რატომ უნდა აშენდეს დიდი ჰესები საქართველოში - ექსპერტის მოსაზრება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დავით მირცხულავა: „ვერ ნახავთ მსოფლიოში ქვეყანას, რომელსაც ასეთი ჰიდრორესურსი ჰქონდეს და არ იყენებდეს!“

 

146 დღეა, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, პროტესტი გრძელდება. თითქმის ხუთი თვეა, ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც თავს „რიონის მცველებს“ უწოდებს, ჰესის მშენებლობას ჯიუტად ეწინააღმდეგება, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე, მხოლოდ პროტესტიდან 120-ე დღეს ჩავიდნენ, ისიც იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრმა დაავალა. ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები ლეჩხუმს ეწვივნენ, ცაგერის კულტურის სახლში, მოსახლეობასთან დიალოგიც შედგა, თუმცა ვითარება არ განმუხტულა, რადგან „შეხვედრიდან“ რამდენიმე დღეში, ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა. სხვათა შორის, ამ აქციაზე პოლიტიკური ველიდან გაუჩინარებული რაინდი, ლევან ვასაძეც გამოჩნდა, თავის „ამქართან“ ერთად. „არა, დიდ ჰესებს!“ - ამ აქციის მთავარი გზავნილი გახლდათ. 

სინამდვილეში, იმისთვის, რომ ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებული, უხვმდინარიანი საქართველო ენერგოდამოუკიდებელი გახდეს, ჰიდროენერგეტიკა აუცილებლად უნდა განვითარდეს, რაც ჰესების მშენებლობას ნიშნავს. ჰიდრორესურსებით მდიდარმა ქვეყანამ თავისი ბუნებრივი სიმდიდრე აუცილებლად უნდა აითვისოს და ამას ალტერნატივა არ აქვს. არავინ კამათობს იმაზე, რომ მშენებლობამდე, პროექტირების პროცესში, გარემოზე ზემოქმედების შესწავლის (გზშ) დოკუმენტი უნდა მომზადდეს და ჰესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით უნდა აშენდეს, მაგრამ ლოზუნგი - „არა, დიდ ჰესებს!“ - საქართველოს დაუძინებელი მტრის რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ვის, ვის და რუსეთს, როგორც ელექტროენერგიის ძირითად იმპორტიორს საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და შესაბამისად, რეგიონში საკუთარი გავლენის შესუსტება არ აწყობს. ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, პირველ რიგში, გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა და ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარგად უნა გაიაზრონ, რომ ლოზუნგი - „არა, დიდ ჰესებს!“ - უკან, სიბნელესა და წყვდიადში დაბრუნებას ნიშნავს.  გარდა ამისა, ჰესების მშენებლობას უამრავი ეკონომიკური სიკეთე მოჰყვება, რაც მოსახლეობამ არ იცის. „ვერსიას“ ენერგეტიკის ექსპერტი, პროფესორი დავით მირცხულავა ესაუბრება.

 

- ბატონო დათო, ნამახვანჰესის წინააღმდეგ, მოსახლეობის პროტესტი არ წყდება, ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის დიალოგი ჩიხში შევიდა. რა გამოსავალს ხედავთ, ამ ვითარებაში?

- მართალია, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და ახლაც უდავოდ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თითქოს, საერთოდ არ მართულა შეხვედრები და განხილვები ამ საკითხზე. გარკვეული სამეცნიერო კონფერენციები ზუმ-რეჟიმში ტარდებოდა, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმეს პირადად დავესწარი, ცალკე განხილვებიც გაიმართა. თუმცა მოსახლეობასთან მუშაობის თვალსაზრისით, გაცილებით მეტი იყო გასაკეთებელი, უფრო მეტად უნდა დალაპარაკებოდნენ და მეტი ახსნა-განმარტებითი სამუშაოები ჩაეტარებინათ. ამგვარი კომუნიკაცია გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

მოსახლეობის პროტესტიც აბსოლუტურად მესმის და ახალი არაფერია, რადგან ასეთი მნიშვნელობის პროექტებს, ყოველთვის ახლავს ხოლმე ვნებათაღელვა. არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას. მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ გარკვეული კომპრომისები მოიძებნოს. მდგრადი განვითარების პრინციპი რა არის? - ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი საკითხების თანხვედრა და მათ შორის, ოქროს შუალედის მოძებნა! მაგალითად, ნამახვანჰესთან დაკავშირებით, არის კითხვები კლიმატისა და უსაფრთხოების შესახებ, დღემდე ამ კითხვებზე ბევრი პასუხი გაიცა, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული კვლევები ნამდვილად ჩატარდა, მაგრამ მათზე ინფორმაცია გარემოს დამცველებსაც კი არ ჰქონდათ.

როდესაც ასეთი პროექტი ხორციელდება, კვლევები წინა საპროექტო ფაზაზე იწყება და მიმდინარეობს პროექტირების, მშენებლობის, ექსპლუატაციის ეტაპებზე. ეს უწყვეტი ციკლია და აუცილებელი იყო, რომ ამის შესახებ შესაბამისი განმარტებები გაეკეთებინათ. ზოგადად, ნებისმიერ ნაგებობას, რომელიც შენდება, გარკვეული ზემოქმედება აქვს ბუნებაზე და ამის თქმა თამამად შეიძლება, მაგრამ პროექტი ისე უნდა განხორციელდეს, რომ მინიმიზირებული იყოს ყველა ნეგატიური გავლენა. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს შესაბამისი ნორმატივები, რათა სწორედ ასე აშენდეს ნებისმიერი ნაგებობა.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნამახვანჰესის საწყისი ეტაპიდან, საკმარისი კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა გარკვეული სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ჰიდროენერგეტიკა ამ ქვეყნის მომავალია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითადი, ფუნდამენტური საკითხია იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, რომელიც უნდა ავითვისოთ. ვერ ნახავთ მსოფლიოში ქვეყანას, რომელსაც ასეთი ჰიდრორესურსი ჰქონდეს და არ იყენებდეს!

- კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ მსოფლიოს ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ჰიდრორესურსები და იყენებენ.

- ევროპის დაწყნარებული და განვითარებული ქვეყნებიდან დავიწყოთ, ვგულისხმობ ავსტრიას, იტალიას, ესპანეთს... ესპანეთში არის პროვინციები, სადაც გაცილებით მეტი კაშხალი და ჰიდროსადგურია აშენებული, ვიდრე მთლიანად საქართველოში. მაგალითად, გერმანიას, საქართველოსთან შედარებით, არც ისე დიდი ჰიდრორესურსები აქვს, მაგრამ იქ 7 500-ზე მეტი მცირე ჰიდროსადგურია, ხოლო იტალიაში - 2 500 მცირე ჰიდროსადგური. მთლიანად, ევროპაში, დაახლოებით, 22 000 მცირე ჰიდროსადგურია და კიდევ ფიქრობენ მათ განვითარებაზე. ხშირად ამბობენ, რომ ევროპის განვითარებულმა ქვეყნებმა შეწყვიტეს ჰიდრომშენებლობა, მაგრამ იმ ქვეყნებმა შეწყვიტეს, სადაც ეს რესურსი მთლიანად აითვისეს. თუმცა შვეიცარიაში, უკვე არსებული ჰესების რეკონსტრუქცია და კაშხლების ამაღლების სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მაქსიმალურად აითვისონ.

თუ მსოფლიოს მასშტაბით, ჰესების მშენებლობის ისტორიას გადავხედავთ, რაც 100 წელზე მეტს მოიცავს, არ მეგულება ქვეყანა, რომელმაც საკუთარი ჰიდრორესურსის ათვისებაზე უარი თქვა, ასეთი ფაქტი არ ყოფილა! ხშირად მომყავს შვეიცარიის მაგალითი, მასზე დავარცხნილი და მოვლილი ქვეყანა არ ვიცი, მაგრამ ჩვენზე პატარა ქვეყანას 600 ჰიდროელექტროსადგური აქვს. მათი ჯამური გამომუშავება 37 000 მეგავატია, საქართველო 3 000 მეგავატს ძლივს ასცდა. იმის მიუხედავად, რომ ნორვეგიაში უამრავი გაზი და ნავთობი იყო, მისი ენერგეტიკა მთლიანად ჰიდროსადგურების მშენებლობაზეა დამოკიდებული და 90%-ზე მეტი აქვს ათვისებული. პორტუგალიაშიც შენდება ჰესები, მოკლედ, მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ ამბობს უარს ჰესებზე.

ვფიქრობ, ჰიდრორესურსი აუცილებლად გვჭირდება ჩვენი ენერგეტიკისთვის, რადგან თუ ჰესები არ გვექნება, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მოგეხსენებათ, მუდმივად იმპორტირებულ ენერგიაზე ვართ დამოკიდებულები, რომლის წილი ძალიან იზრდება, რაც ეკონომიკაზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, პანდემიის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, ეკონომიკა სწრაფად დაიწყებს განვითარებას და ამ პროცესს ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ. ამ ვითარებაში, ჰესებზე ასეთი შეტევა კარგს არაფერს მოგვიტანს. ნებისმიერი, დახურული და შეჩერებული პროექტის დროს, აუცილებელია, რისკები დავითვალოთ და გავიგოთ, რა პრობლემა მოჰყვება ჰესების მშენებლობის შეჩერებას. მაგალითად, ხუდონჰესის  პროექტი გაჩერებულია, რომელსაც უზარმაზარი ისტორია აქვს. მიწისქვეშა ნაგებობები აშენებულია, მაგრამ ქვეყანა ვერ იყენებს რეალურად...

- უკაცრავად, გაწყვეტინებთ, მაგრამ ხუდონჰესის გარდა, ნენსკრაჰესის მშენებლობაც ხომ შეჩერდა?

- კი, ბატონო! ყველა დიდი ჰიდროსადგურის მშენებლობა შეჩერდა ჩვენთან, მაგრამ მათ გარდა, უამრავი საშუალო და მცირე სადგურების მშენებლობაც შეჩერებულია. ჰესები უნდა აშენდეს, რაც ენერგეტიკული სისტემის გარკვეულ მანევრულობას გვაძლევს, რადგან სხვა, განახლებადი ენერგიის წყაროების ასათვისებლად, როგორებიცაა ქარი და მზე, ჰესები აუცილებელია. ესპანეთის მაგალითი ვახსენე და იქ, სწორედ, წყალსაცავიანი ჰესები ასრულებენ იმ სარეზერვო სიმძლავრეების ფუნქციას, რაც მზისა და ქარის სადგურებს სჭირდება. მაგალითად, 2030 წლისთვის, ჩვენ რომ 1 300 მეგავატი ქარისა და დაახლოებით, 500 მეგავატი მზის ენერგია გვქონდეს, ამ სადგურების ინტეგრირებისთვის, შესაბამისი წყალსაცავიანი ჰესებიც აუცილებლად უნდა აშენდეს.

- დიდი ჰესების წინააღმდეგ აგორებული პროტესტის ფონზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ენგურჰესი გაჩერდა. შესაბამისად, ელექტროენერგიის ისედაც მზარდი იმპორტი, ამ პერიოდში, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ამ პირობებში, „რიონის მცველები“ დიალოგზე უარს ამბობენ. როგორ უნდა დამყარდეს კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ამ ხალხს შორის?

- ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებელია, რაციონალური გადაწყვეტილება მოვძებნოთ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომლის ეკონომიკა უნდა განვითარდეს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ეკონომისტების განმარტებებია საჭირო, რომლებიც დეტალურად ახსნიან, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სწორედ ასეთი, დიდი პროექტების განხორციელება. ფაქტობრივად, ხუდონის, ნენსკრასა და ნამახვანის პროექტი 6%-იან ზრდას მოგვცემს მთლიან შიდა პროდუქტში, რაც პირდაპირი ინვესტიციებია. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რა ძალისხმევა და შრომა დასჭირდება ამას, მაგრამ მოსახლეობასთან კომუნიკაცია უნდა დამყარდეს.

ამ ქვეყანაში, ჰესების მოწინააღმდეგეებიც პატრიოტები არიან და ის ხალხიც, რომლებსაც ჰესების აშენება უნდათ. მოდით, ამ საკითხს ასე შევხედოთ, რადგან ენგურის გაჩერებით, საქართველოს ენერგეტიკას სერიოზული პრობლემა აქვს. ეს ორიოდე დღის წინ, სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომხდარმა ავარიამაც დაადასტურა, როდესაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი გაითიშა და მთელი ქვეყანა ჩაბნელდა, სისტემის აღდგენას კი დრო დასჭირდა. ამას დაამატეთ ისიც, რომ გარკვეული პრობლემები იყო გაზმომარაგებაშიც, რადგან თბოელექტროსადგურებიც გაითიშა. შესაბამისად, ჩვენი, საკუთარი ენერგეტიკის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ხალხს ეს ლოზუნგი ჰგონია. არა, ბატონებო, ენერგოუსაფრთხოება ისეთი ცნებაა, რომელიც შეიძლება, დავთვალოთ და მისი პარამეტრებიც შევაფასოთ. როდესაც ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ დამოუკიდებლობის პარამეტრების გაუმჯობესებას. ისედაც, ყველა ჰესი გარკვეულ, ეკონომიკურ მიკროკლიმატს ქმნის თითოეულ რეგიონში და ეკონომიკურ მდგომარეობას ანვითარებს. რეალურად, ჩავთვალოთ, რომ თითოეული მცირე ან საშუალო ჰესი ჩვეულებრივი საწარმოა, რომელიც პროდუქციას, ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიას ქმნის.

- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ახსენეთ, მაგრამ რეალურად, რა პერსპექტივა აქვს ჰესების მშენებლობას განახლებადი ენერგიების განსავითარებლად?

- ყველამ იცის, რომ მთელი მსოფლიო და განვითარებული ევროპა ახალ ენერგეტიკაზე აპირებს გადასვლას, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს წიაღისეული ენერგორესურსებისგან. მოკლედ, ევროპა ნახშირბადებიდან უნდა გათავისუფლდეს და ამ მხრივ, უზარმაზარი როლი ენიჭება ისეთ ახალ პროდუქტს, როგორიცაა წყალბადი, უფრო ზუსტად, მწვანე წყალბადი. მის მისაღებად, გამოყენებულია განახლებადი ენერგიების - ქარის, მზისა და ჰიდრორესურსები. ჩვენ მწვანე წყალბადის განვითარების საშუალება გვაქვს.

რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროდუქტის განვითარება, გერმანიის მაგალითზე აგიხსნით, სადაც სპეციალური პროგრამა დაიწყო და 9 მილიარდი ევრო, სწორედ მწვანე წყალბადის განსავითარებლად გამოყვეს. ამ 9 მილიარდიდან, 7 მილიარდი ევრო დაიხარჯება გერმანიაში, ხოლო 2 მილიარდი ევრო - იმ ქვეყნებში, სადაც საშუალებაა, რომ განახლებადი ენერგიებიდან მიღებული მწვანე წყალბადის ექსპორტი განხორციელდეს გერმანიაში. ვფიქრობ, რომ საქართველოს ამის პერსპექტივა ნამდვილად აქვს.

ეს ახალი მიმართულება ენერგეტიკაში, სულ მალე, საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდება. რეალურად, ისეთი რესურსები ჩანაცვლდება, როგორებიცაა ბუნებრივი წიაღისეული, ნავთობი, გაზი... საქართველოს ახალი პროდუქტის - მწვანე წყალბადის წარმოების პერსპექტივა აქვს, რაც დამოკიდებულია განახლებადი ენერგიების, პირველ რიგში, ჩვენი ძირითადი, ჰიდრორესურსის ათვისებაზე - ცხადია, ამ შემთხვევაში, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ვგულისხმობ.

იმას არ ვამბობ, რომ ყველა პროექტი მომწონს, ასე ნამდვილად არ არის, არის პროექტები, სადაც კითხვის ნიშნებია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა განვავითაროთ განახლებადი ენერგიების წყაროების ათვისების დარგი. ყველაფერი ეს, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით უნდა განვახორციელოთ, სადაც ვიპოვით ოქროს შუალედს ეკონომიკის, გარემოსდაცვით და ტექნიკურ საკითხებს შორის.

ჰიდროენერგეტიკამ გადამწყვეტი როლი შეასრულა მრავალი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მიმაჩნია, რომ ეს რესურსი გვაქვს და თუ მის ათვისებაზე უარს ვიტყვით, ქვეყანა ვერ განვითარდება. ჰიდრორესურსის ათვისებაზე უარის თქმა იცით, რას ნიშნავს? - იმას, რომ თავის დროზე, ნორვეგიას უარი ეთქვა ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე; სპარსეთის ყურის ქვეყნებს უარი ეთქვათ ნავთობის მოპოვებაზე; ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს კი, ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე ეთქვა უარი.

ვფიქრობ, საქართველომ თავისი ჰიდრორესურსი მაქსიმალურად და ოპტიმალურად უნდა აითვისოს. ძალისხმევა დაგვჭირდება, მაგრამ არ მინდა, რომ დავაგვიანოთ. მწვანე წყალბადი ვახსენე და მალე, მის გამო ისეთივე ბრძოლები დაიწყება ბაზრების მოსაპოვებლად, როგორც წარსულში, კასპიის ნავთობის გამო იბრძოდა უამრავი ქვეყანა, მათ შორის, აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი. თუმცა აზერბაიჯანმა და საქართველომ მოახერხეს და ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს - აზერბაიჯანმა, როგორც გაზისა და ნავთობის მომპოვებელმა, ხოლო საქართველომ, როგორც სატრანსპორტო ქვეყანამ. დღეს გვაქვს შანსი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა გავხდეთ მწვანე წყალბადის მომავალ ბაზარზე, რომელიც უდიდესი ბაზარი იქნება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაფერი ეს, სტრატეგიულად უნდა გავიაზროთ.

გარდა ამისა, როდესაც ცალსახად, ჰესებზე უარს ვამბობთ, ამით თითოეული იმ კუთხის ეკონომიკურ განვითარებას ვუშლით ხელს, სადაც ეს ჰესები უნდა აშენდეს! გარდა ამისა, ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ, რომ ასეთი რესურსის ათვისებაზე უარი ვთქვათ და ჩვენი ეკონომიკა არ განვავითაროთ.

- „რიონის მცველები“ ფიქრობენ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა ლეჩხუმის კლიმატს შეცვლის, რასაც მიწისძვრები, მეწყერი მოჰყვება, ხოლო კაშხლები დაინგრევა და სოფლები დაიტბორება...

- არ შეიძლება ადამიანების შეშინება, რომ კაშხალი დაინგრევა. ბოლო 60 წელია, ბეტონის კაშხლები მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ დანგრეულა - ეს არის დღევანდელი, თანამედროვე, საუკეთესო საინჟინრო დარგი. მიწისძვრების დროს იაპონიაში, ჩილეში, ჩინეთში, ირანში და სხვა ქვეყნებში ბეტონის გრავიტაციული კაშხლები არ დანგრეულა! ამის მიუხედავად, ნებისმიერი ჰიდროსადგურის მშენებლობის დროს, პროექტირების ეტაპზე, სპეციალისტები კაშხლის დანგრევის მოდელირებას ახორციელებენ და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ისეთი სისტემა დანერგონ, რაც უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.

ყოველთვის აღვნიშნავ, რომ დიხ, პრობლემები გვქონდა და ამაზე საუბარს არ გავურბივარ - საქართველოში, რამდენიმე სადგურზე ავარია მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი დეტალურად შევისწავლეთ. ამან მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ აუცილებელია, ასეთი ნაგებობების საზედამხედველო ფუნქცია გაძლიერდეს. მეტიც, კონცეპტუალურად ახალი მიდგომაა საჭირო, რაც ნიშნავს, რომ მაღალი რისკის ნაგებობების კონტროლი უნდა განხორციელდეს, როგორც პროექტირების, ასევე, მშენებლობისა და მშენებლობის დასრულების ეტაპებზე. მუდმივი კვლევებია საჭირო, მაგრამ ხელაღებით იმის თქმა, რომ ჰესები არ გვინდა ქვეყანაში, არ შეიძლება! ეს ქვეყნის ეკონომიკას საშინელ დარტყმას მიაყენებს, საქართველოს ეკონომიკა კი ამას ვერ გაუძლებს.   

- პირდაპირ გეტყვით, ლოზუნგი - „არა, დიდ ჰესებს!“ - რუსული ნარატივის შედეგი მგონია.

- ენერგეტიკა ის სფეროა, რომელიც ჰიბრიდული ომების ერთ-ერთი მიმართულებაა. მსოფლიოში ძალიან ბევრი მაგალითებია, როდესაც არაკეთილგანწყობილი ქვეყნები ნამდვილად ხელს უშლიან ენერგეტიკის განვითარებას. სხვათა შორის, ყველა ქვეყანა ცდილობს, ენერგეტიკული გავლენის მოპოვებას და ამ ომში, ჩვენ თავი უნდა დავიცვათ. დღეს, ელექტროენერგიის იმპორტის ნაწილში, 70%-ზე მეტით, მეზობელ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებულნი. მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა განსაზღვრავს დენის ტარიფს საქართველოში, საბოლოო ჯამში, კი დენის და სხვა ენერგომატარებლების ტარიფი პროდუქტების ფასებზეც აისახება.

შესაბამისად, ჰიდროენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია. კიდევ ერთხელ, ძალიან ვთხოვ ყველას - ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებსაც და მომხრეებსაც, რომ რაციონალური გამოსავალი ვიპოვოთ! მართალია, უფასო საუზმე არ არსებობს ანუ შესაძლოა, ჰესების მშენებლობას ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი რისკები ახლავს, მაგრამ ამ საკითხების შესწავლით, ამ რისკების მინიმუმამდე შემცირება შეიძლება. ნახეთ, მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები, იგივე, იაპონია, რამდენ ახალ ჰესს აშენებს! იაპონიაში უამრავი მიწისძვრაა, ინდო-ჩინეთში უამრავი ქვეყანაა, სადაც აქტიური ვულკანებია, მაგრამ ეს ქვეყნები ჰესებს აშენებენ.

- ბატონო დათო, როდის დასრულდება ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები?

- აპრილის ბოლოს დასრულდება და მაისის პირველ ნახევარში დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც დიდი შეღავათი იქნება საქართველოს ენერგოსისტემისთვის. ენგურჰესის გარეშე, სისტემის ფუნქციონირება ძალიან რთულია და ეს ორიოდე დღის წინ, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულმა გათიშვამაც  დაადასტურა. დღეს რომ ენგურჰესი და ჟინვალჰესი არ გვქონდეს, რა მოხდებოდა, იცით? ენგურის გარეშე - ქვეყანა დენის, ხოლო ჟინვალის გარეშე - ამ ქვეყნის დედაქალაქი წყლის გარეშე იქნებოდა.

საქართველოში აუცილებლად უნდა აშენდეს რამდენიმე წყალსაცავიანი ჰესი. მეტსაც გეტყვით, წყლის შენახვის პრობლემაზე არ მისაუბრია, რაც შემდგომი 10-15 წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. ჰესების წყალსაცავებში შენახული წყალი უმნიშვნელოვანესი რესურსი იქნება არა მარტო ელექტროენერგიის, არამედ, სასმელი წყლის თვალსაზრისითაც.