სტრატეგიული თანამშრომლობის რა დოკუმენტი გაფორმდა საქართველოსა და სომხეთს შორის - ფაშინიანის ვიზიტის შედეგი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში - მეზობელი ქვეყნის პრემიერი რეგიონული პროექტებით დაინტერესდა

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუემენტი უკვე ძალაშია. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტებს ქართველი და სომეხი მებაჟეები ერთობლივად გააკონტროლებენ. შეთანხმებას ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის ხელი მაშინ მოეწერა, როდესაც სამუშაო ვიზიტით საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. სტრატეგიული თანამშრომლობის გარდა, ფაშინიანი რეგიონული პროექტებითაც დაინტერესდა.   

 

***

მხარეებს შორის, ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სომეხ კოლეგასთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, რომლებიცორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობასა და ყველა მიმართულებით თანამშრომლობას ეხება.

„ჩვენ გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკასა და ზოგადად, ურთიერთობებს. მინდა, სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება და სავაჭრო ბრუნვამ უკვე გადააჭარბა მილიარდ დოლარს. სომხეთი არის რიგით მეექვსე სავაჭრო-პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე, რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის. ასევე, მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ გასულ წელს, სომხეთიდან თითქმის მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს, დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არა მხოლოდ მეზობლები; გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დე-ფაქტო, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები და დღეს უკვე, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთში მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ამ დინამიკის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ღარიბაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 2023 წლის 15 დეკემბერს, საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, აუცილებელია, მაღალი ტემპით გაგრძელდეს რეგიონული მნიშვნელობის ახალ პროექტებზე მუშაობა:

„ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი რეგიონული პროექტებისადმი, როგორიცაა შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. მსხვილ პროექტებს ვგულისხმობ, ბუნებრივია. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული შეხვედრა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარსა და ჩემს კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანსა და მის გუნდს“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2019 წლის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ, სხდომები რეგულარულად იმართება:

„ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით. ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურასა და კავშირების შესაძლებლობებზე. ეკონომიკური წინსვლისთვის ხაზი გავუსვით პროექტების შესრულების მნიშვნელობას, ასევე, განვიხილეთ საკითხები, რომლებიც ეხება მრავალ მიმართულებას. ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ორგანოებს შორის აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა, რადგან ამით, საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მისივე თქმით, სომხეთმა და საქართველომ მიაღწიეს დიდ წინსვლას, რადგან მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ქვეყნებმა ძალისხმევა უნდა გაზარდონ და შეძენილით არ დაკმაყოფილდნენ.

 

****

ახლა, თვალი გადავავლოთ საქართველოსა და სომხეთს შორის იმპორტ-ექსპორტის ოფიციალურ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2023 წელს, საქართველოს ექვსმილიარდიან ექსპორტში, სომხეთმა პარტნიორი ქვეყნების ათეულის პირველ სამეულში გადაინაცვლა და 12.9%-იანი წილით, მეორე ადგილზეა. წლის განმავლობაში, საქართველოდან სომხეთში 787 129 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 34.7%-ით მეტია. სომხეთთან ვაჭრობის ისტორიაში, 2023 წლის ექსპორტი რეკორდული იყო, თუმცა ექსპორტის დიდი ნაწილი - 80.1% რეექსპორტი გახლდათ. მთავარი საექსპორტო საქონელი ავტომობილები იყო, რაც მთლიანი ექსპორტის 38% გახლდათ.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წელს, სომხეთიდან იმპორტი 45.2%-ით შემცირდა. ჯამში, საქართველომ სომხეთიდან 335 917 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა. მთავარი საიმპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო.

ინვესტიციების ნაწილში, ასეთი სურათია: სომხეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა არც ისე დიდია. 2022 წელს, სომხური ინვესტიციების მოცულობა 13 000 000 აშშ დოლარი იყო.

2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში, სომხეთიდან საქართველოში 736 086 ვიზიტორი შემოვიდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს რიცხვი 41.1%-ით გაიზარდა, 2019 წლის მონაცემს კი 25.9%-ით ჩამორჩება.

ავტორი: მაკა რუხაძე