ხათუნა სამნიძის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ქალბატონი, რომელმაც ოპოზიციონერი კოლეგები ვინაობის დასახელების გარეშე ამხილა

გასული კვირის მთავარი პოლიტიკური სკანდალი დეპუტატ ქალბატონებს - ხათუნა სამნიძესა და ხატია დეკანოიძეს უკავშირდება. საქართველოს პარლამენტის წევრმა და „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის პარტნიორები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურებისგან არაერთგვაროვან გზავნილებს ისმენენ. მისი თქმით, არიან პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა, არა საჯაროდ, ჩვენს პარტნიორებთან აჟღერებენ შუა ტიპის გზავნილებს, რომ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გადაიდოს არჩევნების შემდეგ. იგივე დაადასტურა ხატია დეკანოიძემაც, თუმცა არცერთ ქალბატონს არ დაუსახელებია იმ ოპოზიციონერების ვინაობა, რომლებიც ევროპელ პარტნიორებს სტატუსის მინიჭების გადადებას სთხოვენ...

„ვერსია“ დეპუტატ ხათუნა სამნიძის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, თუმცა იქამდე, ვიდრე შევიტყობთ, რა ქონებას ფლობს დეპუტატი ოფიციალურად, ჯერ მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ. 

ხათუნა სამნიძე დაბადა 1978 წლის 28 ნოემბერს, ბათუმში. 1985-1995 წლებში, სწავლობდა ბათუმის #1 საშუალო სკოლაში. 1996-1999 წლებში, სწავლობდა ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1997-1999 წლებში, ხათუნა სამნიძე მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს იურიდიული, საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებების საკითხთა მუდმივი კომისიაში, თარჯიმნისა და კომპიუტერის ოპერატორის პოზიციაზე.

2004-2008 წლებში - აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან;

2010-2013 წლებში - პროგრამის კოორდინატორი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროში.

2013 წელს - რესპუბლიკური პარტიის საორგანიზაციო მდივანი.

2014-2017 წლებში - თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარე. იმავდროულად, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეცაა.

2020 წლიდან, საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

ხათუნა სამნიძეს ჰყავს ქალიშვილი - სალომე დიასამიძე, რომელიც 2001 წელს, გერმანიაში, მაგდებურგში დაიბადა.

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, დავიწყოთ 2016 წლიდან. დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ხათუნა სამნიძეს აქვს 77 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, რომელიც 11 000 აშშ დოლარად შეუძენია.

სწორედ ამ დროს, ის უკვე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეა, რისთვისაც წლის მანძილზე, ხელფასის სახით, პარტიამ 24 000 ლარი გადაუხადა. პარალელურად, ხათუნა სამნიძე საკრებულოში, ფრაქციის თავმჯდომარეა და მისი წლიური ხელფასი საკრებულოდან - 31 200 ლარია.

2017 წელს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხათუნა სამნიძეს დეკლარაციაში არ ჰქონდა აღნიშნული, რომ თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრე იყო. თუმცა ეს „ხარვეზი“ 2018 წელს „გამოასწორა“ და დეკლარაციაში მიწის ეს ნაკვეთი მიუთითა. იქვე, დაზუსტებულია, რომ ამ ნაკვეთის თანამესაკუთრე 2010 წელს გამხდარა.

2018 წლის დეკლარაციით, წლის მანძილზე, ხათუნა სამნიძემ პარტიიდან, ხელფასის სახით 11 593 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოდან, თითქმის ოთხჯერ მეტი - 42 582 ლარი მიიღო...

ძველი დეკლარაციების განხილვა ამით დავასრულოთ და ვნახოთ, რა ქონებას ფლობდა დეპუტატი 2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით. ირკვევა, რომ ხათუნა სამნიძე 100%-იანი წილის მფლობელია პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე 76 კვ.მ. ფართობის ბინისა, რომელიც 2016 წელს, 82 000 აშშ დოლარად შეუძენია. სხვათა შორის, 2016 წელს შეძენილი ეს ბინა 2017 წლის დეკლარაციაში უნდა ყოფილიყო მითითებული, მაგრამ ასეთი ჩანაწერი არ არის...

2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, ხათუნა სამნიძე 20%-იანი წილის მფლობელია ტაბახმელაში, 1550 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთისა, რომელიც 2021 წელს, 6 000 აშშ დოლარად შეუძენია.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თიბისი ბანკში, 62 486 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი ჰქონია.

ხათუნა სამნიძეს, როგორც პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი 53 486 ლარი, ხოლო, როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი - 26 150 ლარი ყოფილა.

რაც შეეხება 2023 წელს შევსებულ დეკლარაციას, დიდად არაფერი შეცვლილა, რადგან სახლი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე და მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში, რაც წინა წლის დეკლარაციაშიც იყო მითითებული, 2023 წლის დეკლარაციაშიც გვხვდება. უმნიშვნელო ცვლილებაა იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით, თიბისი ბანკში - 2023 წლის მდგომარეობით, სესხის ოდენობა 57 127 აშშ დოლარამდეა შემცირებული.

ხათუნა სამნიძის, როგორც პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის წლიური ხელფასი 55 313 ლარია, ხოლო, როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის წლიური შემოსავალი, 2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 15 382 ლარია.

ავტორი: მაკა რუხაძე