რა დარღვევები აღმოჩნდა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში“ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „აჭარის პროექტების მართვის კომპანიით“ დაინტერესდა. შესაბამისობის აუდიტი, რომელიც სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2020-2021 წლებს მოიცავს. დარღვევები შემოსავლებსა და ხარჯებში, სახელმწიფო შესყიდვებში, სამშენებლო სამუშაოების შესრულებასა და ანაზღაურებაში - ეს იმ ხარვეზების მცირე ჩამონათვალია, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს.

ხარვეზები შემოსავლებსა და ხარჯებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიის საკუთარი შემოსავლები აუდიტის პერიოდში 11 851 814 ლარი იყო. ამავე პერიოდში გაიხარჯა 17 158 528 ლარი. ფინანსური შედეგების შესაბამისად, პროექტების მართვის კომპანიამ 2020 წელი 275 047 ლარის მოგებით, ხოლო 2021 წელი - 5 581 761 ლარის ზარალით დაასრულა, რაც ძირითადად, აქტივებზე დარიცხულმა ცვეთამ განაპირობა.

შეგახსნებთ, რომ ქონების იჯარით გაცემის შემთხვევაში, საიჯარო ქირა და მისი გადახდის პირობები განისაზღვრება შესაბამისი იჯარის ხელშეკრულებებით. ამასთან, საიჯარო გადასახადის გადახდის ვალდებულება ბუღალტრულად აისახება მოთხოვნებში. ქონების სარგებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფო ინტერესებს და უზრუნველჰყოფდეს აქტივების სწორ, ეფექტიან გამოყენებას.

„კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით გაირკვა, რომ აუდიტის პერიოდში მოქმედებდა ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული 24 და სტადიონისთვის სახელის მინიჭების, ასევე, რეკლამისა და სხვა სახის უფლებებით სარგებლობის ერთი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების შესაბამისად, გადასახდელმა თანხამ 1 234 101 ლარი შეადგინა, საიდანაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადახდილია 1 113 257 ლარი. ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გაირკვა, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, გადაუხდელმა საიჯარო გადასახადმა, 9 შემთხვევაში 120 845 ლარი შეადგინა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით გადახდას ექვემდებარება 77 388 ლარი“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ პროექტების მართვის კომპანიამ, პირდაპირი განკარგვის წესით, შპს „ანაგთან“ გააფორმა ხელშეკრულებები ბუნებრივი ბალახის ზრდის ხელოვნური სანათი მოწყობილობების იჯარით გაცემის შესახებ, თუმცა აუდიტორული პროცედურების შედეგად აღმოჩნდა, რომ სანათი მოწყობილობები ექსპერტების მიერ მითითებულ პერიოდში სრულად არ იყო გამოყენებული.

სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები გამოავლინეს საწვავის ხარჯებშიც. ზოგადად, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებებზე გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისთვის, დოკუმენტურად უნდა დადასტურდეს, რომ გახარჯული საწვავი უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას.

გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელმა, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საწვავის ხარჯვის დასადასტურებლად, უნდა აწარმოოს განვლილი მანძილის რეესტრი, მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. ამასთან, ოდომეტრის ჩვენება, არანაკლებ, თვეში ერთხელ უნდა დაფიქსირდეს. საწვავი ჩამოიწერება ფაქტობრივი ხარჯვისა და ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით.

„წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, 2020-2021 წლებში, პროექტების მართვის კომპანიაში ირიცხებოდა ორი ავტომანქანა, რომლებზეც გაიხარჯა 13 341 ლარის ღირებულების საწვავი. საწვავის ღირებულება აღიარებულია ხარჯად, თუმცა არ არის შემუშავებული გახარჯული საწვავის აღრიცხვის ყოველთვიური რეესტრი, ოდომეტრის მონაცემებისა და გავლილი კილომეტრების მითითებით“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელია 198 233 ლარი, ხოლო სათანადო დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გახარჯულია 13 341 ლარის საწვავი. ამასთან, არ არის უზრუნველყოფილი აქტივების ეფექტიანი გამოყენება.

 

ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში

როგორც მოსალოდნელი იყო და რეალურად, რაც უკვე აღარ გვიკვირს, დარღვევები აღმოჩნდა სახელმწიფო შესყიდვებში. ამიტომ, ამ მხრივ, გამონაკლისი არც „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაა“ მაშინ, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში ხარვეზები ვლინდება მთავრობის ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებშიც კი.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ აუდიტის პერიოდში განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 292 746 998 ლარი შეადგინა, მათ შორის, აუდიტის პერიოდში გაფორმდა 195 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით - 18 554 067 ლარი. გარდა ამისა, სატენდერო კომისიამ, რიგ შემთხვევებში, არასათანადოდ განსაზღვრა პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელმწიფო შესყიდვების შერჩევა-შეფასების ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ტენდერების პროცედურა გაახანგრძლივა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც შეაფერხა.

„კერძოდ, საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის შესახებ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, პირველად, 2016 წლის 20 იანვარს გამოცხადდა, თუმცა ხელშეკრულება შპს „სიემსისთან“ მხოლოდ 2018 წლის 5 ივლისს ანუ 895 დღის შემდეგ გაფორმდა. ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად გაირკვა, რომ ხელშეკრულებები დაგვიანებით გაფორმდა, რადგან ექვსი ტენდერი უშედეგოდ დასრულდა, რომელთაგან სამ შემთხვევაში - კომპანიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭომ უსაფუძვლობის გამო გააუქმა. დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სატენდერო კომისიას სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, არასრულყოფილად იმსჯელა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებასთან დაკავშირებით, მიწოდებული ინფორმაცია არ განიხილა შინაარსობრივად, რაც სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასებისას მიღებულ არაარგუმენტირებულ გადაწყვეტილებებზე მიუთითებს“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები, პრეტენდენტების მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის გამო, უარყოფითი შედეგით დასრულდა, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების სავარაუდო ღირებულება 665 182 ლარიდან, 750 000 ლარამდე გაიზარდა. პასუხიმგებელი პირების განმარტებით, ტენდერის სავარაუდო ღირებულება ბაზრის კვლევისა და ბიუჯეტის შესაძლებლობების გათვალისწინებით განისაზღვრა, თუმცა კონკრეტული ტენდერის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის გაანგარიშება კომპანიამ სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინა.

 

ხარვეზები სამშენებლო სამუშაოების შესრულება-ანაზღაურებაში

საქართველოს ტერიტორიაზე, სამშენებლო სფეროში მოქმედი ნორმებისა და წესების მიხედვით, მშენებლობის საპროექტო ხარჯთაღრიცხვები ლოკალურ-რესურსული მეთოდით, სახარჯთაღრიცხვო ლიმიტებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით უნდა იყოს წარდგენილი. დროებითი შენობა-ნაგებობების ხარჯი შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც ფაქტობრივი დანახარჯების, ასევე სამუშაოების სახარჯთაღრიცხო ღირებულებიდან, შესაბამისი პროცენტული ანარიცხების შესაბამისად. ამასთან, დროებითი შენობა-ნაგებობების ღირებულების ფაქტობრივი დანახარჯებით ანაზღაურების შემთხვევაში, მშენებლობის ხარჯთაღრიცხვაში უნდა იყოს მოცემული აღნიშნული შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი.
ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში“. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის გათვალისწინებულია ანარიცხები სახელშეკრულებო ღირებულების 1.5%-ის ოდენობით. აუდიტის პერიოდში, შპს „ანაგიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად გაირკვა, რომ კომპანიაში, დროებით შენობებთან დაკავშირებული ხარჯები ინდივიდუალურად არ აღურიცხავთ.

„მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს შენობის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტორული პროცედურების შედეგად დადგენილია, რომ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით, ოთხ შემთხვევაში, 71 408 ლარით გაზრდილია შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულებები. მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებით ირკვევა, რომ სამუშაოთა ღირებულებების მატება, გამოსაყენებელი მასალების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია, რაც ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო, შესასრულებელ სამუშაოებში არასწორად გაანგარიშებული და გაუთვალისწინებელი მასალების სახით დაემატა. აღსანიშნავია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის არაერთი ექსპერტიზის შედეგად, აღნიშნული შეუსაბამო ფაქტები არ გამოვლენილა. ამასთან, ოთხივე შემთხვევაში სამუშაოები ფარულია, თუმცა ინფორმაცია ფარულ სამუშაოთა აქტებში გამოყენებული მასალების რაოდენობის შესახებ არ დაფიქსირებულა!“

საფეხბურთო სტადიონის, კლინიკური საავადმყოფოსა და სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესყიდვის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ხარჯთაღრიცხვებს დაემატა ახალი სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო.

„აუდიტის პერიოდში, შერჩევითი წესით მშენებელი კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული სამუშაოები შესრულებული აქვთ ქვეკონტრაქტორ კომპანიებს, რომელთა მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებით განისაზღვრებოდა სამუშაოთა ფაქტობრივი ღირებულება. ფაქტობრივ დანახარჯებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად კი გამოვლინდა, რომ ქალაქ ბათუმში, ლეონიძის ქ. №15-ში მდებარე სპორტულ კომპლექსში, პარკეტის იატაკის დაგების სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება შპს „საბა კონსტრაქშენს“ გაფორმებული აქვს შპს „მედეგთან“, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული სამუშაოები შპს „ბაუფლექსს“ დაუკვეთა. სამუშაოების მიღება-ჩაბარების შესახებ 2021 წლის 14 ივლისს გაფორმებული აქტით, სულ შესრულებულია 585 975 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების სამუშაოები, რაც 144 626 ლარით ნაკლებია ძირითადი კონტრაქტორის - შპს „საბა კონსტრაქშენის“ მიერ შესრულებულად ნაჩვენებ სამუშაოთა ღირებულებაზე“.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ პროექტების მართვის კომპანიაში არსებულმა შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველჰყო სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციებისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო დადასტურება. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვა-განხორციელების შედეგად, ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი ვერ დასრულდა.

ავტორი: მაკა რუხაძე