"ოპოზიციას ნულოვანი ანგარიშვალდებულების გრძნობა აქვს საზოგადოების წინაშე" - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოპოზიცია პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, მესიჯებშიც კი არასოდეს ეყრდნობა საზოგადოებას, არასოდეს ამბობენ, ხალხს ეს უნდა და ეს გავაკეთოთ, საერთოდ არ გრძნობენ თავს ანგარიშვალდებულად ქართული საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციის ლეგიტიმაცია დღეს მთლიანად მათ გარე პატრონებს ეფუძნება.

„ყოველ ჯერზე ამბობენ, რომ კუბილიუსმა ეს თქვა, რასამ ის თქვა. ისინი ანგარიშვალდებულნი არიან მხოლოდ ამათ წინაშე და საერთოდ არ გრძნობენ თავს ანგარიშვალდებულად ქართული საზოგადოების წინაშე. მათ ნულოვანი ანგარიშვალდებულების გრძნობა აქვთ საზოგადოების წინაშე, იმიტომ, რომ მათი ლეგიტიმაცია თავიდან ბოლომდე ეფუძნება მათ პატრონებს. თავის დროზეც, 2013 წელს მაგალითად იყო საუბარი დამნაშავეების დასჯაზე, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები ხელოვნურად ჩაგვიტოვეს პოლიტიკურ სისტემაში სწორედ გარე პატრონებმა. აქედან გამომდინარეა ის, რომ ისინი ანგარიშვალდებულად გრძნობენ თავს არა საზოგადოების, არამედ გარე პატრონების წინაშე, რომლებმაც ხელოვნურად დაგვიტოვეს პოლიტიკურ სისტემაში კრიმინალური, დამნაშავე პოლიტიკური ძალა კრებსითი „ნაცმოძრაობის“ სახით. სხვა შემთხვევაში ისინი ცალსახად დაუჭერდნენ მხარს ამ კანონპროექტს. თან ეს არის კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილურ ამოცანებს ემსახურება და არავითარ რისკებსაც კი არ შეიცავს. შეიძლება, კანონპროექტი მისდევდეს რაღაც დადებით მიზნებს, მაგრამ თან ჰქონდეს გვერდითი ეფექტი ან რისკები. აქ ადამიანის უფლებების არავითარ შეზღუდვაზე არ არის საუბარი. ერთადერთი, საუბარია პროპაგანდის არდაშვებაზე. ასეთ დროს, როცა მხარს არ უჭერ ასეთ კანონპროქტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ნული ანგარიშვალდებულება გაქვს საზოგადოების წინაშე, რომლის დაკვეთაც არის ამ ინტერესების დაცვა და ერთადერთი, ანგარიშვალდებული ხარ იმ პატრონის წინაშე, რომელსაც არ სურს ასეთი კანონპროექტის მიღება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.