„რუსეთს აღარ აქვს იმის ძალა, რომ მასშტაბური შეტევები განახორციელოს“ - რუსეთ-უკრაინის ექვსთვიანი ომის შეფასება ქართველი ანალიტიკოსისგან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

 

29 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამხრეთით, სხვადასხვა მიმართულებით დაიწყეს შეტევა - ეს ინფორმაცია არმიის პრესცენტრის წარმომადგენელმა გაავრცელა და აღნიშნა: „კონტრშეტევა, უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს - ეს არის მტრის შევიწროება და მისთვის წინსვლის შესაძლებლობის არმიცემა. დღეს კი ჩვენ დავიწყეთ შეტევითი მოქმედებები, მათ შორის, ხერონის ოლქში“. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მისადგომებთან გაარღვიეს რუსეთის არმიის თავდაცვის პირველი ხაზი - ინფორმაციას „რადიო თავისუფლებასთან“ ადასტურებს უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 29 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის დამცველები ოკუპანტებს უკრაინის საზღვრამდე განდევნიან.

წადით შინ!“- მიმართა ზელენსკიმ რუსეთის არმიას... „ვინც არ მომისმენს, მას საქმე ექნება ჩვენს დამცველებთან, რომლებიც არ გაჩერდებიან, სანამ არ გაათავისუფლებენ ყველაფერს, რაც უკრაინას ეკუთვნის.

ზელენსკის თქმით, ომი დაიწყო ყირიმის და დონბასის ოკუპაციით და დასრულდება მათი განთავისუფლებით.

რუსეთ-უკრაინის ექვსთვიან ომზე „ვერსია“ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა:

 

- უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან ექვს თვეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, იყო ომის რამდენიმე ფაზა. ომის დაწყებისას, რუსეთის მხრიდან ბლიცკრიგის მცდელობა იყო. იგულისხმებოდა კიევის აღება, პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა პრორუსული ძალებით, რაც ბევრად გაუადვილებდა პუტინის კრემლს, რომ უკრაინაში საკუთარი ხელისუფლება ცეცხლითა და მახვილით დაემყარებინა. ეს რუსეთს, საბედნიეროდ, ვერ გამოუვიდა და შემდეგ მოუწია უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან თავისი შენაერთების გაყვანა, რადგან ძალა არ ჰყოფნიდა და კონცენტრირება მოახდინა უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის პრორუსული „რესპუბლიკების“ ადმინისტრაციულ საზღვრებზე. რუსებმა ლუგანსკში შესვლა თითქმის მოახერხეს, თუმცა ბოლომდე ვერა. დონეცკში ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს  და ამასთან, გამოჩნდა, რომ რუსეთის არმიის წინსვლა აღმოსავლეთ ფრონტზეც საკმაოდ შენელებულია.

რაც შეეხება სამხრეთს, უკრაინის პრობლემა ის იყო, რომ როცა რუსეთი შეიჭრა 24 თებერვალს, ვერ მოახერხა იმ ორი შესასვლელის გადაკეტვა, რომელიც მანამდე ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს აკავშირებდა უკრაინის სამხრეთ ნაწილთან. შესაბამისად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სამწუხაროდ, მოახერხეს ამ მიმართულებიდან შეჭრა და განავითარეს შეტევები, ძირითადად, სამი მიმართულებით.

რააც შეეხება იმას, თუ რატომ გადავიდნენ რუსები დნეპრის მარჯვენა მხარეს, იმედი ჰქონდათ, რომ სახმელეთო შეტევებით, რასაც დაეხმარებოდა ფართომასშტაბიანი საზღვაო დესანტი, გაიჭრებოდნენ ოდესის მიმართულებით და შემდეგ, სახმელეთო დერეფანს გაჭრიდნენ სეპარატისტული დნესტრისპირეთისკენ, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზაა. ეს გეგმა არ განხორციელდა, თუმცა ჯერ რუსები აკონტროლებენ ხერსონს.

- როგორია ექვსი თვის შემდეგ, თითოეული ქვეყნის სტრატეგიული პოზიცია?

- ექვსი თვის შემდეგ, ორივე ქვეყნის გადაღლილობა შეიმჩნევა. რუსეთის საოკუპაციო ძალებს აღარ აქვთ იმის ძალა, რომ ფართომასშტაბიანი შეტევები განახორციელონ. უკრაინის არმიას კი ჯერ არ აქვს იმხელა ძალა, რომ კონტრიერიშზე გადავიდეს. როგორც წესი, კონტრიერიშზე გადასვლა მეტ ძალას მოითხოვს და დანაკარგიც მეტია. ერთია თავდაცვის პოზიციაში ყოფნა, როცა გამაგრებული ხარ და როგორც წესი, მათი მსხვერპლი უფრო მეტია, ვინც შეტევაზე მოდის. ამიტომ, ძირითადად, პოზიციური ბრძოლები მიდის საარტილერიო სისტემების გამოყენებით, რაშიც უპირატესობა რუსეთს აქვს საბრძოლო მარაგისა და საარტილერიო დანადგარების რიცხოვნობიდან გამომდინარე. სამაგიეროდ, ხარისხობრივი უპირატესობა აქვს უკრაინას მას შემდეგ, რაც „ჰაიმარსის“ ტიპის სისტემები მიიღო, საიდანაც ისვრის მართვად რაკეტებს, რაც საშუალებას იძლევა, 3-5 მეტრის სიზუსტით მოარტყას წინასწარ დასახულ მიზანს. ჯერჯერობით, რუსეთმა ვერაფერი მოახერხა „ჰაიმარსის“ მართვადი რაკეტების წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია ყირიმის ნახერვარკუნძულის საკითხიც, რადგან რუსეთი სულ ამბობდა, ეს ჩემი ტერიტორიაა და ვერავინ გაბედავს ყირიმზე თავდასხმასო, მაგრამ უკრაინამ გაბედა - აეროდრომსაც დაარტყა და შტაბსაც ორჯერ, თუმცა ამას უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე - სამხედრო...

- ბატონო ირაკლი, კონტრშეტევა ნიშნავს თუ არა, რომ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს ფრონტი და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მოვლენების ასე განვითარება?

- არა, ამას არ ნიშნავს. საუბარია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე. უკრაინის ხელისუფლებასაც არასდროს უთქვამს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადავა. ის ამბობს, რომ უნდა აღადგინონ სტატუს-კვო, რაც იყო 1991 წლის ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და უკრაინა გაეროს წევრი ქვეყანა გახდა. მას უნდა, ის საზღვრები დაიბრუნოს.

- ყველა ჩვენგანს ახლა ერთი რამ გვაინტერესებს - როდის დამთავრდება ომი. თქვენი პროგნოზი როგორია?

- გამომდინარე იქიდან, რომ ბლიცკრიგი არ შედგა, ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ შეძლო პირველი „ნოკაუტური“ დარტყმის მოგერიება, ნელ-ნელა გონს მოდის, ძლიერდება და ეს სამხედრო დახმარებების გადაცემის პროცესიც ჩამოყალიბდა. უკრაინამ იგრძნო პატარა გამარჯვებების სიხარული და ნახა, რომ შეიძლება, თურმე, რუსულ სამხედრო მანქანასთან წარმატებით ბრძოლა. ასე რომ, მთავარია, უკრაინისთვის რესურსების გადაცემის პროცესი არ შეწყდეს და არ მოხდეს დასავლეთის „გადაღლა“, რისი საშიშროებაც დგას. მით უმეტეს, ვხედავთ, ენერგომატარებელთან დაკავშირებით რა ხდება დასავლეთში. დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში, როგორც კარგი „ნარკომანი“, ისე „დაჯდა“ რუსული ნავთობისა და გაზის „ნემსზე“. მაშინვე იყო საჭირო, რომ არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი რუსეთზე...

- შემოდგომა-ზამთარი მოდის და ეს რა შედეგს მოახდენს ომის პროცესზე?

- იცით, რატომ ხდებოდა ყველა ომი საქართველოში ზაფხულში, აგვისტოში? 1992 წელს, 2008 წელს... რუსეთს ამ პერიოდში უპირატესობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ავიაციას, საჰაერო სივრცეს აკონტროლებდა. ზაფხულში წვიმები არაა და ჰაერიდან გაკონტროლება ადვილია. ასევე, ჯავშანტექნიკის გადაადგილება მინდვრებში არ არის რთული, რადგან ტალახი არაა. რაც შეეხება უკრაინას, რუსებმა ომი თებერვალში დაიწყეს, როცა ჯერ კიდევ მოყინული იყო მიწა, თუმცა გეგმაში ბლიცკრიგი ჰქონდათ და სწორედ ამით წააგეს, რადგან ხის მასივი ბევრად მეტია უკრაინის ჩრდილოეთით. სტეპები სადაცაა, ხერსონსა და დონბასში, იქ ბევრად რთულია, რადგან მხოლოდ ქარსაცავებია. შემოდგომაზე ატალახდება და საბრძოლო მოქმედებები შედარებით შენელდება, თუმცა ზამთარში მიწა გაიყინება და ისევ გააქტიურდება.

- როგორც ვხვდები, ომის მოკლე ვადაში დასრულებას არ პროგნოზირებთ...

- ჯერ არ გაჩერდება ყველაფერი ეს, ვნახოთ, რა იქნება. თუმცა, საბედნიეროდ, რუსეთს აღარ აქვს იმის ძალა, რომ მასშტაბური შეტევები განახორციელოს.