115 ახალი სტატია

ვახტანგ ძაბირაძე: „ქვეყნისთვის კარგი იქნება, თუ „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ პოლიტიკის მიღმა გავისტუმრებთ!“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა შეცდომას უშვებს ოპოზიცია და რატომ არ მიდის ხელისუფლება დათმობაზე

 ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება პიკს უახლოვდება. ყოველ შემთხვევაში, ევროპიდან საგანგებოდ მოვლენილმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებს კონკრეტულ ტექსტს და მხარეებს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება. მართალია, საზოგადოებისთვის მოლაპარაკების დეტალები გასაიდუმლოებულია, მაგრამ ცნობილია, რომ მოლაპარაკების ძირითადი საკითხები კვლავ ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ოპოზიციის პარლამენტში შესვლაა. რა დათმობაზე წავლენ მხარეები და შეძლებს თუ არა მწვავე კრიზისში მყოფი ქართული პოლიტიკური ელიტა, ამჯერად მაინც, შეთანხმებას? – „ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

 - თუ ოდესმე, დანიელსონის მიერ მაგიდაზე დადებული ტექსტი გასაჯაროვდება, ვფიქრობ, ძირითადი თემა პატიმრების გათავისუფლება და ის იქნება, რომ ოპოზიცია შედის პარლამენტში ანუ რიგგარეშე არჩევნების თემა ამოვარდება.

- კი, მაგრამ ეს ხომ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა და წითელი ხაზია?

- დიახ, ასეა, მაგრამ ზოგადად, არსებული ვითარებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის გარდა, ამ არჩევნებს ყველა, მათ შორის, ევროკავშირი და ეუთო-ოდირიც აღიარებს, ამასთან, თუ დავწურავთ, რაც სენატში ითქვა, ისაა, რომ პარლამენტში ცარიელი სკამები და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყოს, ეს ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს. ყველაფერ აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ეს იქნება შეთავაზებული.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება, შეთავაზებული იყოს პლებისციტი და „ოცნება“ ამ დათმობაზე წავიდეს?

- არ ვიცი, თქვენ როგორ აფასებთ, მაგრამ ახლა ხომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის. დანარჩენი ყველაფერი - რომ ვინგრევით, ქვეყნის ინტერესები და ა.შ. - ანტურაჟია. თუ ხართ „ქართული ოცნება“ და ჩათვლით, რომ მიდის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, წახვალთ დათმობაზე? რატომ წავა დათმობაზე თუნდაც პლებისციტზე? სად აქვს პრობლემა „ქართულ ოცნებას“? დიდი აქციები არ იქნება, გამორიცხულია.

- 15 მაისს გეგმავს ოპოზიცია მასშტაბურ აქციას, ბატონო ვახტანგ.

- გინდა, 15 მაისს გამართონ ან გადაიტანონ 15 სექტემბრამდე, ქვეყანაში არ არის ამის მზაობა. ქვეყანაში სად არის ისეთი განწყობა, როგორიც იყო 2012 წელს? ეს ხალხი მარსიდან ხომ არ ჩამოვა? ეს „ქართულმა ოცნებამაც“ იცის. შეიძლება, ქვეყნისთვის ცუდად მუშაობენ, მაგრამ თავისთვის - არა. ქვეყანაში არაა ისეთი პრობლემები, რომ ამან კრიზისი გამოიწვიოს და ქვეყანა გაჩერდეს. მთელი დასავლეთი აღიარებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. სენატში ითქვა, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე იყო, ზღვარზე და არა - გადალახული. ქვეყნის შიგნით დიდი გამოსვლები არ იქნება, ქვეყნის გარეთაც პრობლემები არ აქვს ამ მხრივ და აბა, რატომ წავა „ოცნება“ დათმობაზე? მე რომ ვიყო, რა თქმა უნდა, წავიდოდი ამაზე იმიტომ, რომ რაზეც ვისაუბრე, თეორიული გათვლაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობენ ძალები ქვეყანაში, ასევე, ქვეყნის გარეთ და ეს ხიფათი იზრდება, ამის გამო წავიდოდი პლებისციტზე, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამაზე არ წავა.

- ასეა თუ ისე, ოპოზიცია ერთიანობას ინარჩუნებს...

- ალბათ, არ შევა ოპოზიცია პარლამენტში, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს ერთნაირი ვითარება არ აქვთ. ნაციონალური მოძრაობა მშვენივრადაა ბოიკოტის რეჟიმშიც, ადგილობრივ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას არსებული ცესკო-ს პირობებში იმიტომ, რომ ეს სხვა არჩევნებია, იგივე ცესკო რომ ატარებს, ეგ არაფერი... ასეთი რამ ამ 30 წლის განმავლობაში არაერთხელ გვინახავს.

მოკლედ, მიიღებენ მონაწილეობას და „მეორე ეშელონს“ ანუ მუნიციპალურ დონეზე არსებულ პარტიულ ჯგუფებს, მეტ-ნაკლებად, გამოუძებნიან საკრებულეობში ადგილს. აი, დანარჩენი ოპოზიცია რა დღეში იქნება? ის ვერც საკრებულოში გავა, პარლამენტზეც უარს იტყვის და საერთოდ, დროა, თქვან, აღარ ვართ პოლიტიკაშიო. ამ პოლიტიკურ პარტიებს რეიტინგი და წონა აღარ ექნებათ იმიტომ, რომ ამომრჩეველში ყალიბდება ძალიან მარტივი რამ - ჩვენ რომ ყოველდღე ვაკვირდებით ვითარებას, მოსახლეობა ხომ ასე არაა? მოსახლეობა დღეს აღიქვამს, რომ არსებობს ორი ძალა და როცა დადგება საკითხი, მთელი ეს წვრილი პარტიები დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ეს პარტიები იმდენსაც ვერ აიღებენ, რაც აიღეს. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ 2024 წელს, 5%-იანი ბარიერი იქნება. ასე რომ, მათი არჩევანია, მაგრამ აქედან სარგებელი, ვფიქრობ, არაფერი ექნებათ.

- ანუ, ნაციონალური მოძრაობის გარდა, სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა შევიდნენ, რათა ამომრჩევლები შეინარჩუნონ?

- გარკვეულწილად, შეინარჩუნებენ ამომრჩევლებს, მოიპოვებენ ევროპის ნდობას... ამ პარტიებმა უნდა გააკეთონ ბლოკი ადგილობრივი არჩევნებისთვის და დაფიქსირდნენ, როგორც ცალკე მდგომი ძალა, მაგრამ ეს ბლოკი უნდა იყოს გათვლილი იმაზე, რომ ერთად იქნებიან 2024 წლის არჩევნებშიც. ასეთ შემთხვევაში, ისინი მიიღებენ მხარდაჭერას დასავლეთისგან და არა მარტო იდეურს, ასევე, მათ ექნებათ შანსი, გადალახონ 5%-იანი ბარიერი. თუ ამას მიხვდებიან და გააკეთებენ, ხომ კარგი, თუ არადა, დარჩებიან საერთოდ მშრალზე.
- ბატონო ვახტანგ, განწყობა როგორი გაქვთ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა შეთანხმებას მიაღწევს?

- დიდი ალბათობით, შეთანხმება ვერ შედგება. შეიძლება, ეს პირადად დანიელსონის ბოლო ვიზიტი იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროპას ცოტა ხანში დაემატება აშშ და ჩაერთვება მედიაციის პროცესში. შემდეგ რა და როგორ იქნება, ვნახავთ. ოპოზიციას ან მართლა მოუწევს, კადრს მიღმა დარჩეს, ან ჩაერთოს... გულწრფელად რომ გითხრათ, ოპოზიცია არაფერს აგებდა, ძალაუფლების მომენტალურად ქუჩიდან აღება კი არ ეცადა, არამედ რბილი გადასვლა ეწარმოებინა. მეორე ტურში, შემდეგ კი ადგილობრივ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა და ყოფილიყო მუდმივი მოთხოვნა და მზაობა, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებში ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნებოდა დასავლეთისგან, რომ შესულიყვნენ პარლამენტში და არჩევნების გაყალბების თემა ექციათ არა ძალაუფლების მოპოვების ბერკეტად, არამედ თემატურ სვლად და მუდმივად ამაზე ყოფილიყო ლაპარაკი. ამით მიაღწევდნენ ბარიერის 3%-მდე დაწევას და საარჩევნო სისტემასაც კარგად გაასუფთავებდნენ. თუ ამას მოჰყვებოდა სასამართლოსა და ძალოვანი სტრუქტურების რეფორმაც, ხომ კარგი იქნებოდა და როგორც კი მიიღებდნენ უპირატესობას ადგილობრივ არჩევნებში, გაცილებით მეტი ბერკეტი ექნებოდათ, თუნდაც მომავალი წლისთვის, ვადამდელ არჩევნებზე წამოეყვანათ ხელისუფლება. ამასთან, ვიმეორებ, მხარდაჭერა ექნებოდათ დასავლეთისგან. ასეთ რამეს რომ არ თვლი ან არ გინდა გათვალო, ან არ გესმის პოლიტიკა, ან საეჭვო რაღაც ხდება... ლოგიკას ვერ ვხედავ. პირადად ჩემთვის სულ ერთია, ნაციონალური მოძრაობა მობრუნდება, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება. ქვეყნისთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ ორივეს გავისტუმრებთ პოლიტიკის მიღმა, მაგრამ ის ხალხიც რომ არ ჩანს, ვისაც უნდა პოლიტიკაში? - სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა.