რა სიახლეები დაგხვდებათ მთის კურორტებზე და იკლო თუ არა დამსვენებლების რაოდენობამ კოვიდპანდემიის გამო

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველო ზამთრის კურორტებით ერთ-ერთი საუკეთესოა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, თავისი მომხიბვლელი ბუნებით და გამაჯანსაღებელი თვისებებით. უკვე წლებია, უამრავ დამსვენებელს მასპინძლობს ისეთი კურორტები, როგორიცაა: სვანეთი, გუდაური, ბაკურიანი და .. წლევანდელი ზამთრის სეზონი ერთ თვეზეა მეტია, გახსნილია. საინტერესოა, პანდემიით გამოწვეული რეგულაციების ფონზე რა სიახლეებით შეხვდა მთის კურორტები ზამთრის სეზონს და შემცირებულია თუ არა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. ამის შესახებ, “ვერსია“ მთის კურორტების ასოციაციის წარმომადგენელს თამთა იაშაღაშვილს ესაუბრა.

_თამთა, რამდენად მომზადებული შეხვდა მთის კურორტები ზამთრის სეზონს და რა სიახლეები დახვდათ დამსვენებლებს?

_სვანეთში, ზურულდის მთაზე, აშენდა ახალი საბაგირო კომპლექსი. საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1800 მგზავრია, სიგრძე  კი - 1421 მეტრი. ეს გახლავთ 10 ადგილიანი გონდოლა.  

ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე, მონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა.  ახალი სისტემა, ჯამში, 1406 მეტრიან სათხილამურო გზას გაათოვლიანებს 23 ფიქსირებული და 3 მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატით.

მეხის დაცემის შედეგად დაზიანებულ კოხტის საბაგიროს კი სრულად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

რაც შეეხება კურორტ გუდაურს, საბაგირო „გუდაურას“ (გონდოლას ტიპის საბაგირო) ძველი დაზიანებული ბაგირი ახლით ჩანაცვლდა. 

მთის კურორტების განვითარების კომპანია ვიზიტორებს სრულ მზადყოფნაში დახვდა. რომ არა მთავრობის ძალისხმევა, ვერ შევძლებდით უმსხვილესი ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას. ეს ყველაფერი კი მოხდა პანდემიის პირობებში, ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული დარგია.

_ მიმდინარე სეზონზე რა რაოდენობის უცხოელი ტურისტია შემოსული და აჭარბებს თუ არა ქართველი დამსხვენებლების რაოდენობა უცხოელებისას?

­_პრაქტიკულად, ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია, 25 დეკემბერს გავხსენით სათხილამურო კურორტები. კერძო სექტორთან კომუნიკაცია გვაძლევს იმის საშუალებას, ხმამაღა ვთქვათ, რომ სასტუმროები სულ დაჯავშნილი იყო. ქართველებიც ჭარბობს და უცხოელებიც, მაგალითად: უკრაინა, რუსეთი, ფილიპინები, პოსტ საბჭოთა ქვეყნები, ევროპა, ასევე აზიის ქვეყნებიდანაც ვმასპინძლობთ ვიზიტორებს.

_ამჟამად ყველაზე აქტიურად რომელი მთის კურორტი მუშაობას?

_ ყველა კურორტი აქტიურად მუშაობს, თუმცა  ყველას თავისი სპეციფიკა აქვს. მაგალითისთვის, გუდაურს და სვანეთს, ძირითადად, ექსტრემალური სპორტის მოყვარულები სტუმრობენ, ბაკურიანს კი - ოჯახური დასვენების მოყვარულები.  კურორტ გოდერძის კი ხშირად „ფრირაიდის“ მოყვარულები სტუმრობენ. ბაკურიანში ბუნებრივი კლიმატური პირობების პრობლემა იყო, რადგან შესაბამისი ნალექი არ მოდიოდა, თუმცა ბოლო 3-4 დღის მანძილზე წამოსულმა უხვმა ნალექმა საშუალება მოგვცა, 15 იანვარს ბაკურიანის სათხილამურო გზები გაგვეხსნა.

_რა პრობლემების წინაშე დააყენა პანდემიამ სამთო ტურიზმი?

_პანდემია არის გლობალური პრობლემა არა მარტო ჩვენი ქვეყისთვის არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც სამთო ტურიზმია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ვიზიტორს, დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები, რადგან კურორტებზე ერთად შევქმნათ უსაფრთხო გარემო.

_პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის დახმარებას და შეღავათებს თუ იღებს, მთის კურორტებზე არსებული კერძო სექტორი?

_განხორციელდა უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები, მთავრობის დახმარებითა და ხელშეწყობით.

_მომატებულია თუ არა ფასები კურორტებზე?

_რაც შეეხება ფასებს, არც ერთ კურორტზე აბონემენტის ფასი არ გაზრდილია.

 

ზამთრის კურორტებზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად, „ვერსია“ კერძო სექტორის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, რაზეც სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის დამფუძვნებელ შალვა ალავერდაშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ახალი წლების შემდეგ ზოგ კურორტზე დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა, პანდემია კი კერძო სექტორს ბევრ პრობლემას უქმნის:

„საახალწლო პერიოდში ზამთრის კურორტები საკმაოდ კარგად იყო დატვირთული, თუმცა 7-8 იანვრის შემდეგ გუდაურში დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა თითქმის 20-30 %-მდე. კოვიდის გამო საკმაოდ ბევრი ჯავშანი გაუქმდა და უქმდება. რაც შეეხება ბაკურიანს, აქ უფრო შიდა ტურიზმიდან გამომდინარე, შედარებით მეტი დატვირთვაა. უცხოელებთან შედარებით უფრო მეტი ქართველი ვიზიტორია. ახალი წლის დღეებში მესტიაშიც კარგი დატვრითვა იყო. ტურიზმისთვის ახლა ყველაზე დიდი პრობლემა კოვიდის ახალი ტალღაა. მთავარია, ყველამ აიცრას და მალე დავამარცხოთ პანდემია. რაც შეეხება სასტუმროების ბიზნესს, ჩვენ, კერძო სექტორს, სახელმწიფოსთვის ჯერჯერობით არაფერი გვითხოვია და შეღავათის სახით არც რაიმე დახმარება მიგვიღია,“ - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

 ავტორი: ია გრიგალაშვილი