115 ახალი სტატია

„20 ივნისის მოვლენები გახარიას შავი ლაქაა“, - IRI-ს ახალი კვლევის დავით ზურაბიშვილისეული შეფასებები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკული ორგანიზაცია IRI-ს ბოლო კვლევაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ქართველ პოლიტიკოსებს შორის 65%-ით პირველ ადგილს იკავებს. რეიტინგში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 89%-ით ლიდერობს, მესამე ადგილს თბილისის მერი, კახა კალაძე 54%-ით იკავებს. შემდეგ მოდის დავით ბაქრაძე 52%-ით. რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ნიკა მელია 42%-ით. მეექვსე ადგილს კი ბიძინა ივანიშვილი იკავებს 40%-ით. კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. „ვერსიამ“ აღნიშნული რეიტინგული მონაცემები პოლიტიკის ექსპერტ დავით ზურაბიშვილს შაფასებინა:

პატრიარქს სულ აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი, ყველა გამოკითხვაში. ეს არ არის პოლიტიკური, უფრო პატივისცემის გამოხატულებაა ეკლესიის, რელიგიური იდენტობის და პიროპოვნების მიმართ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პატრიარქი რასაც იტყვის, ყველა დაუჯერებს, უბრალოდ, პატივისცემა მისდამი დიდია.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, მისი რეიტინგი არ არის გასაკვირი, ხელისუფლებაში გამოირჩეოდა შედარებით სოლიდური მეტყველებით, ქცევით. გასაგებია, რომ ხელისუფლებას როცა ვაკრიტიკებდით, მასაც ვაკრიტიკებდით და 20 ივნისის მოვლენები მაინც იქნებაშავი ლაქამის ცხოვრებაში, მაგრამ მის რეიტინგზე ძალიან დადებითად იმოქმედა კოვიდპანდემიის ვითარებამ პირველ ხანებში, როცა წარმატებული მენეჯმენტი იყო, მერე კი გაექცათ ხელიდან, მაგრამ რამდენადაც ვიცით, ეს კვლევა მანამდეა ჩატარებული, სანამ გადადგებოდა. გადადგომის მერე, არ მგონია, მას დაკლებოდა, პირიქით მოემატობდა რეიტიგნი. ხალხში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც არც ოპოზიცია მოსწონს და არც ხელისუფლება ეხატება გულზე, ამიტომ ეძებენ ორიენტირს. ამ ფონზე შეიძლება, გახარია ორიენტირის მაგვარად ესახება. განსხვავებული ტიპის მმართველია მათთვის, ვინც ვერ ხედავს არსებულ პოლიტიკურ სპექტრში საკუთარ ორიენტირს.“

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, ლიდერის როლი ყველგან მნიშვნელოვანია და პოლიტიკაში იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რას ჰპირდები, რამდენადაც მნიშვნელოვანია, ვინ პირდება:

ამიტომ როდესაც ლიდერების დეფიციტია, ვიღაცას დაინახავენ, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე. საქართველოში ყოველთვის ასე იყო. ისტორიულად, სულ გვყავდა ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც თავიდან უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა და შემდეგ, ასევე, დიდ პროტესტს იწვევდა. პრინციპში, რთულია, ბიძინა ივანიშვილი ქარიზმატულ ლიდერად აღვიქვათ, მაგრამ როცა პოლიტიკაში გამოჩნდა და დაუპირისპირდა სააკაშვილს, უკვე ჰქონდა რეპუტაცია არა მარტო მდიდარი ადამიანის, არამედ, ქველმოქმედისა და ქვეყნისთვის კარგი საქმის მაკეთებლის. მისი დაიჯერა ხალხმა, რომ შეეძლო, რაღაც შეეცვალა. გახარიას ბევრი ასეთი ბექგრაუნდი არ აქვს, მაგრამ შედარებით სოლიდურად გამოიყურებოდა, უფრო დალაგებულად მსჯელობს, ლოგიკურად საუბრობს, სხვა რადგანაც არავინ ჩანს, მის მიმართ ყურადღება დიდია. მისი ეს რეიტინგი უფრო მოლოდინისაა, მისგან რაღაცას ელიან და როგორ რეალიზებას მოახდენის ამ მოლოდინისა, ეს მასზეა დამოკიდებული.“

რეიტინგში ერთ-ერთ მნიშნელოვან ადგილს იკავებს დავით ბაქრაძე, რომელიც თითქმის ყველა კვლევის დროს მაღალ მაჩვენებელს იღებს ხოლმე, თუმცა საინტერესოა, რომ აღნიშნული რეიტინგი არჩევნებში მის შედეგებზე პირდაპირპროპორციულად არ აისახება. მაინც, რა განაპირობებს დავით ბაქრაძის რეიტინგს? - ამ კითხვაზე დავით ზურაბიშვილი გვპასუხობს:

მას სულ აქვს მაღალი რეიტინგი, თუმცა სოციოლოგიური კვლევის მეთოდია, ადამიანებს აძლევენ სიას და ამ ჩამონათვალიდან უნდა დაასახელონ, ვის დადებითად აღიქვამენ და ვის - უარყოფითად. ბაქრაძის მიმართ ნეგატიური განწყობა ნაკლებად არის ხოლმე, ალბათ, ესაა მისი რეიტინგის საიდუმლო. ეს არ არის პოლიტიკური რეიტინგი, რომ ეს მის პარტიაზე პირდაპირ აისახოს.

აღნიშნული პიროვნებების რეიტინგი მათ პოლიტიკურ რეიტინგს არ უტოლდება, გააჩნია, შემდეგ რას იზამენ. პოლიტიკოსი შეიძლება, არ მოგწონდეს, მაგრამ ფიქრობდე, რომ ეს უფრო გააკეთებს საქმეს, ვიდრე მეორე. რა თქმა უნდა, ფაქტორია, როცა ნდობის რეიტინგი გაქვს, მაგრამ რამდენად გადაიზრდება ეს პოლიტიკურ რეიტინგში, შემდეგ ქმედებებზეა დამოკიდებული.“