გადაიზრდება თუ არა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომში

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 700- გადააჭარბაჰამასისთავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი, ათეულობით მათგანი დაკარგულად ითვლება. პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზას სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად, დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.

ისრაელში საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობაჰამასმაისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასობრივი სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 8 ოქტომბერს, ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ისრაელი-პალესტინის განახლებულ ომზე „ვერსია“ ანალიტიკოს მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

- ამ კონფლიქტს ძალიან დიდი ისტორია აქვს, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვა - ოდითგანვე, ეს ტერიტორია იყო ებრაელთა სახელმწიფოს ტერიტორია. ორი ებრაული სახელმწიფო იყო - ისრაელი და იუდეა. შემდეგ პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა განაპირობა, რომ ამ ტერიტორიიდან ებრაელების დიდი ნაწილი განდევნილ იქნა მთელ მსოფლიოში და ეს ტერიტორიები დაიკავეს არაბებმა.  მე-19 საუკუნის ბოლოდან, გამაერთიანებელი იდეა შეიქმნა მთელი მსოფლიოს ებრაელებისთვის, რომ დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სამშობლოში, ამ ტერიტორიას პალესტინა ერქვა. ასეთი ლოზუნგი იყო - „არ დაგივიწყებ იერუსალაიმ“ და მთელი მსოფლიოს ებრაელობა ამ იდეის ქვეშ გაერთიანდა, რომ დაბრუნებულიყვნენ ისრაელში. დიდი ბრძოლები გადახდათ და 1948 წელს, როგორც იქნა, დასავლეთის მხარდაჭერით, შეიქმნა სახელმწიფო ისრაელი. იმ დღიდან არაერთი ბრძოლა გადაიტანა ისრაელმა, გარშემო არაბებთან დაპირისპირების თვალსაზრისით. ეს ბრძოლები ძალიან მსხვილი იყო და, მათ შორის, განსაკუთრებული 1973 წლის ომი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „განკითხვის დღე“. საქმე ისაა, რომ ახლანდელი თავდასხმა ამ ბრძოლის ზუსტად 50 წლის თავზე განხორციელდა. მაშინ 6 არაბული სახელმწიფო უტევდა ისრაელს და ისრაელმა გაიმარჯვა.

ასე რომ, არაბულ და ებრაულ დაპირისპირებას ღრმა ფესვები აქვს და როცა შეიქმნა სახელმწიფო ისრაელი, პალესტინურ ტერიტორიებზე, რომელიც დარჩა არაბების კონტროლქვეშ, შეიქმნა ორი ზონა. ორივეგან არაბები ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პოლიტიკურმა ორგანიზაცია „ფათხმა“, რომელიც უფრო ლოიალური და მოლაპარაკებადია  და მეორეში - „ჰამასმა“.

ეს ორივე ორგანიზაცია, საერთაშორისო თვალსაზრისით, პოლიტიკურ-ტერორისტულია. ორივე რელიგიური მიმართულების ორგანიზაციაა, სუნიტური ხასიათისა და ერთმანეთთანაც აქვთ დაპირისპირება. „ჰამასი“ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, რომელსაც კონტაქტი აქვს ყველა იმ ძალასთან, რომელსაც პოლიტიკური გემოვნება ორიენტირებული აქვს ზუსტად ანტიისრაელურ პოლიტიკასთან, ან უნდა ისრაელისთვის დაძაბულობის შექმნა. ფულს იღებს არაბული სამყაროდან, მაგრამ როგორც ჩანს, არა მხოლოდ მისგან…

ახლა, ეს დაპირისპირება რომ დაიწყო, სამხრეთით, პალესტინის ტერიტორიაზე, ე.წ. ღაზას სექტორში ჰყავს ეს მტერი ისრაელს, ხოლო ჩრდილოეთით, ანალოგიური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰესბოლაა“, რომელიც ლიბანის ტერიტორიიდან უტევს ისრაელს. „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“ შორის განსხვავება ისაა, რომ „ჰესბოლა“ შიიტური ხასიათის ორგანიზაციაა, ირანზე ორიენტირებულია და აკონტროლებს ნახევარ ლიბანს. ამ ორი ორგანიზაციის შეტევა განიცადა ისრაელმა ამ ბოლო დღეების განმავლობაში და უნდა ითქვას, რომ „ჰამასის“ შეტევა იყო ბევრად  უფრო მაღალორგანიზებული. წლების განმავლობაში, მუდმივად ბომბავდა „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიას, მაგრამ ისრაელი უმკლავდებოდა, ახლა კი იყო მასობრივი შეტევა. სხვადასხვა მონაცემით, 5000-7000 რაკეტამდე იყო ნასროლი ისრაელის ტერიტორიაზე, პლუს, სახმელეთო შეტევა განხორციელდა 7 დასახლებული პუნქტის მიმართ…

- მედიით ვრცელდება განსაკუთრებული სისასტიკის შემცველი კადრები, პალესტინელების მხრიდან… თქვენი აზრით, რამ განაპირობა საკითხის ასე გამწვავება? ისრაელი ირანს მოიაზრებს ყველაფ ამის უკან…

- ყველა მსხვილი მოთამაშე, რომელიც რეგიონში აქტიურობს, ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა ფორმით. გეოპოლიტიკური წესრიგი ჩამოიშალა მსოფლიოში, რუსეთის ავანტიურის შემდეგ და ყველა ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი ადგილი დაიკავოს და გავლენა მოიპოვოს „მზის ქვეშ“ იმ მომენტისთვის, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობა დაიწყება. ამიტომ, ყველა თავისას „ჩალიჩობს“… ყარაბაღისა და სხვა კონფლიქტების განახლება და დაკონსერვება ამ გეოპოლიტიკური ჯახის შედეგია.

- ეს ხომ არ არის კიდევ ერთი მსოფლიო ომის დასაყისი?

- მსოფლიო ომს არ ველი, რადგან მსხვილი მოთამაშეები, როგორც წესი, ძირითადად, უკან დგანან, რუსეთის „დურაკული“ ხელისუფლების გამოკლებით, რომელმაც შეცდომა დაუშვა, ჰოდა, რუსეთი რევანშისთვის ემზადება, მაგრამ უკრაინის შემთვევაში კი არა, დანარჩენი მსოფლიოს მასშტაბით. რაც ხდება სხვადასხვა ადგილას, მსხვილი მოთამაშეების ერთმანეთთან დაპირისპირების შედეგია. ჩვენამდე არც აღწევს ინფორმაცია იმის თაობაზე, რაც ხდება დანარჩენ მსოფლიოში, პრაქტიკულად, აფრიკის კონტინენტი ცეცხლშია გახვეული.

ტერიტორიული დავების, გაყინული კოფლიქტების განახლება, რელიგიურმა და ეთნიკურმა დაპირისპირებებმა ახალი ძალით იფეთქა აფრიკის კონტინენტზე და არა მხოლოდ იქ… სხვათა შორის, იგივე მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში. იქ შეიძლება, ასეთი მასშტაბური დაპირისპირებები არ არის, მაგრამ ისრაელი-პალესტინის დაპირისპირება კიდევ ერთხელ გვამცნობს, რომ ეს ლოგიკა სწორია.

ასე რომ, მესამე მსოფლიო ომზე არაა აქ ლაპარაკი, არამედ, ყველა ყველას წინააღმდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიო ომი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო გაყოფილია ორ დაპირისპირებულ ბანაკად, აქ კიდევ ყველა ყველას ებრძვის. ეს განსხვავებული ფორმულაა.

- მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას კონფლიქტეის გაღვივება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო… ეს ხომ არ ბადებს ეჭვს, რომ კვალი, შეიძლება, რუსეთს უკავშირდებოდეს?

- რასაკვირველია, რადგან რუსეთი ცდილობს, თავის მოწინააღმდეგეებს, დასავლეთს, შეუქმნას დისკომფორტი მსოფლიოს სხვა სივრცეებში იმისთვის, რომ სამაგიერო გადაუხადოს და შეამციროს თავისზე წნეხი უკრაინის ტერიტორიაზე.... მაგრამ მარტო რუსეთი არაა ამაში ჩართული. აშშ-ც არის ჩართული, ევროპული ქვეყნებიც, განსაკუთრებით, საფრანგეთი, რომელსაც რუსეთმა სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა აფრიკაში. ტრადიციული გავლენის ქვეყნებიდან, საფრანგეთს ფეხი უკვე ამოაკვეთინა რუსეთმა, მაგალითად, ნიგერიიდან და ჩადიდან… საფრანგეთისთვის ეს მძიმე დარტყმაა, რადგან გერმანულისგან განსხვავებით, ფრანგული ეკონომიკა ბევრად იყო დამოკიდებული კოლონიალურ საქონელზე.

რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ ევროკავშირისთვის რა მოიტანა - ერთი მხრივ, ძალიან დაეცა გერმანიის ეკონომიკა, რომელიც რუსულ იაფ გაზზე იყო დამოკიდებული და მეორე მხრივ, დაეცა ფრანგული ეკონომიკა, რომელიც კოლონიალურ საქონელზე იყო დამოკიდებული…

- მნიშვნელოვანია, დიდი ბრიტანეთიც რა როლს შეასრულებს ისრაელი-პალესტინის ომში… როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ სიონიზმის გააქტიურების დასაწყისში, დიდი როლი შეასრულა ბრიტანეთმა ებრაელების დაბრუნებაში ისრაელის ტერიტორიაზე…

- მაშინ კი დაუჭირა მხარი, მაგრამ მერე წინააღმდეგი იყო და 40-იან წლებში, სამმაგი ომი მიდიოდა. თუ არ ჩავთვლით თვითონ მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, 30-იან წლებში, ბრიტანეთი იყო წინააღმდეგი ებრაული ალიისა („ალია“ არის დაბრუნება) და ბრიტანულ ადმინისტრაციას შეტაკებები ჰქონდა ებრაულ პარტიზანულ რაზმებთან. მეორე მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდნენ, ბრიტანულ არმიაში იყო გაერთიანებული ებრაული სამხედრო კონტიგენტები, რომლებიც ნაცისტებს ებრძოდნენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ისევ იგივე გაგრძელდა. საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის ძალისხმევით, 1948 წელს, ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა, მიუხედავად ინგლისელების წინააღმდეგობისა…

ახლა კი უნდა ითქვას ერთი რამ - დიდი ბრიტანეთი არის მთავარი მოთამაშე ახლო აღმოსავლურ პოლიტიკაში. არცერთ ქვეყანას ისეთი გამოცდილება არ აქვს ახლო აღმოსავლური პოლიტიკისა, როგორც ბრიტანეთს. ბრიტანელებთან შედარებით, ამერიკელები არიან ბავშვები… რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში - დაპირისპირება, კონფლიქტების გაყინვა, შერიგება, მოლაპარაკება და ა.შ.  ყველაფერი ბრიტანელების გავლით ხდება. თუ რამე არასწორი ხდება, ე.ი. ამერიკელები არიან ჩართულნი, თუ რამე შედეგიანი ხდება, ე.ი. - ბრიტანელები.  ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პოზიციას დაიკავებს დიდი ბრიტანეთი. ის ერთადერთი დასავლური ქვეყანაა, რომელსაც უპირობო გავლენა აქვს, მაგალითად, ერდოღანის მთავრობაზე.

- პალესტინურმა მხარემ რატომ არ გაითვალისწინა ისრაელის სახელმწიფოს სამხდრო უმაღლესი დონის მზაობა? სამხდრო აღჭურვილობასთან ერთად, ყველამ იცის, რომ ომისთვის ისრაელის ყველა მოქალაქეა მომზადებული, მათ შორის, ქალებიც…

- შეიცვალა დრო, ისრაელი მოშვებული დახვდა ამ შეტევას. ვერ იმუშავა ისე ეფექტიანად ისრაელის სპეცსამსახურებმა და „რკინის გუმბათმა“, როგორც იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე მხარემაც ისწავლა ომი. ისწავლა, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს.

აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია - რატომღაც, ყველა იმ ხიბლშია ჩავარდნილი, რომ თუ ომია, ე.ი. იდეოლოგიაა მთავარი. ამ შემთხვევაში, სხვა სიტუაციაა, ომი როცაა ახლო აღმოსავლეთში, უნდა ვიფიქროთ, არა მხოლოდ იდეოლოგიურ ფაქტორზე, არამედ, ფინანსურზეც. „ჰესბოლასა“ და „ჰამასის“ ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანია, ტივტივებდეს ზედაპირზე, ამიტომ საჭიროა მისთვის გამოწვევების მთელი სისტემის შექმნა, დიდი ფულის მიღება და რით დამთავრდება ეს ამბავი, ეს არაა მთავარი. მთავარი ეფექტის შექმნაა. პალესტინაში, წლების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ჩაიდო არაერთი მილიარდი დოლარი იმისთვის, რომ პალესტინის ადმინისტრაცია შემდგარიყო. იასირ არაფატი, ამ მხრივ, უნიკალური პიროვნება იყო, მან იცოდა, ფული როგორ ეშოვნა, მაგრამ არაფერი გაეკეთებინა. დღემდე ასეთი ვითარებაა ღაზას სექტორში და მის სამხრეთით რომ ნახოთ, როგორ არის მოწყობილი სანაპირო, როგორ ცხოვრობენ „ჰამასის“ ლიდერები, როგორი ვილები აქვთ, გაგიკვირდებათ. ე.ი. ერთია ღაზას სექტორი ისრაელის მიმდებარედ და მეორეა - მის სამხრეთით.

ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით - რამდენიმე დღის წინ, შედგა ოთხმხრივი შეხვედრა. რუსეთი, სირია, „ჰესბოლა“ და იორდანიის პალესტინური ორგანიზაციები შეხვდნენ. „ჰესბოლა“ და „ჰამასი“ ერთმანეთის მტრებიც არიან, რადგან ერთი სუნიტურია, მეორე კი - შიიტური. შეხვედრის ამოცანა იყო, როგორც ირკვევა, მნიშვნელოვანი. რუსეთი სთხოვდა ამ ორგანიზაციებს, მათთვის გადაეცათ საარტილერიო ჭურვები, რადგან უკრაინაში მას დეფიციტი შეექმნა. „ჰამასი“ და „ჰესბოლა“ თანახმაა, გადასცეს, რადგან ზოგ შემთხვევაში, ეს ჭურვები აღარ გამოდგება საბრძოლველ სიტუაციებში. ამ შეხვედრაზე, არ ვიცი, ამ ჭურვების გარდა, შეიძლება, სხვა რამეზეც იყო ლაპარაკი და არაა გამორიცხული იმაზეც, რის შედეგსაც ვუყურებთ…

- თურქეთი რა პოზიციას იკავებს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტში?

- ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება, თურქეთი რაღაც ფორმით ჩართულია, ამას გეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ინფორმაცია ხელთ არ მაქვს. თურქეთის გარეშე, არაფერი ხდება, მისი ინტერესია, რომ ყველა ამ პროცესში, მას აზრს ეკითხებოდნენ და რაღაც ფორმით იყოს ჩართული იმისთვის, რომ შემდეგ ჰქონდეს ზეგავლენის მექანიზმი.

- საქართველოზე რას იტყვით, ბატონო მამუკა, რა პოზიცია უდა გამოხატოს ამ ვითარებაში ჩვენმა სახელმწიფომ? პატარ-პატარა კონფლიქტების გაღვივებაზე რომ საუბრობდით, საქართველოში ტერიტორიები გვაქვს ოკუპირებული და რა მხრივ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე ქართულმა მხარემ?

- უბედურება ის არის, რომ ვერაფრით შევქმენით ისეთი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი,  თუ სამხედრო კომპონენტი, რომლითაც შეგვიძლია ვიტრაბახოთ. გაჩხერილი ვართ სახელმწიფოსა და ქვეყნის პრინციპებს შორის. ქვეყნიდან სერიოზულ სახელმწიფომდე ჯერ ვერ მივედით. გასაგებია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხიცაა და ბევრი სხვა, მაგრამ არც ის მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც ჩვენით არიან დაკავებულნი, განვითარების საშუალებას არ გვაძლევენ და პლუს ეს გაუთავებელი, პოლიტიკური იწილო-ბიწილო, რომელიც ქვეყანაში ხდება. მაგალითად, ის ინიციატივა, რომელიც წამოაყენა ქართულმა მხარემ, რაც გულისხმობს სამშვიდობო პლატფორმის შექმნას თბილისში, არის ჩვენთვის მაშველი რგოლი...

- სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების კონტექსტში, ხომ?

- დიახ და სხვათა შორის, ალიევმა გასცა ამას პასუხი და ალიევის ეს ნათქვამი, რომელიც ამ პლატფორმას უერთდება და არც ფაშინიანია ამის წინააღმდეგი, თავისთავად, ძალიან კარგია, მაგრამ აზერბაიჯანმა ეს ნაბიჯი გადადგა იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნა ევროკავშირთან. ევროკავშირი სანქციების რეჟიმზე ფიქრობს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ნებისმიერი ასეთი პლატფორმა გამოიყენოს, სადაც თვითონაც შეიძლება იყოს მსხვილი მოთამაშე და ამისთვის გამოიყენოს დასავლეთთან დაახლოებული საქართველოს მხარე.

- და საქართველომ რა კონტექსტში უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა?

- საერთაშორისო რეზონანსისთვის, იმის დემონსტრირებისთვის, რომ სამშვიდობო პოლიტიკაა მისთვის მთავარი იმიტომ, რომ სხვა რამის შნო, ამ წუთში, არ გვაქვს. რასაკვირველია, შეგვიძლია, რბილი ძალის მეშვეობით, ძალიან  ეფექტიანად მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ამას რატომღაც არ ვაკეთებთ და დაგვრჩა მარტო ეს სამშვიდობო პლატფორმა… თუ გამოვიყენებთ ამას, კარგია…

- ეს სამშვიდობო პლატფორმა ხომ არ იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი საქართველოსთვის, ევროკავშორის კანდდატი ქვეყნის სტატუსის მოსანიჭებლად?

- რასაკვირველია, ხელშემწყობი იქნება…

 

 

ავტორი: თათია გოჩაძე