115 ახალი სტატია

ძალიან მწარე რეალობა – კორონაპანდემიის გამო, ქართული ტურიზმი 2.8 მილიარდი დოლარით დაზარლდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შალვა ალავერდაშვილი: „კატასტროფაა, როცა უცხოელს ესმის, რომ საქართველოში, საღამოს ცხრა საათზე, კომენდანტის საათი იწყება!“

კორონავირუსის პანდემიით ტურიზმის სექტორი 2.8 მილიარდი აშშ დოლარით დაზარალდა. მიუხედავად იმისა, რომ 24 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად გახსნა და ხალხმა მთის კურორტებს მიაშურა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტული სეზონი მაინც ჩავარდა. 25 თებერვლიდან, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები მკაცრი სანიტარული ზომების დაცვით გაიხსნა, 8 მარტიდან საბაგიროებიც ამუშავდა, რესტორნებსა და კაფეებს კი საშუალება მიეცათ, სტუმრები უკვე შენობაში მიეღოთ. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე, შალვა ალავერდაშვილი „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო, რომლის ეკონომიკაც ძირითადად ტურიზმის განვითარებაზე იყო ორიენტირებული, მსოფლიოს მასშტაბით, ერთერთი უმკაცრესი რეგულაციების მქონე ქვეყანაა. ამ პირობებში, რასაც კომენდანტის საათიც ემატება, ჩვენს ქვეყანას უცხოელი ტურისტები არ ეწვევიან. 

 

- შალვა, რა შედეგი მოჰყვა სასტუმროების გახსნას ზამთრის კურორტებზე?

- მთის კურორტებზე სასტუმროების 40% გაიხსნა, მაგრამ სრულად დატვირთვა ვერ შეძლეს ანუ ძალიან ცუდად იმუშავეს.

- იყვნენ თუ არა საერთაშორისო ვიზიტორები?

- არ გვყოლია, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა მივიღეთ.

- იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც ახლა ვართ, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი, რომ ტურიზმის სექტორი ამუშავდეს?

- დროული ვაქცინაცია! მიგვაჩნია, რომ კომერციული ვაქცინაცია გვჭირდება, რაც აუცილებლად და ძალიან სწრაფადაა დასაწყები.

- ეს რამდენად ეფექტური იქნება, ან სასტუმროები კომერციულ ვაქცინაციაში ჩაერთვებიან?

- კომერციული ვაქცინაცია იმას ნიშნავს, რომ საშუალება მიეცეთ კერძო კომპანიებს, შემოიტანონ ვაქცინა, მაგრამ სახელმწიფოს მეთვალყურეობით, რათა ხარისხი კარგი იყოს. ვაქცინა, ჩვეულებრივ, გაყიდვაში უნდა შემოვიდეს, რაც ერთი მხრივ, სახელმწიფოსაც დაეხმარება - გაცილებით მეტი ადამიანი აიცრება, ვისაც საშუალება აქვს, მეორე მხრივ კი, სასტუმროებისთვის ეს ჩვეულებრივი, მარკეტინგული ნაწილი ანუ კიდევ ერთი „ხრიკი“ იქნება - როდესაც სასტუმროს პერსონალი აცრილია, უფრო მეტ სტუმარს მიიზიდავენ საზღვარგარეთიდან.

მეტსაც გეტყვით, კომერციული ვაქცინაცია სტუმრებისთვისაც ისე უნდა დაიწყოს, როგორც ეს დუბაიშია მიღებული - იქ სტუმრებს სასტუმროებში ცრიან, ზოგ შემთხვევაში კი, სტუმარი 21 დღეც კი რჩება დუბაის სასტუმროში, რათა ვაქცინის მეორე დოზაც იქვე გაიკეთოს. ჩვეულებრივ, დუბაიში, 21-დღიან ტურებს სთავაზობენ სტუმრებს და ამ ტურებს ვაქცინაციაც ემატება.

- კორონავირუსამდე, ზაფხულის სეზონისთვის მზადება უკვე გაზაფხულიდან იწყებოდა ხოლმე. დღეს, ამ მხრივ, რა ვითარებაა?

- ამ ეტაპზე, გლობალურად, ტურიზმის მოწყობა მთლიანად შეცვლილია. ასეთი სქემა იყო: გვქონდა ე.წ. ქანსელეიშენ პოლისი (cansellation police - ჯავშნის გაუქმება), რაც ნიშნავს, რომ თუ სტუმარი ჯავშანს მიუქმებდა 72 საათით ადრე, მას 100%-ით ვაჯარიმებდი, ხოლო თუ ერთი კვირით ადრე მიუქმებდა - 50%-ით. ახლა ეს სისტემა მთლიანად შეიცვალა ანუ „ქანსელეიშენ პოლისიც“ აღარ არსებობს და თუ ჯავშანს მიუქმებს, ვეღარ ვაჯარიმებ.

გარდა ამისა, დადასტურებული ჯავშნების რაოდენობა 95%-ით შემცირდა ანუ თითქმის აღარ არსებობს. თუ ადრე, ერთი ან ორი წლით ადრე გვქონდა დადასტურებული ჯავშნები, თანაც წინასწარი გადახდის საფუძველზე, ახლა ეს სისტემა საერთოდ შეიცვალა. სასტუმროებმა, შესაძლოა, სტუმრები მიიღონ კონკრეტულ დღეს, რადგან გრძელვადიანი დაგეგმარებით არავინ გეგმავს ამა თუ იმ ქვეყანაში წასვლას. ეს გლობალური პრობლემაა, ასეთი მდგომარეობაა მსოფლიოს მასშტაბით, რადგან არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.

- ამ რეალობის გათვალისწინებით, კომერციული ვაქცინაციის გარდა, რა უნდა გაკეთდეს, რომ ტურიზმის სექტორი გადარჩეს?

- ავიღოთ თურქეთის მაგალითი, სადაც 1 მაისიდან კი არა, როდესაც სეზონის გახსნა იყო დაგეგმილი, 1 აპრილიდან უფრო მეტი ჯავშანია, რაც ოდესმე ყოფილა. ოთახების დეფიციტია, იმდენი ტურისტი წაიყვანეს

უკვე. ყველგან გადის თურქეთის რეკლამა, რომ ესაა უსაფრთხო ქვეყანა, იქვე ხსნიან, თუ რა რეგულაციებით შეჰყავთ ტურისტები და რა პირობებს სთავაზობენ. თურქეთი სამაგალითო ქვეყანაა ჩემთვის, თუ როგორ ჩაჰყავს ტურისტი და როგორ აცხოვრებს მათ. თურქეთის კარი ღიაა მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის, განურჩევლად ერისა, სქესისა, რასისა, ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიისა.

ევროპის ქვეყნების ნაცვლად, სწორედ თურქეთის მაგალითია გასათვალისწინებელი ჩვენთვის იმიტომ, რომ იგივე - ინგლისი ან გერმანია, ძირითად შემოსავალს ტურიზმის სექტორიდან არ იღებდნენ და ეს ქვეყნები ტურიზმით არ ცხოვრობდნენ. საქართველო ტურიზმით ცხოვრობდა ისევე, როგორც თურქეთი. აქედან გამომდინარე, სჯობს, თურქეთის მაგალითი გავითვალისწინოთ.

- შალვა, უფრო დეტალურად ამიხსენით, რას სთავაზობს თურქეთი ტურისტებს?

- სამდღიანი, 72-საათიანი ტესტით უშვებს ტურისტს ქვეყანაში, იქ ჩასულ ადამიანს კი ადგილზე უკეთებს PCR-ტესტს და თუ პასუხი უარყოფითია,  ის აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება სასტუმროს სივრცეში, ყოველგვარი შეზღუდვების, ნიღბებისა და 21.00 საათზე დაძინების გარეშე, რაც ჩვენთვის დამღუპველია. როდესაც უცხოელ სტუმარს ესმის, რომ საქართველოში, საღამოს რვა საათზე, რესტორანი იკეტება, რადგან ცხრიდან კომენდანტის საათი იწყება, კატასტროფაა! შესაბამისად, ძალიან ბევრი ფიქრობს, წამოვიდეს თუ არა საქართველოში!

წარმოიდგინეთ, რა ძნელია კომენდანტის საათი ზაფხულში, ან როგორ უნდა ვუთხრა სტუმარს, რომ საღამოს ცხრა საათზე დაიძინოს?! ასეთ პირობებში, ვერც ტურს დაგეგმავ წესიერად, რადგან არ იცი, რა უნდა გააკეთოს სტუმარმა საღამოს.

- რა ოდენობის ზარალი მიადგა ტურიზმის სექტორს პანდემიის პირობებში?

- შარშანდელთან შედარებით, წელს უარესი მდგომარეობაა. შარშან ზარალი 2.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო. წელს, ამ მხრივ, სამწუხაროდ, არაფერი გამოსწორებულა. პატარ-პატარა, ძალიან მცირე მასშტაბის მოგზაურობის დაწყება უნდა ხალხს, მაგრამ სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს და მსოფლიოში ყველაზე მკაცრი რეგულაციების ქვეყანა ვართ!

როდემდე გაუძლებს ამას ტურიზმი, არ ვიცი. მკაცრი რეგულაციებით ცხოვრობენ აყვავებული ეკონომიკების მქონე ქვეყნები - გერმანია, ინგლისი ანუ ის ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ ამის ატანა და რომლებიც ტურიზმზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. როგორც გითხარით, ტურიზმზე დამოკიდებული თურქეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტურისტები ჩაიყვანოს ქვეყანაში.

- ასეთი მიდგომის გამო, პანდემია ხომ არ იფეთქებს?

- არა, რას ამბობთ! იგივე, თურქეთში, ტურისტული სეზონი 1 მაისს უნდა დაეწყოთ, მაგრამ იმდენი ხალხი მიაწყდა, რომ ვადა გადმოსწიეს და 1 აპრილიდან ხსნიან. ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, იმისთვის, რომ ტურიზმი გაიხსნას, უმთავრესია ვაქცინაცია, განსაკუთრებით კომერციული ვაქცინაცია, რაც პირველ რიგში, ქვეყნისთვის იქნება კარგი!