ვახტანგ ძაბირაძე: „სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას არ ვურჩევ!“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს რიგგარეშე არჩევნები მაინცდამაინც აღარ უნდა“ 

საქართველოში საარჩევნო კამპანია არცთუ აქტიურად მიმდინარეობს. ზოგ ოპოზიციურ პარტიას საკუთარი კანდიდატები ჯერ არც კი დაუსახელებია. არადა, დიდი ხანია, ოპოზიცია იმაზე საუბრობს, რომ 2 ოქტომბის არჩევნები რიგითი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კი არა, არამედ, ერთგვარი რეფერენდუმია, რომელმაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. ამ ფონზე, რითი აიხსნება ოპოზიციის პასიური საარჩევნო კამპანია? - „ვერსია“ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა, რომელიც ყირიმის სამიტის შექმნასა და ამ პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობასაც აფასებს:

- დროთა ვითარებამ და ისტორიულმა სვლამ ისე მოიტანა, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ერთმანეთის არა მარტო მოკავშირე, არამედ, ერთნაირი პრობლემების მქონე ქვეყნებიც აღმოვჩნდით. სამივეს რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია გვაქვს. ასევე, ისიც გვაერთიანებს, რომ სამივე ქვეყანა ევროპისკენ მიისწრაფვის. ამ კავშირის ფაქტობრივი გაერთიანება კი იმის საშუალებას იძლევა, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებები მივიღოთ და საერთო სტრატეგია შევიმუშავოთ, როგორც რუსეთთან, ასევე, დასავლეთთან ურთიერთობაში. ნებისმიერი ასეთი კავშირი საერთაშორისო დონეზე იწვევს გარკვეულ პოზიციონირებას და, პრაქტიკულად, ახალი პლატფორმა შეიქმნა, რომელში მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელივანია. გეოპოლიტიკურად ამ გაერთიანებას საკმაოდ დადებითი და სამივე ქვეყნისთვის მომგებიანი მნიშვნელობა აქვს.

- ბატონო ვახტანგ, საგარეო პოლიტიკასთან ერთად, ქვეყნის შიდა პროცესებიც მნიშვნელოვანია. საარჩევნო კამპანიას როგორ აფასებთ?

- ამ არჩევნებს პოლიტიკური ძალები სხვადასხვაგვარად უყურებენ და როგორც ჩანს, ინტერესებიც განსხვავებულია იმიტომ, რომ თავიდან ოპოზიციამ ერთხმად დაიწყო ლაპარაკი, ეს არის არა მხოლოდ არჩევნები, არამედ, რეფერენდუმიო. სააკაშვილმა მონათლა „რეფერენდუმად“ და შემდეგ, ყველამ დაიწყო ამაზე საუბარი, რადგან 43%-იანი ბარიერი არსებობდა მიშელის ხელშეკრულებაში და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებს საზოგადოება სხვაგვარად მიუდგა. შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება დატოვა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს 43%-ს აიღებს თუ არა და რიგგარეშე არჩევნები ამაზე არ იქნება დამოკიდებული. ამ თემამ კი დაბნეულობა გამოიწვია ოპოზიციაშიც და მის ელექტორატშიც. როცა 43%-იან ბარიერზე „ოცნებამ“ თქვა უარი, მიდგომები გაიყო, რადგან ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ ისინი მაინც აიძულებენ მმართველ ძალას, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს. ელექტორატს კი მშვენივრად ესმის ეს „იძულება“ რასაც ნიშნავს - ისევ ქუჩას, აქციებს და ა.შ. არადა, დღეს თუ ვინმეს არ უნდა ქუჩის აქციები, ელექტორატია. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა და მის გარშემო არსებული პოლიტიკური ძალები ისევ ლაპარაკობენ რეფერენდუმზე, თუმცა ძალიან სერიოზულად ჩაერთო ნაციონალური მოძრაობა ამ საარჩევნო კამპანიაში, მთელი პარტიული ელიტა უშუალოდაა ჩართული პროცესში. მიუხედავად ამისა, განწყობა მოსახლეობაში და მოლოდინები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, „ნაციონალების“ გარდა, რიგგარეშე არჩევნები მაინცდამაინც აღარ უნდა, რადგან ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მათი რეიტინგი წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაეცა, რაც ლოგიკურია, რადგან მათ მიერ ბოიკოტის გამოცხადება ელექტორატისთვის ბოლომდე გასაგები არ იყო და რაც მთავარია, ამ პარტიების ელექტორატის 90% ის ამომრჩეველია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა და არც - ნაციონალური მოძრაობა. როდესაც ეს გაგრძელდა, ამ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ხელი ჩაიქნია ამ პარტიებზე. ამიტომ, ამ პარტიებისთვის რიგგარეშე არჩევნები მისაღები არაა. რადგან პარლამენტში შევიდნენ და ეს ნაბიჯი გადადგეს, ურჩევნიათ, მათთვის მომგებიან სიტუაციას დაელოდონ და არ აყვნენ ამ აჟიოტაჟს. ამან გამოიწვია, რომ დღეს ოპოზიცია ერთიანი არაა. ამასთან, ადგილობრივი არჩევნები საშუალებას იძლევა, პარტიული სტრუქტურა გამართო, რადგან ამ არჩევნებში რეგიონების ჯგუფების ინტერესები უფროა, ვიდრე - ცენტრალური პარტიის. პარტიის მცირე ჯგუფები იბრძვიან საკრებულოებში, მერიაში მოსახვედრად და მათი ინტერესი მეტია, რაც პარტიული სტრუქტურის შექმნის საშუალებას იძლევა. თავის მხრივ, ეს განაპირობებს, რომ მეტად არაა აქტიური საარჩევნო კამპანია, თუმცა იმედი მაქვს, სექტემბერში უფრო გააქტიურდება და ხელშესახები გახდება, თორემ დღეს ქუჩაში არც კი იგრძნობა, რომ არჩევნები მოდის.

- ოპოზიციის იმ განცხადების კვალობაზე, რომ ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, ასეთი პასიურობა საკუთარი ამომრჩევლისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხომ არაა? ზოგ პარტიას ჯერ კანდიდატებიც კი არ დაუსახელებია...

- ამ მცირე პარტიებს პარტიული სტრუქტურები არ აქვთ გამართული, თან ადგილობრივ არჩევნებში საკმაოდ დიდი ადამიანური რესურსია საჭირო. თავი რომ დავანებოთ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას, კანდიდატთა რაოდენობაა დიდი. გარდა ამისა, უკვე ვისაუბრე, რომ ეს პარტიები მაინცდამაინც მონდომებული არ არიან, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. შეიძლება, მცირე რაიონებში არ ჰყავდეთ ჯგუფი და არ ჩქარობდნენ დასახელებას, მაგრამ თბილისის მერობის კანდიდატი უკვე დასახელებული უნდა ჰყავდეთ, თუ რაღაცის იმედი აქვთ. აქაც ის ფაქტორია, როდესაც ეს პარტიები შეგუებულები არიან, რომ პირველი-მეორე ადგილი იქნება ნაციონალური მოძრაობისა და „ოცნების“...

- ოპოზიცია საერთო კანდიდატის გარშემო რომ ვერ ერთიანდება, ეს კარგია თუ ცუდი?

- ამას ადგილობრივი არჩევნების პერსპექტივიდან არ უნდა შევხედოთ. მელია დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია ელექტორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამიტომ, თითქოს ბუნებრივია, რომ მას დაუჭირო მხარი, თუ წარმატება გინდა არჩევნებში, მაგრამ არის მეორე მხარეც - რომ ბოიკოტის დროს, ერთიანობამ ამ პარტიებს ელექტორატი კი არ შემატა, არამედ, დააკარგვინა.

- ანუ, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებამ სხვა პარტიებს ელექტორატი დააკარგვინა?

- დიახ და იციან, რიგგარეშე არჩევნებში უფრო ცუდი შედეგი ექნებათ და ამიტომ არ აწყობთ. თუ მელიას დაუჭერენ მხარს, ეს ნიშნავს, რომ პერსპექტივაც არ ექნებათ, შემდეგ არჩევნებში სერიოზულ მხარდაჭერას მიაღწიონ. ცალკე თემაა, მელიას კანდიდატურა უნდა დასახელებულიყო თუ არა. კი, ნაციონალური მოძრაობა თითქოს ჩაერთო არჩევნების ბრძოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჟინი მათგანაც არ იგრძნობა.

- სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხი ცოტა არასერიოზულად იქცა, რადგან ყველა არჩევნების დროს აანონსებს ჩამოსვლას, თუმცა დღემდე კიევშია. ამჯერად, როგორ ფიქრობთ, ჩამოვა?

- სააკაშვილის ჩამოსვლა არარეალურია და რომ მკითხოს, არც ვურჩევდი. არასდროს ველოდი, რომ ჩამოვიდოდა, მაგრამ იყო მომენტები, თუნდაც ნოემბრის არჩევნების შემდეგ, როცა საპროტესტო ტალღა აგორდა, რომ ჩამოსულიყო, გაცილებით უკეთესი ნიადაგი იყო ამისთვის. ახლა კი ისეთი ვითარებაა, რომ არ ვურჩევდი ამ ნაბიჯის გადადგმას. ზედმეტია ყველასთვის, ნაციონალური მოძრაობისა და მისი ელექტორატისთვისაც კი. შესაძლა, პანდემიის დამსახურებაცაა, მაგრამ საზოგადოებას პოლიტიკა საერთოდ აღარ აინტერესებს, ამიტომ სააკაშვილის ჩამოსვლა გამორიცხულია.

- ბატონო ვახტანგ, IRI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა არც ერთ პარტიას აძლევს ხმას. ეს აჩენს თავისუფალ სივრცეს, რომ ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდეს ახალი ძალა?

- კი, არსებობს ეს ელექტორატი. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ავტორიტარიზმს ვერ ვეგუებით და დემოკრატიისთვის პოლიტიკური განათლება არ გვყოფნის. ეს სივრცე და მოლოდინი არსებობს. იმის უნარი, რომ საზოგადოებამ თავად წარმოშვას ახალი პარტია და ლიდერი, ამისთვის პოლიტიკური ძალა, საზოგადოების მზაობა არ გვყოფნის. არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრი მთლიანად გაკოტრებულია პოლიტიკურად და მორალურად. ამიტომ არსებული რეალობიდან რომ რაღაც წარმოიშვას, ძნელი სათქმელია. თავის დროზე, „ეროვნული მოძრაობიდან“ ველოდებოდით იმედს, შემდეგ გამოცდილი პოლიტიკოსი გვყავდა... შემდეგ ევროპაში განათლებამიღებული ჯგუფის ლიდერი, შემდეგ მილიარდერი და არც ერთმა გაამართლა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას მოლოდინები აქვს, მაგრამ მხოლოდ იმის ძალისხმევა გვყოფნის, რომ რაღაც შევცვალოთ და შემდეგ გადავდივართ საღათას ძილში. საზოგადოება უნდა იყოს სხვაგვარი, ალბათ, ამას დრო და თაობები მოიტანს .