„ზოგი ოპოზიციონერის ცუღლუტური მოძრაობები მაღიზიანებს“ - თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ სდევს ქართულ პოლიტიკურ პროცესს მუდმივი დაძაბულობა, აგრესია და ურთიერთდაპირისპირება ბოლო 30 წელია. როგორ უნდა გამოვიდეს საქართველო ამ მოჯადოებული წრიდან და სად არის გამოსავალი? - „ვერსია“ პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერს, დამოუკიდებელ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა:

 

- 30 წელია, მართლაც, ერთ წრეზე ვტრიალებთ და მეც მიფიქრია, რა გახდა, რით ვერ გავარღვიეთ ეს წრე-მეთქი... მომწონს გზა, რომელიც ბალტიის ქვეყნებმა აირჩიეს. იმას კი არ ვამბობ, რომ იმ პერიოდში, ვინც „დავერბოვკებული“ ჰყავდა რუსეთის უშიშროებას, კედელთან მიაყენეთ, დახვრიტეთ და დაიჭირეთ-მეთქი, მაგრამ არ მინდა დავივიწყო, რომ ჩვენ ვართ პოსტსაბჭოური ქვეყანა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, როგორ ექნებოდა გადგმული ფესვები რუსეთს, ეს მისი მუშაობის შედეგია და ა, ბატონო, ნახეთ - ჩვენმა უმსხვილესმა პარტნიორმა, აშშ-მა ხელი დაადო საქართველოს გენერალურ პროკურორს „ეფ-ეს-ბე“-სთან თანამშრომლობაში. თუ ქონებრივ დეკლარაციასაც გადავხედავთ, რა ქონებას ფლობდა ფარცხალაძე, მიხვდებით, რომ ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლება იმაში, რომ რუსეთთან ჰარმონიულად შერწყმული პერსონაა, რადგან მოგეხსენებათ, რუსეთში ოლიგარქიული და დიქტატორული მმართველობის ფონზე, ყველა ბიზნესს აკონტროლებს „ეფ-ეს-ბე“ და შესაბამისად, იმხელა ქონების დაგროვება რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ფარცხალაძეს აქვს, რომელიც უქონელი მოვიდა... ფაქტებით ვსაუბრობ, მისი დეკლარაციიდან გამომდინარე...

აქედან დასკვნა - თუ „ეფ-ეს-ბე“-სთან კავშირებში მხილებული გენპროკურორი ჰყავდა საქართველოს, წარმოიდგინეთ, რომ ბრალი წაყენებული, მათ შორის, მესამე პრეზიდენტსაც, ვის მიერ აქვს? „ეფ-ეს-ბე“-ს მიერ წაყენებული ბრალია. აქ არის ძაღლის თავი დამარხული, ჩვენ ვერ დავძვრებით ვერასდროს რუსეთის კლანჭებიდან, თუ უპირველეს ყოვლისა, არ გათავისუფლდა სასამართლო, პროკურატურა ამ ტიპის მმართველობისგან და როგორ გათავისუფლდება, თუ იმ გზას არ დავადექით, რაც ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს?

- რას გულისხმობთ?

- როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა იქ და რუსეთს დააღწიეს თავი, სხვათა შორის, ძალიან გონივრულად და რბილად გააკეთეს ეს, დაიბარეს გარკვეული ადამიანები და შესთავაზეს პენსიაზე ღირსეულად გასვლა, ქვეყანაში დარჩენა და ვისაც ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, შესთავაზეს დატოვება ანუ მათ შესთავაზეს, ჩახსნოდნენ საქმიანობას. მოკლედ, შესთავაზეს პენსიაზე გასვლა ან დატოვება, რასაც შემდეგ მოჰყვებოდა სამართლებრივი დევნა, თუმცა იქამდე პატიოსნად გაუწიეს ანგარიში, რომ საბჭოური გადმონაშთი იყვნენ და მომწონს ეს გზა... თუ ლუსტრაცია არ მოვახდინეთ, ვერაფერს მივაღწევთ...

არც პრეზიდენტს მინდა, ხელი დავაფარო. ის ლაპარაკობს დასავლურ ენაზე, მაგრამ ყველა ფაქტი არის ნაკარნახევი „ოცნების“ მიერ, რადგან ყველა კანდიდატი, რომელიც სადმე წარუდგენია, არის ისეთი, რომელიც უნდა „ოცნებას“, თუმცა მის იმპიჩმენტს არ ვემხრობი, რადგან არ მინდა, ამ ხელისუფლებამ თავისას მიაღწიოს... ისედაც უბიძგებენ, რომ საქართველომ საგარეო კურსი შეიცვალოს და ამიტომ არ მინდა, ასე მოხდეს, თორემ არ იწვევს სალომე ზურაბიშვილი ჩემში ნდობას. თუ ასე უწევს დასავლეთს ანგარიშს, შეეწყალებინა სააკაშვილი! არ მჯერა ამ ქალბატონის და ამიტომ ვივლით კიდევ 30 წელი ერთ წრეზე, თუ არ მოხდა რბილად ლუსტრაცია...

- თქვით, რომ ბალტიის ქვეყნებმა მშვიდად მოახერხეს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა, საქართველოში კი ეს პირიქით - სისხლისღვრითა და ქაოსით მოხდა. მაშინ ჩაეყარა საფუძველი იმას, რაც დღესაც ხდება, რომ ასეთ მწვავე დაპირისპირებას იწვევს რუსეთის საკითხი პოლიტიკოსებს შორის? სად ხედავთ გამოსავალს?

- ძალიან მაგარი კითხვა დამისვით, ამაზე მთელი კვლევა მაქვს ჩატარებული. 1989 წელს, 8 აპრილს, ორად ორი ადამიანი იყო და ინტელიგენციიდან მხოლოდ ერთი კაცი იყო ჯანსუღ ჩარკვიანი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს... დანარჩენები ტაშის გრიალით შეხვდნენ. ეს ჯუმბერ პატიაშვილის დაკითხვის ოქმშიცაა. მაშინ ეროვნული მოძრაობა და გარკვეული ადამიანები ერთად იყვნენ. მაქვს ჩანაწერები 1988 და 1990 წლების, სადაც ჯერ კიდევ მამა და გამსახურდია კარგად არიან და არ არის განხეთქილება. ვაკის პარკის უზარმაზარი მიტინგი ბატონმა ზვიადმა მამას წააყვანინა, ჯანსუღს სთხოვა და ეს იყო იმის ნიშანი, რომ ეს ადამიანები ერთად იყვნენ. დედაჩემი ამბობს, რომ იმ მიტინგმა განსაზღვრა მათ შორის დიდი განხეთქილება.

 - რადგანაც ეს ერთობა არ აწყობდა რუსეთს?

- რა თქმა უნდა და რუსეთზე მომუშავე აქ მყოფ ადამიანებს. პასუხისმგებლობა და შეცდომა ორივე მხარესაა. ჩვენ, განა, არ წამოვეგეთ, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ბრალეულობა მხოლოდ ერთ მხარესაა, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი რომ ხარ, კიდევ უფრო მეტი მოგეთხოვება. ჩვენც ავყევით იმ პროვოკაციებს, მეორე მხარეც აჰყვა და მოხდა ის უბედურება, რაც, რა თქმა უნდა, გამოიყენა რუსეთმა. ამ გადასახედიდან მიიოლდება, რადგან ერთხელ გაივლის სახედარი ტალახში და მეორედაც ადამიანმა ხომ არ უნდა გაიარო?! ამიტომ, მე ის მიკვირს, ადამიანები ამას როგორ ვერ ხვდებიან. სულ არის საუბარი „პუტჩზე“, მე არასდროს გავურბივარ ამაზე საუბარს, მაგრამ ჩემს თვალწინ ხდებოდა ადამიანების გადაკიდება ერთმანეთზე. მამა ორჯერ იყო ზვიადის თავდები და წარმოიდგინეთ, უცებ აღმოვჩნდით სხვა მხარეს... ეს აწყობდა რუსეთს...

ახლა კი პირდაპირ ლუსტრაცია ხდება, მაგრამ ცოტა ვართ ქართველები და არ მინდა, ასეთ დროსაც კი ვიღაც უკიდურესად გაისრისოს, მაგრამ ამ პირობებში ხომ ვერ მოახერებ ვერანაირი ლუსტრაციის კანონის მიღებას, თუ რეფორმა არ ჩაატარე და დამოუკიდებლად არ აქციე სასამართლო და პროკურატურა?!

ამიტომ, ყველას ვეუბნები ხოლმე, არც ერთი იმ ოპოზიციონერის არ დაიჯეროთ, რომელიც მოსვლას აპირებს და თავს არ იკლავს, რომ უპირველესად, მოხდეს სისტემური, სამართლებრივი პროკურატურა-სასამართლოს რეფორმა. ზოგი ოპოზიციონერის ცუღლუტური მოძრაობებიც მაღიზიანებს - თუ იბრძვი, გულწრფელად, ნაღდად უნდა იბრძოლო, როგორც იდეალისტმა. ამას ხალხი გრძნობს... რომ ვთქვი, ქუჩაში გამოვიდეთ-მეთქი, ატეხეს ქილიკი, აბა, ლეიბები და კარვებიო, მე უკან დახევა არ მიყვარს. თუ ხვდები, რომ ქვეყნის გადაბარება მიდის რუსეთზე, კეთილი უნდა ინებო და ქუჩა გააძლიერო, თუ არადა, ამასაც გრძნობს ხალხი და იმიტომაცაა, რომ გარეთ აღარ გამოდის! როცა იგრძნეს გულწრფელობა, ვნახეთ, რამდენი ადამიანი გამოვიდა. მაშინ სწორად გამოვიტანეთ მესიჯი გარეთ და გამოეფინნენ კიდეც ახალგაზრდები.

შოვის ტრაგედიაზე რომ ვთქვი, გამოვიდეთ-მეთქი, ახლა არ არის დროო, ერთმანეთს აჰყვნენ. პოლიტიკურმა ლუზერმა, ალეკო ელისაშვილმა როგორ უნდა აგაგდოს, ოპოზიცია რომ ხარ?! რას ჰქვია, არ გამოხვიდე?! იმას კი არ ვამბობ, რომ შოვის ტრაგედიის მაგვარი სხვაგან არ ხდება, მაგრამ ღამეაო!!! ვინ მოიფიქრა ეს, მაინტერესებს... თითქოს, ოპოზიციაშიც ერთმანეთის აზრის მძევლებად იქცევიან ხოლმე. ვერასდროს, ვერავინ მაქცევს რამე აზრის მძევლად. ერთი აზრი ვიცი - უნდა გამოვძვრეთ, უნდა მოხდეს ლუსტრაცია და საქართველოს 80%-ს რომ უნდა დასავლეთი, ოპოზიცია რომ ხარ, ე.ი. რაღაცას სწორად ვერ აკეთებ, რომ ეს ხალხი გარეთ გამოიყვანო. ქუჩამდე საქმე მივა, მელია იყო და ცვლიდა იმხელა აქციებს... ხალხი გრძნობს, რა არის ნამდვილი, გულწრფელი და გაუმარჯოს ამ გულწრფელ ხალხს! როცა საჭიროებას ხედავენ, გამოდიან...

- როდესაც რბილ დამოკიდებულებაზე საუბრობთ, სწირედ ამას გულისმხობს დეპოლარიზაციის პუნქტი ევროკავშირის დათქმიდან და ამიტომაა გულსატკენი, რასაც პროდასავლელი პარტნიორები ხედავენ - ხელჩართულ ჩხუბს პარლამენტში. თქვენი ხედვით, სად არის გადაკვეთის წერტილი, სადაც ყველა შეთანხმებას მოახერხებს, რათა პროცესი დეპოლარიზაციისკენ წავიდეს?

- შემთხვევით არ დავიწყე საუბარი სალომე ზურაბიშვილზე. ის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელსაც „ოცნება“ იყენებს სათავისოდ... სამომავლოდ, უეჭველად დამარცხდება რუსეთი და სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თავისთვისაც მოსწონს ეს პოზიცია, რასაც აჟღერებს, მაგრამ არაფერს აკეთებს და „ოცნებასაც“ მოსწონს მისი მოთამაშე, გაყვანილი დასავლეთში, რადგან როდესაც რუსეთი დიდ მარცხს იწვნევს, სჭირდება ადამიანი დასავლეთის გზაზე. დასანქცირება არავის უნდა, ძალიანაც ეშინიათ... ამიტომ, ჩემთვის გამოსავალია ეს - ქუჩაში უნდა გამოვიდეს ხალხი, რათა გათავისუფლდეს სიტემა. როგორც კი ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ გათავისუფლდეს და გახდეს დასავლური ტიპის სამართლებრივი სისტემა, იმ დღიდან, საქართველოში მოხდება გარდატეხა.

ქუჩაში გამოსვლა ამისთვის უნდა მოხდეს და არა იმისთვის, მოუგებელ ბრძოლაში ოპოზიცია წინასწარ იყოფს რაღაცებს. რას იყოფენ, რა არის გასაყოფი? რა მოგიგია, რომ? მილიონნახევარი დარჩა საქართველო და ესენი თავის პროცენტებს ითვლიან! იბრძოლე, რა, ნამუსიანად და სწორად! გამოსავალს ვხედავ სამართლებრივი სისტემის რეფორმებში.

 

 

ავტორი: თათია გოჩაძე