გურამ მაჭარაშვილი: „მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა „ოცნების“ პოზიციას იზიარებს!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ოპოზიციის რეალური სურვილი ე.წ. ვადამდელი არჩევნები კი არა, არეულობა და დესტრუქციაა“

ქვეყანაში საარჩევნო კამპანია მდორედ მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია აშკარად არ აქტიურობს, რასაც ვერ ვიტყვით მმართველ პარტიაზე, რომელიც გამარჯვებაში დარწმუნებულია. სწორდ ამ თემებზე ესაუბრა „ვერსია“ უმრავლესობის წევრს, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს.

- ბატონო გურამ, კვლევების მიხედვით, რა პროგნოზი გაქვთ, არჩევნებზე როგორ შედეგს მიიღებთ? 

- საზოგადოებასთან ინტენსიური ურთიერთობიდან გამომდინარე გვაქვს განცდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა „ქართული ოცნების“ პოზიციას იზიარებს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, ჩვენ მიმართ კითხვებიც არის და ამას არ გავურბივართ, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რომ კონკრეტულ პრობლემაზე ადეკვატური რეაქცია გვაქვს და ორიენტირებულნი ამ გამოწვევების გამოსწორებაზე ვართ. ეს თვითმმართველობის არჩევნებია და ჩვენს კანდიდატებს ყველა მუნიციპალიტეტში კონკრეტული შეთავაზებები აქვთ. შესაბამისად, მოსახლეობა ხედავს, რომ მუნიციპალიტეტებში „ქართულ ოცნებას“ აქვს ხედვა. სამაგიეროდ, საზოგადოება ამ მიმართულებით ოპოზიციის აქტიურობას, სამწუხაროდ, ვერ ამჩნევს და ბუნებრივია, აქედან გამომდინარეა მისი რეიტინგი ისეთი, როგორიც არის. ასე რომ, გვაქვს მოლოდინი - დამაჯარებელი გამარჯვება ექნება „ქართულ ოცნებას“.

- ოპოზიციის პასიურობას რით ხსნით?

- რესურსი არ აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, 63 მუნიციპალიტეტში უნდა გყავდეს პარტიული აქტივი, რომელსაც ნამუშევარი აქვს, მაგალითად, ლაგოდეხის რაიონის პრობლემებზე. ოპოზიცია რომ ხარ, უნდა თქვა, „ქართული ოცნება“ რომ აკეთებს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტს, ამის გაკეთება უკეთესად შეიძლებოდაო. ამას სჭირდება მუშაობა, კადრების მობილიზება, მაგრამ ოპოზიციის დღის წესრიგი, სამწუხაროდ, ვერ გასცდა რადიკალიზმს, ბნელი მომავლის დაანონსებას და უბედურებებს. ჩვენ გვინდა, გვყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, ეს ქვეყნისთვისაა კარგი და საზოგადოება, ბოლოსდაბოლოს, ყველა პოლიტიკურ პარტიას გადაიყვანს ოპოზიციაში, მაგრამ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, როცა უკეთესს დაინახავს, ახლა კი არათუ უკეთესს, არამედ, საერთოდ ვერაფერს ხედავს.

- ბატონო გურამ, რადგან რესურსზე ისაუბრეთ, შეგახსენებთ, ოპოზიცია მუდამ ამბობს, რომ მმართველი ძალა სახელისუფლებო რესურსს იყენებს და ამის გამო, არათანაბარ პოზიციაში არიან...

-სახელისუფლებო რესურსის გამოყენება რას ნიშნავს?დღეს გეგულებათ რომელიმე საჯარო მოხელე, რომელსაც, მაგალითად, ვინმემ დაურეკა, ზეწოლა განახორციელა და იმან ვერ გაბედა, ვერ მივიდა რომელიმე ტელევიზიაში და ვერ თქვა? ასეთი რამ ხომ გამორიცხულია! აბსურდებს და ტყუილებს ამბობენ. სახელისუფლებო რესურსი ისაა, რომ რასაც ვაკეთებთ, ამას ვეუბნებით ადამიანებს და ვეკითხებით, თუ რა უნდათ მომავალში. საჯარო მოხელეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, ვერ ვიტყვი, რომ მათი 100% „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, რაც ბუნებრივიცაა, რადგან ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. სკოლაში რომ მუშაობს პედაგოგი, ხომ იცის, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე, თუნდაც მისი ხელფასი, სკოლების აშენება და რემონტი, ბავშვების მიმართ დამოკიდებულება... რად უნდა ვინმეს თქმა? ის თავად ხედავს, რომ ახლა უკეთესადაა ყველაფერი.

- ბატონო გურამ, ქვეყანაში უმძიმესი პანდემიური ვითარებაა - ყოველდღე, 70-ზე მეტი ადამიანი იღუპება და ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველმა არჩევნების გადადების საკითხი დააყენა. მმართველი ძალა ამ საკითხს კატეგორიული უარით რატომ შეხვდა?

- აქაც იგრძნობა ოპოზიციის ხელმოცარულობა, არასწორი პროგნოზი და გამოწვევის მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულება. პანდემია მსოფლიოში მძვინვარებს და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვაქცინაციის ტემპი გაიზარდოს, ხალხმა რეგულაციები დაიცვას და შემცირდეს კოვიდგავრცელება და სიკვდილიანობა, მაგრამ სამუშაო იყო საჭირო საზოგადოებასთან და დღესაც არის, სამწუხაროდ. თუნდაც ორი თვით ადრე რომ დაწყებულიყო ასეთი ტემპით ვაქცინაცია, დარწმუნებული ვარ, დღეს ეს ვითარება არ გვექნებოდა - უკვე 2 მილიონზე მეტი ვიქნებოდით აცრილი, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს. არჩევნების გადადება იმის გამო უნდათ, რომ ხელმოცარულები არიან პოლიტიკაში და კოვიდს მიმართავენ დასახმარებლად, ეს კიდევ ადასტურებს მათი რესურსის არქონას. იმდენად მოუმზადებლები არიან 2 ოქტომბრისთვის, რომ კოვიდს მიმართეს დასახმარებლად, თორემ გვახსოვს იგივე ოპოზიცია, როგორ მოუწოდებდა რამდენიმე თვის წინ ადამიანებს, პანდემიის მიიხედავად, მაინც გამოდით ქუჩაში აქციაზეო, სადაც რეგულაციების დაცვა მინიმალურია. იმიტომაც გაიყო აზრი ოპოზიციაში არჩევნების გადადების საკითხზე და მალევე დამთავრდა ეს თემა, რადგან აბსოლუტურად პოპულისტური იყო.

- მოკლედ, არჩევნების გადადების საკითხი მმართველმა ძალამ დღის წესრიგიდან 100%-ით მოხსნა, არა?

- რა თქმა უნდა, არჩევნები ყველა ქვეყანაში ტარდება. ცესკო-ს აქვს უკვე გამოცდილება და ყველა მოქალაქისთვის იქნება უსაფრთხო. ჯერ ერთი, ექსპერტების თქმით, ერთი თვის მერე გაცილებით კარგი სიტუაცია იქნება, რადგან 2 მილიონზე ავა აცრილთა რაოდენობა და გაცილებით შეაჩერებს კოვიდგავრცელების მასშტაბებს. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ კოვიდუსაფრთხოების კუთხით, არჩევნებისთვის სხვანაირი სურათი იქნება.

- ისე, ბატონო გურამ, ოპოზიცა პანდემიის არასწორ მართვაში გადანაშაულებთ...

- ოქროს შუალედი გვაქვს დასაცავი. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებაა, აიცრება თუ არა, მაგრამ მეორე მხრივ, ასევე, ეს უფლებაც შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება საზოგადოების დიდ რაოდენობას და ამ შემთხვევაში, ვიცით, რომ ასეა. საუბარი ძალდატანებით აცრაზე კი არა, იმაზე, რომ საზოგადოებას გაეცნობიერებინა - აცრა მის ჯანმრთელობას არ ვნებს, ან ის, რომ შეიძლება, თავად იოლად გადაიტანოს, მაგრამ მისგან გადაედება ისეთ ადამიანს, რომელიც ამ ვირუსს ვერ გადაიტანს. ეს რისკი რომ გაცნობიერებული გვქონოდა, ვაქცინავია ისეთი ტემპით წავიდოდა, როგორც დღესაა და ახლა უკვე 2 მილიონზე მეტი იქნებოდა აცრილი.

- ბატონო გურამ, თქვენი კვლევებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში რამდენ პროცენტს აიღებს?

- 46%-ის ფარგლებში, ალბათ, 2-3%-ის ცდომილებით.

- ყოველ შემთხვევაში, 43%-იანი ბარიერი გადასალახი აღარ გაქვთ?

- ეგ არც თავის დროზე იყო სწორი, უბრალოდ, მაშინ პოლიტიკური სიტუაცია გახლდათ ისეთი, გაჯიუტებული ოპოზოციისთვის აუცილებელი იყო, რათა გონს მოსულიყო და ჩვენი პარტნიორების კონსულტაციებიც გავითვალისწინეთ.

- ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. ამაზე რას ფიქრობთ?

- იგივე, ხავსსმოკიდების პრინციპი აქვს ოპოზიციას, როგორც არჩევნების გადადება კოვიდის გამო, როგორც გვაბრალებენ, რომ სახელისუფლებო რესურსი გვაქვს... ყველაფერს ამბობენ და აკეთებენ გარდა იმისა, რომ ხალხზე იმუშაონ იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას ხალხი იღებს არჩევნებზე. ყოველთვის ვამბობ, რომ ამ არჩევნებზე იგივე საზოგადოება მოდის, რაც მოვა ვადამდელ არჩევნებზე და თუ დღეს ოპოზიციურ პარტიებს არ აძლევენ ხმას, რატომ მისცემენ ვადამდელ არჩევნებზე? ამიტომაა, რომ ოპოზიციის რეალური სურვილი ე.წ. ვადამდელი არჩევნები კი არა, არეულობა, დესტრუქცია და პროცესების ამ სცენარით წარმართვაა!