კვარაცხელია ოცნების გუნდის წინააღმდეგ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა... ჰო, დაბრუნდა, რადგან 19 მარტის შემდეგ გოლი არ ჰქონდა გატანილი და ეს მასზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. ქართველ შემტევს ნერვიულობა ეტყობოდა, იყო ეპიზოდები, როდესაც კარში მაშინ ურტყამდა, როცა თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა და ყველამ იცოდა - ხვიჩას გული სურდა და არავინ საყვედურობდა. თუნდაც გასულ სეზონში, კვარაცხელია 90%-იან მომენტებს სათავისოდ არ იყენებდა, თანაგუნდელს, რომელსაც 100%-იანი შანსი ჰქონდა, პასს დაუმადლებლად აძლევდა. ახლა კი... ახლა მისგან ყველა გოლს ელოდა და გაიტანა კიდეც. თანაც, როგორი გაიტანა - თავად მოჰპარა მცველს ბურთი, თავად დააწვინა მეტოქე და ცარიელ კარში მშვიდად შეაგორა. მერე კი... მასთან ერთად მთელი გუნდი და სტადიონი აფეთქდა. იმ მატჩში ხვიჩამ პენალტიც მოიპოვა, საგოლე გადაცემაც შეასრულა, ანუ, მთელი თავისი სიდიადით წარსდგა და აკი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დამსახურებულად და ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა.

კვარაცხელია  ფორმაშია... პიკზე არა, მაგრამ ისეთ ფორმაშია, ნებისმიერ მეტოქეს სერიოზულ პრობლემას რომ შეუქმნის და მომავალი მეტოქე მისი ოცნების გუნდია - 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „დიეგო მარადონაზე“ სათამაშოდ მადრიდის „რეალი“ ჩადის. ტურის ცენტრალური შეხვედრაც სწორედ ესაა და ზოგადად, როცა ლიგის ყველაზე მეტჯერ მომგები გუნდი გსტუმრობს, ეს დღის კი არა, თვის მოვლენაა. ნეაპოლი ემზადება „სამეფო გუნდის“ დასახვედრად და გულშემატკივრებს მოგების გარდა, სხვა შედეგის გაგონება არ სურთ. არადა, ლიგაზე „რეალის“ დამარცხებას მხოლოდ სიძლიერე კი არა, იღბალიც სჭირდება, იმიტომ, რომ მადრიდელები ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე სხვანაირად ბურთაობენ, სხვანაირი ჟინით გამოდიან. ყოფილა შემთხვევები, როცა ეროვნულ ჩემპიონატში „რეალი“ უფერული იყო, ჩემპიონთა ლიგაზე - დაუმარცხებელი.

ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე არაერთხელ დაიწერა, რომ „რეალს“ კვარაცხელიას გადაბირება სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ თუ ვერ გაიჩარხა. მეორეს მხრივ, არც გუნდის თავკაცი კარლო ანჩელოტი მალავს, რომ ხვიჩა მისთვის საინტერესო ფეხბურთელია და არც კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი უარყოფს, რომ კვარაცხელიას ყიდვის ინტერესი ჰქონდა და აქვს. ჰოდა, 3 ოქტომბერს შანსია, შანსი იმისა, რომ კვარაცხელიამ ოცნების გუნდის ბოსებს დაუმტკიცოს, ზაფხულის ტრანსფერების დროს შეცდნენ, როცა არ გადაიბირეს და გვერწმუნეთ, თუ ხვიჩა „რეალს“ გაუტანს, ამ გუნდისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.