115 ახალი სტატია

რომან გოცირიძე: „ინვესტორები ქვეყნიდან გარბიან!“

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლარის რეკორდული გაუფასურების ანატომია - რას ეშმაკობს ეროვნული ბანკი და რა კავშირი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს ეროვნული ვალუტის კურსსა და ფასებზე

ზუსტად ცხრა წელია,  ქვეყანას „ქართული ოცნება“ მართავს, მაგრამ ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები დღესაც „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ცხრაწლიან პერიოდს იხსენებენ და მიხეილ სააკაშვილის „წასვლას“ ითხოვენ. სინამდვილეში, 18 კი არა, ბოლო 32 წელია, ეს ქვეყანა მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს - ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეკონომიკა ვერ ვითარდება, სამუშაო ადგილები ვერ იქმნება, რის გამოც უმუშევართა რიცხვი იზრდება და მოსახლეობა დღითიდღე ღარიბდება. 2020 წლის გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა და ეკონომიკური თეორიების სიღრმისეული ცოდნა სულაც არაა საჭირო იმის მისახვედრად, რა მძიმე დარტყმას მიაყენებდა პატარა, განვითარებად ქვეყანას - საქართველოს. რატომ ვერ ვითარდება ეკონომიკა, რა განსხვავებაა „ნაციონალურ“ და „ოცნებისეულ“ ცხრა წელს შორის და რაც მთავარია, რა არის გამოსავალი? - „ვერსიას“ ნაციონალური მოძრაობის წევრი, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ესაუბრა.

 

- ბატონო რომან, გასაგებია, რომ 2020 წლის გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკას სხვა, გაცილებით სერიოზული უბედურება სჭირს. თქვენი აზრით, რატომ ვერ ვვითარდებით?

- დავაკვირდეთ, როგორ იზრდებოდა საქართველოს ეკონომიკა ბოლო 17 წლის განმავლობაში და უკომენტაროდაც მივხვდებით ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიზეზებს. ვინაიდან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ცხრაწლიანი პერიოდი ახსენეთ, სწორედ ეს ორი ცხრა წელი შევადაროთ ერთმანეთს.

2003-2012 წლებში, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), წელიწადში, საშუალოდ 6.24%-ით გაიზარდა, 2013-2020 წლებში - 2.75%-ით. ორივე ხელისუფლების დროს, თითო დიდი საგარეო შოკი იყო, რასაც ეკონომიკის ვარდნა მოჰყვა, ვგულისხმობ, 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და 2020 წლის გლობალურ პანდემიას. შესაბამისად, 2009 წელს, მშპ 3.7%-ით შემცირდა, 2020 წელს -6.2%-ით. ამ წლების შედეგებს თუ არ გავითვალისწინებთ, „იმ ხელისუფლების“ დროს, ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 7.48% იყო, „ამ ხელისუფლების“ დროს - 3.9%. ეს სხვაობა ნიშნავს დაკარგულ მილიარდობით ლარსა და ათეულ ათასობით სამუშაო ადგილს.

ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი იყო გასულ წელს, პანდემიის პირობებში. შარშან, ევროკავშირის დახმარებამ 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 1 მილიარდი გახლდათ გრანტი. ევროკავშირმა, ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოს ყველაზე მეტი დახმარება გაუწია ევროპის ქვეყნებს შორის. ევროკავშირის გრანტი მიმდინარე წლის ბიუჯეტში 290 მილიონი ლარია, მისი ფინანსური თუ საკრედიტო ორგანიზაციების მიერ დიდძალი სესხები გაიცემა ბიზნესსა და ბანკებზე. შესაძლოა, ყველა ამ სიკეთეს „გადახედონ“, თუ ხელისუფლება გონს არ მოეგო. მთავრობისადმი სანქციებიდან პერსონალურ სანქციებამდე კი ერთი ნაბიჯია.

- ბოლო დროს, თქვენც და „ქართული ოცნების“ სხვა ოპონენტებიც ევროკავშირის სანქციებს საკმაოდ ხშირად ახსენებთ. ეს მუქარაა თუ რეალური საფუძველი მართლაც არსებობს?

- რა თქმა უნდა, არსებობს! განგაშის ზარმა ოფიციალურად უკვე შემოჰკრა, რადგან ევროკავშირი საბიუჯეტო გრანტის მეორე ტრანშის - 290 მილიონი ლარის გადმორიცხვის შეჩერებას აპირებს. მისი მიღება დაკავშირებული იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე. ეს ფორმალური მხარეა, თორემ სინამდვილეში, ეს მთავრობის მიერ ევროკავშირის არაერთხელ „გადაგდების“ გამო დაწესებული სანქციაა, რომელიც პერსონალურ სანქციებამდეც მივა, თუ ასე გააგრძელეს.

- გასაგებია... წლების წინ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყავით, მერე კი მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი გახდით ეკონომიკის საკითხებში, შესაბამისად, ლარის კურსის საგანგაშო ცვლილებას თქვენზე უკეთ ვერავინ ამიხსნის. მთავრობის წევრები ლარის გაუფასურებას საგარეო ფაქტორებით ხსნიან და გვარწმუნებენ, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებშიც უფასურდება ადგილობრივი ვალუტები. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ლარი კვლავ ანერვიულებს და აღარიბებს, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე, ბიზნესს. საგარეო ფაქტორები ახსენეთ, მაგრამ სინამდვილეში, ეს ხელისუფლების ტრადიციული ინტერპრეტაცია და თავის მართლებაა - ყბადაღებულ „საგარეო ფაქტორებზე“ აპელირებენ მუდმივად, სამაგიეროდ, „საშინაო ფაქტორებზე“ არაფერს ამბობენ. ხალხს ისეთი სისულელით „აბოლებენ“, თითქოს თურქული  ლირის გუშინ გაუფასურება დღესვე აუფასურებდეს ლარს! „ექსპერტები“ ან პოლიტიკური მიკერძოებით განმარტავენ მოვლენებს, ან ხშირად არ  ჰყოფნით ცოდნა რთული  საკითხების ასახსნელად. მაგალითად, ძალიან იშვიათია, ვინმემ ახსენოს (ან ახსნას) ბიუჯეტის ზემოქმედების ხარისხი ლარის კურსსა და ფასებზე...

- თქვენ ამიტომაც გკითხეთ და ამიხსენით, ბატონო რომან.

- დიდი ცოდნა არ უნდა, რომ ლარის კურსზე ძირითადად გავლენას ახდენს ვალუტის შემოდინებასა და გადინებას შორის არსებული სხვაობა, რაც ე.წ. მიმდინარე ანგარიშის ბალანსში აისახება. თუთიყუშივით, ეს ყველამ დაიზეპირა, მაგრამ მხოლოდ „ტურიზმიდან დოლარები დაგვაკლდა“-ს ძახილით ვერაფერს ახსნი. როცა ტურიზმიდან 3 მილიარდი დოლარი შემოდიოდა და უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზე იყო - 1.7 მილიარდი დოლარი, ლარი ყველაზე მეტად სწორედ მაშინ გაუფასურდა. გამოდის, საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რამდენი დოლარია შემოსული, უფრო ზუსტად, იმაშიცაა, რამდენი ლარია გასული. ეს მოთხოვნა-მიწოდების ელემენტარული კანონი და მონეტარული თეორიის ანბანია. „ლარის მხარეზე“ რომ ხმას არ იღებენ ხელისუფლებაში, ეს გასაგებია, რადგან არ აწყობთ. ეს ვერც ექსპერტების თავამდე დავიდა, ამიტომ დამდგარან და წლების განმავლობაში „ლირამ ლარი გააუფასურა“ და „მოლოდინებმა ლარი გაგვიუფასურას“ მანტრით გვიხსნიან საკმაოდ რთულ პროცესებს.

მთავრობამ ისესხა დიდძალი ფული - 5 მილიარდი ლარის ეკვივალენტი დოლარში, ბიუჯეტში წარმოქმნილი დანაკლისის შესავსებად და პანდემიის წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებების გასატარებლად. აქედან, დაახლოებით, 3 მილიარდი ლარი დახარჯა შარშან ანუ საბიუჯეტო არხებით გაუშვა დიდძალი „დეფიციტური“ ფული. ამის გასანეიტრალებლად, ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო ოდენობით ვალუტა გაყიდა, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი ანუ ინტერვენცია განახორციელა და მიმოქცევაში გაშვებული ლარის საკმაო ნაწილი ამოიღო. ეს ქმედება რომ არა, ორჯერ და სამჯერ უფრო გაუფასურდებოდა ლარი. იბადება კითხვა - საიდან გაუჩნდა ეროვნულ ბანკს ამდენი უცხოური ვალუტა, როცა ყოველთვის რეზერვების ნაკლებობაზე წუწუნებს? ეს ის ფულია, რაც მთავრობამ ეროვნულ ბანკს გაუცვალა -მისცა ნასესხები დოლარები და იყიდა ლარები, ვინაიდან ჩვენი ბიუჯეტიდან ხდება ხარჯვა ეროვნულ ვალუტაში. ეროვნულმა ბანკმა ცოტა წაუეშმაკა, არ გაყიდა ყველა მიღებული დოლარი მთლიანად და გაზარდა რეზერვები. ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ 3.3-ზე კურსის დაჭერა მისი მიზანია, ხოლო გაყიდული რეზერვები - კურსის, დაახლოებით, ამ ფარგლებში შენარჩუნებას ეყო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ - ლარის კურსი არის არა ის, რაც ბაზარზე უნდა იყოს, არამედ ის, რაც უნდა ეროვნულ ბანკს, მაგრამ მისი სურვილი ეჯახება ბაზრის ნეგატიურ ტენდენციას და ეროვნული ბანკი მუდმივი დილემის წინაშეა - გააუფასუროს ლარი და „შეისრუტოს“ გარედან მომდინარე ზეწოლა, თუ უფრო მეტი დახარჯოს „სასურველი“ კურსის შესანარჩუნებლად. ეს „სასურველი“ კურსი ბევრ რამეზეა დამოკიდებული: არჩევნებზე (კოჭს უგორებს ხელისუფლებას), პოლიტიკურ ზეწოლაზე, ბიზნესის განწყობაზე და ასე შემდეგ. ახლა, ლარი ხელოვნურ მართვაზეა და შესაბამისად, ლარის კურსი „თავისუფლად მცურავი“ კი არა, „მართვადი მცურავია“, რადგან ბიუჯეტის არნახული დეფიციტის დაფინანსების წყარო საგარეო დახმარებები იყო.

- სხვათა შორის, ბოლო დროს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები შეამცირა და ამას როგორ ხსნით?

- რეზერვებს უფრთხილდება და სწორიცაა, ოღონდ გააჩნია, ამას როგორ აკეთებს. უმეტეს შემთხვევაში, მოქმედებს პრინციპით: „ძუნწი იხდის ორჯერ“, ამიტომ მის დაგვიანებულ ინტერვენციებს „უკან მიდევნებული ლამპრის“ როლი აქვს. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკის რეზერვები საგრძნობლად გაიზარდა. ეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ აღებული სესხები და „უკან ჩასაბრუნებელი“ ფულია სავალუტო ბაზარზე.

რაც შეეხება კითხვას, მიმდინარე წელს, აპრილში, მთავრობას უწევს 500 მილიონი დოლარის ოდენობის საგარეო ვალის იმ ნაწილის გასტუმრება, რომელიც წინა წლებში, ე.წ. ევროობლიგაციების განთავსებით მიიღო. მას ობლიგაციები ხელახლა უნდა გამოეშვა და მიღებული ფულით ძველი ვალები გადაეფარა, მაგრამ ამას თავი ვერ მოაბა. პროცესი ჯერ კიდევ შარშან უნდა დაეწყო, სინამვილეში, სულ ახლახან გამოაცხადა კონკურსი ამ ობლიგაციების ბაზარზე გატანის მომსახურე ბანკების შესარჩევად. ჩავარდა საქმე! არავინ იცის, როდის განათავსებს ობლიგაციებს მთავრობა და საერთოდ მოესწრება წელს თუ არა, ამიტომ ორ კვირაში, ეროვნულ ბანკს 500 მილიონი დოლარით შეუმცირდება რეზერვები და ძნელი სათქმელია, აღადგენს თუ არა წელს. არადა, ძირითადი ვალების გასტუმრების პროცესი წინ აქვს.

ამ „დარდებში“ მყოფმა ეროვნულმა ბანკმა დაამუხრუჭა მაშინ, როცა საჭირო არ იყო - ხანგრძლივი თამაში უნდა ეთამაშა, შედეგად, ლარი გაექცა. ახლა, მისი შეჩერების ერთადერთი გზა ინტერვენციებია. მალე მოუწევს, შეიძლება ხვალვე, მაგრამ ფაქტია - დააგვიანა, უკვე გვანერვიულა, ცუდი მოლოდინები გააჩინა და ლარის დოლარში გადახურდავებისკენაც გვიბიძგა. შესაბამისად, იმაზე მეტი ვალუტის გაყიდვა მოუწევს, ვიდრე მშვიდად რომ ემოქმედა. არადა, მოსახვევში მუხრუჭების ფრთხილად გამოყენებაა საჭირო.

წინა კვირას, ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაიტანა გასაყიდად და მხოლოდ 27.5 მილიონი გაიყიდა. წლებია, სწორედ ამას ვეუბნები, რომ წინმსწრები, ან თუნდაც არაწინმსწრები მცირეოდენი ინტერვენციები, მოკლევადიან რყევებს ხსნის. მთელი კვირაა ლარი უფასურდება, რადგან სავალუტო ბაზარზე დოლარის ნაკლებობა იყო და აღმოჩნდა, რომ მცირეოდენი ხელის წაკვრით, ყველაფერი მოგვარდებადი ყოფილა. ლარი ეროვნული ბანკის უმოქმედობამ გააუფასურა - აი, ეს თქვა ბაზარმა!

- პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურისტული ნაკადების სიმრავლე ლარის კურსს არ დაასტაბილურებს?

- წინა წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ორჯერ და სამჯერ მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს და ტურიზმიდან შემოსავლებიც 2-3 მილიარდ დოლარს აღწევდა ყოველწლიურად, მაგრამ იმ პერიოდში, ლარი ორჯერ გაუფასურდა. რა გარანტია გვაქვს, რომ სავალუტო შემოდინებების ზრდა ლარს გაამყარებს? - არავითარი.

წარმოვიდგინოთ, რომ ბაზარზე არის გამოტანილი „დოლარას“ ჯიშის 3 ცალი ვაშლი და მის საყიდლად გვაქვს 9 ლარი. რამდენი ლარი მოდის ერთ ვაშლზე? - სამი ანუ ვაშლის კურსი ლართან მიმართებით, 1:3-ზე ყოფილა. გარკვეული დროის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ბაზარზე 6 ვაშლია გამოტანილი გასაყიდად. გახარებულები გავიქეცით, გვეგონა, იაფად ჩავიგდებდით ხელში, მაგრამ სხვებსაც გასჩენიათ მისი ყიდვის სურვილი  ანუ ფული. სულ 24 ლარი დაგროვებულა სავაშლედ. გამოდის, რომ 1 ვაშლი უკვე 3 ლარი კი არა, 4 ლარი ღირს. ეს ნიშნავს, რომ „დოლარა“ ვაშლის კურსი ლართან მიმართებით, 1:4-ია. გამოვიდა, რომ „დოლარა“ შემოვიდა და „ლარა“ გაუფასურდა. პარადოქსია, არა? მართალია, „დოლარას“ მიწოდება გაიზარდა, მაგრამ ლარის მიწოდებაც ხომ უფრო მეტად გაიზარდა? პასუხიც ესაა - ამიტომაც გაგვიუფასურდა ფული.

ვინმეს გინახავთ საქართველოში, სადმე, მათ შორის ტელევიზორში, ლარის დოლართან გაცვლის კურსის დადგენისას, ლარის მიწოდებაზე ესაუბროს?  ეს ხომ ელემენტარულია, ვაჭრობაში ხომ ორი საქონელი მონაწილეობს და რატომ ვხედავთ მხოლოდ ერთს, ამ შემთხვევაში, დოლარს ანუ ტურისტებს და არა ვხედავთ მეორეს - ლარს ანუ ბიუჯეტსა და მონეტარულ მხარეს?! ბევრი მიზეზი აქვს ამ „დაუნახაობას“,  რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერ ამას, „საგარეო ფაქტორს“ ვეღარ გადააბრალებ, რადგან „საშინაო ფაქტორიც“ არანაკლებ მნიშვნელოვანია.

გისურვებთ, ლარი ისე დასტაბილურდეს, რომ მისი კურსის გაკითხვაც კი არ დაგჭირდეთ ანუ დაახლოებით, ისე ყოფილიყოს, როგორც ერთ გამონათქვამშია -კარგი მთავრობა ისაა, რომლის არსებობას ვერც კი ამჩნევთ. ჩვენ ჯერჯერობით ვამჩნევთ და თანაც როგორ, მათ შორის, მთავრობასაც და ვალუტის ტაბლოსაც.

- თუკი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება და ეკონომიკა აღდგება, პრობლემა არ მოგვარდება?

- დიახ, მაგრამ რომელი უცხოელი ინვესტორი შემოჰყოფს აქ ცხვირს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, მხოლოდ 20 000-მდე ადამიანია აცრილი და ხელისუფლებაში განუკითხაობაა?! ქვეყნიდან ინვესტორები გარბიან, მაგრამ ამას პანდემიას ვერ გადააბრალებენ. 2020 წელს, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საგანგაშოდ დაბალი იყო. ამაზე ნაკლები უცხოური კაპიტალი ბოლოს, მხოლოდ 2005 წელს შემოვიდა. ინვესტიციების 91% ე.წ. რეინვესტირება იყო ანუ  კომპანიებმა ჩატოვეს ფული ქართულ ბიზნესში. მხოლოდ 56 მილიონი დოლარი იყო სუფთად, გარედან შემოსული, რაც ძალიან საგანგაშოა. ინვესტიციების უდიდესი ნაწილი საფინანსო სექტორზე მოდის ანუ ეს ან გრძელვადიანი კრედიტებია, ან წარსულში აღებული სესხების ბანკების კაპიტალში ჩაბრუნება.

„საქსტატი“ ინვესტიციების დრამატულად შემცირებას იმით ხსნის, რომ  შეიცვალა რეზიდენტი ანუ უცხოელის საკუთრებიდან, კაპიტალი „საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში“ გადავიდა. იყო სხვა ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის, მაგრამ გახდა ჩვენი. სინამდვილეში, ამას კაპიტალის გატანა თუ გაქცევა ჰქვია. თვალსაჩინოებისათვის, ერთი მაგალითიც კმარა: მსოფლიოში ცნობილი ბანკი, „სოსიეტე ჟენერალი“, 2016 წელს გავიდა საქართველოს ბაზრიდან. მიჰყიდა თავისი აქციები თიბისი ბანკს 340 მილიონ ლარად, დაახლოებით, 140 მილიონი დოლარი გაიტანა და წავიდა ანუ „რეზიდენტი შეიცვალა“. ვითომ არაფერი, ხომ?

ახლა ვნახოთ, რომელი „რეზიდენტი შეიცვალა“ გასულ წელს, საქართველოში. ერთი კონკრეტული მაგალითი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკიდან: ვიღაცამ, შარშან, პანამაში გაიტანა 209 მილიონი დოლარი. პანამა ვისთან და რასთან ასოცირდება, კი ვიცით, ოფშორული ზონაა. აქ ორი რამ უნდა ვივარაუდოთ: პირველი, ივანიშვილმა, საქართველოში არსებული თავისი პანამური კომპანიის აქტივები მიჰყიდა ვიღაც „ქართველს“ - საქართველოს რეზიდენტს და ფული ოფშორში, პანამაში გადაიტანა, ან თავისი პანამური კომპანის წილი „მიჰყიდა“ „საკუთარ თავს“, საქართველოში. ორივე შემთხვევაში, ფინანსური თვალსაზრისით, კაპიტალის  გატანა ფიქსირდება. აქ ისიცაა გასარკვევი, პანამიდან შემოსული ფული, თავის დროზე, აქედან გასული და უკან შემობრუნებული იყო, თუ სხვა ოფშორებიდან პანამაში აკუმულირებული, ვიდრე ვიკილიქსში ამბები არ გასკდებოდა და პანამა უსაფრთხო თავშესაფრად იყო მიჩნეული ბევრისთვის.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი - პირველად, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, რაც „საქსტატი“ აწარმოებს აღრიცხვას, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი იყო მინუს 102.8 მილიონი დოლარი ანუ კაპიტალი კი არ შემოვიდა, არამედ, გავიდა!

2020 წელს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 616.9 მილიონი დოლარი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში. გასულ წელთან შედარებით, კლება 53%-ია და ამის მხოლოდ პანდემიით ახსნა სწორი არ იქნება - აქეთკენ მივდიოდით.

- ბატონო რომან, ნუთუ, გამოსავალი არ არის?

- ანუ, გაინტერესებთ, „გვეშველება რამე“? ეს ყველაზე სულელური გამონათქვამია, რადგან ორი პასუხი აქვს: არაფერი გვეშველება და გვეშველება. პირველი ძალიან ბოროტი პასუხია და მოულოდნელი, მეორე - სასურველი და მოსალოდნელი, მაგრამ არადამაჯერებელი.  ჰოდა, რა აზრი აქვს იმ კითხვას, თუ არც ერთი პასუხის არ გწამს? ეს უკვე ჩვეულებრივ, სარიტუალო გამონათქვამად იქცა, რომელზე პასუხი არც არავის აქვს და არც არავის აინტერესებს. ზრდილობისთვის თუ იტყვი რამეს,  ახალმოდური „გაიხარეთი“ გიპასუხებენ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გვეშველება. თუ არ გვეშველება, „არ გაიხარეო“, ხომ ვერ გეტყვიან?

არ იშლის ხელისუფლება ნაცად ხრიკებს. იტყუებოდა, ეკონომიკური ზრდით, რეგიონში ლიდერები ვართო. სინამდვილეში, 2020 წელს, საქართველოს ერთ-ერთი, უარესი შედეგი აქვს, მასზე ცუდი შედეგი აქვს ომგადატანილ სომხეთს, ნახევრადაღიარებულ კოსოვოს და ორიოდე სხვა ქვეყანას. რეგიონის 23 ქვეყნიდან, მე-16 ადგილზე ვართ.

მაია მიშელაძე