„გამსვლელ სიაში ჩაწერა ჩემი საქმე არაა!“ - რატომ აღარ აქტიურობს მურმან დუმბაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

„ჩემი ამოცანა ხელისუფლების დამარცხებაა“

 

 ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრი, მურმან დუმბაძე საკანონმდებლო ორგანოში ვერ შევიდა. საქმე ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანებულმა ბლოკმა პარლამენტში 36 დეპუტატის შეყვანა შეძლო, მურმან დუმბაძის ნომერი კი, საკუთარი გადაწყვეტილებით, 41 იყო. რატომ აირჩია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა? - ამას დუმაბაძე წინამდებარე ინტერვიუში ხსნის... ამასთან, „ვერსია“ დაინტერესდა, როგორ აფასებს საკუთარი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის თაობაზე და რატომ აღარ ჩანს პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკოსი, რომელიც 2012 წელს, „ქართული ოცნების“ აქტიური წარმომადგენელი იყო, თუმცა პარტია მალევე დატოვა და ოპოზიციურ ფლანგს შეუერთდა...

 მურმან დუმბაძე: - ჩემი ნომერი მაქვს და ეს არის მყარად ჩამოყალიბებული ვერსია - 41... ამოცანაა, რომ 41-ით დავამარცხო 41!

- ბატონო მურმან, პოლიტიკურ სივრცეში აღარ აქტიურობთ... ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლას როგორ აფასებთ?

- ვიყავი წინააღმდეგი და ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ პარლამენტში არ უნდა შევსულიყავით, მაგრამ ეს იმ ადამიანების არჩევანია, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს. როცა რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება, უკვე აზრი დაკარგა არშესვლის ვერსიამაც, ამიტომ ძალიან ვერ გავამტყუნებ. მე, ინდივიდი მურმან დუმბაძე, ვფიქრობ, რომ არშესვლა უფრო მომგებიანი იქნებოდა იმიტომ, რომ თუ გვინდა, მომავალში არჩევნები არ გაყალბდეს, ამის ერთადერთი საუკეთესო იარაღი პარლამენტში არშესვლა ანუ ბოიკოტია.

ნაციონალური მოძრაობის არა, მაგრამ „ძალა ერთობაშიას“ წევრი ვარ და ვრჩები ჩემს აზრზე, თუმცა ენმ-შიც არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს აზრზე დარჩნენ.

- რადგან გამსვლელი სიის მიღმა აღმოჩნდით, როგორ აპირებთ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ?

- გამსვლელი სიაში ჩაწერა ჩემი საქმე არაა, ეს რიგითობა ბუღალტერიაა. ჩემი ამოცანა მიმდინარე ხელისუფლების დამარცხება და უკეთესი ხელისუფლების მოყვანაა. უკეთესი ვერსია მგონია კოალიციური მთავრობა, კოალიციების დრო მოდის 21-ე საუკუნეში. 2018 წელს, როცა „ძალა ერთობაშია“ შეიქმნა, მაშინაც ვამბობდი, მინიმოდელი უნდა შევქმნათ მომავალი საკოორდინაციო მთავრობის-მეთქი და მგონი, ქვეყანა მიდის ამ მიმართულებით. მთავარია, სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადავიდეთ და შევქმნათ რეალური კოალიციური მთავრობა.

მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში, რეალური თვითმმართველობები არ გვაქვს. გვაქვს მუნიციპალიტეტის დონეზე საკრებულოები, რომელთა ფუნქცია ხელფასის აღებაა. ბიუჯეტის განაწილება, ადგილობრივი ინიციატივები - ყველაფერი ეს, ცენტრალურ დონეზე წყდება. არადა, მაგალითად, ამერიკელი მოქალაქე თვითმმართველობის არჩევნებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე - საპრეზიდენტოს იმიტომ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უფრო ახლოსაა მოქალაქესა და მის პრობლემებთან.

საქართველოში კი თვითმმართველობას არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას. ამ ეტაპზე, 2021 წლის არჩევნები გადაიქცევა რეფერენდუმად, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ წესი, არჩევნები არ გაყალბდეს და გაუყალბებელი არჩევნებით არჩეული პარლამენტი შექმნის რეალურ თვითმმართველობას.

მიმაჩნია, რომ საქართველოში თვითმმართველობები უნდა გაძლიერდეს. რეალურ თვითმმართველობებზე გადასვლა კი იმას ნიშნავს, რომ ქონება და ინიციატივები გადავა ადგილზე და ძალიან აღარ ვიქნებით დამოკიდებულები ცენტრალურ ხელისუფლებაზე.

- ბატონო მურმან, გეგმების შესახებ გკითხეთ და არ მიპასუხეთ...

- 2021 წლის არჩევნები არ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს იქნება რეფერენდუმი, რომელიც რეალურ არჩევნებს დანიშნავს, რომ ჩავატაროთ გაუყალბებელი არჩევნები დამკვირვებლებით და ელექტრონული ვერსიით...

მე, როგორც მოქალაქე და „ძალა ერთობაშიას“ წევრი, ბუნებრივია, ვიქნები აქტიური, მაგრამ ვიქნები თუ არა კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია.

- „ძალა ერთობაშიას“ ბლოკი ამ არჩევნებისთვისაც შენარჩუნდება?

- დიახ, ეს ფორმატი აუცილებლად შენარჩუნდება.