კალათბურთელთა ნაკრები ჯიკიჩს ჩააბარეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერბი სპეციალისტი, ალეკსანდრ ჯიკიჩი გახდა. ჯიკიჩი 2023 წელს, ისრაელის ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, ის იერუსალიმის „ჰაპოელს“ წვრთნიდა და იყო ვარაუდი, რომ კლუბში მუშაობის პარალელურად, ნაკრებშიც უნდა ემუშავა, მაგრამ ამის წინააღმდეგი ებრაული კლუბი იყო და საბოლოოდ, სერბმა არჩევანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა.

ხელშეკრულება 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული - მოიცავს მის საკვალიფიკააციო ტურნირს და რაღა თქმა უნდა, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე, მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღებენ. საქართველოს ნაკრები ჯიკიჩის ხელმძღვანელობით პირველად, მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეიკრიბება, რათა 2025 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მოემზადოს - 23 თებერვალს დანიას ვსტუმრობთ, ხოლო 26-ში თბილისში, სერბეთს ვმასპინძლობთ.

იმის მიუხედავად, რომ ჯიკიჩი 52 წლისაა, ის ძალიან გამოცდილი სპეციალისტია. მისი კარიერა 1991 წელს, 20 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1994 წლიდან, ის პროფესიონალი მწვრთნელია. თავიდან ის ბელგრადის „პარტიზანში“ 6 წელი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, 2005 წელს კი NBA-ში გადავიდა და „მინესოტა ტიმბერვულვზიში“ დუეინ კეისის ასისტენტი გახდა. ჯიკიჩი იყო მეორე ევროპელი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის შემდეგ, რომელმაც NBA-ს კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიცია დაიკავა.  ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, სლოვენიურმა „ოლიმპიამ“ ორჯერ მოიგო ქვეყნის შიდა ჩემპიონატი, რის შემდეგაც ის ასევე სლოვენიურ „კრკაში“ გადავიდა და მომდევნო ორ სეზონში ამ გუნდს მოაპოვებინა ოქროს მედლები. 2022/23 წლებში, ჯიკიჩის „ჰაპოელმ“ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გერმანულ „ტელეკომთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ეროვნულ ნაკრებში ჯიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე ჩვენს გუნდში ილიას ზუროსთან ერთადაც მუშაობდნენ. პარალელურად, ბოისა საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე „რუსთავის მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი, ევროლიგის კლუბ „მონაკოში“ საშა ობრადოვიჩის ასისტენტი.