კვარაცხელია საბოლოოდ დაბრუნდა - დუბლი და ისრები ქართველის შესრულებით

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაილანდი, კვიპროსი, „ვერონა“ - ბოლო სამ შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიამ სამი გოლი გაიტანა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, მთელი თავისი დიდებულებით დაბრუნდა. მშრალი სერიის დასრულების შემდეგ, ხვიჩა აშკარად უკეთესად ათამაშდა, უფრო თავისუფლად უტევს, უფრო თამამია გადაწყვეტილებების მიღებაში და თანაგუნდელებს რომ ევარგათ, „ვერონასთან“ მხოლოდ დუბლს არ დასჯერდებოდა და საგოლე გადაცემებსაც ჩაიწერდა ანგარიშზე.

„უდინეზესთან მატჩის შემდეგ, ის უკვე დაბრუნდა. ახლა უფრო თავისუფლად უტევს და როცა ასეა, მეტოქის დაცვა მძიმდება, კონცენტრაცია უჭირს. ის ქმნის განსხვავებულ მომენტებს და ეს ამ შეხვედრაში გადამწყვეტი იყო. მის გამო, ბედნიერი ვარ. გოლის აღნიშვნის მისი ახალი სტილი? არ ვიცი, მაგრამ ვკითხავ, რატომ აკეთებს ამას. ისიც საკმარისია, რომ კვარაცხელიას მიერ ნასროლი ისრები მე არ მხვდება“, - ეს განცხადება „ნაპოლის“ თავკაცმა, რუდი გარსიამ გააკეთა.

რაც შეეხება გოლის აღნიშვნას - გატანის შემდეგ, ხვიჩა ისეთ მოქმედებას აკეთებს, თითქოს, ისარს ისვრის. „ვერონასთან“ შეხვედრაშიც იგივე გააკეთა, რაც მეტოქის ერთ-ერთ ფეხბურთელს არ მოეწონა და გაუპროტესტა, თუმცა მალე გააჩუმეს. ახლა კი, საინტერესო ფაქტებს გეტყვით ხვიჩაზე.

ქართველმა შემტევმა „ნაპოლის“ მაისურით მეორე დუბლი შეასრულა - პირველი 14 თვის წინ, „მონცას“ წინააღმდეგ შეძლო. მიმდინარე სეზონში, სერია A-ში, კვარაცხელიას 8 შეხვედრაში, 3 გოლი და 3  საგოლე გადაცემა მოუგროვდა, შარშან კი, საწყის 8 შეხვედრაში, 5 გოლი და 1 საგოლე პასი ჰქონდა. ცნობისთვის, სერია A-ში, თავისი პირველი გოლი კვარაცხელიამ, სწორედ „ვერონას“ გაუტანა და ზოგადად, ამ გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ 3 შეხვედრაში, ამდენივე ბურთი შეაგდო, თანაც ყველა გემოვნების ადამიანისთვის - მარცხენა ფეხით, მარჯვენათი და თავით.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე