„ჩვენს ქვეყანას აქვს ეფექტიანი და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა“ - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიზნესასოციაციის კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაზე, რომელიც 1 მარტს ჩატარდა, ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესი გადამწყვეტ როლს ასრულებს - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ირაკლი კობახიძემ, რომლის ანალიზსაც „ვერსია“ გთავაზობთ.

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ზედიზედ მეოთხე წელია, საქართველოს სწრაფი ეკონომიკური წინსვლა აქვს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებისა და ბიზნესის თანამშრომლობას და რაც მთავარია, ბიზნესის განვითარებას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ქვეყნის წინსვლაში, ასეევე, მის განვითარებაში. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე გადის გზა, იქნება ეს სიღარიბის დაძლევა, თუ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება.

„როგორც მოგეხსენებათ, 2021-2022 წლებში, ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშან ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით. წელსაც გვაქვს ძალიან დადებითი პროგნოზი ამ თვალსაზრისით. ასევე, იცით, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს ქვემოთ ვინარჩუნებთ საგარეო ვალის დონეს, აგრეთვე - ინფლაციის დონეს, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5%-ს ჩამოსცდა. მხოლოდ შარშან, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 51 000-ით, შესაბამისად, დაფიქსირდა დასაქმების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი.

დადებითი დინამიკა გვაქვს ტურიზმის სფეროში, სადაც შემოსავლების ნაწილში, პანდემიამდელ მაჩვენებელს 26%-ით გადავაჭარბეთ. დღეს, მოგეხსენებათ, საქართველო სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით მსოფლიოს 45 ქვეყანასთან, ეს არის მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის ერთი მესამედი და მრავალი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე, ვინარჩუნებთ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს. ყველაფერი ეს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ეფექტიანი და ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ეფექტიანი ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის წინსვლას. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, ბუნებრივია, ბიზნესის თავისუფლებაა. ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო ამ თვალსაზრისით 2012 წლამდე, წინა ხელისუფლების პირობებში. ბიზნესზე ზეწოლა იყო წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის შემდეგ, აღნიშნული დამოკიდებულება, მიდგომა ბიზნესის მიმართ, ფუნდამენტურად შეიცვალა. ეს მოხდა 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ყველაზე კარგად ესმოდა და ესმის ბიზნესის თავისუფლების ფასი, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხა შეიტანა. ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ დღეს ბიზნესი არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ, სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ხელისუფლების მხრიდან, რაც, ბუნებრივია, ასეც უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე და განაცხადა, რომ საჭიროა ბიზნესთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა-კოორდინაცია. მისი თქმით, აუცილებელია, საჯარო სერვისების ხარისხი კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. მეტიც, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ის მომსახურება, რომელიც სახელმწიფომ  საჯარო სტრუქტურებმა უნდა შესთავაზოს ბიზნესს, იყოს მაქსიმალურად სწრაფი და ხარისხიანი, რაც ახლა ერთ-ერთი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

„რაც შეეხება კორუფციას, თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები კორუფციის სიმცირის, მასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამ პარამეტრით, ჩვენ ვუსწრებთ, როგორც ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი. თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, რაზეც მე ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ვისაუბრე - გვინდა, რომ ამ კრიტერიუმით შევიდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის ანუ გავუთანაბრდეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს, რაც არ არის მარტივი ამოცანა. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ამ ამოცანის მიღწევაც რეალისტურია. რაც მთავარია, კორუფციამ არ უნდა შეუქმნას, თუნდაც მინიმალური დაბრკოლება ბიზნესს წარმატებული საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით“.

კონფერენციაზე, ირაკლი კობახიძემ ისიც განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ადამიანური რესურსების განვითარებაა. მისი თქმით, ბიზნესი სამუშაო ძალით სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამისთვის საჭიროა განათლების სისტემაში, განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი იმ გამოწვევებისა, რომლებიც დგას ჩვენ წინაშე, თუმცა ეს ძირითადი, საკვანძო საკითხებია, რომლებზეც გვჭირდება მუდმივი თანამშრომლობა და კოორდინაცია ბიზნესთან, რათა ხელისუფლების გადაწყვეტილებები, თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით, იყოს მაქსიმალურად რაციონალური.

ამის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა ახალ, ოთხწლიან გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთდროულად, ის იქნება ამბიციურიც და რეალისტურიც.

„რამდენიმე თვეში, ჩვენ წარვსდგებით ახალი, ოთხწლიანი გეგმით საზოგადოების წინაშე. ეს გეგმა, ერთდროულად, ამბიციურიც იქნება და რეალისტურიც. ჩვენი ამოცანაა, თვისობრივად გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი. ამისთვის მსხვილი ინვესტიციები ჩაიდება ქვეყნის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სახელმწიფო აქტიურად დაუჭერს მხარს წარმოების განვითარებას, ექსპორტის ზრდას. ასევე, ფუნდამენტურად გაძლიერდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და ინფრასტრუქტურა. ამასთან დაკავშირებითაც, ძალიან კონკრეტულ გეგმებს წარმოვადგენთ.

განხორციელდება რეფორმები, ცვლილებები მრავალი მიმართულებით, რაც პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას. ასევე, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, დადებითაც აისახება ეკონომიკურ წინსვლასა და ბიზნესის განვითარებაზე, ეკონომიკურ აქტივობაზე საქართველოში“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერავითარი ეკონომიკური წარმატება ვერ მიიღწევა მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე. პრემიერმა დამსწრე საზოგადოებას გასული სამი წლის განმავლობაში მიდინარე მოვლენები შეახსენა და აღნიშნა, რომ იყო სერიოზული მცდელობა, საქართველოში დაერღვიათ პოლიტიკური სტაბილურობა და ჩვენი ქვეყანა ექციათ იმ სცენარის შემადგენელ ნაწილად, რომელი სცენარიც, სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში განვითარდა.

„საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ გაუძლო ზეწოლას და შეძლო, როგორც სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ასევე, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ამით დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ.

დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს მყარი პოზიციები და ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოებისგან. გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენი, მმართველი გუნდის მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არის 55-იდან 60%-მდე. ეს არის, რა თქმა უნდა, პარტიული რეიტინგი, მაგრამ  ყველაფერი ეს, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად ძლიერია მთავრობის, ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა. იგივე კვლევები, სოციოლოგიური კვლევები, ადასტურებენ, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი.

ძირითადად, ორი ფაქტორი განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, პირველი ფაქტორი, ხალხი ხედავს, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო, მსოფლიოში არაერთი ცხელი წერტილია. ამ ვითარებაში, მიუხედავად სერიოზული რისკებისა, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და მეორე ფაქტორი, რაც განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას, ეს არის სწორედ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური წინსვლა, რაც აისახება, ბუნებრივია, მოსახლეობის სოციალურ პირობებზე. ჩვენ შეგვიძლია დავდოთ ძალიან მყარი პირობა, როგორც ფართო საზოგადოების, ისე ბიზნესის წინაშე, რომ მშვიდობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მომავალშიც აუცილებლად შევინარჩუნებთ. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ იმის გამო, რომ შეგიქმნათ სიმყარის განცდა. რეალურად გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ სტაბილურად, მყარად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. პირადად მე, როგორც პრემიერ მინისტრმა, კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ღიაობის სრული მზადყოფნა ბიზნესთან, ბიზნესასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ BAG-ის ინდექსის 2019-2023 წლების შედეგებზე, ბიზნესის განწყობებსა და მოლოდინებზე ისაუბრა.

 

 ავტორი-მაკა რუხაძე