„ნაციონალების“ მოლოდინი, რომ არჩევნებს მოიგებენ, შეიძლება, მარტივად გაიფანტოს“- ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა პოლიტიკურ არენაზე კვლავ მღელვარება შეინიშნება. საზოგადოების ყურადღება ძირითადად არა მცირე ოპოზიციური პარტიებისკენ, არამედქართული ოცნებისდანაციონალური მოძრაობისკენაამიპყრობილი, რადგან სწორედ ეს ორი პარტია დაუპირისპირდება ერთმანეთს მეორე ტურში. საარჩევნო სიაში არსებული უამრავი ოპოზიციური პარტიისა, ხალხმა არჩევანი კვლავ ე.წ ელიტურ ლიდერებზე შეაჩერა და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ხმების ერთი პროცენტიც კი ძლივს მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ხალხში არჩევნებამდე სიახლის და რაიმეს შეცვლის სურვილი შეინიშნებოდა, საბოლოოდ ხმების უმრავლესობა კვლავ ორი პარტიისკენ გადანაწილდა. რამ განაპირობა ეს შედეგი და რა პრობლემები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ამასთან დაკავშირებითვერსიაპარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალურ მდივანს, დიპლომატ მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში იმასაც განმარტავს, დაუჭერს თუ არა მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს ხმას:

_ბატონო მამუკა, როგორ შეაფასებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს?

_საპარლამენტო არჩევნებზე დავინახეთ, შუა ნაწილში მოასპარეზე ოპოზიციური პარტიების მოძლიერება, გამოჩნდა რამდენიმე მათგანი, რომელმაც  3-4 პროცენტის დაგროვება მოახერხა. ამ არჩევნებზე კი გამოჩნდა გიორგი გახარიას პარტია, რომელიც ახალი შექმნილია, მაგრამ სინამდვილეში არის იმ ადმინისტრაციული რესურსის ნაწილი, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით. მას ასევე საზოგადოებისგან გამოჰყვა ერთგვარი ხიბლი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა. თუმცა, ბევრად მეტ ხმას ელოდა, ვიდრე მიიღო. ამასთან, იმ პატარა პარტიებმა, რომლებიც ახალი მოძლიერებულნი იყვნენ, ბევრი ხმა დაკარგეს. ეს არის უდიდესი პრობლემა საქართველოსთვის. ქართველ ამომრჩეველს ახასიათებს არა დაფიქრებული, ღრმად გააზრებული,  იდეოლოგიურ მოსაზრებებზე, პროგრამებზე ან ადამიანის შეფასებაზე დამყარებული, არამედ ემოციური არჩევანის გაკეთება. ახლაც ზუსტად ასე მოხდა, ეს იყო ჩვეულებრივი ემოციური არჩევნები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ერთი საქმე გააკეთეს, მათ გათელეს პატარა პარტიები, რომლებიც დღეს უნდა ქმნიდნენ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. მნშვნელობა არ აქვს, ამას ერთად აკეთებენ თუ ცალ-ცალკე, რეალურად მათ ეს აწყობთ, რომ იყვნენ ყველაზე ძლიერები. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, რომ ხელისუფლება შეცვალოს, მაგრამ მათ დიდათ არ აწყობთ ამის სხვასთან ერთად გაკეთება. „ქართულ ოცნებასაც“ იგივე ხედვა აქვს, ცდილობს გააღვივოს „ნაციონალების“ მიმართ გამოყოლლილი ზიზღი.  ეს ორი პარტია ქიშპობით ასულდგმულებს ერთმანეთს.

_ ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკაში დიდხნიანი გამოცდილების მიუხედავად, ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან ცოტა ხმები აიღეს და ერთ პროცენტს ვერ აცდნენ, მათ შორის, თქვენმა პარტიამაც, რამ განაპირობა ეს?

_უკეთეს შედეგს ველოდით ყველა, სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რაც წლების განმავლობაში მუდმივად იყო, ანუ ორი დაპირისპირებული მხარის დომინირება სხვა პარტიებზე. დღეს ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა, თანაც ამას ხელი შეუწყო ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთანაა დაკავშირებული. ამ ამბებმა მოახდინა ერთგვარი გადალაგება იმ ხმების, რომლებიც შუა ნაწილში განლაგებულ პარტიებზე  იყო განაწილებული. ჩემი აზრით, გაყალბება არა არჩევნების დღეს, არამედ დიდი ხნით ადრე ხდება. ეს არის ძალმომრეობაა ამომრჩეველზე... სამწუხაროდ, ამას ვერასდროს აღუდგა წინ ოპოზიცია, რადგან მას არ გააჩნია ადმინისტრაციული რესურსი, არ აქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, როგორც ხელისუფლებას. ოპოზიციური პარტიების მთავარი პრობლემა ფინანსებია, ამიტომ მათ ძალიან უჭირთ თავიანთი თავის სრულად წარმოჩენა. მეორე პრობლემა გახლავთ, ქართველების ემოციური არჩევანი. ხალხს ახლა ჰყავს ორი ლიდერი და მათ მხარეს ხდება ხმების დაჯგუფება. ამის ნათელი მაგალითია თბილისის მაჟორიტარული ოლქები, სადაც  პატარა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ყველგან წააგეს, რადგან ისინი არ იყვნენ საინტერესო ამომრჩევლისთვის. სხვა ქალაქებში კი დავინახეთ, „ნაციონალების“ წინ წამოწევა. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ განაპირობა ეს შედეგი. ის, რომ არა, ეს ხმები გადანაწილდებოდა სხვა პარტიებზე. მშვიდ სიტუაციაში ადამაინები იღებენ არა ემოციურ, არამედ დაფიქრებულ გადაწყვეტილებას. ასევე, პატარა პარტიები არ აკეთებენ ისეთ რადიკალურ კომენტარებს, როგორიც ემოციებისთვის არის აუცილებელი, ისინი ძირითადად მუშაობენ პროგრამებზე და ცვლილებებზე. თუმცა, ქართველ ამომრჩეველს მაინც რადიკალიზმი უფრო უყვარს. საბოლოოდ, ჩვენ ვხედავთ ორ დიდ პარტიას, რომელიც არ იმჩნევს დანარჩენ პოლიტიკურ ველს. თუ პოლიტიკურ ველზე არ არ არის პოლიტიკური მრავალფეროვნება, მაშინ პოლიტიკური კულტურაც არ ვითარდება.

_ამ ფონზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ  აჯობებს რამდენიმე პატარა ოპოზიციური პარტია გაერთიანდეს და ერთობლივი ძალებით მოახდინონ საზოგადოების მობილიზება?

_დიახ, შესაძლებელია, მაგრამ 2024 წლის არჩევნები უნდა იყოს „ბლოკების“ გარეშე. ყველა პარტია ცალ-ცალკე უნდა გავიდეს არჩევნებზე. ბარიერი გახლავთ 5 პროცენტი, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ამ ბარიერით მაქსიმუმ სამი პარტია გადის პარლამენტში. რაც ჩემი აზრით, კატასტროფაა ახალგზარდა დემოკრატიისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ბარიერმა 2 პროცენტამდე დაიწიოს, რაც ბევრად უკეთესი იქნება. ორი ვარიანტია, ერთი ყველაზე კარგი, თუ კონსტიტუციური ცვლილება მოხდება და დებულებაში ჩაიწერება, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის დაშვებული იქნება „ბლოკები“. მეორე მხრივ, ერთგვარი ბუნებრივი გაერთიანება, რაზეც თქვენ საუბრობთ, შესაძლებელია, მაგრამ რთული, რადგან იდეოლოგიურად ძალიან განსხვავებული პარტიებია. თავდაპირველად, ივანიშვილმა სრულიად ეკლექტური პარტიები შეკრიბა, მაშინ ეს შეძლო იმით, რომ „ბლოკები“ დაშვებული იყო, თანაც საზოგადოებას ჰქონდა სერიოზული დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ასევე, ივანიშვილმა ამ ყველაფერში ჩადო ბევრი ფული. რესურსის გარეშე, დღეს ძალიან რთულია და ვერც ერთი პარტია ვერ დაიკვეხნის, რომ არჩევნების მოგებას შეძლებს, ეს არის გამორიცხული. ვერანაირი ქარიზმა ამას ვერ მოახერხებს, თუ არ იქნება უზარმაზარი ფინანსური დახმარება. გამოდის, ამ პარტიების შეკრება უნდა მოხდეს ფინანსური რესურსების გარშემო, ამ დროს კი პოლიტიკა იკარგება.

_ბატონო მამუკა, მეორე ტურში ვის დაუჭერთ მხარს და როგორ ფიქრობთ, ვის სასარგებლოდ გადანაწილდება ხმები?

_ჩვენ როგორც ოპოზიური პარტია, ცხადია, ხმას ოპოზიციას მივცემთ. მცირე და ახალი პარტიებიდან, ყველაზე მეტი ხმების ნაწილი წავიდა გახარიასთან, მგონი, ბევრი ფიქრი არ უნდა, რომ გახარიას ხმები ავტომატურად გადანაწილდება „ქართული ოცნებისკენ“, რაც რადიკალურად შეცვლის სიტუაციას. „ნაციონალების“ მოლოდინები, რომ არჩევნებს მოიგებენ, შეიძლება მარტივად გაიფანტოს. ახლა მათ ამდენი ხმა ემოციების და სააკაშვილის ვიზიტის ხარჯზე აიღეს. როგორც დავინახეთ, საზოგადოება პარტიას ხმას აძლევს ემოციების ფონზე და ერთ ადგილს ვტკეპნით წლებია. სანამ ამომრჩეველი უფრო მშვიდი და დაფიქრებული არ გახდება, არ დაიწყებს ჩაღრმავებას, ვინ რას წარმოადგენს და რა შეუძლია, მანამდე არაფერი გამოვა. იმედია, ერთხელაც გვეყოლება კოალიციური და ტექნოკრატიული, ანუ პროფესიონალებით შემდგარი მთავრობა. 

 ავტორი: ია გრიგალაშვილი