„გირჩი“ სუს-ის აგენტურაა!..ცალ-ცალი კალოშით მოსიარულე გიორგი ვაშაძე დაკემსილი „ნასკებით“ დადიოდა! ალეკო ელისაშვილი პირდაპირ თანამშრომლობდა პროკურატურასთან! - ზესკანდალური ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს: „იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯს არ დგამს დავით გარეჯის დასაბრუნებლად, მე და ქართული მარშის გენ-მდივანი, ირაკლი შიხიაშვილი, მივემგზავრებით ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით, რომელიც შეეხება დავით გარეჯის საკითხს!

გარკვეული დრო ვერ ვიქნებით აქ, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეებით დაგიბრუნდებით!

ქართულ ოცნებას თუ ვუცქირეთ, მალე საგარეჯომდე დათმობენ საქართველოს ძირძველ ტერიტორიას...

დავით გარეჯი საქართველოა!“

„ვერსია“ სანდრო ბრეგაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:

 - ბატონო სანდრო, გაგვიმხილეთ, სად მიემგზავრებით?

- ამას, ჯერჯერობით, საიდუმლოდ დავტოვებ, რადგან ამ ვიზიტს შეუშლის ხელს, მაგრამ შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ დავით გარეჯის საკითხზე მივდივართ.

- აზერბაიჯანში მიდიხართ?

- ვერ დაგიკონკრეტებთ, საქმიდან გამომდინარე. რომ ჩამოვალ, ყველაფერს გეტყვით. შემიძლია, გითხრათ, რომ რუსეთში არ მივდივარ და არც ვაპირებ.

- დავით გარეჯთან დაკავშირებით, რამე მოლაპარაკების ფორმატის ფარგლებში აპირებთ გამგზავრებას?

- დიახ, საკმაოდ საინტერესო ფორმატია. მოგეხსენებათ, რომ შევხვდით აზერბაიჯანის ელჩს და მასთან  გვაქვს საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, საკმაოდ საინტერესო და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, რომელიც საკმაოდ მოწადინებულია, რომ ბევრი საკითხი გადაიჭრას. ჩვენ ვაცადეთ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ დავინახეთ, რომ არჩევნების შემდგომ ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა დავით გარეჯის დასაბრუნებლად.

- საინტერესოა, ამ მოლაპარაკებებს ელჩებთან რა სტატუსით აწარმოებთ?

- როგორც პარტია „ქართული მარშის“ ლიდერი. ნიკა მელიას თუ აქვს აშშ-ის ელჩთან მოლაპარაკების წარმოების უფლება, მე აზერბაიჯანის ელჩთან არ მაქვს ამის უფლება?! მაინცდამაინც, ნაციონალური მოძრაობის წევრი უნდა ვიყო, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოო?! მარტო მიხეილ სააკაშვილს არ გაუყიდია დავით გარეჯი, დღესაც იყიდება, ყოველდღიურად. ტრანსპორტირება რომ ხდება ნავთობის, სწორედ მაგიტომ ხდება ეს ყველაფერი... აზერბაიჯანულ მხარესთან დიალოგი რომ წარმოებულიყო ამდენი ხნის განმავლობაში, დავით გარეჯის პრობლემა მეზობლობიდან და მეგობრობიდან გამომდინარე, დადებითად, მოკლე ხანში გადაწყდებოდა.

- ბატონო სანდრო, რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ ეკლესიაში ბევრი გამყიდველი „იუდაა“, ვინ იგულისხმეთ და რა კონტექსტში თქვით ეს?

- პეტრე ცაავა არის თუ არა „ცრუ პეტრე“, „იუდა“ და გამყიდველი?! პეტრე ცაავები ძალიან ბევრნი არიან, სამწუხაროდ, ჩვენს ეკლესიაში და თქვენ გგონიათ, ცაავა განკვეთილია?! ადამიანი, რომელმაც საშინელება თქვა პატრიარქზე, მხოლოდ განკვეთილი კი არა, საჯაროდ გაკიცხულიც უნდა ყოფილიყო. არც განკვეთილია, მღვდელმსახურების უფლებაც აქვს და მეუფის სტატუსიც.

- ამას წმინდა სინოდი წყვეტს, მათი პრეროგატივაა, ვის განკვეთენ და ვის - არა, ხომ ასეა?

- ალბათ, ასეა... პეტრე ცაავა იქ ბევრია. ერთი „იუდა ისკარიოტელი“ არაა იქ.

- კი, მაგრამ რა ინფორმაციას ფლობთ ისეთს, რაც ამის თქმის საფუძველს გაძლევთ?

- კვლევას რომ დავამთავრებ, გეტყვით ამ ყველაფრის შესახებ. ეს არა მარტო ეკლესიას, არამედ, ხელისუფლებასაც ეხება. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე სურათია. ვფიქრობ, რომ დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ძალიან სერიოზული კატაკლიზმის წინაშე დგას. უფრო სწორად, ეს პროცესი დაწყებულია. საშინელ დამპყრობელ ჯალალ ედ დინს, რომელმაც სიონს გუმბათი ახადა და თავისი ინდური ტახტი დადგა, შეიძლება, იმასაც კი არ მიუყენებია იმდენი ზარალი ჩვენი ეკლესიისთვის, როგორც „იუდა ისკარიოტელები“ აყენებენ. თავის დროზე, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ დაიწყო მხილების პროცესი და შემდგომში ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დამხობილ იქნა, ეს იყო. ამას გეუბნებით, როგორც იმ მოვლენების მომსწრე, ზვიად გამსახურდიას მომხრე და ახლო გარემოცვაში მყოფი ადამიანი. პეტრე ცაავას მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ყველა ლოგიკით და საეკლესიო კანონის მიხედვით, არა მარტო განკვეთილი უნდა იყოს, არამედ, ანათემას უნდა იყოს გადაცემული. მაგრამ ცაავას ზოგ-ზოგიერთზე იმდენი კომპრომატი აქვს, რომ ხელს ვერ ახლებენ.

- იმას გულისხმობთ, რომ ცაავას სინოდის წევრებზე აქვს კომპრომატები?

- ვერ დავაკონკრეტებ, ვინ არიან ეს ადამიანები, სანამ არ მექნება დოკუმენტები... მე, მაგალითად, პეტრე ცაავა რომ ქუჩაში შემხვდეს, აუცილებლად გავაწნავ სილას.

- ეს არის ძალადობა და არაფრით მართლდება, ბატონო სანდრო!

- პასუხს ვაგებ მერე ამაზე, რა ვქნა?! ან კარგი, თუ ეს ძალადობა და კანონდარღვევაა, მაშინ, ძალიან ცუდ სიტყვებს ვეტყვი...

- ბატონო სანდრო, შესაძლოა, ვინმემ წინასაარჩევნოდ მსგავსი სენსიტიური საკითხების წამოწევა ამომრჩევლის განწყობებზე „თამაშად“ ჩაგითვალოთ...

- ვინც ასე ჩათვლის, მათ ვუპასუხებ, რომ არჩევნებში არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, იმ ჟვანიასა და ცესკო-ს პირობებში, რომელიც წარა-მარა აყალბებს არჩევნებს. როგორ გგონიათ, ცესკო-მ ნაციონალურ მოძრაობას გაუყალბა არჩევნები? არავითარ შემთხვევაში! ენმ-ის ერთი ხმაც არ დაკლებია. ამ არჩევნებში ხმები გაუყალბდა „ქართულ მარშს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ ანუ ეროვნულ ძალებს. თორემ მშვენივრად დავინახეთ, როგორ შეცუნცულდნენ პარლამენტში, სპექტაკლები დადგეს, როგორ იხეოდნენ შუაზე ბოკერიები, მელიები და ა.შ. სინამდვილეში, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ, მაგალითად, პარტია „გირჩი“ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი. მოგიყვებით ისტორიას, როგორ შეიქმნა - პავლე კუბლაშვილი და მისი ძმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, როცა გირგვლიანის მკვლელები გარეთ გამოუშვეს, როცა რობაქიძისა და ვაზაგაშვილის მკვლელები არ დასაჯეს... ამიტომ, ეს ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს... ძმებ კუბლაშვილებს, ამ ორ ავაზაკს, კორუმპირებულ სუბიექტს მისცეს გარანტიები, რომ მათ შეუნარჩუნებდნენ კირის ბიზნესს ზემო იმერეთში, რომელიც  მრავალმილიონიანი ბიზნესია და რომელსაც წელიწადში, რამდენიმე ათეული მილიონის მოგება მოაქვს. სამაგიეროდ, მათ უნდა გამოეყვანათ ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან რამდენიმე დეპუტატი და შეექმნათ პარტია, რომელსაც შემდგომში დაარქვეს „გირჩი“ და რომელსაც უზრუნველყოფილი აქვს ყველაფერი. სწორედ კუბლაშვილი გახლდათ ის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს, მოლაპარაკებებს აწარმოებდა ნაციონალურ მოძრაობასა და ხელისუფლებას შორის. „გირჩი“ სუს-ის აგენტურაა...!  მეგრელიშვილი არის ჩვეულბრივი აგენტი, რომელიც არაერთხელ იქნა ნარკოტიკების მოხმარებასა და რეალიზაციაზე დაკავებული...

- სერიოზული ბრალდებებია ეს, ბატონო სანდრო!

- მიჩივლოს სასამართლოში, რა ვქნა! გეუბნებით, რომ დააპატიმრეს ეს ადამიანი და გამოუშვეს ისე, რომ არც გააფორმეს რამდენჯერმე. მომაწოდეს ეს ინფორმაცია და პირდაპირ გეუბნებით, რომ ადამიანი ქუჩაში ეწევა „პლანს“ და კაციშვილი ხელს არ ადებს. პარტიაში მოჰყავს ნარკოტიკები...

ამასთან, ვაშაძე რომ შევიდოდა პარლამენტში, ვანო ჩხარტიშვილის სიძე, რომელსაც ჩხარტიშვილი აძლევს ფულს და რომელმაც 4 თუ 5 მილიონი დახარჯა არჩევნებში... ცალ-ცალი კალოშით მოსიარულე ვაშაძეს, რომელიც დიდი ხანია, მახსოვს და დაკემსილი „ნასკებით“ დადიოდა, 4 მილიონი საიდან აქვს?! კარგით, რა! მისცა ვანო ჩხარტიშვილმა და შემდეგ უბრძანა, როცა საჭირო გახდა, უნდა შეხვიდე პარლამენტშიო და შევიდა კიდეც. აი, ამათთვის გააყალბეს ეს არჩევნები, რომ ესენი შესულიყვნენ.

ალეკო ელისაშვილი, რომელიც პირდაპირ თანამშრომლობდა პროკურატურასთან და უშიშროებასთან და რომელმაც ნაციონალური მოძრაობის დროსაც კი დააჭერინა ახალგაზრდები. ეს 37 წელს რომ ჩამშვებები იყვნენ, ასეთი ჩამშვები ავაზაკი იყო, რომელმაც გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე და 7 ახალგაზრდა დააჭერინა უმიზეზოდ და გააშვებინა ციხეში! ეს „ნასეტკები“ რომ შევიდოდნენ პარლამენტში, ამაზე ორი აზრი ხომ არ არსებობდა?! მათ აჩუქა ხმები ჟვანიამ, ამაშია მთელი უბედურება!