შუა დერეფანი იდეაა, რომლის დროც ნამდვილად დადგა - მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შუა დერეფანი იდეაა, რომლის დროც ნამდვილად დადგა,- ასე აფასებს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ჩინეთსა და ევროპას შორის ალტერნატიული მარშრუტის პერსპექტივას.

როგორც ჩარლზ ჯეი კორმიერმა „ბიზნეს ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, მსოფლიო ბანკი უახლოს კვირებში შუა დერეფნის პოტენციალთან დაკავშირებით კვლევას გამოაქვეყნებს.

„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბევრი ტვირთი ალტერნატიულ მარშრუტზე გადმომისამართდა და ჩვენ ვნახეთ, რომ შუა დერეფნის დატვირთულობა 30%-ით გაიზარდა. ახლა ვხედავთ, რომ ქვეყნები უკვე აანალიზებენ, რომ ეს დერეფანი და მარშრუტი შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაშიც იყოს სიცოცხლისუნარიანი, პოტენციალი ჰქონდეს არამხოლოდ მოკლევადიანი შოკების დროს, არამედ სოცოცხლისუნარიანი ლოგისტიკური ჯაჭვი იყოს მომავალშიც. ჩვენ, მსოფლიო ბანკი რამდენიმე კვირაში გამოვაქვეყნებთ კვლევას, რომელიც სწორედ შუა დერეფანს და მის პოტენციალს ეხება. ჯერჯერობით არ შემიძლია კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ შუა დერეფანი ნამდვილადაა იდეა, რომლის დროც დადგა“,- განაცხადა ჩარლზ ჯეი კორმიერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მარშრუტს აქვს პერსპექტივა, აქტუალობა მომავალშიც შეინარჩუნოს, თუმცა ამისთვის პროექტში მონაწილე ქვეყნების მეტი კოორდინაცია და ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიციებია საჭირო.

„მთლიანობაში შუა დერეფნის დიდი ნაწილი რკინიგზაზე მოდის, შესაბამისად, უნდა შევაფასოთ, როგორია სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და არის თუ არა საკმარისი მოძრავი შემადგენლობები და ვაგონები, რათა ეს დერეფანი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს. აქედან გამომდინარე, საჭიროა დამატებითი ინვესტიციები სწორედ სარკინიგზო დარგში. ეს დერეფანი მულტიმოდალურია და ასევე უნდა გაანალიზდეს, როგორია პორტების გამტარუნარიანობა და გვაქვს თუ არა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. და ბოლოს, იმისთვის, რომ ეს დერეფანი უფრო ეფექტური გახდეს, აუცილებელია სხვადასხვა ბარიერების შემცირება, როგორიცაა მაგალითად, საზღვრის კვეთა, ნებართვების მიღება. ვფიქრობ, სწორედ აქაა დიგიტალიზაციის როლი, რადგან ახალი ტექნოლოგიები ამ ყველაფერს გაამარტივებს“,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

ცნობისთვის, 26-27 ოქტომბერს გამართული თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ შუა დერეფნისთვის გაჩენილი ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები იყო.