აქვს თუ არა უფლება მეუფე იაკობს, შექმნას პარტია? - ლევან ალაფიშვილი განმარტავს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში შესაძლოა, პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდეს, რომლის სათავეშიც მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირი იდგება. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აპირებს, სათავეში ჩაუდგეს ახალ ძალას და მიიჩნევს, რომ არც არჩევნებზე გამარჯვება გაუჭირდება:

„ამ არჩევნებს შევხედავ, რა ხდება და რა არა, გავატარებ, მაგრამ პარტიებს არ ეგონოთ, რომ ქუჩაში კიდევ დაიწყონ ყვირილი, მერე ჩავერთვებით ყველანაირი ფორმით. საქართველოს ასეთ არევას არავის ვაპატიებთ. მანამდე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება მათთან, ვინც ეკლესიას მტრობს.

მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება... ლევან ვასაძეს რა აზრები აქვს, არ ვიცი. ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში. სახელმწიფოს მომავალზე აბსოლუტურად კარგი ხედვა გვაქვს. როგორ და რატომ უნდა მოიაზრებოდეს ჩემთან [ვასაძე]? გახარიასაც თავისი მომხრეები ეყოლება, ბატონ ლევანსაც თავისი და „ნაცმოძრაობასაც“ თავისი. გეუბნებით, მე არ მაქვს კავშირები ვასაძესთან...

იმის შიში არ გქონდეთ, რომ რუსულ ძალას ან ანტიქართულ ძალას ხელში ჩავუგდოთ [ქვეყანა]. 500 ათასი კაცი მიჭერს მხარსო, რაში გიჭერს, რომ ანგრევ ქვეყანას? პარლამენტში რომ არ შედიხარ? რას დავამსგავსეთ თბილისი, კიდევ კარვების ქალაქი შეიძლება იყოს?...“- განაცხადა მეუფე იაკობმა. 

„ვერსია“ დაინტერესდა, საქართველოს კანონმდებლობით, აქვს თუ არა უფლება სასულიერო პირს, დააფუძნოს პოლიტიკური პარტია? ითვალისწინებს თუ არა კონკორდატი სასულიერო პირების ჩართულობას პოლიტიკაში? ამ კითხვებით კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს მივმართეთ:

 _სასულიერო პირები ჩვეულებრივი მოქალაქის უფლებებით სარგებლობენ და ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. შესაბამისად, პარტიაში გაწევრიანების ან პარტიის დაფუძნების კუთხით, კანონმდებლობა რაიმე გამონაკლისს და შეზღუდვას არ ითვალისწინებს. კანონის წინაშე ამ მხრივ ყველა თანასწორია, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით არის გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაში შეზღუდვები, მაგრამ არა საქართველოს მოქალაქეების მიმართ. თუკი ასეთი რამ მოხდა, მეუფე იაკობი არ იქნება პირველი, გავიხსენოთ 1990 წლის პარლამენტი, სადაც იყო სასულიერო პირი უზენაესი საბჭოს დეპუტატად.

_ თუმცა, ის პარტიის წევრი იყო და არა დამფუძნებელი...

_ რა მნიშვნელობა აქვს? პარტიის დამფუძნებელიც წევრია.

_ გასაგებია. ბატონო ლევან, კონკორდატი ხომ არ ითვალისწინებს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გამონაკლისს?

_ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმება შეეხება სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობასა და მის უფლებებთან დაკავშირებით ურთიერთობებს და არავითარ შემთხვევაში ადამიანის უფლებებს იმიტომ, რომ ეს უნივერსალური უფლებებია და არ შეიძლება, დადგინდეს კონსტიტუციისგან ან საერთაშორისო აქტებისგან განსხვავებული წესი.

_ ისე, თუ გახსენდებათ მსოფლიო პრეცედენტი, რომ მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირს პოლიტიკური ძალა შეექმნას?

_ ალბათ, ყველას პირველად გაახსენდება ე.წ. თეოკრატიული სახელმწიფოები. ავტონომიური სტატუსით მოქმედებს, მაგალითად, ე.წ. ათონის მთა და შესაბამისად, საბერძნეთში მოიძებნება ამის მაგალითი.

_ დავუშვათ, მსგავსი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვოს და ხელისუფლებაში მოვიდეს, ასეთ დროს რა მოხდება, სახელმწიფოებრივი წყობა შეიცვლება?

_  არა, სახელმწიფოებრივი წყობა ასე ვერ შეიცვლება, თუ კონსტიტუცია არ შეიცვალა. კონსტიტუციის შეცვლის რთული მექანიზმი გვაქვს, რომელიც გულისხმობს 3/5-იან უმრავლესობას, რა შემთხვევაშიც შეიძლება, ორი პარლამენტი გახდეს საჭირო. ასე რომ, კონსტიტუცია, სავარაუდოდ, დარჩება უცვლელი, რადგან არ მგონია, ვინმემ უახლოესი 10 წლის განმავლობაში შეძლოს ასეთი კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება საქართველოში და გვექნება შემთხვევა, როდესაც კონსტიტუციით გამყარებული სახელმწიფო წესრიგი და მოწყობა იქნება ერთი, „არათეოკრატიულ“ სახწელმწიფოზე აგებული, თუმცა მმართველ უმრავლესობაში იქნება წარმოდგენილი კონკრეტული რელიგიური ჯგუფი უმრავლესობით.