ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: სახელმწიფოებრიობა, მიწა, იერუსალიმი და ლტოლვილები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
 
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მოულოდნელი რეიდი ისრაელზე და ღაზის სექტორის საპასუხო დაბომბვა მორიგი და ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ეპიზოდია 75-წლიან კონფლიქტში, რომელშიც გარეშე ძალებიც არიან ჩათრეულნი. ახალი ომი მთელ შუა აღმოსავლეთში იწვევს ვითარების დესტაბილიზაციას.

როგორ წარმოიშვა ეს კონფლიქტი?

კონფლიქტის არსია ის, რომ ისრაელი ითხოვს უსაფრთხოებას რეგიონში, რომელსაც მისდამი მტრულად განწყობილად მიიჩნევს, პალესტინელები კი საკუთარი სახელმწიფოს შექმნისკენ მიილტვიან.

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, დღევანდელი ისრაელი და პალესტინის ტერიტორია, ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა საუკუნეების განმავლობაში. იქ მეტწილად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მუსლიმები და ქრისტიანები, და მცირე რაოდენობით, ებრაელებიც.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ათასობით ათასი ევროპელი ებრაელი გადასახლდა ამ ტერიტორიაზე, რომელსაც თავიანთ ისტორიულ სამშობლოდ მიიჩნევდნენ. ჰოლოკოსტს კიდევ უფრო მეტი ებრაელის ემიგრაცია მოჰყვა ევროპიდან, მათ შორის შუა აღმოსავლეთშიც.

როცა ადგილობრივ არაბებში პალესტინური ეროვნული იდენტობა ყალიბდებოდა, ევროპაში ფეხს იდგამდა სიონიზმი, ებრაელთა მოძრაობა, რომელიც მრავალწლიანი დევნისა და შევიწროების შემდეგ, გადარჩენისთვის ებრაული სახელმწიფოს შექმნას ქადაგებდა.

დავიდ ბენ-გურიონმა ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა 1948 წლის 14 მაისს გამოაცხადა. ამის წინააღმდეგნი იყვნენ პალესტინელები და მათ შორის გარშემო ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული არაბული სახელმწიფოები - ეგვიპტე, იორდანია, სირია და ერაყი. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისინი თავს დაესხნენ ახლად შექმნილ სახელმწიფოს.

1948 წლის ომის შედეგად 700 ათასი პალესტინელი - ბრიტანეთის მიერ მართული მაშინდელი პალესტინის არაბული მოსახლეობის ნახევარი - სახლებიდან გაიქცა ან ამის გაკეთება აიძულეს.

ეს მოვლენა ცნობილია როგორც „ნაკბა“, რაც არაბულად კატასტროფას ნიშნავს.

პალესტინელი ლტოლვილები საბოლოოდ იორდანიაში, ლიბანში, სირიაში, ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში დაფუძნდნენ.

ომის დროს ისრაელში დარჩენილი პალესტინელები კი ამ ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტს შეადგენენ.

1949 წელს ზავი დაიდო, თუმცა ოფიციალური სამშვიდობო დოკუმენტი არ გაფორმებულა.

რა ომები მოხდა მას შემდეგ?

1967 წელს ისრაელმა პრევენციული დარტყმა განახორციელა ეგვიპტისა და სირიის წინააღმდეგ. ამით დაიწყო 6-დღიანი ომი, რომლის დროსაც ისრაელმა დაიკავა დასავლეთი სანაპირო, იორდანიისგან მოიპოვა აღმოსავლეთი იერუსალიმი, სირიისგან კი - გოლანის მაღლობები.

1973 წელს ეგვიპტემ და სირიამ იერიში მიიტანეს ისრაელის პოზიციებზე სუეცის არხის და გოლანის მაღლობების გასწვრივ, რასაც იომ-ქიფურის ომი მოჰყვა. ისრაელმა ორივე არმია სამ კვირაში უკუაგდო.

1982 წელს ისრაელი შეიჭრა ლიბანში. იასირ არაფატის ათასობით პალესტინელი მებრძოლი 10 კვირის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა, ვიდრე მათი ევაკუაცია ზღვით არ განხორციელდა. 2006 წელს ლიბანში ომი განახლდა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის ორი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ და ისრაელმა საპასუხო თავდასხმა განახორციელა.

2005 წელს ისრაელმა დატოვა ღაზა, რომელიც 1967 წელს ეგვიპტესთან ბრძოლის შემდეგ ჰქონდა დაკავებული. ღაზა მნიშვნელოვანი შეტაკებების ეპიცენტრი იყო 2006, 2008, 2012, 2014 და 2021 წლებში.

ომების გარდა პალესტინელებმა ორი ინტიფადა, ანუ აჯანყება მოაწყვეს 1987-1993 და 2000-2005 წლებში.

როგორ ცდილობდნენ მშვიდობის დამყარებას?

1979 წელს ეგვიპტემ და ისრაელმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც დასრულდა 30-წლიანი მტრობა.

1993 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი და არაფატი ოსლოს ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომელიც პალესტინის შეზღუდულ ავტონომიას ითვალისწინებდა.

1994 წელს ისრაელმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადო იორდანიასთან.

2000 წელს კემპ დევიდის სამიტში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ისრაელის პრემიერი ეჰუდ ბარაკი და არაფატი. სამიტი საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გარეშე დასრულდა.

2002 წელს ისრაელს შესთავაზეს არაბული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთობის ნორმალიზებას ყველა არაბულ ქვეყანასთან. სანაცვლოდ ისრაელს უნდა დაეტოვებინა 1967 წელს ომის დროს დაკავებული ტერიტორიები, შექმნილიყო პალესტინის სახელმწიფო და „სამართლიანად გადაწყვეტილიყო“ პალესტინელი ლტოლვილების პრობლემა.

2014 წლიდან სამშვიდობო მოლაპარაკებები შეჩერდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ისრაელსა და პალესტინელებს შორის ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა.

პალესტინელებმა მოგვიანებით უარი განაცხადეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე, რადგან მან მხარი არ დაუჭირა ორი სახელმწიფოს პრინციპს - სამშვიდობო ფორმულას, რომლის მიხედვითაც 1967 წელს ისრაელის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე პალესტინის სახელმწიფო შეიქმნება.

რა ეტაპზეა ახლა სამშვიდობო პროცესი?

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს შუა აღმოსავლეთში „დიდი გარიგების“ მიღწევას, რაც ითვალისწინებს ურთიერთობების ნორმალიზაციას ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის. „ჰამასის“ თავდასხმამ დიპლომატიური უხერხულობა შეუქმნა საუდის არაბეთსაც და მის მოსაზღვრე არაბულ სახელმწიფოებსაც, რომლებსაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებები აქვთ დადებული.

რა მოუგვარებელი საკითხები დგას ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის უკან?

მთავარი გადასაჭრელი საკითხებია ორი სახელმწიფოს შექმნა, ისრაელის დასახლებები, იერუსალიმის სტატუსი და ლტოლვილები.

ორი სახელმწიფოს შექმნა - შეთანხმება, რომელიც ისრაელის გასწვრივ, ღაზის სექტორში და დასავლეთ სანაპიროზე შექმნის პალესტინელთა სახელმწიფოს. „ჰამასი“ უარყოფს ორი სახელმწიფოს იდეას და ისრაელის განადგურებას ლამობს. ისრაელი უსაფრთხოების მიზნით ითხოვს, რომ თუ შეიქმნება, პალესტინის სახელმწიფო დემილიტარიზებული უნდა იყოს.

ებრაული დასახლებები - ქვეყნების უმეტესობა მიიჩნევს, რომ 1967 წელს ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაშენებული დასახლებები უკანონოა. ისრაელი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მას ისტორიული და ბიბლიური ბმები აქვს ამ მიწებთან. ეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკამათო თემაა, ისრაელს, პალესტინელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის.

იერუსალიმი - პალესტინელებს სურთ, რომ აღმოსავლეთი იერუსალიმი, სადაც მდებარეობს მუსლიმანების, ებრაელებისა და ქრისტიანების წმინდა ადგილები, მათი სახელმწიფოს დედაქალაქი გახდეს. ისრაელი აცხადებს, რომ იერუსალიმი უნდა დარჩეს მის „განუყოფელ და მარადიულ“ დედაქალაქად. ისრაელის პრეტენზია აღმოსავლეთ იერუსალიმზე არ არის საერთაშორისოდ აღიარებული. აშშ-ის პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპმა იერუსალიმი (იურისდიქციის დაუკონკრეტებლად) ისრაელის დედაქალაქად აღიარა და 2018 წელს იქ აშშ-ის საელჩო გადაიტანა.

ლტოლვილები - დღეს მსოფლიოში 5,6 მილიონი პალესტინელი ლტოლვილი ცხოვრობს. ძირითადი ნაწილი მათი შთამომავალია, ვინც ისრაელი 1948 წელს დატოვა. პალესტინელი ლტოლვილები ცხოვრობენ იორდანიაში, ლიბანში, სირიაში, ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე და ღაზაში. პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრირებული ლტოლვილების ნახევარს მოქალაქეობა არ გააჩნია. ბევრი მათგანი ბანაკებში ცხოვრობს.

პალესტინელების მოთხოვნაა, რომ ლტოლვილებს და მათ მილიონობით შთამომავალს ისრაელში დაბრუნების უფლება მიეცეთ. ისრაელი აცხადებს, რომ პალესტინელი ლტოლვილების ნებისმიერი გადმოსახლება მის საზღვრებს გარეთ უნდა მოხდეს.

რას ცვლის „ჰამასი“ კონფლიქტის ისტორიაში?

„ჰამასი“ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად მრავალ ქვეყანაში, მათ შორის - ისრაელში, აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში.

ჯგუფი წარმოიშვა ეგვიპტური ისლამისტური ორგანიზაციის „მუსლიმი ძმების“ პალესტინის ფილიალისგან.

„ჰამასი“ (Hamas) - ორგანიზაციის არაბული სახელწოდების აბრევიატურა: „ჰარაკატ ალ-მუკავამა ალ-ისლამია“ - ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა. ჯგუფი დააფუძნა შეიხმა აჰმედ იასინმა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, ერთ-ერთი უდიდესი პალესტინური ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ისრაელს, იყო პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, რომლისგან განსხვავებით, „ჰამასი“ პირველ ადგილზე აყენებდა ისლამს. „ჰამასის“ აზრით, პალესტინის ტერიტორიების გათავისუფლება მოსახლეობის ისლამიზაციის შედეგი უნდა ყოფილიყო და არა ბრძოლის მთავარი მიზანი.

1988 წელს „ჰამასმა“ გამოაქვეყნა პირველი ქარტია, რომელიც მოუწოდებდა თანამებრძოლებს ისრაელის განადგურებისა და „ისტორიული პალესტინის“ ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ და იმთავითვე უარყოფდა მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობას.

„ჰამასი“ ასევე არ ცნობს არც ბალფურის 1917 წლის დეკლარაციას (რომლითაც ბრიტანეთის მთავრობა პირობას დებდა, რომ მხარს დაუჭერდა ებრაული სახელმწიფოს შექმნას მაშინდელი პალესტინის ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ის არ არღვევდა სხვა რელიგიური თემების უფლებებს) და არც 1990-იან წლებში ოსლოს შეთანხმებას (რომელიც განსაზღვრავდა ორი სახელმწიფოს - ებრაულისა და პალესტინურის - შექმნისა და თანაარსებობის პრინციპებს).

როგორ აღმოჩნდა ღაზის სექტორი „ჰამასის“ ხელში?

ღაზის სექტორი (ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ზოლი 365 კმ² ფართობით, სადაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს) მთლიანად კონტროლდება „ჰამასის“ მიერ.

მართალია ორგანიზაცია არ ცნობს ოსლოს შეთანხმებებს, მაგრამ 2006 წელს მაინც გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო პალესტინის ტერიტორიებზე გამართულ ადგილობრივ და საკანონმდებლო არჩევნებში, რომელშიც გაიმარჯვა კიდეც, დაამარცხა მაჰმუდ აბასის პარტია Fatah - პალესტინის ეროვნული განთავისუფლების მოძრაობა, თუმცა Fatah-მა არჩევნების შედეგები არ ცნო, რასაც მოჰყვა მათ შორის ხანმოკლე შეიარაღებული კონფლიქტი და პალესტინური ტერიტორიების ფაქტობრივი გაყოფა: მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი დარჩა Fatah-ს, ხოლო ღაზის სექტორი გადავიდა Hamas-ის ხელში.

2004 წლის მარტსა და აპრილში „ჰამასის“ სულიერი ლიდერი შეიხი აჰმედ იასინი და მისი მემკვიდრე აბდულ აზიზ ალ-რანტისი დაიღუპნენ ღაზის სექტორზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმების დროს.
 
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ღაზის სექტორიდან ისრაელზე განხორციელებული სისხლიანი და სასტიკი შეტევის შემდეგ ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა.
 
წყარო: რადიო თავისუფლება