სარესტორნო ბიზნესი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს - ინტერვიუ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარესთან

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდა. შედეგად, მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეუძლია, ესტუმროს რესტორნებს, კაფეებს და სხვადასხვა კვების ობიექტებს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი კოვიდგადატანილი ან აცრილი არ არის, საინტერესოა, როგორ აისახა ეს შეზღუდვა სარესტორნო ბიზნესზე და რა პრობლემების წინაშე დადგა ეს სფერო. ამასთან დაკავშირებით, „ვერსია“ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს შოთა ბურჯანაძეს ესაუბრა.

_ „მწვანე პასპორტის“ პროექტი როგორი სახითაც არის მიღებული, რეალურად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რისთვისაც უნდა ეპასუხა. ჩვენი სფეროს მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არ ყოფილა პრობლემური ეს შეზღუდვა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილისთვის, როგორიც არის ქართული ტრადიციული რესტორნები, რა თქმა უნდა, მათთზე ცუდად აისახა. როდესაც, მოქალაქეების 30 %-ზე მეტი არ არის აცრილი, ასევე, მილიონზე მეტ ადამიანს არც აცრა გაუკეთებია და არც კოვიდი გადაუტანია, ეს კონტიგენტი, თავისთავად, სარესტორნო სფეროს დააკლდა. რეგიონებში კი უფრო რთულად არის საქმე. აქედან გამომდინარე, პირველი დეკემბრიდან თბილისის მასშტაბით 30%, ხოლო რეგიონებში 40-დან 50 %-მდე შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა. ამას ემატება ის პროცესი, რომ კოვიდვითარება უფრო რთულ ფაზაში შედის. „მწვანე პასპორტის“ შექმნას, იმუნიზაციის პროცესი დაეჩქარებინათ და მომხდარიყო საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაგალითად, წვეულებების გამართვის დაშვება უსაფრთხო ზონის გათალისწინებით.

დღეს სარესტორნო ბიზნესი არის წნეხის ქვეშ და მხოლოდ მას აზარალებს ეს რეგულაცია. ერთადერთი დადებითი ის იყო, რომ საახალწლო წვეულებების გამართვა შესაძლებელი გახდა. როგორც ვიცით, სარესტორნე სფერო მხოლოდ დროის გარკეული პერიოდით არ შემოიფარგლება და ყოველდღიურ რეჟიმში საჭიროებს აქტიურობას. აქედან გამომდინარე, მომავალი უფრო რთულად მესახება, განსაკუთრებით, იმ ვითარებაში, როდესაც „ომიკრონის“ შტამისგან ვირუსის უფრო მწვავე გავრცელებაა ნაწინასწარმეტყველები.

_ რა არის გამოსავალი და როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა სარესტორნო ბიზნესს? 

_ჩვენ მთავრობასთან გვაქვს მოთხოვნა, რომ შეიქმნას ნებაყოფლობითი „მწვანე ზონა“ და გარკვეული შეღავათები დაეწესდეს, მაგალითად, რესტორნებს საშეღავათო პერიოდი ჰქონდეთ შემოსავლების სამსახურის მხრიდან. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა და ჩვენ დღეს ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რაც ყოველთვის იქნება, სანამ შეზღუდვებით რესტორნებს მომხმარებელი აკლდება. გაზრდილია კომუნალური გადასახადები, ქირა და პროდუქტის ფასები, რაც ასევე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. საბოლოოდ ეს ყველაფერი მომხმარებლის ჯიბეზე ისახება. ამ ვითარებაში, კი ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ რესტორნები იხურება და ადამიანები სამსახურს კარგავენ.

სარესტორნო ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. ნებაყოფლობით შეიქმნას უსაფრთხო „მწვანე ზონები“, სადაც შესაძლებელი იქნება, ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს, რომელი მიმართულებით იმუშავებს და ექნება თუ არა „მწვანე ზონა“. ასევე, შეუმსუბუქდეს საგადასახადო წნეხი. ახლა მიმდინარეობს არსებული პრობლემების გადავადების პროცესი, რის გამოც უფრო გამწვავებული შედეგი გვექნება, როგორც, ბევრ ჩვენი სფეროს წარმომადგენელს დაემართა.

ავტორი: ია გრიგალაშვილი