“რუსეთის ინტელიგენციამ ჩაისვარა” - დმიტრი გლუხოვსკი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ინტერვიუს ჩაწერამდე რამდენიმე დღით ადრე დმიტრი გლუხოვსკი რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ „შეგნებულად ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში და მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დაუსწრებლად.

რადიო თავისუფლება: ხომ არ გიპყრობთ უიმედობა თქვენი პროფესიის გამო, რომელიც დაკავშირებულია მაღალ ღირებულებებთან, სიკეთესთან და ა.შ. რუსი ხალხი კი ომს უჭერს მხარს.

დმიტრი გლუხოვსკი: ხალხისთვის არავის უკითხავს, ხალხს ხმა არ მიუცია ამისათვის, მას თავს მოახვიეს ეს ომი, რომელიც თავიდან ვლადიმირ პუტინის ტვინში მომწიფდა და რაზეც ის ერთპიროვნულად იყო პასუხისმგებელი, მაგრამ პუტინმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი პასუხისმგებლობა რაც შეიძლება მეტ ხალხზე გაევრცელებინა - ჯერ უახლოეს გარემოცვაზე, შემდეგ პარლამენტზე, ბიუროკრატიაზე, ჩინოვნიკებზე... ხალხს არ ჰკითხეს. ხალხმა გაიღვიძა ახალ რეალობაში და შემდეგ ამ რეალობიდან აღარ გამოუშვეს. ეს რეალობა შემოღობილია მავთულხლართებით, ხალხს სწრაფად აუხსნეს, რომ „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“; თუ მხარს არ უჭერ თავების მოკვეთას და ადამიანების ჭამას, მტერი გამოდიხარ, თუ მტერი ხარ, ე.ი. შესაჭმელთა რიგში მომდევნო ხარ... ამასთან ხალხი ძალიან ცუდად არის ინფორმირებული და არსებული საინფორმაციო ნაკადიდან ირჩევს იმას, რაც საშუალებას აძლევს კომფორტულად გააგრძელოს არსებობა „ლაგერად“ ქცევის გზაზე დამდგარ ქვეყანაში. ადამიანები ასე თუ ისე უფრო რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებენ, ვიდრე ემოციურს, ყოველ შემთხვევაში, როცა საუბარია თავის გადარჩენაზე. როცა ეუბნებიან, თუ იხმაურებ, სამსახურიდან გაგაგდებთ ან ციხეში ჩაგსვამთო, ადამიანები კომფორტის სასარგებლოდ აკეთებენ არჩევანს. როგორც ჩანს, ტოტალიტარიზმის გაძლიერების პირობებში ყოველთვის ასე იქცეოდნენ. არავის უნდა მარტო დაუპირისპირდეს ბევრად აღმატებულ ძალას. ადამიანს ურჩევნია როგორღაც გადააგოროს ცუდი დროება: რაღაცას მიესალმოს; რაღაცაზე თვალი დახუჭოს; წაუყრუოს, როცა ვინმეზე ძალადობენ... შეიძლება მხარიც დაუჭიროს, რათა რაღაც სოციალურ პაკეტს გამოკრას ხელი... ასეთი ვითარება, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მოსახლეობაზე, ცვლის მას.

რადიო თავისუფლება: ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ რუსულმა ინტელიგენციამ ჩაისვარა, შეეშინდა...

დმიტრი გლუხოვსკი: როცა ვთქვი, რუსეთის ინტელიგენციამ ჩაისვარა, არ მიგულისხმია მხოლოდ ის, რომ შეეშინდა. რუსულმა ინტელიგენციამ ვერ გაართვა თავი ისტორიულ მისიას, რომელიც თვითონ ჰქონდა მონიშნული - რაღაცნაირად გაანათლოს, დააყენოს ჭეშმარიტების გზაზე ხელისუფლების მიერ გამოთაყვანებული ხალხი, რადგან ინტელიგენციის ინფორმირებულობის ხარისხი აღემატება ჩინოვნიკების ინფორმირებულობის ხარისხს... ერთი სიტყვით, ინტელიგენციას კარგად ესმის, რა ხდება, ხალხს - შედარებით ნაკლებად. ხალხმა რაღაც იცის ფრაგმენტულად, რაღაცას ხვდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ადამიანები ტოტალურად დეზინფორმირებულები არიან. სახელმწიფო უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის, რომ ჩატოვოს ადამიანები რაღაც ილუზორულ ფსევდო-რეალობაში, რომელმაც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ყოველგვარი მოტივაცია უნდა დაუკარგოს ხალხს: აძლევს მას შემოღობილ ქვიშის სათამაშო მოედანს, სადაც შეუძლია გაერთოს და „გამოაცხოს“ ნეხვის კულიჩები და არ გაიხედოს პოლიტიკისკენ. ინტელიგენცია ამას ყველაფერს ხედავს, ხედავს ქვიშის სათამაშო მოედანსაც, მავთულხლართებსაც, კულიჩებსაც და იმასაც, რისგან კეთდება ეს კულიჩები და იმასაც, თუ ვინ ერეკება ხალხს ამ ქვიშის მოედნისკენ. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ინტელიგენციის სახელისუფლებო პროცესებში ინკორპორირებას. რაღაც აგარაკი მისცეს, თანამდებობაზე დანიშნოს, ფულზე შესვას... ეს არის სატანის მიერ შემოქმედებითი ადამიანის ცდუნების კლასიკური კაზუსი. რუსული ხელისუფლება, საბჭოთა კავშირისაც, წმინდა წყლის სატანაა, რომელიც არ ზრუნავს ხალხზე და, რომლის მთავარი ინტერესია ოქრო აქციოს ძალაუფლებად, ძალაუფლება ოქროდ და ვინც გზაზე გადაუდგება, გაანადგუროს. თავიდან მოისყიდოს ოქროთი, მაგრამ თუ არ გამოვა, გაანადგუროს. ინტელიგენციის ბრძოლის არსიც თითქოს ამაშია, წინ აღუდგეს ამ ცდუნებას, ესმოდეს რისკები, მაგრამ ამის მიუხედავად გამოიყვანოს ადამიანები ამ უიმედობიდან - ნეხვიანი ქვიშის მოედნიდან, უჩვენოს გზა, როგორ გადაძვრეს ღობეზე და როგორ იცხოვროს უკეთესად (ან უკეთესობის იმედით) თუნდაც მომავალმა თაობამ. აი, ამ მისიას ვერ გაართვა თავი ინტელიგენციამ, რადგან უარი თქვა ამ მისიაზე. რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებმაც გადაწყვიტეს იბრძოლონ და ილაპარაკონ სიმართლე, ალბათ რამდენიმე ათეულია. მეორე მხრივ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხელისუფლების მხარეს დადგნენ ამ ანტიჯვაროსნულ ომში, ისიც რამდენიმე ათეულია. ინტელიგენციის აბსოლუტური უმრავლესობა, მთელ ხალხთან ერთად, შემძვრალია სოროში..

რადიო თავისუფლება: ერთი წლის წინ თქვით, რომ არ გქონდათ პრეტენზიები იმ კოლეგებისა და მეგობრების მიმართ, რომლებიც ჩუმად იყვნენ. ახლა?

დიმიტრი გლუხოვსკი: ცოტა ვინმემ თუ დაიწყო ლაპარაკი. მაშინ გაუგებარი იყო რამდენად მასობრივი იქნებოდა რეპრესიები. ყველა ამ ადამიანზე ბატონობს შიში. ისინი თავიანთ პირად და საჯარო პოზიციებს აყალიბებენ ყველაფრის დაკარგვის შიშიდან გამომდინარე: ვიღაცას სამსახურის დაკარგვის ეშინია, ვიღაცას - თავისუფლების, ვიღაცას კი სიცოცხლისა, რადგან მობილიზაციის ელექტრონულ უწყებას მყისიერად შეუძლია ამის გაკეთება: როგორც კი მოგივა ელ. ფოსტით უწყება, ეგრევე ხვდები მობილიზებულთა რეესტრში, რაც ავტომატურად ნიშნავს შენთვის საზღვრის ჩაკეტვას. ეს ერთგვარი სასიკვდილო განაჩენია, რადგან შემდეგ შენ ხვდები ფრონტზე, სადაც ობიექტი ხარ და არ სუბიექტი, ნებისმიერ ადგილზე შეუძლიათ შეგაგდონ და რაც უნდათ ის გაგიკეთონ, შენზე ვერავინ ვერაფერს შეიტყობს. ფაქტობრივად საუბარია მობილიზაციით მასობრივი რეპრესიების მექანიზმის დაკანონებაზე, რომლითაც ერთი დაწკაპუნებით შესაძლებელია ნებისმიერი არასასურველი ადამიანის რეპრესირება. ამიტომ განკითხვის ნაცვლად, ვცილობ გავარკვიო, რა გრძნობებით ხელმძღვანელობენ ადამიანები. პრეტენზიები მაქვს არა იმათთან, ვინ ჩუმად არიან, არამედ ინტელიგენციასთან, რომელიც იჩემებდა ისტორიულ მისიას, რომ არ დაუშვებდა მსგავს ისტორიულ კატასტროფებსა და არაადამიანურ უსამართლობას, რომ ხალხზე იზრუნებდა და ა.შ. ამ ამოცანას ტოტალურად ვერ გაართვა თავი. მოიქცა როგორც ხორცი ხორცთაგანი თავისივე ხალხისა, რომელიც ჩირგვებში იმალება და ვერაფერს ხედავს, რომელსაც არაფერი ესმის, რომელიც თავს იმართლებს იმით, რომ ყველაფერი არაერთმნიშვნელოვანია, რომ მთელ სიმართლეზე ხელი არავის მიუწვდება და ა.შ.რადიო თავისუფლება: რამდენი ადამიანი უნდა მოკლას პუტინმა, 100 ათასი, 200 ათასი, 1 მლნ, 10 მლნ, რომ ადამიანი, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, მსახიობი კონსტანტინ ხაბენსკი, გამოვიდეს წითელ მოედანზე და თქვას: არა ომს, ეს უკვე წითელი ხაზია!

დმიტრი გლუხოვსკი: ადამიანების მკვლელობა მსხვერპლშეწირვასავითაა, ჰიპნოზივით მოქმედებს ფართო მასებზე... ხაბენსკი მსახიობია. მსახიობებმა არ უნდა "გამოიმუშაონ" აზრები, შინაარსები, მათ ასევე არ უნდა იცოდნენ სამყაროს მოწყობისა და შექმნილი რეალობის შესახებ იმაზე მეტი, რაც იციან საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა. დიახ, ისინი ქარიზმატულები არიან, მაგრამ მათი ტალანტი სხვაა. მიეცით ნებისმიერი სიტყვები, პუტინის ან დმიტრი ბიკოვის სიტყვები, ხაბენსკის ბაგეებიდან ისინი მეტად დამაჯერებელ ჟღერადობას შეიძენენ. მეტად დაუჯერებენ მას, ვიდრე საკუთრივ სიტყვების ავტორებს. რაც შეეხება მსხვერპლის საკმარის რაოდენობას. სტალინის დროს შევხედოთ... ეს არ მუშაობს პირდაპირ. თავისუფალ საზოგადოებაში ამას შესაძლოა გამოეწვია „ომისგან დაღლა“. ასეთი რამ გვინახავს ვიეტნამის ომის დროს ან ერაყის მაგალითზე, მაგრამ არათავისუფალ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა ამოატრიალო ვითარება ისე, რომ ყველა დაღუპული გმირად გამოაცხადო, ხოლო ყველა, ვინც ზედმეტს ლაპარაკობს - მოღალატედ. გარდა ამისა თვით სიკვდილის სიახლოვე იწვევს დემორალიზებას. ცხოვრობ მუდმივ შიშში და ამის გამო მეტად კონფორმისტი ხდები. უსაფრთხო გარემოში, საკუთარი ღირსების მქონე ადამიანს ბევრად მეტი შანსი აქვს ჰქონდეს დამოუკიდებელი, თავისუფალი აზროვნება, ვიდრე დაშინებულ და ყველაფრით სახელმწიფოზე დამოკიდებულ ადამიანს, რომელიც ერთი დაწკაპუნებით შეუძლია გაუშვას სახელმწიფომ ხორცსაკეპში. ასე რომ, ეფექტი იქნება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ. მოხდება რაღაც აფეთქების მაგვარი, მაგრამ არა იმის გამო, რომ უცბად ობივატელი შეწუხდება ომში ბევრი ადამიანის დახოცვის გამო. ობივატელმა რომ გაიგოს, ვიღაცამ ინფორმაცია და მიმდინარე მოვლენებზე განსხვავებული აზრი უნდა მიაწოდეს. ჩვენ ვიმყოფებით მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენი თაობა აქამდე არ ყოფილა. 2022 წლის სექტემბერში, როცა მობილიზაცია გამოცხადდა და 300 ათასი კაცი ჩაყარეს ხორცსაკეპში, ვიფიქრე, რომ ეს საკმარისი იქნებოდა. რაღაც აბსტრაქტული ტელეშოუ იქცა კონკრეტულ სინამდვილედ, იმად, რაც პირადად მას და მის ახლო წრეს ეხებოდა. მეგონა, ეს საკმარისი იქნებოდა გამოფხიზლებისთვის. გაირკვა, რომ მექანიზმი ასე პირდაპირ არ მუშაობს. ვინც ომში წავა, ის, რა თქმა უნდა, განიხიბლება, მაგრამ თუ დაიღუპება, ნათესავები მერე იამაყებენ მისით. ომის აუცილებლობისათვის ხალხის დამუშავება ხდებოდა მინიმუმ 2014 წლიდან. 10 წელი ქვეყანა ცხოვრობს წყვდიადში, გონზე მოსასვლელად და გამოსაფხიზლებლადაც ათწლეულები იქნება საჭირო. რადიო თავისუფლება: შეძლო პუტინმა 25 წლის განმავლობაში რუსი ადამიანის ქცევის მოდელის შეცვლა? ის აღარ არის ჰომო სოვეტიკუსი?

დმიტრი გლუხოვსკი: მეჩვენება, რომ ადამიანების ამგვარი ზიარება ფაშიზმთან (გარეგნული ნიშნებით მაინც) მთლიანობაში მუშაობს. ვხედავთ, რომ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს ომს, ვიდრე უჭერდა. ომის 1,5 წლითა და პროპაგანდის 10-წლიანი მოსამზადებელი სამუშაოებით, შედეგი იქნა მიღწეული. თუმცა ვფიქრობ, უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ყოველდღიური, ბუნებრივი ქცევა და საჯარო, დემონსტრაციული ქცევა პუბლიკის წინაშე. ადამიანები ახდენენ რაღაცის დემონსტრირებას, მაგრამ სინამდვილეში ასე ფიქრობენ თუ არა ისინი? არსებობს Russian Field-ის ცნობილი კვლევა, რომელიც ამბობს, რომ 10 გამოკითხულიდან 7 მხარს უჭერს ომს, მაგრამ 10-დან მხოლოდ 1 თანხმდება პასუხის გაცემას ანუ მხოლოდ 10 %-ია თანახმა გასცეს პასუხი დასმულ კითხვებს. 90 % სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს უპასუხოს შეკითხვებს.

რადიო თავისუფლება: ერთი ასეთი კითხვა: ადამიანი, რომელიც შეკითხვაზე, რა ვუყოთ უკრაინელებს, ამბობს: დავხოცოთ უკრები, გავჟუჟოთ ხახოლები, მოვკლათ ზელენსკი - ბარბაროსია თუ ლაპარაკობს იმას, რაც საჭიროა?

დმიტრი გლუხოვსკი: მგონია, რომ დიქტატურები და ტოტალიტარული რეჟიმები, რომლებიც ფსონს ჩამოდიან საზოგადოების გაყოფაზე - მემარცხენეებად - მემარჯვენეებად, კათოლიკეებად - პროტესტანტებად, ებრაელებად - არიელებად და ა.შ. - და აძლევენ უფლებას ერთ ჯგუფს იძალადოს მეორეზე, ისინი მართავენ არ მხოლოდ შიშით (დაისაჯო გაწეული წინააღმდეგობის გამო), არამედ ბოროტების იმ პოტენციალის გამოთავისუფლებითაც, რომელიც ყველა ადამიანშია. გადატანილი ტრავმები, დაგროვილი დამცირებები ადამიანის შიგნით კუმშავს ზამბარას, რომელიც ითხოვს გაშლას. და ამ დროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება საზოგადოების ერთი ჯგუფი, რომელსაც შეუძლია იძალადოს რომელიმე სხვა ჯგუფზე. ეს ბოშაა? დღეს გადავწვავთ ბოშებს! ებრაელია? ჰკა მაგას. გთავაზობენ დაუსჯელად ამოაფრქვიო მთელი დაგროვილი დამცირება და აგრესია ამ ჯგუფის მიმართ. დიდია ცდუნება გამოუშვა ეს ბოროტება. ეს არის ბოროტება, რომელსაც ვხედავთ ყოველ ადამიანში ჟანგიანი ფოლადის ზამბარის სახით. იმის მიხედვით, თუ როგორ სცემდნენ, როგორ ამცირებდნენ, რისი მოთმენა უწევდა, ეს ზამბარა შეიძლება იყოს წარმოუდგენელი სიძლიერის. ამ დროს მოდის ვიღაცა და გეუბნება, შესაძლოა ებრაელებმა, კავკასიელებმა და უკრაინელებმა შენ არაფერი დაგიშავეს, მაგრამ დამიჯერე, თქვენს უბედურებაში ყოველთვის სწორედ ესენი იყვნენ დამნაშავეები. გთავაზობს ასეთ თერაპიულ სტრატეგიას, რომელიც გათავისუფლებს ტკივილებისგან. დიქტატურა ათავისუფლებს ადამიანში დაგროვებულ ბოროტებას. ეს არის პიროვნული რევანში, რომელიც ერწყმის სოციალურ რევანშს. დიქტატურა აძლევს საშუალებას სულიერად მახინჯ ადამიანებს გამოავლინონ თავიანთი სიმახინჯე.

რადიო თავისუფლება: პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს წაართვა მომავლის იმედი, მილიონობით ადამიანი ჩააგდო სიღარიბეში, სანაცვლოდ შესთავაზა იმპერიული იდეა, ერთი ერის მეორეზე უპირატესობის იდეა, მათ შორის დასავლეთზე უპირატესობისა, მისცა ხელში იარაღი და ლატარია ომში მონაწილეობისთვის გადახდილი თანხის სახით. პუტინი გენიოსია?

დმიტრი გლუხოვსკი: ვაკვირდები რა მის ბოლო გამოსვლებს, მექმნება რაღაც დაბნეულობის შთაბეჭდილება. უყურებ და ფიქრობ, ნუთუ ეს ადამიანი, თავისი ჩაქირქილებებით, უცნაური ხუმრობებით, არაადეკვატური რეაქციებით, ნუთუ ადეკვატურია? ყველაზე მთავარი: ნუთუ მის გარემოცვაში მყოფი ადამიანები იმდენად არიან მასზე დამოკიდებული, რომ ვერ ხედავენ მის აბსოლუტურ არაადეკვატურობას? ეს ძალიან შემაშფოთებელი გრძნობაა. რადგან იმ ვიდეოებზეც კი, რომლებსაც კრემლის პრესსამსახური უშვებს, ვხედავთ ადამიანს, რომელსაც არ ესმის რეალობის, რომელიც ამახინჯებს სინამდვილეს და, რომელიც წვრილმანებში ავლენს თავის უცნაურობას, უგუნურებას, უუნარობას... ყველა ხედავს, რომ მეფე შიშველია. ზღაპარშიც ყველა - დიდგვაროვანი და მთელი ქალაქი, ბრწყინვალედ ხედავს მეფის სიშიშვლეს, მაგრამ სანამ მეფეს შეუძლია თავი მოჰკვეთოს ყველას, ვინც იტყვის, მეფე შიშველიაო, ბიჭუნას არავინ აუბამს მხარს. ..

რადიო თავისუფლება: გამოდის, პუტინი გენიალური სელექციონერია...

დმიტრი გლუხოვსკი: გარშემო შემოიკრიბა არარაობები, ყველაფრით მასზე დამოკიდებული ადამიანები, რომლებიც ტალახიდან ამოიყვანა და სოციალური კიბის თავში, ოლიმპოს მწვერვალზე დააყენა; ადამიანები რომლებიც მის გარეშე ყველაფერს დაკარგავენ. დრომ აჩვენა, რომ ეს საკადრო კონსტრუქცია, რომელიც პუტინმა აღმართა, უხარვეზოა. პრინციპში ასეთივე იყო ხროვა, რომელიც ჰიტლერს ჰყავდა შემოკრებილი, ცხოვრებაში ხელმოცარული, უნიჭო ადამიანები, მათ კარგად ესმოდათ, რომ ერთმანეთს უნდა დასდგომოდნენ გვერდში, რადგან იცოდნენ, რომ ჰიტლერის გარეშე ვერ გადარჩებოდნენ. აქაც დიდწილად მსგავსი ვითარებაა. მათ ესმით და ეშინიათ იმ მომენტის, როცა ყველაფერი ჩამოიშლება. ალბათ რაღაც ფარული სამზადისი უკვე აქვთ პუტინის შემდგომი პერიოდისათვის - როგორ უნდა გადარჩნენ, სად უნდა დამალონ თავიანთი ფული, რა სიტუაციური ალიანსები უნდა შექმნან და ა.შ. თუმცა ჩვენ ვხედავთ როგორ ებღაუჭებიან ისინი პუტინს მაშინ, როცა ცოტა უნდა შეშფოთებულიყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად ცდილობენ მისი ვარდნის მომენტის ყველანაირად გადავადებას.

რადიო თავისუფლება: ჰიტლერს გარემოცვაში ჰყავდა ელვარე ლიდერებიც. პუტინს სულ ნაცრისფრები ახვევია?

დმიტრი გლუხოვსკი: პროპაგანდა ძალიან ძლიერადაა აწყობილი. ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ხალხი ვინ პროპაგანდაზე აგებს პასუხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ვინც ტელევიზიებსა და ინტერნეტში ავრცელებს კრემლის პროპაგანდას, ნიჭიერი ხალხია, რომლებმაც სრულიად შეგნებულად მიჰყიდეს სული სატანას, რის სანაცვლოდაც სერიოზულ ანაზღაურებას იღებენ. ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვთ. რაც შეეხება სამხედრო საქმეს. ვხედავთ რომ ყველაფერი საშინელ (მადლობა ღმერთს) მდგომარეობაშია. მადლობა ღმერთს, სამჯერ პატარა ქვეყნისთვის ომის მოგება არ შეუძლიათ. რაც შეეხება სპეცსამსახურებსა და რეპრესიულ-სადამსჯელო მანქანას, აქაც ყველაფერი აწყობილია, გამოცდილება, რომელიც თაობიდან თაობას გადაცემა, შენარჩუნდა. ВЧКА, ОГПУ, НКВД, МГБ, КГБ, ФСБ - პრინციპში ერთი და იგივე საიდუმლო ორდენია, რომელიც ქვეყანას მართავდა და მართავს და, რომელიც ძალიან ეფექტიანია განსხვავებული აზრის დათრგუნვის, საზოგადოებრივი აზრის ლიდერების დევნის თვალსაზრისით... მოკლედ, რაღაცები კარგად მუშაობს. ეკონომიკა - საბაზრო ეკონომიკის სპეციალისტებისა და კვალიფიციური ფინანსისტების ძალისხმევით, ეკონომიკაც განაგრძობს ფუნქციობას, მაგრამ გასაგებია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანა, რომელიც შეზღუდულია შემოსავლებში და სწევს უზარმაზარ ზედმეტ ხარჯებს, ასე თუ ისე დაიწყებს შესუსტებას. საკითხავი მხოლოდ ისაა, რამდენად მკვეთრი იქნება ეკონომიკისა და ცხოვრების დონის ვარდნა.

წყარო: რადიო თავისუფლება