115 ახალი სტატია

გახარიას „ფოკუსი“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რატომ წავიდა და რატომ ბრუნდება პოლიტიკაში - რას შეცვლის ქართულ პოლიტიკაში ექსპრემიერის „მეორედ მოსვლა“

საუკუნეებია, ქრისტიანული სამყარო მეორედ მოსვლას ელოდება. ზოგს „მეორე მოსვლა“ ჩვეულებრივი ლეგენდა ჰგონია და მეტი არაფერი, მაგრამ ის, რაც რელიგიაში ვიღაცებს მითი ჰგონია, პოლიტიკაში, უფრო კონკრეტულად, ქართულ პოლიტიკაში, ხორცშესხმული რეალობაა ანუ საუბარი იმაზე გვაქვს, რომ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, პოლიტიკოსების წასვლა და „აღდგომა“, ბოლო დროს, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. შორს რომ არ წავიდეთ, აი, სულ რაღაც ორი დღის წინ, ექსპრემიერი გახარია „აღდგა“ (ისე, ერი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, სწორი ფორმა რომელია - „აღდგა“ თუ აღსდგა“), თუმცა ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური „აღდგომების“ ფუძემდებელი გახარიაა.

 

ამ ტრადიციას საფუძველი - არც მეტი, არც ნაკლები - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, მისმა ყოფილმა თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმა ჩაუყარა, თუმცა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას სხვა დაბრუნებებიც ახსოვს. აი, მაგალითად, ცხონებული ედუარდ შევარდნაძე, აღარავინ რომ ელოდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ისევ საქართველოს პირველ პირად მოგვევლინა. სხვათა შორის, მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილიც ამ თანამდებობაზე მეორედ დაბრუნდა. რაც შეეხება გახარიას, ჯერ არ ვიცით, მისი პოლიტიკური მომავალი როგორი იქნება, მაგრამ მოცემულობა ასეთია - პოსტიდან წასვლის შემდეგ, გახარიამ ერთთვიანი ტაიმ-აუტი აიღო. 22 მარტს კი, მოულოდნელად, მედიის წინაშე გამოჩნდა და განაცხადა, არსად მივდივარ და პოლიტიკაში ვრჩებიო.

„დაგვიანებით, მაგრამ მაინც, გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს, ჟურნალისტებო“, - ასე დაიწყო მედიასთან საუბარი ექსპრემიერმა და შემდეგ ის განცხადება გააკეთა, რომელსაც მთელი საქართველო თუ არა, პოლიტიკური სპექტრი მაინც ელოდა. კერძოდ, მან სიტყვა-სიტყვით თქვა:

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვადასხვა ჭორი ვრცელდებოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“.

რა გეგმას მიჰყვება ყოფილი პრემიერი? - ამას, როგორც დაგვიანონსა, უახლოეს მომავალში გავიგებთ, თუმცა მანამდე, მოდით, იმის შესახებ ვისაუბროთ, რაზეც პოლიტიკურ წრეებში საუბრობენ.

მოკლედ, დავიწყოთ იმით, რომ გადადგომისთანავე გაჩნდა ეჭვი თუ ვერსია, რომ მმართველი ძალისგან გამიჯნული გახარია, მალე დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ მოგვევლინებოდა ანუ საკუთარ პარტიას შექმნინდა. წეღანდელი თქმისა არ იყოს, მართალია, ჯერ პარტია არ შეუქმნია, მაგრამ ღიად და პირდაპირ თქვა, პოლიტიკაში ვრჩებიო. შესაბამისად, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გახარიას პოლიტიკაში დარჩენა ბევრ რამეს შეცვლის. კერძოდ, ის „თავის ტკივილი“, ერთდროულად, ოპოზიციისთვისაც იქნება და ხელისუფლებისთვისაც.

რატომ გაუჩენს გახარია ორპოლუსიან ქართულ პოლიტიკას თავსატეხს? - ამ კითხვაზე სავარაუდო პასუხი ასეთია:

ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერი, ყველა ყაიდის მოქმედი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ქარიზმატული ფიგურაა. ზოგს მისი სიდინჯე მოსწონს, ზოგს - სიხისტე.

ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ „ფანები“ თუ არა, გახარიას მიმართ დადებითად განწყობილები ოპოზიციაშიც არიან. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, ნაციონალური მოძრაობის არაერთი აქტივისტისა თუ რიგითი წევრისგან მომისმენია, ეგ სხვა „ქოცებს“ არ ჰგავსო.

ისე, თანამდებობიდან რომ წავიდა, ოპოზიციამ, მართალია, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, რომელიც ისტორიაში „გავრილოვის ღამის“ სახელით შევიდა, არ დაივიწყა, მაგრამ წინა პლანზე უფრო ის დააყენა, აი, გახარიას გადაწყვეტილებამ „ოცნების“ ჩამოშლა დაიწყო და ეს ერთგვარი გმირობააო.

გმირობაზე საუბარი, ცხადია, გადამეტებულია, თან ახლა, როცა გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე, ოპოზიციამ რიტორიკა შეცვალა და პირდაპირ მიანიშნა, გახარია მმართველი გუნდის ახალი პროექტიაო.

დავუშვათ, ასეა, მაშინ გამოდის, რომ „ოცნება“ ერთგვარ რებრენდინგს იწყებს. ნებისმიერი გადახალისება, როგორც წესი, ცუდი არაა... ისე, ხმა დადის, რომ მოქმედი დეპუტატების ნაწილმა, შესაძლოა, გახარიას პარტიაში გადაინაცვლოს.

ამასთან, ერთი კვირის წინ, ისიც ითქვა, რომ გახარიას პოლიტპარტნიორად, შესაძლოა, გიორგი ვაშაძეც ვიხილოთ. ამ ხმის საფუძველი კი ის გახდა, რომ გაირკვა: „სტრატეგია აღმაშენებელი“ ატარებდა გამოკითხვას, რომლის ერთ-ერთი კითხვა იმას ეხებოდა, თუ როგორ წარმოუდგენია ხალხს „აღმაშენებლის“ თანამშრომლობა, ვთქვათ, გახარიას პარტიასთან.

მართალია, ამ თემაზე „სტრატეგია აღმაშენებელში“ განმარტებები გაკეთდა, მაგრამ მაინც პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა - რატომ გადაწყვიტა ვაშაძის პოლიტორგანიზაციამ, რომ გამოკითხვაში მახვილი, ჯერ არშექმნილ პარტიაზე დაესვა?

ალბათ, მოვა დრო და ამასაც გავიგებთ...

სხვათა შორის, 22 მარტს, გვიან საღამოს, ექსპერემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, ოღონდ - ამჯერად, „ტვიტერზე“. კერძოდ, გახარიამ დაწერა:

„დღეს მე განვაცხადე, რომ საქართველოს პოლიტიკაში ვრჩები. ამჟამად, ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლის რეალური დღის წესრიგის შემუშავება“.

ერთ სიტყვით, ყველანი ვხვდებით, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ერა იწყება, ერა, რომლის ფუძემდებლადაც, შესაძლოა, გახარია მოგვევლინოს. ეს, რა თქმა უნდა, პირობითი ნათქვამია, მაგრამ ახლა, ბევრი „ფოკუსნიკობა“ არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება თუ დარჩენა, გარკვეული პოლიტიკური თამაშის ნაწილია.

რა არის ყველაფერ ამის მიზანი, ან ვინ არის სცენარისტი? - მოდით, მოვლენათა განვითარებას მივყვეთ და ყველა რებუსი გზადაგზა ამოვხსნათ, მანამდე კი თვალი გახარიას პოლიტიკურ ბეგრაუნდს გადავავლოთ, რომელიც 2013 წლის მარტიდან იწყება ანუ 8 წლის წინ, ის საქართველოს ბიზნესომბუდსმენი გახდა და ამ თანამდებობაზე 2016 წლის ივლისამდე იმუშავა.

2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე კი გახარია ეკონომიკური საბჭოს მდივანი იყო; 2016 წლის 18-დან 30 ნოემბრამდე - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

2016 წლის 27-დან 2017 წლის 13 ნოემბრამდე, გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მუშაობდა.

2017 წლის 13 ნოემბერს, გიორგი გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება. ასევე, იკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს.

2019 წლის 30 აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო.

სხვათა შორის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ კარიერაში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, 2019 წლის 20 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის სისხლიანი მოვლენებია, რა დროსაც პარლამენტის წინ შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს სპეცრაზმმა თვალები დასთხარა. გახარიას დღემდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, თუ ვინ გასცა 20 ივნისს, მიტინგის დარბევის ბრძანება.

2021 წლის 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან… მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური და ყველა რისკის განვითარების“, - თქვა გახარიამ.

ისე, თავის დროზე, გია ხუხაშვილი აცხადებდა, რომ გიორგი გახარია, „ქართულ ოცნებაში“, მისი რეკომენდაციით მივიდა.

ჩვენში დარჩეს და, დღეს ხუხაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება, გიორგი გახარია დამოუკდიებელი პოლიტიკური ფიგურა იყოს...

მართლაც და, რას გავუგებთ პოლიტიკას...

ნინო დოლიძე