მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს?

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვიდრე ოპოზიციის წარმომადგენლები მსჯელობენ, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს და ლამის ფსონებსაც კი დებენ არმიღებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბელგიის სამეფოში ვიზიტი წარმატებით დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის რამდენიმე, ორმხრივ შეხვედრ ბრიუსელში გამართა. რაც მთავარია,  პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე - „ევროპალი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. შეგახსენებთ, რომ სტუმარი ქვეყნის სტატუსით, საქართველო წელს, პირველად მონაწილეობდა კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - ევროპალია“. ფესტივალი წელს სრულად მიეძღვნა საქართველოს, რამაც უნიკალურ შესაძლებლობა შექმნა ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ევროპული ისტორიის, იდენტობისა და კულტურის წარმოსაჩენად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ევროპალია-საქართველოს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს, ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.

 

ირაკლი ღარიბაშვილის ბელგიის სამეფოში ვიზიტი კოლეგასთან, პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოსთან შეხვედრით დაიწყო. პრემიერებს შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. განიხილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია. ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ წლის ბოლოს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა. ამ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების ნაწილში. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისითაც.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, როგორც  მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ელიან ტილიეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო პარტნიორობას და ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ევროკომისიის 12 პრიორიტეტის დიდი ნაწილის შესრულებაზე. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

ამის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა აჯა ლაბიბიდამ და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.

რაც შეეხება „ევროპალიას“, წელს ეს ფესტივალი 2023 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. ღონისძიებები ბელგიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ოთხი თვის განმავლობაში, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება გაიცნონ, როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ხელოვნების საშუალებით.

ფესტივალი ორ გამოფენას უმასპინძლებს, სახელწოდებით - „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ და „მოდერნიზმი საქართველოში - ფანტასტიკური ავანგარდი“. ფესტივალზე თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტების მონაწილეობით წარადგენენ. სამუზეუმო გამოფენების გარდა, თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებას წარადგენენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტების საავტორო გამოფენებზეც. 

საგანგებოდ აღსანიშნავია ქართული მუსიკალური ხელოვნების წარმოსაჩენად დაგეგმილი ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე მუსიკის კონცერტები, ფოლკლორული ანსამბლები და „კამერული გუნდი“.

გარდა ტრადიციული მუსიკისა, ევროპის საზოგადოება გაეცნობა ქართულ პროფესიულ მუსიკალურ საკომპოზიტორო ხელოვნებასაც. ფესტივალი უმასპინძლებს ერის სასიქადულო ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს. გარდა ამისა, ფესტივალზე წარდგენილი იქნება გერმანიაში მოღვაწე მწერლის შემოქმედება.

თეატრალურ და საშემსრულებლო ხელოვნებას წარადგენენ ქართული პროფესიული თეატრები.

ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ქართული კინო, როგორც მსოფლიო ფენომენი, რომლის მიმართაც ინტერესი იყო და დღესაც მზარდია ევროპაში.

ავტორი-მაკა რუხაძე