LVMH-ის აქციები რეკორდულად იზრდება - ბერნარ არნოს ქონებამ $243 მილიარდს მიაღწია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოდის ინდუსტრიის გიგანტის, LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს 491 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ის ამჟამად ევროპის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, მსოფლიოში კი - მეთორმეტეს.

სულ რაღაც ერთ წელიწადში ფრანგული კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი კი მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. Forbes-ის შეფასებით, ბერნარ არნოს ქონება 243 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მეორე ადგილზე მყოფ ილონ მასკს $55 მილიარდით უსწრებს.

ერთ კვირაში LVMH-ის აქციები 7%-ითაა გაზრდილი, არნოს ქონების შეფასებამ კი 15 მილიარდი დოლარით მოიმატა, რაც კომპანიის ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთანაა დაკავშირებული.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 23 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს.

LVMH-ის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება როგორც ევროპის, ასევე ამერიკის მასშტაბითაც, თუმცა ყველაზე მკვეთრი ზრდა ჩინეთშია, სადაც გაყიდვები თითქმის გაორმაგებულია.

1987 წელს პარიზში დაფუძნებული ჰოლდინგური კომპანია ამჟამად 100-მდე ცნობილ და წარმატებულ ბრენდს აერთიანებს, მათ შორის: Louis Vuitton, Christian Dior, Fendi, Givenchy, Marc Jacobs, Kenzo, TAG Heuer, Bulgari და Tiffany & Co.

ამ გასაოცარი შედეგების მიუხედავად, ბერნარ არნო საფონდო ბირჟაზე LVMH-ის აქციების დამატებით კიდევ უფრო მეტად ზრდას პროგნოზირებს და 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვას აანონსებს. ცხადია, ეს ბაიბექი ინვესტორებისთვის დივიდენდების ზრდას გამოიწვევს.