რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მიხეილ სარჯველაძის ქონებრივი დეკლარაცია

ქვეყანას ჯანდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წარდგინებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძეა. გარდა ამისა, ცვლილებები განხორციელდა მთავრობის ადმინისტრაციაშიც. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა ლევან ჟორჟოლიანი, რომელიც დღემდე თბილისის საკრებულოს წევრი და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გახლდათ; ამიერიდან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია ნიკოლოზ ტყემალაძე; პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში - გიორგი ქაჯაიაა, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - ზურაბ აბაშიძე.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჯანდაცვის ახალ მინისტრს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე, ის საკმაოდ წარმატებული ადვოკატი გახლდათ, ხოლო 2012 წლის შემდეგ, მიხელ სარჯველაძეს ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. ის იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი - იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2012 წლიდან, მიხეილ სარჯველაძე საპარლამენტო გუნდის წევრია, საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა.

„მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან გაუძღვება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. შეგახსენებთ, ეს არის ჯანდაცვა და გარდა ჯანდაცვისა, ეს არის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევები არის უამრავი, ყველა მიმართულებით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სარჯველაძე, მისი პროფესიონალიზმით, გამორჩეული პიროვნული თვისებებით, საუკეთესო მინისტრი იქნება და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ამ დარგს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახლა, მიხეილ სარჯველაძის ქონებრივ დეკლარაციასაც გადავხედოთ და ვნახოთ, რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის ახალი მინისტრი. 2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პოზიციაზე ყოფნისას, მიხეილ სარჯველაძემ ქონებრივი დეკლარაცია თორმეტჯერ შეავსო. თუმცა, გთავაზობთ მის უკანასკნელ დეკლარაციას, რომელიც 2024 წლის 28 თებერვალს ჩააბარა.

დეკლარაციის თანახმად, ირკვევა, რომ მიხეილ სარჯველაძის მეუღლემ, ელენე შენგელაიამ 2022 წელს, 39 490 ლარად შეიძინა 1 045 და 750 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთები საგურამოში. გარდა ამისა, სარჯველაძის მეუღლის საკუთრებაშია 57 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მიხეილ სარჯველაძის მიერ მითითებულ ანგარიშებზე 136 258 ლარი ირიცხება, ხოლო მისი მეუღლის ანგარიშებზე - 59 319 ლარი. დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ნაღდი ფულის სახით, სარჯველაძე 13 500 ლარს ინახავს სახლში.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2023 წელს, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტიდან 53 449 ლარის სახელფასო შემოსავალი მიიღო. მისი მეუღლე, ელენე შენგელაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემიისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგია. საგანმანათლებლო საქმიანობით, მისი შემოსავალი 30 781 ლარი იყო. გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძის მეუღლე საქმიანობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრშიც, სადაც ხელფასის სახით, 1 780 ლარი ერიცხება.

სხვა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, მიხეილ სარჯველაძე უთითებს შემოსავალს ანაბრებიდან - 13 774 ლარის ოდენობით, ასევე შვილის სწავლის საფასურს - 5 862 ლარს.

 

ავტორი: მაკა რუხაძე