იანვრიდან დღემდე საქართველოს მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შალვა ალავერდაშვილი: „2019 წელთან შედარებით, წელს, ქვეყანაში 50%-ით ნაკლები საერთაშორისო ტურისტი გვყავს, მაგრამ ეს მაინც კარგი მაჩვენებელია“

2021 წლის რვა თვის განმავლობაში, კოვიდპანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონზემეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ორი მეზობელი ქვეყნის - რუსეთისა და აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები დახურულია, რის გამოც ტურისტები იმ დინამიკით ვერ შემოდიან, რა მოლოდინიც გახსნილი სახმელეთო საზღვრების შემთხვევაში გვექნებოდა. პარალელურად, „საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი „ვერსიასთან“ საუბრისას ამბობს, რომ 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს, ქვეყანაში 50%-ით ნაკლები საერთაშორისო ტურისტი გვყავს, მაგრამ ეს მაინც კარგი მაჩვენებელია. მისი თქმით, კოვიდპანდემიისა და მისგან გამომდინარე რეგულაციების გათვალისწინებით, 2020 წლის მონაცემები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ჩავთვალოთ, შარშანდელი სტატისტიკა, უბრალოდ, არ არსებობს.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ტურისტულ სექტორს და არა მხოლოდ, განსხვავებულ ფორმატში უწევს მუშაობა. მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა, საერთაშორისო ვიზიტორთა ჩამოსვლის სტრუქტურაც შეცვალა:

„კერძოდ, თუ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში,საერთაშორისო ვიზიტორთა დიდი ნაწილი - 73.7%, საქართველოში სახმელეთო გზით შემოდიოდა, ხოლო 24.7%- საჰაერო გზით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს თანაფარდობა შეიცვალა და თითქმის გათანაბრდა. 2021 წლის რვა თვეში, საერთაშორისო ვიზიტორების 50%საქართველოში, საჰაერო გზით შემოვიდა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის სექტორის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის რვა თვის მანძილზე, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 50%-ზე მეტი შეადგინა და 500 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, ამ მაჩვენებელმა, 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 26% და 96% შეადგინა.

საინტერესოა, რა ოდენობის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ ტურისტული სექტორიდან, სწორედ, პანდემიის გათვალისწინებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკა და საერთაშორისო ვიზიტორთა მშრალი ციფრები ლარებში გადავიყვანოთ და ვნახოთ, რა რაოდენობის შემოსავალი მიიღო სახელმწიფომ. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, უცხოური ტურიზმიდან 299.8 მილიონი აშშ დოლარი მივიღეთ, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 34%-ით ჩამორჩება - 2020 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმიდან ქვეყანაში 456.5 მილიონი დოლარი შემოვიდა. როგორც ცნობილია, ტურიზმის მაჩვენებლების დრამატულად შემცირება პანდემიამ გამოიწვია.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 79%-ით შემცირდა, რადგან 2019 წლის იანვარ-ივნისში, ტურიზმმა 1.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოგვიტანა. ჯამში, 2019 წელს, ტურიზმიდან 3.3 მილიარდის, ხოლო 2020 წელს - 541.7 მილიონი დოლარის შემოსავალი მივიღეთ“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის შეფასებაში.

რაც შეეხება ტურისტების რაოდენობას, სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში სულ 464 126 უცხოური ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემს 62.2%-ით ჩამორჩება.

„კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია სერიოზულად დააზარალა. 2020 წელს, უცხოური ვიზიტების რაოდენობა, წლიურად, 80%-ით შემცირდა დამხოლოდ 1.5 მილიონი შეადგინა. ბოლო თვეებში, როგორც ვიზიტების, ასევე, ამ ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების მატება შეინიშნება, თუმცა არსებული სტატისტიკით, ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ მონაცემებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება“.

ტურიზმის ოფიციალური სტატისტიკა რომ პანდემიამდელ მონაცემებს მკვეთრად ჩამორჩება, ამას „ვერსიასთან“ საუბრისას, „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილიც ადასტურებს.

„ვერსიის“ კითხვაზე, პანდემიისა და მისგან გამოწვეული რეგულაციების გათვალისწინებით, რამდენად გამართლდა ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა მოლოდინი წელს ანუ პანდემიის მეორე წელს, შალვა ალავერდაშვილმა გვიპასუხა:

„რეალურად, 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს, 50%-ით ნაკლები ტურისტი გვყავს, თუმცა ეს მონაცემები 2020 წლის მაჩვენებლებს ნამდვილად სჯობს! ამ ეტაპზე, თბილისის საშუალო დატვირთვა 50%-55%-ს შეადგენს. ჩათვალეთ, რომ 2020 წელი არ არსებობს, რადგან შარშანდელი მონაცემები საკმაოდ უმნიშვნელოა, იმდენად მკვეთრი ვარდნა გვქონდა. მართალია, 2019 წელთან შედარებით, 50%-ით ნაკლები ტურისტი გვყავს, მაგრამამ პირობებში, ეს მაინც ძალიან კარგი მაჩვენებელია“.

სხვათა შორის, საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, უკვე ერთ თვეზე მეტია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს. მაგალითად, ივლისის ბოლოს, უწყებამ ცნობილი პოლონელი ჟურნალისტების 11-კაციან ჯგუფს უმასპინძლა, რომელთათვისაც სპეციალური პრეს-ტური გამართა. თავის მხრივ, ჟურნალისტებმა სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემებში, საქართველოს შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები მოამზადეს. ამის შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესტონელი ჟურნალისტების ჯგუფი მიიღო, უმასპინძლა პოპულარული ამერიკული გამოცემა The Daily Beast-ის წარმომადგენლებს და რამდენიმე დღის წინ, კვლავ, პოლონელი ჟურნალისტების ხუთკაციანი ჯგუფი მიიღო.

გარდა ამისა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემა - National Geographic-მა საქართველო და კერძოდ, სვანეთის რეგიონი, 2021 წელს, მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურისტი აუცილებლად უნდა ეწვიოს.

25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები მონაწილეობდნენ. მიმართულებები ხუთ კატეგორიად დაჰყვეს: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.

რაც მთავარია, National Geographic-ისპორტალზესვანეთის ფოტოები განათავსეს და მკითხველებს რეგიონის შესახებ დეტალური ინფორმაცია ასე მიაწოდეს:

„შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 000 ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევე, თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ეს ციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები, პატარა სოფლებში, საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა. ერთ დროს კანონის არარსებობით ცნობილი სვანეთი, დღეს, სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. როგორც მოგზაური, მწერალი და ფოტოგრაფი, მიხალ გლომბოვსკი ამბობს, სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია. სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიური სამთო ბილიკებით, ეს არის ამბიციური სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. მოლაშქრეებისთვის პოპულარულია ოთხდღიანი ტურები მესტიიდან უშგულამდე, სადაც უმაღლეს მწვერვალებსაც ათვალიერებენ“.

ბუნებრივია, უწყების ამგვარი სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პანდემიიდან გამოწვეული რეგულაციების გამო, სექტორი საგრძნობლად დაზარალდა. მართალია, უცხოელი ჟურნალისტები საქართველოში მოგზაურობის ემოციებს საკუთარ სტატიებში გამოხატავენ და მკითხველებს ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობასაც სთავაზობენ, მაგრამ ეს ღონისძიებები მაინც არასაკმარისია. შალვა ალავერდაშვილი „ვერსიასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მთავარი თემა პანდემიაა:

„თუ პანდემიას დროულად დავამარცხებთ, მოსახლეობა აიცრება და ვაქცინირებული მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელისაგრძნობლად მაღალი იქნება, ტურისტები გვეყოლება ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არავინ ჩამოვა! მთავარი ესაა, თორემ ვის ჩამოვიყვანთ და რას დავათვალიერებინებთ, ამას ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. რეალურად, ყველაზე მნიშვნელოვანია ვაქცინირებული მოსახლეობის პროცენტულიმაჩვენებლები და კოვიდსტატისტიკა, რასაც უყურებს ქვეყნების უმეტესობა, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნები.აინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ქვეყანა, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით. სწორედ აქედან გამომდინარე, გვეყოლება ან არ გვეყოლება უცხოელი ტურისტები ქვეყანაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თხოვნით მივმართავ ყველას - ავიცრათ, რადგან რეალურად, მხოლოდ ამაზე დგას, როგორც ტურიზმის, ასევე, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მომავალი!“