რა ხდება ენმ-ში - ინტერვიუ ირაკლი ფავლენიშვილთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„თუ გარუსების პროცესი ვერ შეჩერდა, სააკაშვილის პატიმრობა გაგრძელდება“

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე... მას შემდეგ, რაც საქმეზე „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი უთხრა, სააკაშვილის ადვოკატები სამართლებრივი არგუმენტების წარდგენას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გეგმავენ.

„ვერსია“ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრ ირაკლი ფავლენიშვილს ესაუბრა:

 - მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მთავარი სამართლებრივი გადაწყვეტილება დადგება მაშინ, როცა საქმის არსებითი განხილვა დასრულდება. სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხებოდა არა სააკაშვილის უფლებების შელახვას, არამედ, უშუალოდ ვარშავაში ჰუმანიტარულ ტრანსფერს და სტრასბურგის პრაქტიკაშიც ამის სულ ორი პრეცედენტი იყო. რა თქმა უნდა, უკეთესი მოლოდინი გვქონდა, სტრასბურგის სასამართლოს არსებით გადაწყვეტილებას კი უფრო დიდი იმედით ველოდებით.

- მკითხველისთვის განვმარტოთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ სასჯელთან დაკავშირებით, სტრასბურგში გაგზავნილია სარჩელი და ელოდებით არსებით განხილვას...

- დიახ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტის საქმეზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა უკვე არსებობს ბევრი საერთაშორისო პოლიტიკური დოკუმენტი, სადაც საუბარია მის წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე. ამიტომაც პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებათა ნაკლებობას ეს საქმე და თავად მიხეილ სააკაშვილი არ განიცდის.

- ახლა რა სტრატეგია აქვს პარტიას ანუ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის შესახებ, სხვა რა ალტერნატიული გეგმა არსებობს?

- შეუძლებელია, ფორმაში არმყოფი პარტიის პირობებში მოხდეს პრეზიდენტის ტყვეობიდან დახსნა. ამიტომ, მნიშვნელოვანია შიდაარჩევნები და ათასობით ადამიანი რეგისტრირდება რაიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარის არჩევნებზე, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია, რადგან ცოცხალი პოლიტიკური პროცესი პარტიაზე ყოველთვის დადებითად მოქმედებს. რაიონული ორგანიზაციების უფრო გაძლიერება და მეტი ადამიანის ჩართვა პარტიის საქმიანობაში ერთ-ერთი ინსტრუმენტია. საპროტესტო აქციები არასდროს შეგვიწყვეტია, ახლა ზეპარტიული კონსენსუსიცაა ბევრ სხვა საკითხზე, ბატონი სააკაშვილიც, ალბათ, ზოგად კონტექსტში განიხილავს, მათ შორის, გარუსების პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს „ოცნება“ და უპირისპირდება ხალხი. ეს მოიცავს მის პრობლემასაც ანუ თუ გარუსების პროცესი ვერ შეჩერდა, მისი პატიმრობა გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ოპტიმიზმი, არამედ, კონკრეტული ხედვა, გეგმა და ვთანამშრომლობთ სხვა პარტიებთანაც, რომ გარუსების პოლიტიკა შეჩერდეს.

- მაინც, რა გეგმა გაქვთ?

- ეს არის საპროტესტო აქციები, რომელსაც მალე იხილავს საზოგადოება. ჩვენ ვნახეთ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მაქსიმალური გაერთიანება, მარტის აქციები საკმაოდ წარმატებულად დაგვირგვინდა შედეგის თვალსაზირისით. მსგავსი ტიპის საპროტესტო აქციები იქნება, გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, იმ „სვეტების“ სანქცირებაზე, რომლებზეც დგას ოლიგარქიული რეჟიმი. სასამართლო კლანის წარმომადგენლები დასანქცირდნენ და ეს პროცესი გაგრძელებადია... ანუ ბრძოლის საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ინსტრუმენტი გვაქვს...

- რუსეთის მიერ უვიზო რეჟიმის შემოღების გამო, იგეგმება მასშტაბური აქციები მარტის მოვლენების მსგავსად?

- სანამ ზუსტად არ დაიგეგმება აქტივობა, მსგავსი განცხადებებისგან თავს შევიკავებ. ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ კონსულტაციის ფარგლებში აქტიურად მიდის საუბარი საპროტესტო აქციებზე.

- სხვათა შორის, შიდაპარტიული არჩევნების შეწყვეტისკენ მოგიწოდათ ნიკა მელიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ რაიონული არჩევნები ახლა ასუსტებს პარტიას...

- პოლიტიკური პროცესი თუ კვდება, ეს პარტიაზე კარგად არ აისახება. რაც უნდა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგას პარტია, პოლიტიკური პროცესის შეჩერება ნიშნავს, რომ პარტია ატროფირებას განიცდის და თუ შიდაპარტიულ დემოკრატიას ვინმე საფრთხედ აღიქვამს, ეს შეცდომაა.

- ნიკა მელია ღიად აკრიტიკებს პარტიის ახლანდელ „ლიდერშიფს“ სააკაშვილთან დაკავშირებით უმოქმედობის გამოც, თუ მე მაკრიტიკებდით, თქვენ რატომ ვერ იხსნით სააკაშვილს ციხიდანო... რას უპასუხებთ?

- ნიკა მელიას მიმართ, ამ კუთხით, მე პირადად არასდროს გამომითქვამს პრეტენზია. ეს, უბრალოდ, პროპაგანდისტული გზავნილია, რომ თითქოს მთავარი უკმაყოფილების საგანი იყო სააკაშვილის პატიმრობიდან ვერგამოხსნა. მთავარი პრობლემა იყო, რომ პარტიაში არ ჩანდა პოლიტიკური პროცესი და საჭირო იყო განახლება, რასაც გრძნობდა ბევრი ადამიანი და ეს დამტკიცდა ყველა დონეზე. რაც შეეხება მისი და მისი გუნდის განცხადებებს, სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო დღის წესრიგი ვერ დაამარცხეს, რომელიც ამ შოდაარჩევნებში მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

- პარტიის პოლიტიკური აქტიურობა ახლა რაში გამოიხატება? შეიძლება, გარედან არ ჩანს და იქნებ, თქვენ თქვათ...

- ვამბობ, რომ სათანადოდ აქტიური არ იყო პარტია.

- ჰოდა, რა იყო არასწორი და რა ხდება ახლა სწორად?

- ოფისები გაიხსნა რეგიონებში, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის პრობლემა იყო. ბევრი ადამიანი იყო დარჩენილი ინფრატსრუქტურის გარეშე. მაგალითად, ჩემთვის პრობლემა იყო, რომ... მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე როცაა საუბარი, პრობლემა ის კი არ იყო, რომ მისი გამოხსნა ვერ ხდებოდა, არამედ ის, რომ როგორც ჩვენგან ისმის - „ჩვენ ვართ მიხეილ სააკაშვილის პარტია“ - ეს რიტორიკა არ იყო წინა პერიოდში ისე აქტიურად თავმჯდომარის მხრიდან. მიხეილ სააკაშვილის პარტიაა, თავმჯდომარე იყო წლების მანძილზე და მერე ამომრჩეველმა ისურვა სხვა თავმჯდომარედ. სულ რომ ნიკა მელია ყოფილიყო უფრო ძლიერი თავმჯდომარე და წასულიყო, ეს პრობლემა არ იქნებოდა, რადგან ნაცმოძრაობას ჰყოლია ბევრი თავმჯდომარე და მუდმივად იცვლებიან თავმჯდომარეები, ამიტომაც პრობლემა ეს კი არ არის...

- ბატონო ირაკლი, რაზეც ახლა საუბრობთ, არ მიუთითებს არაფორმალურ მმართველობაზე, რის გამოც აკრიტიკებთ სახელისუფლებო პარტიას? იმას გულისხმობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, მთავარია, რომ სააკაშვილის არის პარტია?

- არასწორად აღიქვით ფრაზა „მიხეილ სააკაშვილის პარტია“. ეს არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, რადგან ახლა საერთოდ არ არის ჩართული პარტიულ გადაწყვეტილებების მიღებაში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. უბრალოდ, სააკაშვილის პარტია ნიშნავს, რომ ეს პარტია არის მის იდეებსა და მემკვიდრეობაზე დაფუძნებული. ეს იდეები და მემკვიდრეობა კი იმდენად ძლიერია, რომ კონკრეტული პერსონები არ წარმოადგენენ ე.წ. game changer-ის ტიპის აქტორებს. შეიძლება არსებობს პარტია, სადაც თავმჯდომარე რომ წავიდეს, შეიძლება პარტიაში სერიოზული პრობლემები მოხდეს, ხოლო ნაციონალური მოძრაობა უკავშირდება კონკრეტულ ადამიანს გამომდინარე იქიდან, რომ ეფუძნება მის პოლიტიკურ დოქტრინას, მემკვიდრეობას, მათ შორის, ცხრაწლიანი მმართველობის დროს გატარებულ რეფორმებს. ამიტომაც, ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარეებს ელექტორალურადაც არ აქვთ იმხელა მნიშვნელობა და ეს არაფორმალურ გავლენაზე არ მიუთითებს. ეს ნაციონალური მოძრაობის არსია, იმიტომაც ვერ მოხერხდა ამ პარტიის დამარცხება, რომ ყოფილა თავმჯდომარე, რომელიც წავიდა პარტიიდან, ყოფილან მენეჯმენტის წევრები, რომლებმაც სხვა პარტია დააარსეს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას კვლავინდებურად ჰყავს დიდი ელექტორატი და ვერავინ ახერხებს მის დაშლას. ამის მიზეზი ისაა, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის იდეების პარტია და კონკრეტული პერსონალიები არ არიან იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონენი.

- როგორ ფიქრობთ, მაინც სადამდე მივა ეს შიდაპარტიული დაპირისპირება და გამოსავალს სად ხედავთ?

- შიდაპარტიულ დაპირისპირებას არ აქვს იმხელა გავლენა, რომ ამის გამო გადაულახავი პრობლემები შექმნას. შიდაპარტიულ დაპირისპირებაში არიან კონკრეტული ადამიანები ანუ არასწორი ტერმინია „გაიხლიჩა პარტია“... ეს ხალხი ვერ გაიხლიჩებოდა სულ რომ მაგალითად, აქეთ მხარეს ხაბეიშვილი ყოფილიყო და იქით - მელია იმ მსჯელობიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრე მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან დაკავშირებით. უბრალოდ, პრობლემებია იმ მხრივ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს ვერ ივიწყებენ. იგივე მესიჯები აქვთ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდათ და ეს მათთვის იქნება წამგებიანი ზოგად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე დანარჩენი პარტიისთვის. შეიძლება, ეს იმიჯის თვალსაზრისით აზიანებდეს პარტიას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს პოლიტიკური დღის წესრიგი არ იქნება ეფექტიანი და წარმატებული. როცა ხარ ოპოზიციონერი და შენი დღის წესრიგი მიმართულია არა მმართველი გუნდის წინააღმდეგ, არამედ, შიდაპარტიული დაპირისპირების აქტორებზე, რომლებიც არც არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესში... ეს ბრალდებები, „რუსული ოცნების“ ნარატივის გამეორება, წინასაარჩევნო პოლიტიკური დღის წესრიგის ტყვეობა არის გამაერთიანებელი „ოცნების“ ნარატივსა და მესიჯებთან - ეს მათთვის არის პრობლემა. ვისურვებდი, რომ ამ წინასაარჩევნო შოკიდან გამოსულიყვნენ და მათთვისვე სწორი დღის წესრიგი აერჩიათ.

- ფიქრობთ, რომ მათ უნდა დატოვონ პარტია?

- არა, პარტიის დატოვებაზე არაა საუბარი. არავის გარიცხვას არ ვაპირებთ, ეს არაერთხელ ითქვა ჩვენი მხრიდან, უბრალოდ, ადამიანი, რომელიც პარტიას თავს ესხმის, შეუძლებელია, აღიქვა პარტიის სრულუფლებიან წევრად იმ მხრივ, რომ თუ პარტიის წევრი ხარ, მის დღის წესრიგსა და იდეებს უნდა იზიარებდე. ხოლო თუ გგონია, რომ ეს პარტია არის მიუღებელი, ამორალური, პოლიტიკურად არასწორი, ამ პარტიის წევრობაც ალოგიკური გამოდის, მათივე ლოგიკიდან გამომდინარე.