გაქცეული ასლანიდან დაჭერილ მელიამდე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აჭარის რევოლუციის 17-წლიანი საიდუმლო

17 წლის წინ, 2004 წლის 6 მაისს, საქართველოში, პოლიტიკური ტემპერატურა, დღევანდელის მსგავსად, 100 გრადუსს აღწევდა. მაშინ მოვლენების ეპიცენტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, კერძოდ, ჯერ ჩოლოქის ხიდი და შემდეგ, ბათუმი იყო. დიახ, ასლან აბაშიძის მმართველობა საათებს ითვლიდა, ყველაფერი ეს, ბოლოს იმით დამთავრდება, რომ ქვეყნის იმდროინდელი მმართველი, მიხეილ სააკაშვილი შავი ზღვის მლაშე წყლით პირს დაიბანს და ამაყად იტყვის: „ასლანი გაიაქცა! აჭარა თვისუფალია!“ იმ დროს მიშას რეიტინგი, როგორც იტყვიან, ცას წვდებოდა. მართალია, დღეს სხვა მოცემულობაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ექსპრეზიდენტი, უფრო სწორად, მისი პარტია პოლიტიკურ დღის წესრიგს მაინც ქმნის. მხედველობაში ნიკა მელიას გარშემო განვითარებული მოვლენები გვაქვს - პატიმრობაში მყოფი ენმ-ს თავმჯდომარე გირაოთი გათავისუფლებაზე უარს ამბობს და ასევე, ამნისტიის იმ კანონპრექტსაც აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის ყველა მონაწილე შეწყალებული იქნება.

ისე, 17 წლის წინ, როცა „ნაციონალები“ ასლან აბაშიძეს აუმხედრდნენ, ნიკა მელია პოლიტიკაში საერთოდ არ იყო. ზოგადად, მაშინდელ და ახლანდელ ვითარებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა მთლად გონივრული არ იქნება. ამიტომ, „შედარებითი დახასიათებით“ თავს არ მოგაწყენთ და თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი ეს, საქართველოს უახლესი ისტორიაა, ე.წ. აჭარის რევოლუციის პერიპეტიებს გაგახსენებთ. ეს გახსენება კი უპრიანი თუნდაც იმიტომაა, რომ მაშინაც ყველაფერი არჩევნების გაყალბების საბაბით დაიწყო. ისე, თუ ჩავუღმავდებით, გაყალბების მოტივით ე.წ. რევოლუციის სურვილი ახლანდელი ოპოზიციის ნაწილსაც ჰქონდა, თუმცა 19 აპრილის შეთანხმებამ მოცემულობა შეცვალა, თან ისე შეცვალა, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისთვის, ერთგვარად, კეთროვანად გამოიყურება...

აჭარის კრიზისის ქრონოლოგია

2003 წლის 2 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და აჭარაში, ტრადიციულად, პირველ ადგილზე აბაშიძის აღორძინება გადის... ედუარდ შევარდნაძის ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მასობრივი აქციებით იმუქრება. შევარდნაძე ოპოზიციის ლიდერებს ხვდება, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ მთავრდება და პრეზიდენტის ერთადერთ იმედად ასლან აბაშიძეღა რჩება. ამიტომ, 10 ნოემბერს, ამბროსის ძე აჭარაში მიემგზავრება - აბაშიძე შევარდნაძეს მხარდამჭერთა მიტინგით ხვდება. 20 ნოემბერს კი თბილისში, პარლამენტის წინ, აღორძინება პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერ აქციას იწყებს, რომლის ერთ-ერთი იდეოლოგი, აბაშიძესთან ყველაზე დაახლოებული, ჯემალ გოგიტიძეა. აღორძინების აქციები თბილისში, 23 ნოემბრამდე ანუ „ვარდების რევოლუციამდე“ გრძელდება.

24 ნოემბერს, ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 30-დღიან საგანგებო მდგომარეობას აცხადებს, რაც საზღვრებზე, მათ შორის, ადმინისტრაციულ საზღვარზეც, ესე იგი, ჩოლოქზე კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს. პარალელურად, „ბაბუ“, რომელსაც პოლიტიკურ წრეებში, „მოკლე ფაშასაც“ ეძახიან, „ვარდების რევოლუციას“ გმობს და ირწმუნება, რომ ამით კონსტიტუციური წყობა დაირღვა.

2003 წლის 3 დეკემბერი - აბაშიძე მოსკოვში მიფრინავს და იქიდან აცხადებს, რომ 2004 წლის 4 იანვრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. 8 დეკემბერს, რუსეთი აჭარასთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აწესებს, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს. 10 დეკემბერს, აჭარაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ბურჯანაძე ჩადის და ცდილობს, აბაშიძეს არჩევნების ბოიკოტზე უარი ათქმევინოს. პარალელურად, პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძის მიმართ მწვავე განცხადებას აკეთებს: „მზად ვარ, წავიდე კომპრომისზე, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ასლან აბაშიძეს წასვლა უნდა, შეუძლია წავიდეს, მაგრამ აჭარას თან ვერ წაიღებს. ვინც ბლოკადის თემას წამოსწევს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის, ოთხი კედელი გამზადებული იქნება!“

2003 წლის 20 დეკემბერი - ბათუმს სახელმწიფო მინისტრი, ზურაბ ჟვანია სტუმრობს; 26 დეკემბერი - აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი მოქალაქეები სახალხო მოძრაობას - „ჩვენი აჭარა“ აფუძნებენ. მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კობა ხაბაზია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ჩვენ აჭარას“ ფინანსურად ფოთის პორტის უფროსი, ჯემალ ინაიშვილი უზრუნველჰყოფს...

2004 წლის 6 იანვარი - განსხვავებული აზრის გამოხატვის ბრალდებით, აჭარაში ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ ორ წევრსა და მათი ოჯახის წევრებს აკავებენ და სამთვიანი წინასწარი პატიმრობას უფარდებენ, თუმცა 18 იანვარს ათავისუფლებენ; 7 იანვარი - აბაშიძე ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობას ხელახლა აცხადებს. 11 იანვარს, გონიოში ათასკაციანი მიტინგი იმართება, რომლის მონაწილენიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვენ. აქციას უცნობი პირები არბევენ.

18 იანვარი - ბათუმის ცენტრში, აჭარის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსს, თემურ ინაიშვილს კლავენ. აჭარაში მოქმედი ოპოზიციური ლიდერები ირწმუნებიან, რომ ინაიშვილი მხარს ოპოზიციას უჭერდა და სწორედ ამის გამო მოკლეს.

20 იანვარი - გონიოში პოლიციასა და მოქალაქეებს შორის, რომლებიც აბაშიძის გადადგომას ითხოვენ, შეტაკება ხდება.

25 იანვარი ანუ პრეზიდენტის იანუგურაციის დღე - სააკაშვილი აჭარაში ჩადის და სახედრო აღლუმს იბარებს. 27 იანვარი - მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ პირველ ყრილობას მართავს და აჭარაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაზე საუბრობს.

27 იანვარი - ასლან აბაშიძე აცხადებს, რომ აჭარაში სისხლიანი დაპირისპირებაა მოსალოდნელი. ამასთან, აქცენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სცენარზე აკეთებს...

20 თებერვალი - ბათუმში „ჩვენი აჭარას“ ოფისს არბევენ, რასაც  წინ აბაშიძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება უძღვის. სწორედ ამ დღეს, აჭარაში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ვალტერ შვიმერი იმყოფება.

22 თებერვალს, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერსა და ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ წევრს იტაცებენ და სასტიკად სცემენ. წინა დღეს ანუ  21 თებერვალს კი ჩოლოქთან, ასევე, სასტიკად სცემენ მოძრაობა „კმარას“ იმ ორ აქტივისტს, რომლებსაც ბათუმში, აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატები მიაქვთ.

27 თებერვალი - აბაშიძე ბათუმის სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებულ შეჭრას გეგმავს.

2 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აჭარაში რეპრესიების ყველა გამტარებელი უნდა დაისაჯოს. ამასთან, სააკაშვილი აბაშიძეს ათდღიან ვადას აძლევს და მოუწოდებს, რომ კონკრეტულ დამნაშავეებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრას.

5 მარტი - სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, ვახტანგ კომახიძეს, რომელიც ბათუმიდან თბილისში ბრუნდება, ხელვაჩაურის რაიონში სცემენ. თვითმხილვევები ამბობენ, რომ კობახიძეს თავს სპეცრაზმელები დაესხნენ.

7 მარტი - ასლან აბაშიძე სააკაშვილს არ ემორჩილება და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უშიშროების სამინისტროს გაუქმებაზე უარს ამბობს. 12 მარტი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებს.

13 მარტს, აჭარის სამართალდამცავები საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ზურაბ ნოღაიდელს აკავებენ, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში, აჭარის მოსახლეობასთან შესახვედრად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა, თუმცა მალევე ათავისუფლებენ და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ატოვებინებენ. აჭარის ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, ნოღაიდელი აჭარაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით იმყოფებოდა.

14 მარტს, აჭარაში პრეზიდენტ სააკაშვილს არ უშვებენ - მის კორტეჟს ჩოლოქის ადმინისტრციულ საზღვარზე შეიარაღებული პირები აჩერებენ. იმავე დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში მოშიმშილე ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილს დაუდგენელი პირები არბევენ. თბილისში დაბრუნებული სააკაშვილი ტელევიზიით გამოდის და აჭარის ხელმძღვანელობას „სამხედრო გადატრიალების მცდელობაში“ ადანაშუალებს... ცენტრალური ხელისუფლება აჭარას ეკონომიკურ სანქციებს უწესებს.

24 მარტი - საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შესაძლოა, შეყვანილი იქნას შეიარაღებული დაჯგუფებები. სააკაშვილის ამ გამოსვლას აბაშიძე უპასუხოდ არ ტოვებს და ირწუნება, რომ ოფიციალური თბილისი აჭარაში შეჭრას გეგმავს. აბაშიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ამ გეგმას წინ აღუდგეს. 27 მარტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი უარყოფს ინფორმაციას, რომ აჭარის მოსახლეობაში იარაღი ბოლო დროს ცენტრსა და რეგიონს შორის დაძაბული ვითარების გამო დარიგდა. მისივე თქმით, იარაღი მოსახლეობას ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს დაურიგდა, რადგანაც აჭარას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები.

28 მარტს, როგორც მთელ საქართველოში, აჭარაშიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამ დღეს, ბათუმში პრემიერი ჟვანია ჩადის. რამდენიმე დღეში ნათელი ხდება, რომ აღორძინებამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და, შესაბამისად, პარლამენტში ვერ შევიდა. აბაშიძე ამბობს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.

2 აპრილი - თბილისი ბათუმს საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს. იმავე დღეს, თავდაცვის მინისტრი, გელა ბეჟუაშვილი, დაუმორჩილებლობის მოტივით, თანამდებობიდან ათავისუფლებს ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურ რომან დუმბაძეს.

9 აპრილს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, თერთმეტწლიანი პატიმრობის შემდეგ, საპყრობილეს ტოვებს თენგიზ ასანიძე, რომელიც თავს აბაშიძის პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ამასთან, პრეზიდენტი სააკაშვილი იმუქრება, რომ თუკი ასლან აბაშიძე აჭარაში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს არ განაიარაღებს, აჭარის უმაღლეს საბჭოს დაშლის და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ აბაშიძე განიარაღებაზე უარს ამბობს.

14 აპრილს, ჩოლოქზე არ ატარებენ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილს.

16 აპრილს კი სააკაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა ცენტრსა და რეგიონს შორის კი არა, არამედ, კრიმინალების ერთ ჯგუფთანაა, რომელიც სახელმწიფოში მოქმედ კანონებს არ ემორჩილება.

ამის შემდეგ, არენაზე გენერალი რომან დუმბაძე გამოდის ანუ 2004 წლის 19 აპრილს, 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს: „მე ვემსახურები აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძეს და ჩემი დანიშვნა-გადაყენებაც მას ევალება. 25-ე ბრიგადაც არის ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაში. მთავარსარდალად ასლან აბაშიძეს ვაღიარებ!“ 20 აპრილს, გენერალური პროკურატურა დუმბაძეზე, სამშობლოს ღალატის მუხლით, სისხლის სამართლის საქმის წარმოებას იწყებს.

23 აპრილი - ასლან აბაშიძე, ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული ვითარების მოგვარებას რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს სთხოვს. იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტი საგანგებო დადგენილებას იღებს, რომელშიც აბაშიძის ქმედებები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად ფასდება. ამასთან, დეპუტატები პრეზიდენტისგან, მთავრობისა და სამართალდამცავი სტრუქტურებისგან ითხოვენ, რომ აჭარაში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები განაიარაღონ. 24 აპრილს, აჭარაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ცხადდება.

2003 წლის 2 მაისი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ორ - ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდს აფეთქებენ.  4 მაისი - ბათუმში გამართულ მშვიდობიანი საპროტესტო აქციას არბევენ. მეორე დღეს, ბათუმის უნივერსიტეტთან, ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით, 15 ათასამდე ადამიანი იკრიბება... ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, რომელიც აჭარაში, ოდესმე ჩატარებულა.

რუსული ნარატივი

იმ ღამეს, ბათუმში მოვლენები დრამატულად განვითარდება: ქუჩებში, რიგით ადამიანებთან ერთად, აბაშიძის შეიარაღებული მხარდამჭერებიც გამოვლენ... ცოტაც და, ალბათ, სისხლი დაიღვრება, მაგრამ... მოულოდნელად, ავტონომიის დედაქალაქში, რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის თვითმფრინავი ეშვება, რომელსაც ასლან აბაშიძე მოსკოვში მიჰყავს. აბაშიძის გაქცევიდან მეორე-მესამე დღეს, ერთ-ერთი ქართული გაზეთი სტატიას - „როგორ გაიქცა ასლან აბაშიძე“ გამოაქვყენებს, რომელშიც ვკითხულობთ: „ბათუმში ყველა იმაზე საუბრობს, თუ როგორ გაიქცა ასლან აბაშიძე, ვინ გაჰყვა მას და ვინ - არა. ერთი ვერსიით, იგორ ივანოვის თვითმფრინავს ასლანი და მისი ვაჟი გაჰყვნენ, მეორე თვითმფრინავს კი - უშიშროების მინისტრი, სოსო გოგიტიძე და ასლანის გარემოცვის კიდევ 50-მდე წევრი, თუმცა მათი ვინაობა არ დასახელებულა. მათ ვინაობას ვერც პრეზიდენტის მიერ დანიშნული საკოორდინაციო საბჭოს წევრები აზუსტებენ. ყოფილი ოპოზიციონერის, გურამ სალაძის ინფორმაციით, 6 მაისს, ღამით, მოსკოვში გაფრინდნენ ასლან აბაშიძე, მისი ვაჟი გიორგი, აბაშიძის ცოლისძმა და აჭარის უშიშროების მინისტრი, სოსო გოგიტიძე - მეუღლითა და ქალ-ვაჟით. ამ თვითმფრინავში იყო დავით ხალვაში - აბაშიძის დაცვის უფროსი, მეტსახელად, „ქელფეთა“, ისიც მეუღლითა და ორი ქალიშვილით. ასევე, „ქელფეთას“ დაცვის წევრები - ტყუპი ძმები მჟავანაძეები და გიორგი აბაშიძის რამდენიმე მეგობარი... როდესაც ასლან აბაშიძის თვითმფრინავი ასაფრენად გამზადებულა და ჩასხდომა დაწყებულა, აღმოჩენილა, რომ ასლანთან ერთად, გაქცევის მსურველი ბევრი ყოფილა, თვითმფრინავში კი საკმარისი ადგილი არ იყო. ზუსტად ვერავინ ამბობს, რა ეწყო თვითმფრინავის სალონში, მაგრამ ფაქტია, გაქცევის ბევრი მსურველი იძულებით დარჩენილა ბათუმში. მათ შორის ყოფილან ასლანის დაცვის წევრები - სულიკო ვასაძე და იური მჟავანაძე, ასევე, გიორგი აბაშიძის დაცვის წევრები - თამაზ ლომიძე და მურთაზ კიკნაძე. ეს ის ხალხია, ვინც ასლან აბაშიძეს ბოლომდე გვერდში ედგა...“

ასე და ამგვარად: მიხეილის თქმისა არ იყოს, ასლანი „გაიქცა“ და... აჭარა არათუ გათავისუფლდა, არამედ, მომიტინგეებმა „ბაბუს“ ქონებაზე მოილხინეს ანუ გავეშებული ადამიანები აბაშიძის კაბინეტში შეიჭრნენ, იქაურობა მიანგრ-მოანგრიეს, განსაკუთრებული სისატიკე კი იმ სკამის მიმართ გამოიჩინეს, რომელზეც მემედ აბაშიძის შვილიშვილი, 13 წელი იჯდა - ნაკუწებად აქციეს. დამტვრეული სავარძლის დეტალები ზოგმა, ნიშნად იმისა, რომ აჭარელი დიქტატორის დამხობაში მონაწილეობდა, შინ რელიქვიად წაიღო. უფრო ფასეული ქონება კი „ვარდოსნებმა“ გაიყვეს. ყოველ შემთხვევაში, მაშინვე ითქვა, რომ მაგალითად, „ჰამარები“ თბილისში წამოიღეს და ამ ავტოებით, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და სააკაშვილის მაშინდელი სხვა ძმადნაფიცების ოჯახის წევრები დანავარდობდნენ.

რატომ იზრუნა იგორ ივანოვმა აბაშიძის საქართველოდან წაყვანაზე? - ამ კითხვაზე პასუხი, თითქოს, ნათელია. კერძოდ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დიდების ოლიმპოზე იდგა, აბაშიძეს კრემლმა გენერალ-მაიორის ჩინი უბოძა. სწორედ იმხანად ითქვა, რომ ასლანი ზვიად გამსახურდიას კრემლმა „შეუგდო“...

ისე, აჭარის რევოლუციის დღეებში, ხმა გავარდება, რომ „ვარდოსნები“ ასლანთან, თითქოს, ფარულ მოლაპარაკებას მართავენ და სთვაზობენ, გადადგეს და მემკვიდრედ ვაჟი, გიორგი აბაშიძე დატოვოს, თუმცა წლების მერე, კობა ხაბაზი, რომელიც აჭარის რევოლუციის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და იტყვის:

„აბსურდია! ხელისუფლებას ასეთი ოფიციალური პოზიცია არ ჰქონია. თუ ვინმე საკუთარი ინიციატივით ცდილობდა გიორგის გამოყენებას, არ ვიცი...“

ხვალ 6 მაისია, გიორგობა... მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა, ამ დღეს აჭარის რევოლუციას, როგორც იტყვიან, ვიწრო წრეში ნაციონალები და ექსნაციონალებიღა აღნიშნავენ...  ასეა თუ ისე, ფაქტია: 2004 წლის 6 მაისი საქართველოს უახლესი ისტორიაა, რომელსაც ვერ დავივიწყებთ: ამ დღეს ასლანი გაიქცა... 

ნინო დოლიძე