ევროკავშირის რა რეგულაციები შეასრულა საქართველომ დღემდე და რა დარჩა შესასრულებელი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეკა სეფაშვილი: „დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა კი არა, პირველივე წუთიდან, როგორც კი პრემიერმა ახსენა, რომ ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, რაც ისტორიული მოვლენაა, ატყდა წივილ-კივილი და მუშტების ბრახუნი“

ამბობს, რომ ევროპარლამენტარების 17 ივნისისა და ევროკომისიის 24 ივნისის დასკვნები, რომლითაც ე.წ. „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებიდან საქართველოს - ევროკავშირის პერსპექტივა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. როგორც საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, წლების განმავლობაში, უშუალოდ იყო ჩართული საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში. მეტიც, 2014 წლის 27 ივნისს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ხელი მოეწერა ასოცირების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიციიდან, ევროკავშირთან მომლაპარაკებელთა ჯგუფის წევრი გახლდათ. საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ეკა სეფაშვილი „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აჯამებს ევროკავშირის ყველა რეკომენდაციასა თუ მითითებას, რაც საქართველომ დღემდე შეასრულა და რაც ჯერ კიდევ შესასრულებელია. თუმცა, საუბარს ევროკომისიის გადაწყვეტილების განხილვით ვიწყებთ.   

 

- ქალბატონო ეკა, რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთვის, ხოლო ევროპული პერსპექტივა - საქართველოსთვის?

- თავისთავად ცხადია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს არ არის ეგრეთ წოდებული ტექნიკური ან ტექნოკრატიული გადაწყვეტილება, რომელიც დაეფუძნებოდა კრიტერიუმებს, თუ როგორ ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებაში გაწერილ ვალდებულებებს. გიმეორებთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ევროპის ლიდერებმა, კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში, ეს ცოტა უფრო განსხვავებული გადაწყვეტილებაა, რადგან ევროპის ქვეყნებმა ამით ერთგვარი პოლიტიკური ჟესტი -მტკიცე სოლიდარობა დააფიქსირეს იმ მოვლენების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება, ხოლო მოლდოვასთან, როგორც უკრაინის მომიჯნავე ქვეყანასთან მიმართებაში, სადაც დიდია დესტაბილიზაციის საფრთხე, ასევე მტკიცე სოლიდარობა გამოხატეს. ამ ჭრილში თუ შევხედავთ, შესაძლოა, დადებითი ელემენტებიც კი დავინახოთ ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებაში, რადგან ჩვენს შემთხვევაში, ისინი დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ხედავენ. ამიტომ ცოტა განგვასხვავეს და წინაპირობები გაგვიწერეს, თუ ამ პირობებს შეასრულებთ, ავტომატურად მოგვენიჭება სტატუსი.

ევროპული პერსპექტივის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ევროკავშირის წევრები, ოღონდ მოგვიწევს არა მარტო ამ წინაპირობის დაკმაყოფილება, რაც ახლა გაგვიწერეს სამივე ქვეყანას, არამედ, ასოცირების შეთანხმებაში გაწერილი პირობებისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დროს, გარკვეული პროცედურების შესრულებაც, რათა დავაკმაყოფილოთ ყოველნაირი სტანდარტი და გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

რაც შეეხება დათქმებს, რომლებიც დაგვიწესეს სამივე ქვეყანას, ეს დათქმა აბსოლუტურად იდენტურია ყველა ქვეყნის შემთხვევაში, ერთადერთი სხვაობა, რაც ჩვენს შემთხვევაში, პირველი რეკომენდაციაა, დეპოლარიზაცია გახლავთ. თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და ვაღიაროთ, რომ საქართველოში ნამდვილად არის მტრული და აგრესიული ურთიერთდაპირისპირება მმართველ პარტიასა და დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს შორის. როგორც ჩანს, უკრაინისა და მოლდოვას პოლიტიკურ სპექტრში ისეთი მძაფრი პოლიტიკური წინააღმდეგობა არაა, როგორც ჩვენთან...

- დიახ, საქართველოში უფრო მძაფრია პოლარიზაცია, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე, ზელენსკის ის ოპონენტებიც კი გვერდით დაუდგნენ, რომლებიც მანამდე, რადიკალურად უპირისპირდებოდნენ. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მაშინდელი ოპოზიციაც ასე მოიქცა, ყველამ „დაივიწყა“ 2007 წლის 7 ნოემბერი და სააკაშვილის გვერდით დადგნენ, ოღონდ ზუსტად იმავე დღეებში, აგვისტოს ომის დროს, ხელისუფლების წარმომადგენლების გრძელი რიგიც ვნახეთ წითელ ხიდზე, ერთმანეთს რომ ასწრებდნენ ქვეყნიდან გაქცევას...

- გეთანხმებით, ზუსტად ანალოგიური ერთიანობა უნდა იყოს ახლაც. არ ვიცი, რა და როგორ მოხდება, ღმერთმა ქნას, რომ დეპოლარიზაცია შევამციროთ და ალბათ, ყველას, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა, ჩვენი ევროპული მომავლის სჯერა და უნდა ამაში თავისი წვლილი შეიტანოს, ერთად დავდგებით. ერთად უნდა შევამციროთ დეპოლარიზაცია და ერთად ვიმუშოთ იმ დათქმების შესრულებაზე, რაც ევროკომისიამ საქართველოს გაუწერა.

დავუბრუნდეთ ევროკომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ, მმართველი გუნდი - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, მზად ვართ, პუნქტების მიხედვით, ყველაფერი გავწეროთ, თუმცა ამ რეკომენდაციების პირველ პუნქტს - დეპოლარიზაციას მარტო ჩვენ ვერ შევასრულებთ. ალბათ, თვალ-ყურს ადევნებდით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლას, სამწუხაროდ, ძალიან საშინელი სურათი დაიხატა, დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა კი არა, პირველივე წუთიდან, როგორც კი პრემიერმა ახსენა, რომ ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, რაც ისტორიული მოვლენაა, ატყდა წივილ-კივილი და მუშტების ბრახუნი, რაც არანაირად არ ჯდება კულტურაში, ეთიკასა და ევროპულობაში. ეს ნამდვილად არ დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

- დეტალურად განვიხილოთ ევროკავშირის ყველა რეგულაცია, რაც დღემდე გვაქვს შესრულებული და გავაანალიზოთ, ვიმსახურებდით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თუ არა?

- მოდით, ათვლის წერტილად 2014 წლის 27 ივნისი ავიღოთ, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ეს იყო თვისობრივი გარდატეხის ხანა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან აქამდე გვქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, სადაც გაწერილი იყო სამოქმედო გეგმა, რაც სავალდებულო ხასიათის არ ყოფილა, საქართველოს კეთილი ნება გახლდათ, ყველაფერი ეს განეხორციელებინა. მოგვიანებით, 2009 წელს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები გაერთიანდნენ ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში და ამ ქვეყნებზე მორგებულად წარიმართა ევროინტეგრაციის პროცესი. უკვე 2014 წელს, რაც თვისობრივი გარდატეხის ხანა იყო, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რითაც საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ხმამაღლა განაცხადეს, რომ ნებაყოფლობით კი არა, სამართლებრივად არიან ვალდებულები, შეასრულონ ყველა რეკომენდაცია.

რაც შეეხება რეგულაციებს, ისინი სხვადასხვა სიმძიმისაა, რაც არა მარტო კონკრეტული კანონების მიღებას, არამედ, ამ კანონების შესაბამის აღსრულებასა და ინსტიტუციურ მოწყობასაც ნიშნავს. ასოცირების შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო ის ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის - DCFTA გახსნას ეხებოდა ევროკავშირთან. DCFTA-ის ნაწილი 14 თავისგან შედგება და თითქმის ყველა სფეროს ეხება, მათ შორის, არა მარტო საბაჟო ბარიერების მოხსნას, არამედ, ფიტოსანიტარული და ტექნიკური ბარიერების მოხსნასაც ვაჭრობაში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მეტიც, ასოცირების შეთანხმების ნაწილი იყო უვიზო რეჟიმის შემოღებაც ევროკავშირთან, ასევე, ცალკე საკითხად გავიტანეთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაც. საქართველომ განაცხადა, რომ ამ მიმართულებებით რეფორმებს იმაზე უფრო სწრაფად შეასრულებდა, ვიდრე მთლიანად, ასოცირების შეთანხმების განხორციელებას დასჭირდებოდა და ამიტომ, უვიზო რეჟიმიცა და ვიზალიბერალიზაციაც ცალკე საკითხებად გავიდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მოიცავდა რამდენიმე ძირითად ბლოკს: საქართველოს უნდა განეხორციელებინა რეფორმები ადამიანის უფლებების; დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მხრივ. როდესაც ყველაფერი ეს შევასრულეთ, სამი-ოთხი შეფასებითი მისია ჩატარდა ევროკავშირის მიერ და მას შემდეგ, რაც ჩვენი პროგრესი დადებითად სცნეს, 2017 წლის 13 მარტს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოგვენიჭა. იცით, ეს რას ნიშნავს? - ევროკავშირი აღიარებს, რომ საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები; ეთნიკური უმცირესობების უფლებები; სექსუალური უმცირესობების უფლებები; დოკუმენტები უსაფრთხოა ანუ საქართველოში დაბეჭდილი და გამოცემული დოკუმენტები არაა გაყალბებული და მკაცრად კონტროლდება; დაცულია საზღვრების უსაფრთხოება, ხოლო ქვეყნის შიგნით - მართლწესრიგი და უსაფრთხოება! ევროპა სცნობს ყველაფერ ამას, რადგან უვიზო მიმოსვლა არ გახლავთ მხოლოდ ის, რომ აიღოთ ბილეთი და გადაფრინდეთ პარიზში! ევროკავშირმა სცნო, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები, ეთნიკური და სექსუალური დისკრიმინაცია, დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრების დაცვა, მართლწესრიგი და უსაფთხოება დაცულია, საქართველო აკმაყოფილებს ევროპის სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია!

- კარგია, ამას რომ ამბობთ, ქალბატონო ეკა, რადგან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, ვინაიდან თბილისში პრაიდი არ ჩატარდა, ევროკავშირში ამიტომ არ გვიღებენ. სინამდვილეში, თურმე, ევროსტრუქტურები აღიარებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები დაცული ყოფილა.

- დიახ, ასეა და რადგან პრაიდი ახსენეთ, მეც მინდა, ორიოდე სიტყვით, ამ თემას შევეხო. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი მოვლენების მომსწრენი გავხდით, რაც არ არის მისაღები და ამას ვგმობთ, მაგრამ მსგავსი რამ ევროპის ქვეყნებშიც ხდება. მთავარი ისაა, რომ სექსუალური დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობა და აგრესია სახელმწიფოს დონეზე დასჯადია, სახელმწიფო გმობს სექსუალურ დისკრიმინაციას, არ მიესალმება და შესაბამისი კანონებიც გვაქვს! რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ისიც ხომ ვიცით, რომ დანაშაული, იგივე, ქურდობა და მკვლელობა არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ხდება. ქვეყანაში სამართალდამცავები იმიტომ არიან, რომ აღკვეთონ მსგავსი ფაქტები და ცხადია, პრევენციულ ზომებზეც უნდა ვიფიქროთ.

დავუბრუნდეთ ასოცირების შეთანხმებას და რეგულაციებს, რაც ამ შეთანხმების ფარგლებში შევასრულეთ. მთლიანობაში, ასოცირების შეთანხმების მიხედვით გაწერილი რეგულაციების 45% უკვე შესრულებულია, მათ შორის, DCFTA-ის ნაწილში - 60%-ია შესრულებული; ენერგეტიკის სფეროში - 50%. ფაქტობრივად, ძალიან კარგი და შთამბეჭდავი პროგრესი გვაქვს ყველა მიმართულებით. ინსტიტუციური მოწყობის მხრივ, დაარსებულია, ფუნქციონირებს და გაძლიერებულია ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა: სურსათის უვნებლობის სააგენტო, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტო, შრომის ინსპექცია.

რა თქმა უნდა, მუშაობა გრძელდება. ტრანსპორტის დარგში მნიშვნელოვანი ცვლილებები და ახალი რეგულაციების მიღება იგეგმება, რაც დაგვაახლოებს ევროპულ სივრცესთან და ხელს შეუწყობს ჩვენს ევროინტეგრაციას. საქართველოს მიერ გაწეული პროგრესის შედეგად, სულ ახლახან, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო უფლება, რომ ევროკავშირის ბაზარზე, ტარიფის გარეშე შეეტანა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. ის, რომ რეგულაციები ინერგება და თან ეკონიმიკაც ნორმალურად ვითარდება, ამას მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს - „საქსტატის“ მონაცემები ეკონომიკურ ზრდაზე. ფაქტობრივად, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

რა თქმა უნდა, გამოწვევები არის და ამაზე თვალს არ ვხუჭავთ, ვგულისხმობ სიღარიბისა და ინფლაციის მაჩვენებლებს, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის, მთავრობისა და ჩვენი გუნდისთვის უმძიმესი ტვირთია. ყოველდღიურად ვცდილობთ, მოვაგვაროთ და მოსახლეობის მოწყვლადი ფენისთვის ისეთი პროგრამები შევიმუშაოთ, რომ ეს ტვირთი შევუმსუბუქოთ. ამ პრობლემის ერთადერთი წამალი ჩვენი ეროვნული ეკონომიკის გაძლიერება, მაღალი ზრდისა და მაღალი შემოსავლების უზრუნველყოფაა, რათა ჩვენმა შემოსავლებმა გადაუსწროს ინფლაციურ პროცესებს, რომ პროდუქტების გაძვირება მძიმე ტვირთად აღარ დააწვეს რიგით მოქალაქეებს. ჩვენი ძალისხმევა აქეთკენ უნდა მივმართოთ - მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, გავზარდოთ ეკონომიკური ზრდა და დასაქმება, რომ მოსახლეობას მაღალი შემოსავლები ჰქონდეს.

- რა დაგვრჩა შესასრულებელი?

- როგორც გითხარით, რეგულაციების 45%-ია შესრულებული, მაგრამ დარჩა მთელი რიგი საკითხები, რაც ნელ-ნელა უნდა შევასრულოთ. მაგალითად, ვაჭრობის სფეროშია მთელი რიგი ღონისძიებები გასატარებელი, რათა ჩვენი სისტემები დაუახლოვდეს ევროკავშირს, ასევე, ენერგეტიკის სფეროშიც გასატარებელია რეფორმები და ტრანსპორტის სფეროშიც გარკვეული ცვლილებები იგეგმება. წარმოიდგინეთ, დაახლოებით, ათი წლის შემდეგ, საქართველო - ჩვენი მოწყობითა და ჩვენი კანონმდებლობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის იდენტური ქვეყანა უნდა იყოს.