რა პოლიტიკური გზავნილები ჰქონდა საქართველოს პრემიერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე გამოსვლისას, საქართველოს მიერ გატარებულ ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე, ასევე, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ დასაძლევად ერთიანი ძალისხმევ მნიშვნელოვანია.

პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობაზე.

 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს, განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.

თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი  განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაერო-ს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი.

საქართველოს კარგად ესმის ომისა და მშვიდობის ფასი. 2012 წლიდან, ჩვენმა მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უწყვეტი ათწლეული.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი დიდი მადლიერება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფად, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, ჩაერთოს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“ და ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განახორციელოს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ტრიბუნიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებსა და ოსებსაც მიმართა:

„მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს -  ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და  სრული პოტენციალის გამოვლენა, როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ.

ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით. 2012 წლიდან, ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს - გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

გასული წლის ივნისში, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი თავი გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების თითქმის 90% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ ურყევი ერთგულება დავადასტურეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. ძლიერი, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენ ვახერხებთ, წლის ბოლომდე მათ შესრულებას.

საქართველოს პრემიერის თქმით, ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას:

„ეგრეთ წოდებული „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა! ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!“

ირაკლი ღარიბაშვილი წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგსა და გაერო-ს წესდებაში ასახულ ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობასაც შეეხო:

„საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში. ორ ათეულ წელზე მეტია, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ნატო-ს მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საქართველოს ერთ-ერთ, ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს ნატო-ს მისიებში - ერაყსა და ავღანეთში. 32-მა მამაცმა ჯარისკაცმა გაიღო უდიდესი მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით დაშავდა თავისუფლებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის იდეისთვის. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად.

ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებში და პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაერო-ს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია. უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას.

სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.

ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.

ჩემი მთავრობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2 200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღეს და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით. ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა, - თქვა გაერო-ს სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას, წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.

ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე, ცხადდება მზაობა, რათა ამ პროცესში ჩაერთონ საქართველოს მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რომ საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს.

ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა  სექტორმა  გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე, პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული  ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები, - განაცხადა პრეიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ:

„ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევის იდეისადმი, ხოლო გლობალურ საზოგადოებაში - მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის იდეისადმი. მზად ვართ, გავაძლიეროთ საერთაშორისო პარტნიორობა და თანამშრომლობა უფრო მშვიდობიანი, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი საერთო თვისება - ადამიანურობა გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენივე კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ხანგრძლივი მემკვიდრეობა დავუტოვოთ მომავალ თაობებს.