115 ახალი სტატია

რა ბიუჯეტი გადაიბარა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და რა ვერ შეასრულა გიორგი გახარიამ?!

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 პანდემიური ბიუჯეტის გამოწვევები - ეკონომისტების რეცეპტი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს

გასული კვირა ფინანსთა მინისტრის გადადგომით დასრულდა. მართალია, ვანო მაჭავარიანი პოსტის დატოვებას 2020 წლის დეკემბერშივე აპირებდა, მაგრამ იმის გამო, რომ 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტი უნდა დამტკიცებულიყო და პარალელურად, მას, როგორც ფინანსთა მინისტრს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები უნდა დაესრულებინა, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო. ამასობაში, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგა და მასთან ერთად, თანამდებობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც დატოვა. მოკლედ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ის მინისტრები შეიცვალნენ, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, რომლებიც, დიდწილად, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე არიან პასუხისმგებელნი. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრს, მთავრობის გუნდის ახალ წევრებთან ერთად, მძიმე მემკვიდრეობა ერგო, შექმნილი ვიტარების გამო სწორედ მის ახალ გუნდს მოუწევს პასუხი აგოს იმ ფისკალურ, მაკრო და მიკროეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც, როგორც მინიმუმ, მას ნამდვილად არ დაუგეგმავს. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან პირველი კვარტალიც კი არ დასრულებულა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, მიმდინარე წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტიც კი გახარიას გუნდმა წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად. აქედან გამომდინარე, უპრიანია, 2020 წლის ბიუჯეტის შესრულება განვიხილოთ და კონკრეტული ციფრების მიხედვით ვნახოთ, რა დაგეგმა და შეასრულა გახარიამ, ან უფრო ზუსტად, რა ბიუჯეტი და გამოწვევები გადაიბარა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, მთავრობამ, კანონის თანახმად, 2019 წლის ოქტომბერში წარუდგინა პარლამენტს. სამი შესწორების შემდეგ (ესეც კანონითაა დადგენილი), შარშანდელი ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-იანი ზრდის გათვალისწინებითა დაგეგმეს, რაც სპეციალისტების შეფასებით, გახარიას მთავრობის საკმაოდ ამბიციური და თამამი გადაწყვეტილება გახლდათ. ეს იმიტომ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% იყო, რაც მთავარია, შარშანდელი ბიუჯეტი სოციალური მიმართულებების ასიგნებების მკვეთრი ზრდით დაგეგმეს. მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებით 45%-ით დაიგეგმა, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ ვალის დასაშვები ზედა ზღვარი 60%-ია.

მთლიანობაში, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 14 მილიარდ 212 მილიონი ლარი იყო. აქედან რამდენიმე მიმართულებაა აღსანიშნავი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 4 მილიარდ 347 მილიონი ლარით დაფინანსდა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 30%-ზე მეტია.

2020 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 3 მილიარდ 700 მილიონი ლარი გაითვალისწინეს; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე - 240 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტებისათვის - 74 მილიონი ლარი; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის - 300 მილიონი ლარი; თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის - 100 მილიონი ლარი; თავდაცვის სამინისტრო - 880 მილიონი ლარი...

2020 წლის პირველ კვარტალში, სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, მაგრამ უკვე მეორე კვარტლიდან, ამ მხრივ, სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა, ხოლო მაისში - ეკონომიკური მდგომარეობა გამწვავდა. ეს იმიტომ, რომ 2020 წელს, მთელი მსოფლიო და, ცხადია, საქართველოც, ახალი კორონავირუსისა და მისგან გამოწვეული პანდემიის საფრთხის წინაშე დადგა. მთელი დედამიწა მარტის დასაწყისში ჩაიკეტა, „ლოქდაუნი“ გამოცხადდა და ცხოვრება დაპაუზდა. პრობლემებმა თავი უკვე აპრილშივე იჩინა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებმა იკლო, განსაკუთრებით, საგადასახადო ნაწილში. მოკლედ, COVID-19-ის პანდემიის გამო, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში რადიკალური ცვლილებები განახორციელა და 2020 წლის ივნისის დასაწყისში, პარლამენტში წარადგინა.

„პანდემიური“ ბიუჯეტი

დავიწყოთ იმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდა. 2020 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 3 მილიარდ 900 მილიონი ლარით გაიზარდა და 18 მილიარდ 4 მილიონ ლარს მიაღწია. ბიუჯეტის ნაწილი გახდა StopCov ფონდში მობილიზებული 133 500 000 ლარიც. საგადასახადო შემოსავლები 1 მილიარდ 500 მილიონი ლარით შემცირდა, რაც ეკონომიკის შემცირებასა და საგადასახადო შეღავათების დაწესებას მოჰყვა.

მთლიანობაში, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 547 მილიონი ლარის ეკონომია განახორციელეს. მსხვილი თანხები იმ პროგრამებიდან დაზოგეს, რომელთა შესრულება პანდემიის გამო შეფერხდა. ყველაზე მეტად, რამდენიმე სამინისტროს ხარჯები შემცირდა, კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 251 მილიონი ლარი მოაკლდა; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - 128 მილიონი ლარი და თავდაცვის სამინისტროს - 75 მილიონი ლარი. იმავდროულად, 1 მილიარდ 500 მილიონი ლარით გაიზარდა და 15 მილიარდ 900 მილიონ ლარს მიაღწია ბიუჯეტის გადასახდელებმა; 1 მილიარდი ლარით გაიზარდა სოციალური ხარჯები და ჯამში, ამ მიმართულებით, 5 მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯა.

პანდემიისგან გამოწვეული ცვლილებების გამო, რამდენიმე უწყების ხარჯი გაიზარდა: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 1 მილიარდ 152 მილიონი ლარით; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 458 მილიონი ლარით (აქედან, 330 მილიონი ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად დაიხარჯა, 70 მილიონი ლარი - სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებას მოხმარდა, 20-20 მილიონი ლარი - მცირე გრანტების გაცემასა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას, ხოლო 45 მილიონი ლარი - საკარანტინო სივრცეებით მომსახურების ანაზღაურებასა და ფრენების სუბსიდირებას); გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 485 მილიონი ლარით (აქედან, 69 მილიონი ლარი მოხმარდა რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებს, მათ შორის, ყურძნის ფასის სუბსიდირებას; 40 მილიონი ლარი დაიხარჯა ფერმერთა 200-ლარიანი დახმარების პროგრამაზე, ხოლო 20 მილიონი ლარი - სასურსათო მარაგების შექმნასა და სასურსათო პროდუქტების ფასების სუბსიდირებაზე).

გარდა ამისა, ადმინისტრაციული ხარჯები 115 მილიონი ლარით გაიზარდა და 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პანდემიური სიტუაციის გამო, საქონლისა და მომსახურების ხარჯები 195 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან, 44 მილიონი ლარი - საკარანტინე სივრცეების მომსახურების ანაზღაურება, ხოლო 151 მილიონი - ჯანდაცვის დამატებითი ხარჯებია, მათ შორის, ტესტები, პირადი დაცვის საშუალებები და სხვა.

ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, ყველაზე მეტად ანუ 793 მილიონი ლარით გაიზარდა სოციალური დაცვის ხარჯი, რაც უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას მოხმარდა. მთავრობამ ამ მიზნით, 525 მილიონი ლარი დახარჯა. გარდა ამისა, კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის 170 მილიონი ლარი გამოყვეს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის - 61 მილიონი ლარი. ცვლილებების პროექტით, შშმ პირთა დახმარებაც გაიზარდა, რისთვისაც მთავრობამ 24 მილიონი ლარი გაითვალისწინა. 393 მილიონი ლარით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ხარჯიც, მათ შორის, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ხარჯები - 285 მილიონი ლარით, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა კი - 60 მილიონი ლარით.

გარდა ამისა, 45 მილიონი ლარით გაიზარდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ხარჯი, ხოლო ამ პროგრამის წლიური ბიუჯეტი 802 მილიონი ლარი გახდა. სხვათა შორის, სპეციალისტების მოსაზრებით, 2019 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის ფაქტობრივი ხარჯი 829 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად, 802 მილიონი ამ პროგრამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, დამატებით 20 მილიონი ლარი, დევნილთა სახლების შესაძენად გამოყვეს.

იმის გამო, რომ 2020 წელს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების შემოსავლები შემცირდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების ჯამური მაჩვენებელი 85 მილიონი ლარით გაიზარდა.

2020 წელს, საქართველოს მთავრობამ 8 მილიარდ ლარზე მეტი ვალი აიღო, მაგრამ პარალელურად, ერთ მილიარდი ლარის ოდენობით, ადრე აღებული ვალი დაფარა. შედეგად, მთავრობის ვალი 7 მილიარდი ლარით გაიზარდა, საიდანაც 1 მილიარდ 800 მილიონი ლარი - საშინაო ვალი, ხოლო 5 მილიარდ 200 მილიონი - საგარეო ვალია. 2020 წლის ბოლოს, მთავრობის ვალმა 27 მილიარდ 600 მილიონ ლარს მიაღწია, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 54.8%-ია (კანონით დაშვებულია 60%).

დამატებით აღებული საშინაო ვალიდან, მთავრობამ 600 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა. ექსპერტების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება კომერციული ბანკების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება იყო და გარდა ამისა, მთავრობამ ეროვნული ბანკის ფუნქციაც კი შეითავსა, რადგან ბანკებს ლიკვიდობა მიაწოდა!

პანდემიის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად, 4 მილიარდ 500 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი საერთაშორისო პარტნიორებმა გამოყვეს, მათ შორის, „აზიის განვითარების ბანკმა“ - 1 მილიარდ 455 მილიონი ლარი; „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა“ - 885 მილიონი ლარი; საერთაშორისო სავალუტო ფონდმა - 603 მილიონი ლარი; აზიის ინფრასტრუქტურის ბანკმა - 450 მილიონი ლარი; საფრანგეთის განვითარების სააგენტომ - 440 მილიონი ლარი; მსოფლიო ბანკმა - 396 მილიონი ლარი; ევროკავშირმა - 241 მილიონი ლარი.

ეკონომისტების რეცეპტი რეგულაციების შემსუბუქებაა

„ბიზნესმედია ჯგუფის“ დამფუძნებელი და ქართულენოვანი „ფორბსის“ მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე, „ვერსიის“ საშუალებით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას უმთავრეს მესიჯს უგზავნის - სასწრაფოდ უნდა შედგეს დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის!

- გიორგი, 2020 წლის პანდემიური ბიუჯეტი, რომელიც გახარიას კაბინეტმა მოამზადა, მემკვიდრეობით, ღარიბაშვილს ერგო და რა გამოდის, ყველაფერზე, რაც შესრულდა, ან არ შესრულდა, პასუხიც ამ უკანასკნელმა უნდა აგოს?

- კი, ცალსახად ასეა... ზოგადად, ჩვენ კარმად დაგვყვება ის, რომ ყოველი პრემიერ-მინისტრის ცვლილების შემდეგ, ძირითადი მიმართულებები კორექტირდება ანუ რა და როგორ იქნება მომავალში, რასაც ზემოდან პანდემიაც ერთვის. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პრიორიტეტები შეიცვალოს, მაგალითად, გახარია არ აპირებდა ეკონომიკის განვითარების ათწლიანი გეგმის დაწერას, რაც ღარიბაშვილმა დაიწყო. ძალიან რთულია, დღეს განჭვრიტო, რა და როგორ იქნება ათი წლის შემდეგ, თუმცა საინტერესოა, ვინ და როგორ იმუშავებს ამ გეგმაზე.

- შარშანვე, პანდემიურ ბიუჯეტს საპარლამენტო არჩევნების ხარჯებიც ტვირთად დააწვა და ლარის კურსიც მკვეთად გაუფასურდა...

- შეუძლია ვინმეს, მითხრას ერთი არგუმენტი, რატომ არ უნდა გაუფასურებულიყო ლარი? რა გარემოება არსებობდა ისეთი, რომელიც ლარს კი არ გააუფასურებდა, არამედ, გაამყარებდა მაშინ, როდესაც გარშემო ყველაფერი ჩამოგვენგრა, როცა ვხარჯეთ ისე, როგორც ვხარჯეთ, როცა არჩევნები ჩავატარეთ ისე, როგორც ჩავატარეთ და როცა ყველანაირ კრიზისს გარშემო, მათ შორის, ეკონომიკურსა და პანდემიურს, ზემოდან, თაფლაკვერის სახით, პოლიტიკური კრიზისიც დავუმატეთ?! თურქეთში, ეროვნული ვალუტა - ლირა 15%-ით გაუფასურდა და სულ რომ ფეხი ფეხზე გადაგვედო, მარტო მოლოდინები შეგვჭამდა, როცა 1/6-ით გაუფასურდა მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტა! ამ ვითარებაში გვრჩება ის, რომ ბიზნესს უნდა შევხვდეთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის გავმართოთ და სამ-ოთხ საათში დავიშალოთ, არამედ, იქნებ, ბიზნესს მოვუხსნათ ბარიერები და დროებით გადავდოთ შეზღუდვები თუ რეგულაციები, მათ შორის, სავალუტო რეგულაციებიც.

ჩვენ სიტყვის დონეზე დავრჩით ომში ვირუსთან და დაგვავიწყდა, რომ ზუსტად რვა თვის წინ, ჩვენთან ყურისძირში, 275 კილომეტრში, 47-დღიანი ომი მიმდინარეობდა, რომელმაც გადაალაგა გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენს რეგიონში, ვგულისხმობ ყარაბაღის ომს. დიახ, არ ვირჩევთ მეზობლებს და ვართ ისეთები, როგორებიც ვართ, შესაბამისად, ჩრდილოეთ მეზობელთან, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამიხსენით, რატომ უნდა გამყარებულიყო ლარი? ლარი ეპიზოდურად გამყარდება, თუმცა უფრო ხშირად გაუფასურდება, რადგან მისი ძირითადი გამამყარებელი ფაქტორები დაზიანებულია - ქვეყანაში არ გვაქვს შემოსავლები! ამიტომ მთავრობამ, პარლამენტთან ერთად უნდა მიხედოს და გაარკვიოს, როგორ ხაზს ვინარჩუნებთ, რათა ბიზნესმა იცოდეს, საით მიდის ეს ქვეყანა.

გამოსავალი მხოლოდ ეს არის და დღეს, ჩემი მეგობარი მედიის საშუალებით, მინდა შევუთვალო მთავრობას, რომ ბიზნესთან სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. მხარეები უნდა დასხდნენ და დაიწყონ მუშაობა, რათა ყოველდღიური ყოფა გაიოლდეს ისე, რომ ძალიან დაბალ ხმაზე მჩქეფარე მუსიკა, რასაც ეკონომიკა ჰქვია და რომლის ხმაც არ ისმის, საბოლოოდ არ ჩაქრეს!

ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი, „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ბარიერების მოხსნა, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და რეგულაციების შერბილება მოუწევს. რაც შეეხება მთავრობას, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის გუნდი იმ პრობლემების წინაშე დგას, რომელიც გასულ წელს, გლობალური პანდემიის გამო შეიქმნა და რაც წინა პრემიერის გუნდისგან მემკვიდრეობით ერგო.

- იმ პრობლემებისა და რეალობის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ახლა ვართ, რა არის ის უმნიშვნელოვანესი, რაც ღარიბაშვილის მთავრობამ უნდა გააკეთოს?

- კომპლექსური კითხვაა, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში, მთავარია ჯანდაცვასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდეს ანუ ბიუჯეტი ჯანდაცვის გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან პერიოდებს, ხელისუფლებას მოუწევს, თავის შეხედულებებს, იგივე, იდეოლოგიურ დონეზე, გადახედოს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის, რომ კრიზისის დაძლევისა და ეკონომიკის გამოცოცხლების ერთ-ერთი წინაპირობაა, მეტ-ნაკლებად, მემარჯვენე გადაწყვეტილებების მიღება, რაც ორიენტირებული იქნება ბიზნესის კეთილდღეობაზე, კომფორტსა და ხელშეწყობაზე, რათა უფრო მეტად დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი.

ძალიან ბევრი პროექტია თაროზე შემოდებული - ბიუროკრატიული თუ სხვა ტიპის გამოწვევების გათვალისწინებით, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს, იგივე, ენერგეტიკის მიმართულებით, მაგრამ ამ ტიპის პროექტები გაჩერებული და გაჭიანურებულია. ვფიქრობ, ხელისუფლების მთავარი ამოცანა, სწორედ ასეთი პროექტების გაცოცხლება იქნება. გარდა ამისა, არსებობს ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც დამაბრკოლებელი და ხელშემშლელი ფაქტორია ბიზნესის საკეთებლად იმის მიუხედავად, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებზეა ბიზნესის კეთების მიმართულებით. შესაბამისად, ეს ბიუროკრატიული ბარიერები უნდა მოიხსნას.

- გამოდის, ღარიბაშვილის მთავრობას რეგულაციების შერბილება მოუწევს?

- ვფიქრობ, ღარიბაშვილის მთავრობას მოუწევს ძალიან ბევრი, მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება, რათა სწრაფად დაძლიოს კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ბიუროკრატიული ბარიერების მოსპობასა და რეგულაციების შერბილებას საკმაოდ მკაცრი ხელი და ქმედუნარიანი მთავრობა სჭირდება, რომელიც სწრაფად გაატარებს მთელ რიგ ღონისძიებებს. ეს აუცილებელია, რათა ბიზნესმა მალე აღიდგინოს ის ვითარება, რაც პანდემიამდე პერიოდში გვქონდა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა ბიზნესის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ რამდენადაც ბიზნესი იქნება კომფორტულ მდგომარეობაში, იმდენად ჯანსაღი ეკონომიკური გარემო გვექნება, მაგრამ რამდენადაც შევზღუდავთ ბიზნესს, მით უფრო შემცირდება ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ ის ღონისძიებები უნდა გაატაროს, რაც ბიზნესზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობ, ღარიბაშვილის მთავრობის ხელში, ეს აბსოლუტურად რეალისტურია, რადგან თავისი ხასიათითა და ბუნებით, ღარიბაშვილი ისეთი მმართველია, რომელიც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს.