სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა - არამიზნობრივად დახარჯული საბიუჯეტო სახსრები და შეუსრულებელი სახელმწიფო პროგრამები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 სახელმწიფო აუდიტის სამსახური დევნილთა მომსახურების სააგენტოს საბიუჯეტო პროგრამების შესრულებით დაინტერესდა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სსიპ „აფხაზეთიდან იძულებითგადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ პროგრამების შესრულებასა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ასახავს და 2022 წელს მოიცავს. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო მაკონტროლებლებმა მთელი რიგი დარღვევებიც გამოავლინეს, მაგრამ მანამდე ზოგად ინფორმაციას გავეცნოთ სსიპ-ის შესახებ.

 

ზოგადი ინფორმაცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, აფხაზეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის გეოლოგიის განყოფილების ბაზაზე, საჯარო სამართლისიურიდიული პირი (სსიპ) „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტო“ შეიქმნა. დამტკიცდა სააგენტოს დებულება და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების მიზნით, სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციებიც განისაზღვრა.

კერძოდ, სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ ფუნქციაა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; დევნილის სტატუსიდან გამომდინარე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით დევნილთათვის უფასო სამართლებრივი მხარდაჭერა; კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითპროგრამების შემუშავება და განხორციელება; განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა; სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მიღება და დევნილთა მიზნობრივი ჯგუფებისათვის განაწილება; კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება; სააგენტოს უფლებამოსილებებისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება. აუდიტის პერიოდში ანუ 2022 წელს, სააგენტო ხუთ სახელმწიფო პროგრამას ახორციელებდა.

 

დარღვევები პროგრამების მართვაში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სააგენტოს მიერ, 2022 წლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დანართში განსაზღვრულიპრიორიტეტების შესაბამისად დამტკიცებული პროგრამების ფარგლებში, გაწეულია 630 062 ლარის ხარჯი. 2022 წელს, სააგენტოს ადმინისტრაციის შენახვასა და პროგრამების მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა საბიუჯეტო ასიგნებიდან 79.54%, ხოლო უშუალოდ პროგრამების ღონისძიებების განხორციელებაზე - 21.46%, რაც ხარჯ-ეფექტურობის კუთხით დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

„პროგრამების-ქვეპროგრამების განსახორციელებლად გაწეულმთლიან ხარჯებში, შრომის დანახარჯების მაღალი ხვედრითი წილიდან გამომდინარე, ხარჯ-ეფექტურობის შეუფასებლობითა და მოქმედი კანონის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობით, შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არაპროდუქტიული სტრუქტურა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 10 თებერვლის ბრძანებით, დამტკიცდა პროგრამა - „დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემის ხელშეწყობა“. ამ პროგრამით გათვალისწინებული იყო სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული და საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირება, შენობა-ნაგებობისკონფიგურაციის კორექტირება და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისოსაშიმოყვანა (საკადასტრო აზომვითი სამუშაოები), არსებული შენობების საერთო სარგებლობის ფართების აზომვითი სამუშაოები, სიტუაციური ნახაზის/საერთო სარგებლობის ფართების შიდა აზომვითი ნახაზების მომზადება.

ვიდრე იმ დარღვევებს გაგაცნობთ, რომლებიც სახელმწიფო აუდიტორებმა ამ ნაწილში გამოავლინეს, შეგახსენებთ, რომ კანონის მიხედვით, საჯარო მოხელე ვალდებულია, სამსახურებრივი უფლებამოსილება რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით განახორციელოს და რაციონალურად გამოიყენოს საჯარო დაწესებულების ქონება, რომელიც დაწესებულების გამართულ საქმიანობას ემსახურება.

„პროგრამის მიხედვით განსახორციელებელი იყო აქტივობები ხუთიმიმართულებით: აქტიური თანამშრომლობა სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან“, ასაზომი ობიექტების შესარჩევად; დევნილთა განსახლების ობიექტში არსებული დაურეგისტრირებელი, კერძო საკუთრებად რეგისტრირებული, სახელმწიფო საკუთრებადრეგისტრირებული და საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირება; დევნილთა განსახლების ობიექტში წითელი ხაზებისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის კონფიგურაციის კორექტირება და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისოსაში მოყვანა (საკადასტრო-აზომვითი სამუშაოები); დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული შენობების საერთოსარგებლობის ფართების აზომვითი სამუშაოები; სიტუაციური ნახაზის მომზადება.დამტკიცებული პროგრამის მიზნის მისაღწევად განსახორციელებელიაქტივობების ხუთი მიმართულებიდან, ასაზომი ობიექტების შესარჩევად, სსიპ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისსააგენტოსთან“ თანამშრომლობა არ ფიქსირდება, არ შესრულებულა დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული შენობების საერთო სარგებლობის ფართების აზომვები და არ მომზადებულა სიტუაციური ნახაზები“.

გარდა ამ დარღვევებისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული იყო საერთო სარგებლობის ფართების შიდა აზომვითი ნახაზების მომზადება, ფაქტობრივად კი,მხოლოდ შენობების საკადასტრო გეგმები მომზადდა, რომელთა არსებობა საერთო სარგებლობის ფართების შიდა აზომვითი ნახაზების მოსამზადებლად აუცილებელია, თუმცა საბოლოოშედეგი არ დგება, შესაბამისად, პროგრამა არ შესრულებულა.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შესაფერისი კონტროლის მექანიზმის არარსებობის პირობებში, პროგრამითგამოყოფილი ასიგნებების სრულად ათვისებამ მაშინ, როდესაც არშესრულებულა დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული შენობების საერთო სარგებლობის ფართების აზომვები და არ მომზადებულა სიტუაციურინახაზები ანუ არ მიღწეულა საბოლოო მიზანი, გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არაპროდუქტიული ხარჯვა.

 

დარღვევები შრომის ანაზღაურებაში

კანონის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნითმიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრულირაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის, ამ შემთხვევაში, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითიხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა საჭიროებს ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებას, თუ საჯაროდაწესებულებაში 30 დღეზე მეტი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა 5 ერთეულზე მეტია.

ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა ამ ნაწილში. 2022 წელს, სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოში“დასაქმებული იყო 49 პირი - შრომითი ხელშეკრულებით, მათ შორის, პროგრამების ფარგლებში - 41, ხოლო აპარატის ადმინისტრაციაში - 12. აქედან, წლის განმავლობაში, 4 პირი, სხვადასხვა დროს, დასაქმებული იყო აპარატის ადმინისტრაციაში, ან პროგრამების ფარგლებში.

„აღნიშნული 49 შრომითი ხელშეკრულებიდან, 40 გაფორმდა 30 დღეზე მეტივადით. მიუხედავად ამისა, სააგენტოში 40 პირიდან, 35 პირთან შრომითიხელშეკრულებები გაფორმდა შეთანხმების გარეშე. შესაბამისად, შრომისანაზღაურების ჯამურმა მოცულობამ, შესამოწმებელ პერიოდში, 177 480 ლარი შეადგინა. ობიექტის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში შრომითიხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან გაფორმებული კონტრაქტები არ გაითვალისწინება შესათანხმებელ რაოდენობასთან, თუმცა კანონმდებლობით არ არის გამიჯნული და გამოკვეთილი განსხვავებული შეზღუდვები ორგანიზაციაში, აპარატის ადმინისტრაციასა და პროგრამის ფარგლებში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობაზე“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, კანონმდელობის მოთხოვნების დაუცველობის შედეგად, სააგენტოში, შესაბამისი ნებართვის გარეშე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა 35 პირი და მათზე ჯამურად გაიცა 177 480 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება, რითაც შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკები.

 

დარღვევები თანამდებობრივ სარგოსა და მივლინების ხარჯებში

საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა გარდა, შრომითიხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა თანამდებობრივი სარგოები აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სააგენტოში, დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რეორგანიზაციის გამო, თანამდებობიდან ინდივიდუალური ბრძანებით გათავისუფლებული 12 თანამშრომლიდან, 7 თანამშრომელზე გასაცემი სარგო დაანგარიშდა შეცდომით. კერძოდ, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით არასწორად დარიცხული და გაცემულ იქნა, ჯამში - 1.621 ლარი.

სააგენტოში შრომის ანაზღაურების პროცესში, სათანადო კონტროლის მექანიზმის არარსებობის შედეგად, ზედმეტად გაიხარჯა საბიუჯეტო რესურსები - 1.621 ლარის ოდენობით.

ქვეყნის შიგნით მივლინებისას, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისთვის, მოხელეს ეძლევა თანხა არაუმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

„სააგენტოს მივლინებების შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევები, როცა არ არის დაცული კანონმდებლობით მოთხოვნილი ეკონომიურობის პრინციპები. კერძოდ, ფიქსირდება 6 ისეთი შემთხვევა ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე მივლინების ხარჯების ანაზღაურებისას, როცა სასტუმროში განთავსების დღიური ფაქტობრივი ხარჯი, დაახლოებით, ორჯერ აღემატება მივლინების იმავე ლოკაციაზე საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებას. ობიექტის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ კონკრეტულ დროს საშუალო კლასის სასტუმროებში თავისუფალი ადგილები არ იყო, თუმცა ეს გარემოება დოკუმენტურად არ დასტურდება.არ იქნა გათვალისწინებული კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნები, რის შედეგად შეიქმნა სამივლინებოდ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად გახარჯვის რისკები“.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2022 წელს, „შრომის ანაზღაურების“ მუხლიდან განხორციელებული სახაზინოგადარიცხვები არ ემთხვეოდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განაცემთა შესახებ ინფორმაციას. მაგალითად, სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელზე გადახდილი დარიცხული ხელფასის - 5 265 ლარის ნაცვლად, განაცემთა შესახებ ინფორმაციაში არასწორად წარდგენილ იქნა 3 960 ლარი ანუ 1 305 ლარით ნაკლები; სააგენტოს 3 თანამშრომელზე დარიცხული ხელფასიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადის - 3 263 ლარის ნაცვლად, განაცემთა შესახებ ინფორმაციაში წარდგენილ იქნა 1 930 ლარი ანუ 1 333 ლარით ნაკლები.

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა არასწორი ინფორმაცია დარიცხული და გადახდილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ, ჯამში - 3 235 ლარის ოდენობით, რასაც კორექტირება დაფაქტობრივ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა სჭირდებოდა. მეტიც, საგადასახადო გადასახადების ადმინისტრირების პროცესში არსებულიკონტროლის მექანიზმის არარსებობამ განაპირობა არაზუსტი, ფაქტობრივ მონაცემებთან შეუსაბამო ინფორმაციის წარდგენა.

 

დარღვევები კონტროლის მექანიზმებში

სააგენტოში თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ტერიტორიის დატოვების დროის შესაბამისად ნამუშევარი საათების აღრიცხვა, ყოველდღიურად წარმოებს თანამშრომელთა მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალში. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა სააგენტოს 2022 წლის მოძრაობის ჟურნალი შეისწავლეს, დაადგინეს, რომ მისი მონაცემები ვერ იქნება ჩათვლილი ზუსტ და საკმარის მტკიცებულებად, თანამშრომელთა ფაქტობრივად ნამუშევარი საათების იდენტიფიცირებისათვის.

„ჟურნალი წარმოადგენს ფორმალური ხასიათის დოკუმენტს. მისი მონაცემების მიხედვით, სამსახურში გამოცხადებისა და გასვლის დრო, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, ზუსტად ემთხვევა შინაგანაწესით დადგენილ დროს (09:00 სთ - 18:00 სთ), რაც შეუძლებელია ასახავდეს თანამრომელთა მოძრაობის ფაქტობრივად, რეალურ დროებს. გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლილ იქნა თანამშრომელთა მოძრაობის აღრიცხვის ელექტრონული ტურნიკეტის მონაცემები, რომლის მიხედვით განსაზღვრული თანამშრომელთა ფაქტობრივად ნამუშევარი დროის ხანგრძლივობა შეადგენს მთლიანი სამუშაო საათების მხოლოდ 23%-ს, რაც დამატებითი მტკიცებულებაა ჟურნალის ფორმალური ხასიათის წარმოების შესახებ“.

გარდა ამისა, 2022 წელს, სააგენტოში თანამშრომელთა მისვლა-წასვლის აღრიცხვის ჟურნალშიდარეგისტრირებული მონაცემების სისწორის მკტიცებულების არარსებობის გამო, შეიქმნა სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცლის, ტაბელის არასწორად შედგენისა და შესაბამისად, შრომის ანაზღაურების არასწორად დაანგარიშების რისკები.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სამსახურებრივ ავტომობილებზე ფიქსირდება არასამუშაო დღეებში (შაბათ- კვირა) და არასამუშაო საათებში - საწვავის ჩასხმის 11 (ჯამში, 355 ლიტრი) ისეთი ფაქტი, რაც ავტომობილების მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალში არ იყო აღრიცხული.

აქედან გამომდინარე, სახელმწფო აუდიტორების მტკიცებით, ვერ იდენტიფიცირდება სამსახურებრივი ავტომობილების მიზნობრივად გამოყენების დანიშნულება, რაც ქმნის საბიუჯეტო რესურსების არადანიშნულებითა და არაეფექტიანად ხარჯვის რისკებს.

 ავტორი-მაკა რუხაძე