რუსეთ-უკრაინის ომის 100 დღე - ვინაა გამარჯვებასთან ახლოს - ინტერვიუ პაატა დავითაიასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსული ოკუპაცია

 

 ავტორი: თათია გოჩაძე

 3 ივნისს მეასე დღე გახდა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დროის მონაცემებით, რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიის, დაახლოებით, 20%-ს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ივნისს განაცხადა.

ამჟამად, რუსეთის არმიის ინტენსიური იერიშების სამიზნე ქალაქი სევეროდონეცკია. ქალაქში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მის დიდ ნაწილს უკვე რუსეთი აკონტროლებს, უკრაინა წინააღმდეგობას განაგრძობს. ომის 100 დღის თავზე რუსეთის სამხედრო ძალებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მედიის ინფორმაციით, კიევის მცხოვრებლები დედაქალაქში ბრუნდებიან და ეს მონაცემი დღითიდღე იზრდება...

რუსეთ-უკრაინის ომის 100 დღე „ვერსიამ“ევროპელი დემოკრატების ლიდერ პაატა დავითაიას შეაფასებინა:

 

- ზელენსკის სიტყვებს გავიმეორებ, 100 დღის შემდეგ უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს. ე.ი. უფრო მეტი ტერიტორიაა ოკუპირებული, ვიდრე ომის დაწყებამდე იყო, რაც ცხადჰყოფს, რომ ეს გრძელვადიანი კონფლიქტია. უკვე ჩანს, რომ რუტინულ ომში გადაჰყავს რუსეთს პროცესი და 100 დღის თავზე ვნახეთ, რომ კიევიც კი დაბომბეს. რუსეთმა, ფაქტობრივად, აიღო აზოვის ზღვაზე კონტროლი და ლუგანსკის ტერიტორიის მხოლოდ 10%-ია დარჩენილი უკრაინის კონტროლქვეშ. დონბასის, დაახლოებით, 30%-ს აკონტროლებენ უკრაინელები. ეს ცხადჰყოფს, რომ რუსეთი ლუგანსკი-დონეცკის აღებით არ გაჩერდება და ამიტომაც აწვდიან ძალიან დიდი რაოდენობით იარაღს უკრაინას დასავლელი პარტნიორები, თუმცა სიმართლე გითხრათ, უფრო ადრე უნდა მიეცათ ყველაფერი ეს. ახლა კი ცოტა სხვა საფრთხეებს ვხედავ - დონეცკსა და ლუგანსკზე სრული კონტროლის დამყარების შემდეგ მთავარი საფრთხე იქნება ოდესისთვის, რადგან როგორც ჩანს, რუსეთის გეგმაა, ზღვიდან ჩამოჭრას უკრაინა. უკრაინას კი ზღვაზე გასასვლელი რჩება ოდესაზე და თუ ასე განვითარდა მოვლენები, ეს ამბავი უკრაინას ძალიან მძიმე დღეში ჩააგდებს. ამის თეორიული შანსი არსებობს და ამიტომ ვამბობ, რომ დასავლეთმა უფრო მკვეთრი მხარდაჭერა უნდა გამოხატოს. უკრაინას არ აკლია მხარდაჭერა, მაგრამ საუბარია უფრო მკვეთრი შეიარაღების მიცემაზე, უკრაინელები ითხოვენ თვითმფრინავების გადაცემას და მთელი იმ შეიარაღების, რომელიც მიაყენებს დიდ ზიანს რუსეთს. საბოლოოდ, იმის თქმა მინდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება საბრძოლო მოქმედებები.

- პუტინმა ცოტა ხნის წინ შანტაჟის შემცველი მუქარა გაავრცელა, რომ თუ დასავლეთი უკრაინას უფრო ძლიერ შეიარაღებას გადასცემს, რუსეთი ახალ ობიექტებს ამოიღებს სამიზნეში. „ახალ სამიზნეში“, როგორ ფიქრობთ, რა იგულისხმა?

- უკრაინის მთელ ტერიტორიას ურტყამენ რუსები რაკეტებით, ამიტომ ახალი ობიექტები შეიძლება იყოს უკრაინის პარლამენტი, პრემიერ-მინისტრის ოფისი, თავდაცვის სამინისტრი, გენშტაბი, ზელენსკის ადმინისტრაცია... სხვა ახალი ობიექტები ნატო-ს წევრი ქვეყნებია და მათ თუ დაარტყა რუსეთმა, ე.ი. ნატო-სთან ომს იწყებს, რაშიც ეჭვი მეპარება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების მასშტაბის გაშლას გულისხმობდა ეს მუქარა. სწორედ ამ ულტიმატუმის შემდეგ მოხდა ის, რომ კიევი დაბომბეს. შეიძლება, ეს გაფრთხილებაა და შემდეგი დარტყმები იყოს ხელმძღვანელი პირების შენობებზე. ასე რომ, სამწუხაროა, რაც ხდება უკრაინაში. მეორე ავღანეთი გახდა უკრაინა შუა ევროპაში.

- ბატონო პაატა, თქვენს საუბარში პესიმიზმი და შიში შევნიშნე ანუ თუ აქამდე ყველა ამბობდა, რომ უკრაინა უდავოდ გაიმარჯვებდა, ახლა საფრთხეს ხედავთ, რომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდება?

- ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ პესიმისტურად ვარ განწყობილი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ გაიმარჯვებს, ამ გრძელვადიან ომში რუსეთი დამარცხებულია - აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ პესიმიზმში მაგდებს ის, რაც ემართება ამ ქვეყანას, უკრაინას. საუბარია აზოვის ზღვის ჩამოჭრაზე, რუსეთში, ასევე, განიხილავენ რამდენიმე ვარიაციას - უკრაინის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარება, მიერთება; ეს ტერიტორიები ჩაითვალოს უკრაინის „განთავისუფლებულ ტერიტორიად“ და „ლეგიტიმური ხელისუფლება“ აღადგინონ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით და ამ „ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ“ დაიწყოს კიევისკენ სვლა. თუ ასე მოხდა, გამოვა, რომ ორი უკრაინაა და რუსეთი კი არ ომობს უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეხმარება „მეორე უკრაინის“ „ლეგიტიმურ ხელისუფლებას“ უკრაინის „განთავისუფლებაში“.

მთავარი მომენტი - დააკვირდით, რუსული ჯარების მოქმედებას. ფაქტობრივად, მიწასთან ასწორებენ ყველაფერს, ისე აკეთებენ, რომ მაცხოვრებელი იქ აღარ იყოს. ეს ცხადჰყოფს, რომ გრძელვადიან, მძიმე პროცესთან გვაქვს საქმე. ამასთან, არ გამოვრიცხავ, რომ რადგანაც მსოფლიო კრიზისი შეიძლება შეიქმნას ხორბალთან დაკავშირებით, რუსეთმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დაძაბოს სიტუაცია ამ მიმართულებით და დააბრალოს ეს დასავლეთს და უკრაინას, რაც ჰიბრიდული ომის ნიშნებია.

- როდესაც ვარაუდობთ, რომ ომი გრძელვადიანი იქნება, რა პერიოდს გულისხმობთ?

- დღეს უკრაინის ეკონომიკის 40% განადგურებულია და ვერ გაუძლებს, თუ დასავლეთისგან დაფინანსება არ ექნება არა მხოლოდ ფინანსური, არამედ შეიარაღების თვალსაზრისითაც. გამოდის, რომ დასავლეთი ამისთვის მზადაა და განუსაზღვრელი რაოდენობით მისცემს ფულს. რაც შეეხება რუსეთს, ბევრი ამბობს, რუსეთში ეკონომიკა ინგრევაო. ასე არაა, მხოლოდ რეალისტურად ვუდგები საკითხს და ჩანს, რომ რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის მზადაა. ამბობენ, რომ ამ ომში 30 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. პირდაპირ გეტყვით, ეს რუსებისთვის არაფერია. მილიონნახევრიანი ჯარიდან, ეს მათთვის არაფერია, ისინი ამ ჯარისკაცებს ხალხად არ თვლიან. კი, ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, მაგრამ ჩემთვის ისინი ოკუპანტები არიან.

ამასთან, ომი ყოველთვის ქმნის ახალ „ფინანსურ ბორბლებს“, „გამოსავალს“ და ომი ზოგიერთებისთვის მომგებიანი ხდება ხოლმე, ფინანსურად.

- მომგებიანი ვისთვის?

- კონტრაბანდისტებისთვის... ომში ყოველთვის დიდი ფული კეთდება. ხანდახან, ფულის კეთების წყაროცაა ომი...

- ბატონო პაატა, გასათვალისწინებელია, როგორ შეეგუება დასავლური ცივილიზებული სამყარო იმას, რომ შუა ევროპაში, გრძელვადიანი ომი მიმდინარეობდეს?

- მოდით, ცივი გონებით ვიტყვი - ეს მსოფლიოს აწყობს, რადგან ომი მიდის უკრაინის ტერიტორიაზე და ხდება რუსეთის გამოფიტვა. გაიხსენეთ, ავღანეთში რვაწლიანი ომის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაინგრა და ახლაც დასავლეთი მუშაობს რუსეთის გამოფიტვაზე. აქაა, სამწუხაროდ, უკრაინელების მძიმე დღე.

- დიახ, დიდი დილემის წინაშე დგანან უკრაინელები...

- გეთანხმებით, უკვე იმ დონეზეა „შეტოპილი“, რომ გამოსავალი ერთია  - ბრძოლა გამარჯვებამდე. დასავლეთი რუსეთთან მოლაპარაკებაზეც რომ წავიდეს, რუსეთი მარიუპოლს, დონეცკსა და ლუგანსკს დაუბრუნებს?! თუ ამ ოკუპირებული ტერიტორიებით უნდა დათანმხდეს უკრაინა მშვიდობიან მოლაპარაკებაზე?!.

- როგორც ჩანს, უკრაინასა და რუსეთს შორის, მოლაპარაკების რესურსი ამოწურულია, არა?

- დიახ, უკრაინელები ამბობენ, რუსეთი თუ არ თმობს, რაზე უნდა მოველაპარაკოთო?! ამიტომ ვამბობ, რომ, სამწუხაროდ, ეს ომი გრძელვადიანი იქნება.

- ბატონო პაატა, განცდა მაქვს, რომ ადამიანები თითქოს მივეჩვიეთ ომს... ემოციები მინელდა და თითქოს რუტინულ ამბად იქცა ომის საშინელი ამბების მოსმენა...

- ზოგადად, ადამიანს ეიფორია აქვს 32 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ ადამიანი რეალობას ხედავს...

- ეს საინფორმაციო ომში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს?

- ამ მომენტში კი, მაგრამ საბოლოოდ, რუსეთის სისტემის რღვევასაც უწყობს ხელს. იცით, რისი მეშინია? - ილუზიას ვიქმნით, რომ პუტინი წავა და ყველაფერი დამთავრდება, არადა, რუსეთში ოპოზიცია არ არსებობს. ამ ომმა ლიბერალური ოპოზიცია გაანადგურა. მოვა ისევ „პუტინი 2“ და რა, ის უკან დაიხევს?...

- აბა, გამოსავალს სად ხედავთ?

- სამწუხაროდ, უკრაინის ტერიტორიაზე მიდის აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის შეტაკება და ყველაფერი ეს როგორ დამთავრდება, არც მინდა ვთქვა.