როგორი წესით აირჩევა ახალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გადაყენების შემთხვევაში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ განაცხადა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის დაწყების მიზეზია ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამის უფლება არ მისცა. ზურაბიშვილი კი აცხადებს, რომ შეხვედრებზე გაემგზავრა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:


- იმპიჩმენტი არის კონსტიტუციური თანამდებობის პირების (გარდა პარლამენტის წევრებისა) თანამდებობრივი პოლიტიკურ-კონსტიტუციური პასუხისმგებლობის ფორმა. კონსტიტუციური ორგანოები ე.წ. ცენტრალური ხელისუფლების პირველი პირების პასუხისმგებლობას გულისხმობს, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თუ სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი ისევე, როგორც აუდიტის სამსახურის უფროსი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა...

რაც შეეხება პროცედურას, როგორც აღვნიშნე, პოლიტიკური პროცესია, რომელიც პარლამენტში იწყება და მთავრდება. მინიმუმ 50 პარლამენტარი იწყებს ამ პროცედურას, ასაბუთებს კონკრეტულ დარღვევას და დასაბუთებულ დოკუმენტს 50 ხელმოწერით გადაუგზავნის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. იმიტომ არის კონსტიტუციურად ასე გაწერილი, რომ ეს საკითხი პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იყოს, პარტიული გადაწყვეტილებები არ იქნას მიღებული და პარტიული ინტერესებით არ წარიმართოს სახელმწიფოებრივი პროცესი. სწორედ ამიტომ გადადის აპოლიტიკურ ორგანოში ეს საკითხი, უმაღლეს პროფესიულ ორგანოში.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, გადაცემიდან ერთ თვეში განიხილავს ამ საკითხს. პლენუმი ნიშნავს ცხრავე მოსამართლის სრულ შემადგენლობას, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში, დადებითი ან უარყოფითი დასკვნა უნდა გასცეს. დარღვევა რომ დადასტურებული იყოს, ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს მინიმუმ ექვსი წევრის მხარდაჭერა. თუ ასე არ მოხდა, ბუნებრივია, დასკვნა უარყოფითი იქნება და პროცედურა აღარ გაგრძელდება პარლამენტში, მაგრამ თუ დადებითი იქნება, პროცესი ბრუნდება პარლამენტში და შიდა ბიუროკრატიის გავლის შემდეგ, პარლამენტს საკითხი გააქვს პლენარულ სხდომაზე, რის შემდეგაც ეყრება კენჭი. თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭიროა პარლამენტის მინიმუმ 100 წევრის მხარდაჭერა. ამის შემდგომ, კონკრეტული თანამდებობის პირი, რომლის მიმართაც დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა, გადაყენებულად ითვლება.

- და თუ ასე მოხდა, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდება, ხომ?

- თუ პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, როგორც გაწერილია კონსტიტუციაში. ერთი სპეციფიკა აქვს ამ საკითხს კონსტიტუციაში - სალომე ზურაბიშვილი, პირდაპირი წესით არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტია და შესაბამისად, ამ ნაწილთან მიმართებაში, გარდამავალ დებულებებში, 2017 წლის კონსტიტუციური ცვლილების დროს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე განსხვავებული ჩანაწერი არ არის. ეს ნიშნავს მოცემულობას, რომლის მიხედვითაც, ხმოსნები შედგება პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრისგან და თვითმმართველობებში, პარტიული წესით არჩეული საკრებულოს წევრთა ნაწილისგან - სულ 300 ადამიანისგან შედგება ხმოსანთა კოლეგია და ისინი წარმართავენ ახალი პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების პროცედურას.

თუმცა, აქ არის ერთი კონსტიტუციური ხარვეზი - საქართველოს მოსახლეობას არც ეს პარლამენტი, არც უმაღლესი საბჭოები არ აურჩევია იმ მანდატით, რომ ამ ინსტიტუტებს მიეღოთ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში ანუ პოლიტიკურ-ელექტორალური ლეგიტიმაცია დღევანდელ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოებს არ აქვთ, განსხვავებით მომდევნოსგან, რადგან მომდევნო პარლამენტი თუ უმაღლესი საბჭო აირჩევა იმ მოდელში, რომ მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის არჩევაში.

ეს ნაკლოვანება იქნება, მაგრამ კონსტიტუცია არ უშვებს ხანგრძლივი ვადით სახელისუფლებო თანამდებობრივ წყვეტას. ამისთვის განსაზღვრულია 45 დღე და სწორედ ამიტომ არ შეიძლება, ეს ვადა დავივიწყოთ და ერთი წლის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარე ასრულებდეს პრეზიდენტის მოვალეობებსაც, რადგან სახელისუფლებო ლეგიტიმაცია მნიშვნელოვნად იქნება დასუსტებული.

- ბატონო ლევან, რა პრეცენდენტები გახსენდებათ პრეზიდენტების იმპიჩმენტისა და როგორ მოქმედებს ეს საკითხი სახელმწიფოს პრესტიჟზე?

- პრეზიდენტის იმპიჩმენტის სხვადასხვა პრეცენდენტები არსებულა, ოღონდ დღეს რაც საქართველომ დაიწყო, ასეთი არ არსებობს! შეგიძლიათ, მოიძიოთ, თუ სმენია ვინმეს, რომ ამ საფუძვლით, არათუ იმპიჩმენტამდე მისულიყო საქმე, არამედ, დაპირისპირება ყოფილიყო სადმე? - ასეთი, უბრალოდ, არ არსებობს და სამწუხაროა, რომ შეიძლება, საქართველომ შექმნას ეს პრეცენდენტი, როდესაც სტუდენტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას ეტყვიან, რომ ეს არის ყველაზე ცუდი მაგალითი, რადგან მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური ლოიალობისა, ირგვლივ გაჟღენთილი პარტიული პოლიტიკისა და იმის ალბათობა, რომ შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური ლოიალობის გამო, თავზე ნაცარი დაიყაროს და დაწეროს, რომ კი, დაარღვია რაღაც... ეს თავისთავად არ იქნება საქართველოსთვის კარგი. ეს იქნება ცუდი მაგალითი, როცა ყველა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიული დავალება შეასრულა და დაწერა ეს დოკუმენტი მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა ბოლომდე არ მიიყვანა პარტიამ, რომელმაც ეს დოკუმენტი დაუკვეთა ანუ ინსტიტუტებსა და ქართულ დემოკრატიას დააზიანებს ყველაფერი ეს არა მხოლოდ დღეს, არამედ, სამომავლოდაც. მეტი პასუხისმგებლობა რომ ჰქონდეს ყველას, მათ შორის ინიციატორებს, კარგი იქნებოდა. მათ ასე ადვილად წარმოუდგენიათ დაწყება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ერთი სიტყვა მოგვისმენია შინაარსზე? რომ თქვან, კონკრეტულად, რა დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა და დაასაბუთონ. ვერ დაასაბუთებენ, რადგან შეუძლებელია. ეს არ არის მხოლოდ კონსტიტუციის ფორმალური მითითება, აქ არის საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო სამართალი, რომელთაც ეს საკითხი უნდა განიხილონ. აი, აქ მეეჭვება, მათ შეძლონ წარმატებით დასაბუთება იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურს, ქვეყნის დატოვების დროს, სჭირდება მთავრობის თანხმობა, ან ისეთი შეხვედრების დროს, როდესაც სამართლებრივ შედეგს სახელმწიფოს მიმართ არ წარმოშობს.

მეტსაც გეტყვით, არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ ვენის კონვენცია, რომლის მონაწილეც საქართველო 1995 წლიდანაა. ვენის კონვენციაში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფოს მეთაურს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სპეციალური უფლებამოსილების მინიჭებისა და მიმნიჭებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში აქვთ სახელმწიფოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. საერთაშორისო სამართალი როდესაც ამას ამბობს, ჩვენს კონსტიტუციაზე ფორმალური მითითებით ხომ ვერ გავლენ მმართველი პარტია და ინიციატორები ფონს? იქვე ხომ უნდა თქვან, რომ რადგან საერთაშორისო სამართალი ამას ამბობს, რაღაც დაირღვა და მაშინ თქვან, რა დაირღვა!

მე შევაშველებ მაგალითს, თქვენი გაზეთის მეშვეობით - საერთაშორისო ურთიერთობები არ არის მხოლოდ ქვეყნის საზღვრებს გარეთ წარმოებული ურთიერთობები, ქვეყნის შიგნითაცაა და გასცენ პასუხი. ვსვამ კითხვას: მაგალითად, შარლ მიშელი ან გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში რომ ჩამოვიდეს და საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდეს შეხვედრა (რაც ქვეყნის გარეთ მოხდა, ის რომ ქვეყნის შიგნით მოხდეს), ამაზე მთავრობის თანხმობა სჭირდება სალომე ზურაბიშვილს, შტაინმაიერს ან მიშელს?.. სასაცილოა, უბრალოდ, ასეთი რაღაცები.

- რას ფიქრობთ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საკითხზე ეს თემა გავლენას მოახდენს?

- სამწუხაროდ, მხოლოდ ჩაიღიმებენ, მაგრამ ალბათობის ძალიან მაღალი ხარისხით არ ვფიქრობ, რომ შეძლებენ სანუკვარი მიზნის მიღწევას - ეგებ, ევროკავშირმა გააჩეროს ეს პროცესი. განსაკუთრებით, ოპტიმისტური ვარ შარლ მიშელის ერთ-ერთი ბოლო განცხადების შემდეგ, როცა მან ცალსახად თქვა, რომ საქართველო და მისი მოსახლეობა არის ევროპული, იმსახურებენ ევროპული ოჯახის წევრობას, ისინი მიიღებენ ამ ბილეთს ევროპულ საზოგადოებაში და შესაბამისად, ექნებათ ვალდებულებები შესასრულებელი.

შეიძლება, 12 პუნქტზე გაცილებით მეტი ვალდებულება მოგვცენ საახალწლოდ, ე.წ. საშინაო დავალება, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვისვეა მნიშვნელოვანი, მაგრამ ის, რომ უარი თქვან, ამის კომფორტს ევროპა და დასავლეთი რუსეთს არ მისცემს. შესაძლოა, ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს ხელისუფლება რუსულ თამაშს თამაშობდეს ამ ნაწილში - ეგებ, საქართველომ წაიფორხილოს და ამით რუსეთს საქირქილო მიეცეს, მაგრამ ევროპა საკმაოდ გამოიწრთო უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი, როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოსთან მიმართებაში და ამ კომფორტს რუსეთს არ შეუქმნიან... მაგრამ ეს როგორი სტატუსი იქნება და რა გვექნება სამომავლოდ გასაკეთებელი, ეს სხვა საკითხია. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპას, ეს უპირობოა და და ამას ჩვენ მივიღებთ!

 

ავტორი: თათია გოჩაძე