„უმძიმეს სიტუაციაშია აფხაზეთის მოსახლეობა, უნდა აირჩიონ, უნდათ თუ არა ამ ჭაობში დარჩენა...“- ინტერვიუ პაატა დავითაიასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

16 ივნისს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა საუბრის შემდეგ განაცხადეს, რომ ელჩებს ადგილზე დააბრუნებენ. რატომ არ იყო პუტინ-ბაიდენის შეხვედრის დროს ნახსენები საქართველო - საკითხს საქართველოში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. 
 ოპოზიცია ამას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სისუსტედ აფასებს, ხოლო უმრავლესობაში თვლიან, რომ უკრაინის კონტექსტში საქართველოც იგულისხმებოდა. ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ნატო-ს სამიტი გაიმართა, რის შემდეგაც დასავლეთმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

,,ნატო-ს კომუნიკე აფხაზეთს აძლევს არჩევანის შანსს და უხსნის შესაძლებლობების ფანჯარას“ -  განაცხადა „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ და განმარტა, რომ ახლა აფხაზეთმა უნდა აირჩიოს, როგორი ცხოვრება სურს, სად აქვს განვითარებისა და გაძლიერების შანსი. აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ პაატა დავითაიას ვრცლად ესაუბრა:

 _ ძალიან მძიმე სიტუაციაში აფხაზეთის მოსახლეობა. ვადევნებ თვალს მათ პრესას, ყველა მიმართულებით და ძალიან განიცდიან, რომ არ ხდება მათი აღიარება. ხედავენ, რომ რუსები დომინირებენ და ამით აფხაზების თვითმყოფადობა, რომელთაც დამოუკიდებლობა უნდათ, ნადგურდება. ადარებენ ცხოვრებას და ხედავენ, რა ხდება ამ მიმართებით აფხაზეთში. კი არ ფიქრობენ, რომ მაინცდამაინც საქართველოში უნდათ, მაგრამ ადარებენ უკვე ყველაფერ ამას და ნატო-ს სამიტზე ჩვენი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებით და მოწოდება, რომ გავიდეს რუსული ჯარები, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორი ერთიანი არიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომლებიც ხელს შეუშლიან „აღიარების პოლიტიკას“. ამიტომ ეს ნათელი გზავნილი იყო იმისთვის, რომ მათ გააკეთონ არჩევანი - ისევ იქნებიან ამ ჭაობში და განუვითარებელ სიტუაციაში, სადაც მარტო მაინინგით არიან დაკავებული, ელექტროენერგია ეთიშებათ, ყველაფერი გაპარტახებულია და არის რაიონები, სადაც ბუნება ანგრევს შენობებს, სახლებში ხეები ამოდის და ა.შ. ჩერნობილის შემდეგ ასეთი რამ არსად ხდება... არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან და ამ ყველაფერს ათვალიერებენ. იმასაც ხედავენ, რომ ინგრევა აფხაზეთი, ტყეს მიაქვს - ასე აპირებენ ცხოვრებას? თუ ისე, როგორც ჩვენი პარტნიორები ღიად ამბობენ, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება გამოიწვევს ფინანსურ ინვესტიციებს ამ რეგიონში. ნატო-ს კომუნიკეში ასე კონკრეტულად გაწერილი არ არის, მაგრამ ეს ისედაც ნათელია.

_ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. როგორ ფიქრობთ, საქართველოს რა კონტექსტში განიხილავდნენ?

_ ხშირად მესმის ტელევიზიით, რომ საქართველო არ არის, არ ჩანს და ა.შ. კი, პრობლემები არის და მეც ბევრი კითხვა მაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავ, რაც ხდება - ძალიან დიდი საერთაშორისო მხარედაჭერა აქვს საქართველოს. თავდაცვის სამინისტროს მიმართ დიდი ინვესტიცია იდება ჩვენი პარტნიორის, აშშ-ის, მხრიდან და ეს ყოველ წელს იზრდება. ამასთან, დასავლეთმა ნათლად გააკეთა შეფასებები, რომ 2008 წელს მათი მოქმედება არ იყო ადეკვატური და უფრო მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონოდათ რუსეთის მიმართ. შემდეგი თემაა ის, თუ სად აქვს პრობლემები საქართველოს - საარჩევნო  და სასამართლო სისტემასთან. მედიაპრობლემები ჩახსნილია და ძალიან ბევრი ოპოზიციური  მედიასაშუალება არის. ამიტომ საარჩევნო და სასამართლოს საკითხო სასწრაფოდ მოსაგვარებელია. ეკონომიკაზე მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ იმიტომ, რომ არსებულ პრობლემებს ყველა ხედავს და გრძნობს. მთავარი ისაა, რომ ეს ორი პრობლემა თუ მოგვარდება, მაშინვე წინ წავიწევთ. შარლ მიშელის მოქმედების მსგავსი პრეცედენტი ევროკავშირში არ არსებობს და ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველო არსაიდან არ გამქრალა, მაგრამ პრიორიტეტში არ უნდა იყოს პრობლემებით. აი, აქ ვართ ახლა გაჭედილი. ვართ პრიორიტეტში პრობლემების გამო და თუ ბევრჯერ შევაწუხებთ მათ ამის გამო, შიძლება, საერთოდ ჩაიხსნას საქართველო პრიორიტეტებისგან. შეიძლება, საჯაროდ არ იყოს ამაზე საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს მაინც შეეხებოდნენ. ხაზს ვუსვამ, მნიშვნელოვანია, ჩვენი პრობლემებით არ გადავღალოთ დასავლეთი, არამედ ჩენი რეფორმებით უნდა გადავღალოთ.

_  ბატონო პაატა, ცოტა ხნის წინ „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთს მკაცრი გაფრთხილება მისცა და ვხედავთ, რომ პუტინის მმართველობა არც ისე კარგ მდგომარეობაშია. ამ ყველაფერს აფხაზეთში ხომ ხედავენ? ეს არ უნდა იყოს მათთვის არჩევანის დროს გადამწყვეტი?

_ მესმის თქვენი კითხვის არსი და ეს არის იმ ადამიანის მიერ დასმული კითხვა, რომელიც ნორმალურად აღიქვამს სიტუაციას, მაგრამ აფხაზეთში ასე არ უყურებენ არსებულ მდგომარეობას. იქ არის 28-ზე მეტი რუსული ბაზა, რაზეცაა მიბმული ეკონომიკა, ხელისუფლება საგადასახდო სისტემით. როგორც თქვენ ამ საკითხს განიხილავთ, რომ ერთ დღეში გადაეწყონ, ასე არაა. მათ ნახეს, რომ იქ ქართველები მუშაობდნენ და იმიტომ ყვაოდა აფხაზეთი, ქართველები არ არიან და აღარ ყვავის. რუსებიც წერენ, რომ მუშაობა არ უყვართ აფხაზებს და მარტო ფული უყვართ, რაც მაინინგის თემამაც აჩვენა. უშრომელი ფული უნდათ, ისიც ჩვენი ელექტროენერგიის ხარჯზე, რომელიც მათ უფასოდ აქვთ. თუმცა, გაჩნდა აფხაზეთში ხალხი, ვინც უკვე ფიქრობს, რომ ეს არის დაქცევა ერის.

_ საინტერესოა, ეს ადამიანები ახალგაზრდები არიან?

_ ისევ სწორად სვამთ კითხვას, ლოგიკურად, ასე უნდა იყოს, მაგრამ ასე იქ არ ხდება... ახალგაზრდობა, რომელიც იქ გაიზრდა და რუსეთთან ინტეგრირდა, ფიქრობს დამოუკიდებლობაზე და რუსეთში სპეციალური ინსტიტუტიც კი შეიქმნა აფხაზი ახალგაზრდობის ინტეგრირებისთვის. საუბარია მათ დასაქმებაზე, რომ გადაიყვანონ აფხაზეთიდან რუსეთში... საინტერესო ისაა, რომ უფრო დაიწყო ფიქრი იმ ხალხმა, ვინც ქართველებთან ერთად ცხოვრობდა და ახსოვთ ეს.

_ რამნდენად მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ შიშის ფაქტორი?

_ მხოლოდ შიშის ფაქტორზე არაა... წარმოიდგინეთ, 28 სამხედრო ბაზა თავის სპეცსამსახურებით, სეპარატისტთა ძალოვანი სტრუქტურებით, რომელიც მიბმულია რუსეთის ფედერაციაზე, როგორც შენაერთი. თუ კი ვინმემ აფხაზეთში საქართველო დადებით კონტექსტში მოიხსენია, მაშინვე იწყებენ მის ბულინგს. იდეასაც კი კლავენ. სერგეი შამბასაც კი, რომელიც სეპარატისტთა იდეოლოგიის მამაა, როდესაც თქვა, საქართველოსთან უნდა დაილოგი დაიწყოს, მასაც კი დაესხნენ თავს. ის დეკლარაციაც, რაც ბჟანიამ მიიღო პირდაპირი დიალოგის წარმოების შესახებ, გააუქმეს ორი კვირის წინ იმიტომ, რომ ისეთი ამბავი აუტეხეს ბჟანიას.