მოდ-ი, როგორც წესი, ცხიმოვან ქსოვილებში გროვდება. სამხრეთ კორეის დეგუს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი პირდაპირპროპორციულია ადამიანის ორგანიზმში ყველაზე უფრო გავრცელებული მოდ-ის კონცენტრაციისა. მეცნიერთა ახალი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ სხეულის ზედმეტ წონასა და სიმსუქნეს ინსულინური რეზისტენციულობის (მეორე ტიპის დიაბეტის წინაპირობა) განვითარებამდე იმ შემთხვევაში მივყავართ, თუ ამ გადახრებს სისხლში პესტიციდებისა და პოლიქლორბიფენილების დონის მატება ახლავს თან. სწავლულთა თქმით, გამოკვლევების შედეგები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ დიაბეტის განვითარების მთავარი ფაქტორი უშუალოდ ცხომოვანი ქსოვილების სიჭარბე კი არა, არამედ, მასში მავნე ქიმიური ნაერთების არსებობაა.

როგორ ხდება მოდ-ის მიზეზით დიაბეტის განვითარება, ეს საკითხი ჯერჯერობით შეუსწავლელია. თუმცა, კორეელ მეცნიერებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ამ მხრივ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ნამდვილად არსებობს. ამაზე თუნდაც იმ ამერიკელი მფრინავების მაგალითი მიუთითებს, რომლებიც ვიეტნამის ომის დროს ჯუნგლებში პესტიციდებს შლიდნენ - მათ უმრავლესობას მეორე ტიპის დიაბეტი სჭირს. ასეთივე პრობლემები აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც მოდ-ით ძალიან დაბინძურებულ რაიონებში ცხოვრობენ.