უვიზო რეჟიმი ჩინეთთან, ეკონომიკური ზრდა და სტიქია საქართველოში - რაზე ისაუბრა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2020 წელს მთელი ქვეყნის მშპ დაახლოებით 50 მილიარდი ლარი იყო, წელს 80 მილიარდ ლარამდეა, ბოლო სამ წელში, დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წელს მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო და ამდენივე იყო ლარში, ახლა კი 23 მლრდ დოლარია, და 22 მილიარდია ლარში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა გაათმაგებულია.

„ შედარებისთვის მინდა კიდევ ერთხელ მოვიყვანო, 2020 წელს მთელი ქვეყნის მშპ დაახლოებით 50 მილიარდი ლარი იყო. წელს -80 მილიარდ ლარამდეა. ანუ, ბოლო სამ წელში, დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 8000$ ზე გადის წლის ბოლოს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნახტომია. ამას სჭირდება შენარჩუნება, დაცვა და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. მე ამას წინათ გავაკეთე ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში კომენტარი და ვთქვი, რომ შედარებისთვის, 2012 წელს ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო თუ სწორედ მახსოვს 2 მილიარდ დოლარზე მეტი, დაახლოებით და ამდენივე ლარში. ახლა არის 23 მლრდ დოლარი, თუ არ ვცდები და 22 მილიარდი ლარში. გაათმაგებულია კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა. ხალხი მდიდრდება, ეს მაგას ნიშნავს, რომ ბიზნესი ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, იზრდება, ძლიერდება და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი, რაც დაიწყო ბატონმა ივანიშვილმა და გაგრძელდა, ბოლო 10 წელია ამ კურსს და ტრენდს მივყვებით და ვინარჩუნებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის თმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად საქართველოში პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნების მიხედვით მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან და ძირითადი ინვესტიცია ევროპიდან არის შემოსული.

„შარშან ჩვენ გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. ორ მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა შარშან. წელს მეგობრებო ასევე ძალიან კარგად დავიწყეთ წელი. მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 30%-იანი მატება გვაქვს, რამაც 505 მილიონი დოლარი შეადგინა მეორე კვარტალში. ჯამურად, პირველ ექვს თვეში, იანვარ-ივნისში, 1 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, რაც 10%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და თუ ამას შევადარებთ 2019 წელს, 88%-ით მეტია ეს მოცულობა.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვახარებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აქ პროგნოზირებადი გარემოა შექმნილი ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად. ინვესტორები დებენ ფულს საქართველოში. ენდობიან ამ გარემოს, რომელიც შექმნილია, ენდობიან სტაბილურობას, მდგრადობას და ზოგადად, პროგნოზირებადობას და ეს ძალიან სასიხარულოა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს შევახსენო და ყველას, ვინც სკეპტიკოსია - არაფერი არ იქნებოდა, არც ინვესტიციები, არც ეკონომიკური ზრდა, პირიქით, ვიქნებოდით მინუს 10 და უფრო მეტ პროცენტში, ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა მინუს 10%-იანი და პირიქით, გადინება მოხდებოდა კაპიტალის, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო აი ეს სამშობლო გაყიდული, არ მოვერიდები ამის თქმას, უპასუხისმგებლო აგენტები და სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ე.წ პოლიტიკოსები. ეს არის მთავარი სხვაობა. ჩვენ, რა თქმა უნდა ამას შევინარჩუნებთ. კიდევ უფრო მეტი ინტერესია ჩვენი, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს, ეს გაამყარებს ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ზოგადად, ძალიან კარგია, რომ მეტი ინვესტიციები იდება ეკონომიკაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნების მიხედვით მეორე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან. ევროპიდან არის შემოსული ძირითადი ინვესტიცია, ეს როგორც პირველ კვარტალში და ეს ძალიან გვახარებს, რომ შემოდის უცხოური კაპიტალი ქვეყანაში. ეს კიდევ და კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ სტაბილურობაა ქვეყანაში და ისინი ენდობიან ჩვენს მიერ შექმნილ კონკურენტულ, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოს, რომელიც ჩვენ შევქმენით ბოლო 10 წელია ბიზნესისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან. დღეს შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზოგადად, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამის თაობაზე გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა. ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. ჩვენ შარშან 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალი მივიღეთ, პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება, 4 და 4.5, ალბათ, სავარაუდოდ, ასეთი პროგნოზი გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, გვინდა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში. იცით, რომ მე ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა და ჩვენთვის, ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტების მოზიდვა, ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, რა თქმა უნდა, იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან. დღეს შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ და რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი და ზოგადად, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები, მთელს მსოფლიოში, ევროპაში, ამერიკაში, ყველგან. ასე რომ, ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც. მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც, ტურიზმზეც და ფრენების საკითხზეც. სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო ეფექტურობა ზოგადად ჩინეთის მთავრობის და მათი სისტემის. სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. ჩემი შეხვედრიდან პრემიერთან, დაახლოებით, 2-3 დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან. ჩვენ გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისები, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან და მეტი ტურისტი გვინდა, რომ ჩამოვიდეს, არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდეს მეტი ტურისტი, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტიპენდია გაორმაგდება და 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას.

„მინდა კიდევ ერთი დადებითი, პოზიტიური ინფორმაცია გავუზიარო ჩვენს სტუდენტებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი, მინდა გამოვყო ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი, ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ უკვე წლებია, ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება. ჩვენ 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან, ზოგი ბრუნდება, ზოგი არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან და ეს ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ, ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით.

მეორე მიმართულებით რაც გვაქვს, ეს არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფასება, მათი წახალისება ერთგვარი, სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500-ს სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან გახდება 300 ლარი თითოეულ სტუდენტზე და 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენი სტუდენტების. ეს კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს.

„მინდა კიდევ ერთ საკითხზე გავაცნო მოქალაქეებს ჩვენი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი სახის პრობლემა. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში. მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან და პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე.

ახლა მინდა განვმარტო თუ რას ვგულისხმობთ - ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362 მუხლებით ჩადენილ დანაშაულებებზე. ამნისტიის ფარგლებში, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. აქვე მინდა განვმარტო, რომ ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში, საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ექვივალენტური თანხის გადახდის გზით. მინდა ვთხოვო ბატონ რეზო ჯაველიძეს, მთავრობის სხდომის შემდეგ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს, თუ რას გულისხმობს აღნიშნული ამნისტია. ეს პროექტი გაკეთებული გვაქვს, ამ პროექტს გადავუგზავნით პარლამენტს და როგორც მოგახსენეთ, ამნისტია გაათავისუფლებს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს. ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიქმნა ამის შედეგად. ვინც დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, მათ შეეხებათ, თუ არ დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, ის გადაიხდის შესაბამისი ღირებულების თანხას და ამით მოგვარდება ეს საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, გურიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა და ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ყველას- თქვენ, ჩვენს საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ამ სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა 2 ახალგაზრდა ბავშვის სიცოცხლე და ერთი ხანდაზმული ქალბატონი შეეწირა. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას. მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა გურიაში დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განვმარტო, რომ სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში 15-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.

ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს თხოვნით მიმართა, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს.

 

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა გურიაში დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განვმარტო, რომ სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში 15.

დღეის მდგომარეობით ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა. სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი.

გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. აქვე მინდა თხოვნით მივმართო ამ ოჯახებს, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება. აუცილებელია მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ, მივმართავ ოჯახებს, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. ასევე გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროებში განთავსებულია 110 მოქალაქე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


 

პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო რვა ათასი აბონენტი. დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 ათასი აბონენტი, დღეის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე კი 200 აბონენტს აღუდგება დენი.

„ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების. აღდგენილია როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გადაადგილება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად სასმელი წყალი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას სრულად მიეწოდება უკვე.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო რვა ათასი აბონენტი. დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ხოლო ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 ათასი აბონენტი, დღეის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე 200 აბონენტს აღუდგება დენი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგიონებიდან მუნიციპალიტეტების და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 235 ოჯახს, პროცესი გაგრძელდება, სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.

 

„რეგიონებიდან მუნიციპალიტეტების და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი უკვე დაურიგდა 235 ოჯახს. პროცესი რა თქმა უნდა, გაგრძელდება. სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში დაუდგება ამ ოჯახებს. ჩვენ დავითვლით სტიქიის შედეგებს, ზიანს და მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, ვისაც ეს სტიქიური უბედურება შეეხო.

რაც შეეხება გაზს. სტიქიის პირველ დღეს ოზურგეთში და ლანჩხუთში გათიშული იყო 3627 აბონენტი. დღეის მდგომარეობით ბუნებრივი აირი არ აქვს 791 აბონენტს, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში. ამის შემდეგ უკვე კომპანია „სოკარი“ აღადგენს გაზის მიწოდებას.

ოზურგეთში და ლანჩხუთში სტიქიის შედეგად დაზიანებულია ჯამურად 100 ხიდი და მილხიდი. აი ეს მდგომარეობაა. მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, მაშველებს, ყველა კომპანიას და სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყვნენ, ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენი დეპუტატები, პარლამენტის წევრები, პარტიის ხელმძღვანელობა ადგილზე იყვნენ ჩასული, ასე რომ, ჩვენ მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ჩვენს ხალხს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.