60 ახალი სტატია

როგორ აპირებს ოპოზიცია ეკონომიკის აღორძინებას - „ვერსიის“ ექსპერიმენტი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„გირჩი - მეტი თავისუფლების“, „ლეიბორისტებისა“ და ევროპული საქართველოს სამი ძირითადი ეკონომიკური გზავნილი

პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება პოლიტიკურ ეშხში შედის. მართალია, წინასაარჩევნო კამპანია სრული დატვირთვით არ ამოქოქილა და პოლიტიკურ პარტიებს ჯერ სამოქმედო პროგრამების პრეზენტაციებიც არ გაუმართავთ, მაგრამ „ვერსია“ ერთგვარ ექსპერიმენტს გთავაზობთ. წარმოვიდგონოთ, რომ უკვე ნოემბრის შუა რიცხვებია და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური სუბიექტის კონტურებიც, მეტ-ნაკლებად, გამოკვეთილია. ალბათ, გაინტერესებთ, რას გააკეთებს არჩევნებში გამარჯვებული პარტია ეკონომიკის ასაღორძინებლად? რატომ, მაინცდამაინც, ეკონომიკის? - პასუხი მარტივია - მე, როგორც ამ სტატიის ავტორი, წლებია, ეკონომიკას ვაშუქებ და ცხადია, ეს სფერო მაინტერესებს. ესეც არ იყოს, ბოლო ათი წლის მანძილზე, სხვადასხვაა არჩევნების წინ, „ვერსიის“ მკითხველი მიჩვეულია, რომ პარტიების პროგრამების ეკონომიკურ მიმოხილვას გაეცნობა. ამ მიმოხილვას წელსაც შემოგთავაზებთ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც პარტიები პროგრამების პრეზენტაციებს გამართავენ. მანამდე, „ვერსიის“ ექსპერიმენტის შედეგები ვნახოთ, რომელშიც მხოლოდ სამი პარტია დაგვთანხმდა ოპოზიციიდან - „გირჩი - მეტი თავისუფლება“, ლეიბორისტული პარტია და ევროპული საქართველო.  

 

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ სახელით, „ვერსიის“ ექსპერიმენტში ცოტნე კობერიძე ჩაერთო. დიახ, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე, რომელსაც გამოცდილმა და „ასაკში შესულმა“ კოლეგებმა ასაკი დაუწუნეს. სხვათა შორის, ცოტნესთან ვრცელ ინტერვიუს „ვერსიის“ ამავე ნომერში, ალბათ, უკვე გაეცანით და იმაშიც დარწმუნდით, რომ „ახალგაზრდა და გამოუცდელი“ ცოტნე, საკმაოდ ჭკვიანია:

„იმ ცვლილებებს, რაც გამარჯვების შემთხვევაში უნდა გავატაროთ, საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდება. თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო საკუთრების როლის გაზრდა - სახელმწიფოს ბალანსზე არსებული საკუთრებები უნდა გადავიდეს მოქალაქეების ხელში, რაც გამოიწვევს მათ წამიერ გამდიდრებას. ეს არის ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი ამბავი და ამას თვითმმართველი ორგანოები უნდა ჩაუდგნენ მენეჯმენტში იმიტომ, რომ მათ უფრო კარგად იციან და დათვლიან კიდეც, რა ტიპის მარაგი არსებობს, როგორც მიწის ქვევით რესურსების სახით, ასევე - მიწის ზევით. უნდა შემუშავდეს საპრივატიზებო მოდელი, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, ვინ და რა ოდენობის საკუთრებას მიიღებს. ეს იქნება საყოველთაო და არა აუქციონის გზით, როდესაც მდიდრები ახერხებენ საკუთრების ხელში ჩაგდებას.

მეორე ნაწილი გახლავთ ცვლილებები საგადასახადო პოლიტიკაში. ამ მხრივ, გვინდა, რომ თვითმმართველ ორგანოებს ჰქონდეთ საშუალება, საკუთარი საგადასახადო პოლიტიკა განახორციელონ. ცხადია, მათ პასუხისმგებლობა ექნებათ ცენტრალურ ბიუჯეტთანაც, მაგრამ იმის იქეთ, მაგალითად, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების, ასევე, დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) კონტროლის საშუალება უნდა მიეცეთ. შესაძლოა, ზოგიერთმა რეგიონმა ჩათვალოს, რომ მისთვის პრიორიტეტული დაბალი საგადასახადო წნეხია. გარდა ამისა, ხარჯვით ნაწილშიც მივცემთ დისკრეციის უფლებას რეგიონებს. ზოგადად, ჩვენ მინიმალისტური სახელმწიფო მმართველობის მომხრეები ვართ, ცოტა ხარჯები გვიყვარს, ამიტომაც გვინდა, თვითმმართველი ორგანოებიც შეზღუდულები იყვნენ ხარჯებში და შესაბამისი ჩანაწერიც ჰქონდეთ, რათა ერთი მხრივ, დეფიციტი არ ჰქონდეთ ანუ იმაზე მეტი არ დახარჯონ, ვიდრე შემოსავალი ექნებათ, ხოლო მეორე მხრივ, დავაწესოთ ზედა ჭერი, რომლის ზემოთაც გადასახადებს ვერ გაზრდიან. მოკლედ, საკუთარი შემოსავლები უნდა ჰქონდეთ და საკუთარი ხარჯებიც თვითონვე უნდა აკონტროლონ. რაც მთავარია, ამ ღონისძიებებს უნდა მოჰყვეს ცვლილებები სასამართლო სისტემაში. მიმაჩნია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაც აუცილებელია, რათა დაზღვეული იყოს კერძო საკუთრებები. ახლა რომ მტყუან-მართლის გარჩევის ინსტიტუტი არ არსებობს, რთულია, ინვესტიციების განხორციელება. რაც მთავარია, ამის გარეშე, არც იმ ღონისძიებებს ექნება აზრი, რაზეც უკვე გესაუბრეთ.

გარდა ამისა, ცვლილებები ცვლილებები უნდა განხორციელდეს მონეტარულ პოლიტიკაში, ვგულისხმობ ლარს და ეს იქნება მესამე ეკონომიკური ფაქტორი, რასაც გავაკეთებთ. ახლა, საქართველოში, ლარში ყიდვა-გაყიდვაა სავალდებულო და ეროვნული ვალუტაც ერთადერთი საგადამხდელო საშუალებაა. გირჩის ხედვით, უნდა არსებობდეს მულტისავალუტო რეჟიმი, რაც გულისხმობს, რომ ადამიანებმა თვითონ განსაზღვრონ, რა ვალუტაში სურთ დააგროვონ ფული, ან ივაჭრონ, რათა რისკები დააზღვიონ. შესაძლოა, ბათუმში, თურქული ლირით და ევროთი იყოს ვაჭრობა, რადგან ტურისტული კუთხეა. შესაძლებელია, ლარიც დავტოვოთ, რომელიც დოლარს მიებმება და ამის გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებობს, მაგალითად, ბულგარეთში, სადაც ბულგარული ლევით და ევროთი ვაჭრობენ. აქაც იგივე შეიძლება, თუნდაც იმის გამო, რომ ლარი განსაკუთრებით გვიყვარს და მისი შენარჩუნება გვინდა, რადგან დროშასთან, გერბთან და ჰიმნთან ერთად, ლარის მიმართაც გარკვეული სენტიმენტები გვაქვს“.

 

***

მეორე ოპოზიციური პარტია, რომელიც „ვერსიის“ ექსპერიმენტში თამამად ჩაერთო, ლეიბორისტული პარტია გახლავთ. უფრო ზუსტად, ამ პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია, რომელიც „მწვანე ეკონომიკის“ ინიციატივით გამოდის:

„ჩვენი პარტია გამორჩეულია მდგრადი ეკონომიკური პრინციპების მიმართ ერთგულებით, განსხვავებით პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობისგან, დაწყებული ხელისუფლებით და დამთავრებული - ოპოზიციური პარტიებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველა ხელისუფალი თბილისს ისე ეპყრობოდა, როგორც დამპყრობელი. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი გამხდარიყო, ვეღარ გახდება და ეს შანსი ხელიდან გავუშვით... 30 წელია, თბილისში უკონტროლო მშენებლობების ბუმია და ამ მხრივ, არცერთი მერი არ ყოფილა გამონაკლისი, თუმცა კახი კალაძემ, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ყველას გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, ეკოლოგიური პრინციპების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ქალაქი გეგმაზომიერად უნდა განვითარდეს, სადაც დაცული იქნება, როგორც ადამიანის სიცოცხლე, ასევე, ჩვენი ქალაქის საშუალო და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა.

ამ მიმართულებით, უნდა გამოვყოთ „მწვანე ეკონომიკა“, როგორც ზოგადი ჩარჩო, რომელშიც მოექცევა ყველა პროექტი, მათ შორის, სამშენებლო ბიზნესი. მეტიც, სამშენებლო ბიზნესი მკაცრ ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რომელიც ორიენტირებული იქნება ენერგოეფექტურობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც ქალაქისთვის, ასევე, ქვეყნისთვისაც. ზოგადად, „მწვანე ეკონომიკა“, „მწვანე“ მშენებლობას გულისხმობს. მეტიც, კორპუსების მშენებლობაზე, დედაქალაქში, ოთხწლიანი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, შეიძლება ითქვას, უნდა აიკრძალოს კიდეც ოთხი წლით. ამ პერიოდში, სამშენებლო ნორმები და სტანდარტები უნდა დაიხვეწოს.

მართალია, თვითმმართველობის დონეზე, ყველა ბერკეტი ჩვენს ხელთ არ იქნება, მაგრამ საშუალო და წვრილი მეწარმეების ხელშეწყობა აუცილებელია, თუნდაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, შეღავათიანი დაკრედიტების გზით. გარდა ამისა, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულება. ამ მხრივ, ვფიქრობთ ადგილობრივი გიდებისა და წვრილი ტურისტული ჯგუფების მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს, როგორც კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე, სხვადასხვა, მხარდამჭერ ღონისძიებებს“.

 

***

ევროპული საქართველოს სახელით, „ვერსიის“ ექსპერიმენტში გიორგი ნონიაშვილი ჩაერთო. გამარჯვების შემთხვევაში, გიორგი საკმაოდ საინტერესო ეკონომიკურ ინიციატივებს გვთავაზობს:

„პირველი, რასაც გამოვყოფდი, ესაა კორუფციისა და სახელმწიფო სახსრების ფლანგვის დამარცხება. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფო, სინამდვილეში, კოლოსალურ თანხას ხარჯავს საკუთარ კორუფციულ ინტერესებში. რეალურად, ეს გაფლანგული ფული შეიძლებოდა ადამიანების კეთილდღეობასა და მათი პირობების გაუმჯობესებას მოხმარებოდა. ის ფული, რომელიც მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს სხვადასხვა სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სახით, ყველაფერი იხარჯება ცუდად - კორუფციასა და ფლანგვაში. ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ჯგუფები ამით ხეირობენ კიდეც და ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ ეს ტენდენციაა წელში გასატეხი.

მეორე თემა გახლავთ გადასახადების შემცირება, რადგან სამწუხაროდ, ხელისუფლება დამატებით ეკონომიკურ ტვირთს აკისრებს ადამიანებს მაშინ, როდესაც სრულიად შესაძლებელია, საგადასახადო წნეხი შეუმციროს საკუთარ მოქალაქეებს. სინამდვილეში, ხელისუფლება პირიქით მოქმედებს - გადასახადებს არ ამცირებს და ყველაფერი ეს, ადამიანების ჯიბეებზე განსაკუთრებით ახლა მოქმედებს - კოვიდპანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ფული, რომელიც შეიძლებოდა, ხალხის ჯიბეში დარჩენილიყო, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიაქვს. ვგულისხმობ, როგორც საშემოსავლო და მოგების, ასევე, აქციზის გადასახადების შემცირებასაც. თუ სახელმწიფო დღესვე შეამცირებს აქციზის გადასახადს, ხვალვე, ბენზინი, როგორც მინიმუმ, 0.50 ლარით გაიაფდება. სინამდვილეში, ბენზინის გაიაფება ავტომატურად გამოწვევს მთელი რიგი პროდუქტების გაიაფებასაც, რადგან ამა თუ იმ პროდუქტის ფასწარმოქმნის სისტემაში, ტრანსპორტირების ხარჯიც შედის.

მესამე პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, ხელისუფლება ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე გვესაუბრება, თუმცა ციფრები სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. ვგულისხმობ იმას, რომ ხელისუფლების ბიუროკრატიული აპარატები გაზრდილია, ასევე, გვაქვს ასობით უსარგებლო უწყება, რომლებსაც არანაირი კეთილდღეობა არ მოაქვთ ადამიანებისთვის. მაგალითად, არსებობს საბიუჯეტო ორგანიზაცია „სულიერების ცენტრი“, რისთვისაც წელიწადში, 300 000 ლარამდე ვხარჯავთ, „ახალგაზრდობის სააგენტო“, რომელსაც 2 მილიონი ლარით ვაფინანსებთ და ასე შემდეგ. სწორედ ამ ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას“.