„გუდბაი, გრიშა!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვისთან ჰქონდა ენმ-ში კონფლიქტი და როგორ გახდა სააკაშვილის „ლუბიმჩიკი" _ რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი გრიგოლ ვაშაძის დოსიედან

ის პოლიტიკური ცხოველია... ავანტიურისტიცაა და არავინ იცის, როდის რას გააკეთებს, მაგრამ მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ თანაგუნდელებისა და თანამებრძოლების არჩევაშერჩევა მისი ძლიერი მხარე არაა. ეს შეფასება, შესაძლოა, ვინმეს გადამეტებულად მოეჩვენოს, მაგრამ თუნდაც ბოლო ფაქტი ანუ გრიგოლ ვაშაძის მიერ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და, საერთოდ, პარტიის დატოვება ამის ნათელი მაგალითია. დიახ, გრიგოლ ვაშაძე ანუ როგორც „ოცნებელები“ ეძახდნენ, „შტაბკვარტირა“
(მას მერე, რაც ექსმმართველი პარტია დატოვა, „ოცნებელებს“ გრიგოლ ვაშაძე შეუყვარდათ. ყოველ შემთხვევაში, „შტაბკვარტირას“ აღარ ეძახიან და მის განცხადებასაც სოციალურ ქსელში, სულ „გულებით“ აზიარებენ) პირველი არაა, ვინც მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნა. „დიდი გამიჯვნის“ დრამა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა „ნაციონალებისგან“ გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და მიშას სხვა პოლიტიკური დაძმები გაიქცნენ. აი, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გრ. ვაშაძის აღმასვლა ყოფილ მმართველ პარტიაში და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ეს ბატონი, ჯერ ენმ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, შემდეგ კი ხელი პარტიის თავმჯდომარეობასაც გამოჰკრა.

ერთი სიტყვით, გრ. ვაშაძეში, ლამის მიხეილი განსხეულდა, მაგრამ ეს „ზღაპარი“ ძალიან სევდიანად დამთავრდა _ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ენმ ერთობ სკანდალურად, უფრო სწორად, ჩუმად დატოვა _ ირკვევა, მისი გადაწყვეტილების შესახებ ნაციონალურ მოძრაობაში იმ წუთამდე, სანამ ვაშაძე სოციალურ ქსლეში განცხადებას არ გამოაქვეყნებდა, არავინ არაფერი იცოდა.

„მე გადავწყვიტე, დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, მაგრამ არის ფაქტები, რომლებსაც მე კატეგორიულად ვერ შევეგუები. არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ, პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე რჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე. წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოსდა, ჩავაბარეთ წარსულს და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ  გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას. ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს! პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში, მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ. ჩემთვის უმცირესობაში ან საერთოდ მარტო დარჩენა პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მე არ შემიძლია ვიყო იქ, სადაც ვერ ვხედავ შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას და სურვილს. შეიძლება ვცდები. მივენდოთ მომავალს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალი ძალიან მალე განგვსჯის. უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან _ არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა. არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქ-შოუებში მონაწილეობას. პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით და ვუსურვებ მათ, ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის!“ _ ვკითხულობთ დიპლომატის განცხადებაში, სადაც ერთ-ერთი, ყველაზე საინტერესო შემდეგი ფრაზაა _ „პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოსდა, ჩავაბარეთ წარსულს“

ვისზე გააკეთა მინიშნება გრ. ვაშაძემ? _ ამის შესახებ ხმამაღლა, ჯერჯერობით, არავინ საუბრობს, თუმცა კულუარებში ყველამ იცის, რომ ყოფილ მმართველ პარტიაში შიდა დაძაბულობა კარგა ხნის წინ, კერძოდ, მაშინ დაიწყო, როცა პატიმრობიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი ენმში არაოფიციალურად დაბრუნდა. დიახ, კულუარებში ყველამ იცის, რომ მიშას შექმნილ პარტიაში რამდენიმე კლანი არსებობს, რომელთაგან ყველაზე გავლენიანი, სწორედ მერაბიშვილის დაჯგუფებაა. სხვათა შორის, ის ხმაც დადის, რომ ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა მოახერხა და სააკაშვილს ყველა ის ადამიანი ჩამოაცილა, რომელსაც ექსპრეზიდენტი ბოლო წლებში ეყრდნობოდა. აი, მაგალითად, საუბარია ნიკა  მელიაზე, იგივე გრიგოლ ვაშაძესა და სხვებზე. ამასთან, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ საკუთარი კლანი ვაშაძემაც შექმნა და მისი მთავარი დასაყრდენები სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა გახდნენ.თუ ამ კულუარულ ვერსიებს გავყვებით, მაშინ შესაძლოა, დავუშვათ, რომ ვაშაძემ ენმ-დან წასვლის გადაწყვეტილება, სწორედ შიდა პარტიულ-კლანური დაპირისპირების გამო მიიღო. ისე, ექსმმართველი პარტიისთვის არც შიდა კლანური ომებია უცხო. ჰოდა, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ გრ. ვაშაძეც, სწორედ ამ ომების მსხვერპლი გახდა? საერთოდ, თუ უფრი სიღრმეში წავალთ, თავიდანვე უცნაური იყო გრ. ვაშაძის მიხეილ სააკაშვილთან დაახლოება. რატომ? _ იმიტომ, რომ ექსპრეზიდენტი, უჩემოდაც ძალიანკარგად იცით, ულტრაპროდასავლელია. ვაშაძის მთელი კარიერა კი ჩრდილოეთს უკავშირდება. სხვათა შორის, ორი წლის წინ, ესე იგი, 2018 წელს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ ვაშაძის ერთგვარი დოსიე გამოაქვეყნა, სადაც სიტყვა-სიტყვით ნათქვამია: „გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წელს, საბჭოთა საქართველოში ცნობილი პარტიული მუშაკის, მაშინ ასე ერქვათ, ნოდარ ვაშაძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის №61 სკოლაში. 1975 წელს, იმ პერიოდში ჭიათურის კომიტეტის მდივნის პოსტზე მყოფი მამის დახმარებით, გრიგოლი გადასახლდა მოსკოვში და მოეწყო საბჭოთა კავშირის ყველაზე სოლიდურ МГИМО-ს უნივერსიტეტში. ეს უნივერსიტეტი ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა პარტიული ნომენკლატურისა და დიპლომატიური კორპუსის, როგორც მაშინ ამბობდნენ, სამჭედლო. МГИМО-ში მოხვედრას სჭირდებოდა დიდი კავშირები, რომლებიც ჰქონდა ვაშაძის მამას. 1976 წელს, გრიგოლ ვაშაძის მამა დაინიშნა საბჭოთა საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრად, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ახალგაზრდას წარმატების შანსები, თუმცა სწრაფი კარიერული წინსვლისთვის მხოლოდ პრესტიჟული საბჭოთა სასწავლებელი არ იყო საკმარისი, საჭირო იყო შესაბამისი რანგის საახლობლოც. 1978 წელს, გრიგოლ ვაშაძემ ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი, ნატაშა ალხიმოვა. საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძე უკვე თანამდებობაზე მეტს ნიშნავდა. საქართველოში ისედაც პრივილეგირებული ოჯახის დანათესავებამ ალხიმოვთან, გააძლიერა მინისტრ ნოდარ ვაშაძის პოზიციებიც. გრიგოლმა მეუღლე, ნატაშა საქართველოში ჩამოიყვანა სტუმრად. საბჭოთა კგბ-ს ქართულმა დანაყოფმა მათ შესაბამისი დახვედრაც მოუწყვეს. 1981 წელს, გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა МГИМО და გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჯერ უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანხმლებად, შემდეგ კი ბევრად სერიოზულ მიმართულებაზე _ კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით. ბირთვული შეიარაღების თემებში, საბჭოთა კავშირი მხოლოდ სრულიად სანდო კადრებს რთავდა. ვაშაძის სიმამრი, ვლადიმირ ალხიმოვი იყო ავტორიტეტული და ამავდროულად, მოწესრიგებული ადამიანი, მას ძალიან უყვარდა უმცროსი ქალიშვილი და სურდა, რომ ქალიშვილის ოჯახს სწრაფად მიეღწია გავლენისა და წარმატებისთვის, შესაბამისად, საჭირო იყო სიძეზე ზრუნვა, მით უმეტეს, რომ 1983 წელს, საბჭოთა საქართველოში, ვაშაძის მამა დაინიშნა საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრად. ყველა წინაპირობა იყო, რომ ამგვარ სანათესაო გარემოცვაში, გრიგოლს დიდი მომავალი ჰქონოდა საბჭოთა რუსეთში, მაგრამ ვაშაძის კარიერული აღმასვლა შეფერხდა... 1988 წელს, გრიგოლ ვაშაძის მამა მინისტრობიდან გადაიყვანეს კასპის ცემენტის ქარხნის დირექტორად, თავად გრიგოლი კი გადავიდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად.  1991 წელს, საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვაშაძემ და ანანიაშვილმა საბჭოთა პასპორტები შეცვალეს რუსეთის მოქალაქეობით... 2001 წელს, პუტინმა ნინო ანანიაშვილი დააჯილდოვა ორდენით _ „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“. იმავე პერიოდში, ოჯახმა გადაწყვიტა, რუსეთის გარდა, საქართველოშიც წამოეწყოთ ბიზნესი, ამჯერად მეღვინეობის მიმართულებით. დაარსდა კომპანია „გრეგორი ვაშაძე & ბრ“, თუმცა ბიზნესმა ვერ გაამართლა. სამაგიეროდ, გაამართლა ოჯახის დამეგობრებამ სააკაშვილთან. სააკაშვილი დათანხმდა რუსეთის მოქალაქე ანანიაშვილისთვის გადაეცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“, რომელშიც ბალერინას საბალეტო სკოლის გახსნა უნდოდა, სამაგიეროდ ანანიაშვილიც და ვაშაძეც რუსეთის
მოქალაქეობის შენარჩუნების პირობით, გვერდში დაუდგებოდნენ სააკაშვილს. „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ გასხვისების გადაწყვეტილებას საზოგადოების იმდენად დიდი პროტესტი მოჰყვა, რომ მას ვერ უშველა ვერც მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ და ვერც _ პრეზიდენტის პიარმანქანამ. თემა გაჩერდა, 7000-მა ბავშვმა შეინარჩუნა „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე“. ნინო ანანიაშვილი კი იმდენად განაწყენდა, რომ მზად იყო, საქართველოდან უკან, რუსეთში დაბრუნებულიყო. სააკაშვილმა დაძაბულობა განმუხტა და 2005 წელს, ანანიაშვილს ჩააბარა ოპერისა და ბალეტის თეატრი, გრიგოლ ვაშაძეს კი _ საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტი. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში, სააკაშვილი კვლავ ცდილობდა მეგობრობას პუტინთან (მისი პირველი ვიზიტი პრეზიდენტის რანგში, სწორედ მოსკოვში განხორციელდა) და რუსეთის მოქალაქისთვის, რუსეთის დეპარტამენტის
ჩაბარება იყო გარკვეული რევერანსიც პუტინისთვის. 

2006 წელს, ნინო ანანიაშვილმა სააკაშვილის შვილი მონათლა. ვაშაძეს უკვე მესამედ მიეცა შანსი, სწრაფი კარიერული წინსვლა ბოლომდე მიეყვანა, მაგრამ სააკაშვილმა და პუტინმა საერთო ენა ვერ გამონახეს. აგვისტოს ომს რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე (2008 წლის თებერვლიდან), თუმცა ომის შემდეგ, 2008 წლის ნოემბერში, ვაშაძე დაინიშნა ჯერ საქართველოს კულტურის მინისტრად, ხოლო ერთ თვეში, სააკაშვილმა მას საგარეო უწყება ჩააბარა. ოცნება ასრულდა, რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთისგან ოკუპირებული ქვეყნის პირველი დიპლომატი.

„მე რუსეთის მოქალაქე ვარ და არა _ რუსეთის მთავრობის მოქალაქე, მთავრობა წავა და რუსეთი დარჩება!“ _ ასეთი არგუმენტით ისტუმრებდა დიპლომატი ჟურნალისტებს მანამ, სანამ ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის შემოდგომაზე, რუსეთის დუმის წევრმა, ბაგდასაროვმა არ დასვა საკითხი _ რატომ აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის პასპორტიო. შესაძლოა, ბაგდასაროვმა არ იცოდა, რომ ვაშაძეს მისგან განსხვავებით, დაშვება ჰქონდა საბჭოთა ბირთვულ შეიარაღებაზე და შესაბამისად, მას ისედაც კარგად იცნობდნენ კრემლში.
პუტინის პარტია „ედინაია როსიამ“ წაუყრუა და არ დაუჭირა მხარი ბაგდასაროვის პრეტენზიას, თუმცა რამდენიმე დღეში, ვაშაძემ მაინც გაუგზავნა რუსეთის პასპორტი რუსეთის პრეზიდენტს. უცნაურია, რატომ არ იყო საკმარისი ვაშაძისთვის ქართული საზოგადოების უკმაყოფილება მისი რუსული პასპორტით და რატომ გახდა საკმარისი რუსეთის დუმა,
თუმცა პასპორტის დათმობის მუხედავად, ვაშაძე არ მალავდა, რომ ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობებს რუსეთის საგარეო უწყების მაღალჩინოსნებთან. გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ინარჩუნებდა სააკაშვილის რეჟიმის დასრულებამდე“. 

სხვათა შორის, გრ. ვაშაძე თავის საბჭოთა წარსულზე თითქმის არასოდეს საუბრობს და მუდმივად იმით აპელირებს, რომ მისი არჩევანი დასავლეთია. ამასთან, მას ისიც არსად
და არასოდეს უხსენებია, რომ ოდესღაც, საბჭოთა ბირთვული შეიარაღების თემებთან ჰქონდა წვდომა, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, ვაშაძე საკუთარი წარსულიდან რას მალავს და რას _
არა. როგორც იტყვიან, არსებობს არქივი, რომელშიც ბევრი რამაა შენახული. ასე, მაგალითად, ორი წლის წინ, როგორც მაშინ „ტვ იმედი“ იუწყებოდა, სოციალური ქსელში გამოჩნდა
2012 წლის ინტერვიუ, რომელიც გრ. ვაშაძემ ღთVI -ს მისცა. ინტერვიუში ვაშაძე ამბობს, რომ ის რუსული კულტურის ნაწილია, რუსული კი, ქართულთან ერთად, მისი მშობლიური ენაა.
ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, ვაშაძის საარჩევნო კამპანიას კრემლის წარმომადგენელი, ვიტალი შკრიალოვი ხელმძღვანელობსო საერთოდ, მას შემდეგ, რაც აქტიურ პოლიტიკაშია, გრ. ვაშაძე სკანდალში არაერთხელ გაეხვა. აი, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ერთ-ერთი გამოსვლისას წამოსცდა _ „შტაბკვარტირა“. ამასთან, ცნობილია, რომ გრ. ვაშაძე განსაკუთრებული აგრესიითა და უხეშობით გამოირჩევა ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, მედიის იმ
წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ენმ-ს პოზიციებს არ იზიარებენ არის თუ არა გრ. ვაშაძე ოპოზიციისთვის დანაკარგი? _ ოდით, ამ თემაზე არ ვიკამათოთ, რადგან ბატონ ვაშაძეს, როგორც თვითმყოფად პოლიტიკოსს, ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც არ მიუღია ანუ ის შესაძლოა, კარგი დიპლომატია, მაგრამ როგორც კარგ პოლიტიკოსზე საუბარი გაგვიჭირდება. კი ბატონო, საპრეზიდენტო არჩევნებში მან მაღალი შედეგი „დადო“, მაგრამ ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ ყოფილა _ „ნაცმოძრაობა“ ხომ ერთგვარი პოლიტიკური სექტაა, სექტა, რომლის წევრებიც მზად არიან, ბელადისთვის ტანკსაც შეუვარდნენ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ორი წლის წინ, ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ წევრებსა და აქტივისტებს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილმა, ესე იგი, ბელადმა შესთავაზა. ამიტომ, „ნაცებიც“ მიშას ენდნენ, თორემ გრიგოლ ვაშაძეს ავტონომიურად რომ ეთქვა, აი, პრეზიდენტობას ვგეგმავო, უბრალოდ, დასცინებდნენ. 

მოკლედ, ასეა თუ ისე, ვაშაძე საქართველოს უახლეს ისტორიაში, მინიმუმ, ისე მაინც შევა, როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ნაღმის ამფეთქებელი. რომელი ნაღმისო? _ ცხადია, იკითხავთ. რომელის და, როგორც „ვერსიას“ უყვებიან, ვაშაძის გზას, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე „ნაცმოელი“ დაადგეს და მეტიც, ისინი, შესაძლოა, პარლამენტშიც შევიდნენ.
ამასთან, ის კულაურული ხმაც უნდა გამოვამზეუროთ, რომლის თანახმადაც, გრ. ვაშაძემ, თითქოს სახელისუფლებო ზეწოლას თუ მატერიალურ ცდუნებას ვერ გაუძლო. ცხადია,
ამ ხმის დამტკიცება არავის შეუძლია, მაგრამ იგივე ცეზარ ჩოჩელმა, რომელიც ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის წევრია, „ტვ პირველის“ ეთერში, გრ. ვაშაძეზე ზეწოლა არ გამორიცხა.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობაში“ არსებულ კლანურ ბრძოლას, ეს პროცესი, შესაძლოა, კიდევ უფრო საინტერესოდ გაგრძელდეს ანუ უკვე დაიწყო იმაზე მსჯელობა, თუ ვინ გახდება ენმ-ს ახალი თავმჯდომარე. სხვადასხვა წყარო რამდენიმე კანდიდატს ასახელებს, მათ შორის, ვანო მერაბიშვილს, კობა ნაყოფიას, ლევან ვარშალომიძეს... ამ სავარაუდო
კანდიდატების სიაში კი ყველაზე საინტერესო ნიკა გვარამიას „გამოჩენაა“. საერთოდ, კულაურებში ყველამ იცის, რომ გვარამიას გრ. ვაშაძე გულზე არასოდეს ეხატებოდა. იგივე საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, ბევრი „ნაციონალი“ პირად საუბარში სევდიანად ამბობდა, რა დაუშავა გრიგოლმა ნიკას, რომ ეთერში იშვიათად მიჰყავსო. გვარამიას ვაშაძის მიმართ თავის განწყობა არც ახლა დაუმალავს და სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსზე დააკომენტარა: „ბოდიში, მაგრამ წასვლაც შეიძლებოდა ღირსეულად.
ყველა და ყველაფერი რომ გალანძღა და ლამის პრორუსულ ძალად გამოიყვანა „ნაცმო“ და, რაც მთლად გაუგებარია, მეც, ვინც მის მანდატში არ შედის საერთოდ. სახელები და
გვარები რომ არ წერია, სულელები კი არ ვართ. ერთი სიტყვით მაინც გადაეხადა ადამიანებისთვის მადლობა, ვინც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოაგებინა, ქუთაისელი აქტივისტებისთვის, საერთოდ რომ არ ახსენებს და ელვის პრესლივით რომ დაატარებდნენ ცოცხალ კედლად აღმართულები. ან რაღა დღეს გადადგა _ 2 დღეა განცხადებების დაწერამდე და ისედაც აჯანჯღარებს ყველაფერს ბიძინა და კიდე ასეთი ბზარის შეტანა შეიძლებოდა? რა ხდებოდა ასეთი, 2 დღე რომ ვერ გაჩერდა?“ ის, რომ ნიკა გვარამია „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი იდეილოგია, ამას დიდი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება, მაგრამ უნდა თუ არა „მთავარის“ დამფუძნებელს ენმ-ს თავმჯდომარეობა? _ ამაზე ხელაღებით ვერაფერს ვიტყვით.
სამაგიეროდ, იმაზე მსჯელობა შეიძლება, რომ კობა ნაყოფიას გათავმჯდომარეობის რეალური შანსი აქვს. ნაყოფიას, რომელიც გვარამიასთან დაახლოებული პირია, კულუარებში
ბრალს იმაში სდებენ, რომ ის ყოფილი მმართველი პარტიის დასაშლელად თუ არა, პარტიულ ცხოვრებაში ბზარების შესატანად უკან არაფერზე იხევს ანუ მარტივად რომ ვთქვათ,
ნაყოფია ენმ-ს ერთგვარი რუხი კარდინალია, რომელსაც იგივე სააკაშვილზე, თურმე, ზომაზე მეტი გავლენა აქვს. სხვათა შორის, ჩვენი წყაროები გვიყვებიან, რომ ნაყოფია, მერაბიშვილი და კიდევ რამდენიმე პერსონა მიშას, თურმე, არარეალურ ინფორმაციებს აწვდის და არწმუნებს, მთელი საქართველო შენი ფანიაო. კი ბატონო, არავინ უარყოფს, რომ სააკაშვილს თავისი
ელექტორატი ჰყავს და ეს ცოტა არაა (საუბარია, დაახლოებიით, 500 ათას ადამიანზე), მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მიშას მზეს ფიცულობს! მოკლედ და ლაკონურად: ისეთი პირი უჩანს, რომ გრიგოლ ვაშაძის ენმ-დან წასვლა ასე მშვიდად არ ჩაივლის და ამას დიდი არეულობა მოჰყვება, რაც საბოლოო ჯამში, მთელ ოპოზიციაზე მოახდენს გავლენას, თუმცა ხომ იცით, პროგნოზი უმადურობაა. ამიტომ, სჯობს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და შეფასებები, როგორც იტყვიან, პოსტ-ფაქტუმ გავაკეთოთ.
P.შ. ენმ-დან გრიგოლ ვაშაძის წასვლას, სხვების მსგავსად, „ტაბულას“ დირექტორი, გიგა ბოკერიას თანამეცხედრე, თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ორად-ორი სიტყვა დაწერა: „გუდბაი, გრიშა!“
ახლა, ჩერგოლეიშვილი ვინმეს უყვარს თუ არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ სიმართლე, როგორც ამბობენ, სიმართლეა. ჰოდა, ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს მომავალში, ალბათ, კიდევ ბევრს ვეტყვით: „გუდბაი, გრიშა!“

ნინო დოლიძე