რას მოუტანს საქართველოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის წარმატებული ფასილიტაცია - მამუკა არეშიძის შეფასებები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 დიდი პოლიტიკის ბინძური, კულუარული თამაშების ანატომია

 „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპა-ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ, კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ,“ - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ, აზერბაიჯანული მხარისთვის დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა.

„მსგავსი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოების მიზნებს, ხელი შეუწყოს რეგიონში პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მისასალმებელია, რომ საქართველო ამ პროცესის ნაწილია. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი მაგალითი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მეზობლებს შორის არსებული რთული საკითხების გადასაჭრელად. საქართველო მომავალშიც მზად არის, საჭიროებისამებრ, შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმაროს პარტნიორებს და აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, პირველ რიგში, ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტისას“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოში, მმართველი ძალა და ოპოზიციაც თანხმდება, რომ საქართველოს მედიატორობით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მსგავსი ტიპის შეთანხმება გლობალური პოლიტიკური სურათის მნიშვნელოვანი დეტალია. სხვათა შორის, 14 ივნისს, ნატო-ს სამიტზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, სწორედ საქართველო იყო და ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ 14 ივნისს, ჩვენს ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვია.

რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, დასავლეთის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების უწყვეტი ვიზიტების ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მედიატორის როლის წარმატებით შესრულება? - „ვერსია“ კონფლიქტოლოგსა და კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

 - საქართველოს ჩართულობა ამ ტიპის სამუშაოში პირველი არაა. ეს 90-იან წლებშიც ხდებოდა. ქართული საზოგადოების წარმომადგენლები ამ საქმეში სხვადასხვა ფორმით, კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი მიზნით იყვნენ ჩართულნი, მაგრამ ეს იყო არაოფიციალური ჩართულობა. ამდენი წლის მერე კი პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს ხელისუფლება ამ ფორმით ჩაერთო და ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ესაა იმ იდეის გაგრძელება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის დაწყებისთანავე წამოაყენა, რაც გულისხმობს მხარეებისთვის თბილისის, როგორც სამშვიდობო პლატფორმის შეთავაზებას. მაშინ მხარეებმა ეს ამბავი ყურად არ იღეს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა სწორად გაიგეს ეს გზავნილი და ამ ფაქტორის გამოყენება ახლა გადაწყვიტეს.

- ბატონო მამუკა, რა როლს თამაშობს ყველაფერ ამაში დასავლეთი?

- რომ არ ყოფილიყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობაც, ეს ამბავი, რასაკვირველია, მხოლოდ საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართულობით არ მოხდებოდა. ვფიქრობ, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. აქ საქმე მხოლოდ ტყვეების გაცვლაში არაა. აქაა მოლაპარაკების ფორმატების შექმნა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით - ეს იქნება ჰუმანიტარული აქციები განაღმვითი სამუშაოებისთვის თუ სხვა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ტერიტორიის ძალიან მცირე მონაკვეთი ორივე მხარეს აქვს დაკავებული, რომელიც კონფლიქტის ზონაშია. ეს არის ადგილი, სადაც სამივე საზღვარი ერთმანეთს კვეთს და დაახლოებით, სამი კილომეტრით არიან აზერბაიჯანელები შემოსული ჩვენს ტერიტორიაზე, სომხები, დაახლოებით, - 500 მეტრით. ეს იმისთვის ხდება, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, ერთმანეთი აკონტროლონ. საქართველოს სახელმწიფო ამას მოთმინებით უყურებს და ჩვენი ეს პოზიცია რეალობიდან გამომდინარეობს.

საქართველოს შეუძლია, ორივეს მოსთხოვოს, გავიდნენ აქედან, მაგრამ ამას იტანს იმიტომ, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობები შეინარჩუნოს. მინდა, ბაქოშიც იცონდენ და ერევანშიც, რომ საქართველოს ხელისუფლება და მოქალაქეები ამას იმიტომ იტანენ, რომ ასეთი რთული ვითარებაა.

საქართველოს აქვს სრული უფლება, ასეთი ტიპის შეთავაზებები გააკეთოს, იყოს სამშვიდობო პლატფორმა.

- და ეს რას მოგვიტანს?

- თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, საქართველოს, როგორც ჰუმანიტარული და სამშვიდობო პოლიტიკის გამტარებლის როლი მხოლოდ რეგიონულ კი არა, არამედ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისითაც გაიზრდება.

აქ უდიდესი მნიშვნელობა ერთ ფაქტორს აქვს ანუ ყარაბაღის მოვლენებმა რეგიონში შემდეგი ცვლილებები განაპირობა - რუსეთი, რომელიც საქართველოდან, სამხედრო თვალსაზრისით, 2006 წელს იყო გასული და შემდეგ, აზერბაიჯანიდანაც, თავისი სამხედრო პოლიტიკური წარმომადგენლებით სრულად დაბრუნდა რეგიონში. სამივე ქვეყანაში მას სამხედრო კონტიგენტი აქვს, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სომხეთში ისედაც ჰქონდა ბაზები, ახლა კი დაბრუნდა აზერბაიჯანშიც.

ამასთან, 100-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთი სამხედრო პოლიტიკური წარმომადგენლებით დაბრუნდა სამხრეთ კავკასიაში. ყარაბაღის მოვლენებმა და შემდგომმა ვითარებამ ის განაპირობა, რომ დასავლეთის პოლიტიკური გავლენები ძალიან შეიზღუდა სამხრეთ კავკასიაში. დასავლეთმა, რასაკვირველია, დაბრუნება გადაწყვიტა და ამისთვის გადადგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები. პირველი და მთავარი ნაბიჯი იყო საქართველოში სტაბილური ვითარების შექმნის მცდელობა. მოგეხსენებათ, აქ პოლიტიკური კრიზისი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ვიღაცას, შეიძლება, ეგონა, რომ დასავლეთში ქართველებზე გიჟდებიან  და აქ სტაბილურობა ამიტომ უნდათ, მაგრამ საქმე ისაა, რომ დასავლეთს პლატფორმა სჭირდება, რათა შავი ზღვის რეგიონსა და კონკრეტულად სამხრეთ კავკასიაში გავლენები დაიბრუნოს. ამისთვის კი ერთადერთი ქვეყანა გამოდგება და ეს საქართველოა. ამიტომ არ წყდება ჩვენს ქვეყანაში ასეთი მაღალი რანგის ჩინოვნიკების ვიზიტები.

ამას დასავლეთისთვის ერთი ცუდი მომენტიც დაემთხვა - იძულებული გახდა, სამიტზე არ დაეპატიჟებინა საქართველო და უკრაინა, რაც პირველ რიგში, უკრაინის მოვლენების გამო მოხდა, რადგან უკრაინა, პრაქტიკულად, საომარ მდგომარეობაშია რუსეთთან, მაგრამ არ გამოდიოდა საქართველოს დაპატიჟება და უკრაინის - არა, ამიტომ საქართველოც შეეწირა ამ ამბავს და იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება ამას არ გაენაწყენებინა, ვიზიტი ვიზიტზე დაიწყო საქართველოში, რათა ეჩვენებინათ ქართველი საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს მიმართ, დასავლეთი მოკავშირეობის ტონს არ ცვლის. ამ ვიზიტების კონტექსტში, ძალიან მომგებიანი იყო ამ თემის გააქტიურება - თბილისი, როგორც სამშვიდობო პლატფორმა და საქართველოს ჩართვა, როგორც მედიატორისა, ყარაბაღის მოვლენებში.

ეს საქართველოს აძლევს უნიკალურ შანსს, პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდეს ბევრად დიდი წონით, ვიდრე შეიძლება, გამოჩენილიყო ნებისმიერ სხვა ფორმატში. მაგალითად, ექვსეულის ფორმატში, რომელიც შემოგვთავაზეს თურქებმა და რუსებმა, იქნებოდა სამი დომინანტი და სამი მეორეხარისხოვანი სახელმწიფო. ეს ფორმატი კი, რომელსაც დასავლეთმა ხელი შეუწყო, პრაქტიკულად, ერთქვეყნიანია, უფრო სწორად, სამი ქვეყანაა, სადაც ერთი - საქართველო თამაშობს მედიატორის როლს არა უხეშად და ამბიციურად, არამედ, შეთავაზებით, რბილად, ჰუმანიტარული აქტივობებით.

- ბატონო მამუკა, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის გამძაფრებულ ინტერესს სამხრეთ კავკასიის მიმართ, მოვლენათა როგორ განვითარებას უნდა ველოდოთ?

- საქმე ისაა, რომ ჰუმანიტარული აქტივობებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთული და უხერხულია. ახლა, ერთი შეხედვით, ისეთი არაფერი ხდება, რომ რუსეთი შეშფოთდეს და გადაირიოს, აქ ხომ ტყვეების გაცვლასა და განაღმვით სამუშაოებზეა ლაპარაკი, მაგრამ მეორე მხრივ, რასაკვირველია, რუსეთი საქართველოს აქტივობის უკან დასავლეთს ხედავს, ამიტომ შეეცდება, ამ პროცესს ხელი შეუშალოს, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით, ჯერ რუსეთი მზად არაა, ჰუმანიტარულ აქტივობებს ხელი შეუშალოს.

- ისიც უნდა აღნიშნოს, რომ დესტაბილიზაციის შექმნასთან დაკავშირებით, „დიდმა შვიდეულმა“ რუსეთი მკაცრად გააფრთხილა...

- რასაკვირველია, მაგრამ ამ გაფრთხილებას რუსეთი ერთ ყურში უშვებს და მეორეში ატარებს. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი - სომხურმა მხარემ რუსეთს არაერთხელ სთხოვა დახმარება ტყვეების დაბრუნებაში, პუტინსაც კი დაჰპირდა ალიევი, გავაკეთებო, მაგრამ...

- რუსეთმა ეს ვერ შეძლო თუ არ მოინდომა?

- ვაჭრობა მიდის... რუსეთს ხმამაღალი, დეკლარირებული მოთხოვნა არ ჰქონია. ეს ხდებოდა კაბინეტებიდან კაბინეტებში დარეკვით. მართალია, აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეეძლო, ანგარიში გაეწია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ეს მოხდა და ზოგ შემთხვევაში - არა. თითო-ოროლა კაცი გამოუშვეს რუსეთის მოთხოვნით, მაგრამ ინიციატივის წართმევა მოხდა ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან. ესაა დეკლარირებული, გაჟღერებული, გარკვეულწილად, თეატრალური ელემენტებით შემკობილი გამოყვანა, ამ შემთხვევაში... ასეთია პოლიტიკა, აქ ხომ მარტო კეთილი განზრახვების დემონსტრირება არ ხდება? აქ არის კულუარული თამაშები, პოლიტიკისთვის დამახასიათებელი სიბინძურით.  

- ნატო-ს სამიტზე, საქართველო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ყველაფერ იმას თუ გავითვალისწინებთ, რაზეც ისაუბრეთ, შესაძლებელია, რეალური გახდეს ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი?

- ჯერ ფრთხილი ვიქნები ამ შეფასებაში. უნდა გავაკეთოთ ანალიზი და შემდეგ გადავწყვიტოთ, ამ ეტაპზე რა გვირჩევნია - ნატო-ში გაწევრიანება თუ ნატო-სკენ სწრაფვის პროცესი?

- ანუ, ახლა შესაძლოა, პროცესი უფრო სარგებლის მომტანი იყოს?

- ამ სიტუაციაში, უფრო სარგებლის მომტანია, განსაკუთრებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთი არ შეურიგდება უკრაინისგან ნებისმიერ სამხედრო ნაბიჯს სეპარატისტების მიმართ. ამან კი, შეიძლება, გამოიწვიოს მასშტაბური ომი. უკრაინას კონცენტრირებული ჰყავს აღმოსავლეთ საზღვრებთან, დაახლოებით, 100 000 მებრძოლი, საკმაოდ სერიოზული შეიარაღებით. უკრაინის სამხედრო მრეწველობა მუშაობს მაღალ ტემპში და დიდი შედეგით. ეს კი ნიშნავს, რომ სამხედრო აქტივობის შემთხვევაში, დასავლეთი რაღაც ფორმით იძულებული იქნება, ჩაერიოს. ეს ამბავი კი დასავლეთს არ აწყობს. ეს ხომ უნდა გავიგოთ და მივხვდეთ? იგივე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც, დღევანდელი რუსეთი, მიუხედავად სანქციებისა, არაა ისეთ მდგომარეობაში, რომ მარტივად დათმოს სამხერთ კავკასია ან უკრაინა, ამიტომ ჯერ ამ პროცესს დავჯერდეთ, რომელიც არის. პროცესის გადახედვა ყოველთვის შეიძლება, მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა კი ყოველთვის ძნელია. მოკლედ, ასეთ ვითარებაში, ამ ტიპის აქტივობა, რომელიც დღესაა, სავსებით სარგებლიანია ქვეყნისთვის. რასაკვირველია, ნატო-ში გაწევრიანება კარგია და ჩვენი ჩრდილოატლანტიკური ვექტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაქტიკური სვლები არ გვქონდეს და სიტუაციას არ მოვერგოთ.